Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-239(2კ-უს-კს-20) 11 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. წ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; შპს ,,...ი“ ; ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირები - ს/ს ,,...ა“; შპს ,,ჯ...ი“

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 19 ნოემბერს ე. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბ. ბ-ის მიერ 12000 კვ.მ მიწის ფართობის შეძენის მამტკიცებელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მიწის შეძენის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტების ბათილად ცნობა, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება სოფელ ...ას სასმელი წყლის წყალშემკრები აუზის სანიტარული დაცვის ზონების მოწყობის თაობაზე (დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა), ასევე მოითხოვა შპს ,,...ის’’ ...ის -ბ. ბ-ის 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ბათილად ცნობისთანავე განმეორებითი პრივატიზების აკრძალვა.

2015 წლის 5 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით ე. წ-მა მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, შპს ,,ს...ი“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ბ. ბ-ე, სს ,,...ა’’ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ...ის მომსახურების ცენტრი, შპს ,,ჯ...ი’’ ...ი, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოპასუხეებად მიუთითა შპს ,,...ი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად - ს/ს ,,...ა“ და შპს ,,ჯ...ი“.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით 2002 წლის 19 თებერვლის №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2003 წლის 19 აგვისტოს უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის (საკადასტრო კოდით: №...), 1999 წლის 7 ოქტომბრის №220 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1999 წლის 17 სექტემბრის №126 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...ას სასმელი წყლის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის 2 აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელის) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.

2015 წლის 27 ნოემბერს ე. წ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,...ის” უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება და რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება.

2016 წლის 12 იანვარს, ე. წ-მა (წარმომადგენელი გ. ბ-ე) დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 17 ივნისის №1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2016 წლის 12 იანვარს ე. წ-მა (წარმომადგენელი გ. ბ-ე) განცხადებით მიმართა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღა დადებოდა შპს,,ჯ...ის’’ უძრავ ქონებას - 204 კვ.მ. ფართს, საკადასტრო კოდით: №....

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის (წარმომადგენელი გ. ბ-ე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის მიერ 2016 წლის 12 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ, 2009 წლის 17 ივნისის №1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში; ე. წ-ის (წარმომადგენლი გ. ბ-ე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სოფელ ...ას სასმელი წყლის ობიექტის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-3 გვერდზე პირველი აბზაცის ბოლო წინადადებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და აღნიშნული ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2010 წელს’’.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. წ-მა და ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-მა.

2016 წლის 15 თებერვალს აპელანტმა - ე. წ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღა დადებოდა შპს ,,...ის“ სახელზე, ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე ე. წ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით ე. წ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატის განმარტებით, ე. წ-ის მიერ წარდგენილ საჩივარში ვერ იქნა მითითებული ისეთი ახალი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შესახებ, რაც საჩივრის დაკმაყოფილებას შესაძლებელს გახდიდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით ე. წ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლისა და 2017 წლის 13 აპრილის განჩინებები.

2019 წლის 13 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა აპელანტის - ე. წ-ის -წარმომადგენელმა გ. ბ-ემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „...ის“ სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით აპელანტი ე. წ-ის წარმომადგენელის -გ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტის (მოპასუხე) - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ისა და ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-ემ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე ბ. ბ-ე აპირებს აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის განხილვის დასრულებამდე არ შეეცვალოს სადავო უძრავ ქონებას საზღვრები, მნიშვნელოვანია ყადაღა დაედოს შპს ,,...ის“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს.კ. ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ე. წ-ის წარმომადგენლის - გ. ბ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ შუამდგომლობაში კონკრეტულად და რეალურად ვერ იქნა მითითებული იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებლობას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, რაც გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეს მოთხოვნა 2002 წლის 19 თებერვლის საკუთრების დამადასტურებელი №... ა მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2003 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: №..., 1999 წლის 07 ოქტომბრის №220 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1999 წლის 17 სექტემბრის №126 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-ის წარმომადგენლის - გ. ბ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრისა და 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის - ე. წ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „...ის“ სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს, იმ საფუძვლით, რომ დავის განხილვის დასრულებამდე არ შეეცვალოს სადავო უძრავ ქონებას საზღვრები.

სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით; სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეში ე. წ-ი სადავოდ ხდის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხს, დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და კონკურსის შედეგებს, რომლითაც მოხდა უძრავი ქონების, მდებარე - ...ის რ/ნ, სოფ. ...ში ...ის ...ო ქონების (…ი, …ი და 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის) ,,...ის” საკუთრებაში გადაცემა. ასევე ითხოვს ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...ას სასმელი წყლის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის 2 აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელის) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალებას. ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მოსარჩელე ითხოვს შპს ,,...ის“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას (ს.კ. ...), იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის განხილვის დასრულებამდე არ შეეცვალოს სადავო უძრავ ქონებას საზღვრები, რადგან ქონების მესაკუთრე ბ. ბ-ე აპირებს აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. მართალია, აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა პრინციპულია, რამდენადაც ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სოფელ ...ას სასმელი წყლის ობიექტის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა. დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ისა და ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი არც განცხადების და არც საჩივრის განხილვის დროს სასამართლოს მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის. მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად უნდა მიუთითებდეს იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებლობას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, რაც გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, ამასთან, ქმნის სავარაუდო განცდას სარჩელის პერსპექტიულობის თაობაზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. წ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრისა და 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე