#ბს-558(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 2 მაისს მ. ჩ- ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის N...( ყოფილი ...ს ქN...), ბინა #..., ბინის ფართი 73,16 კვ.მ, მ. ჩ- ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის ქN..., ბინაN.... მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული აქტებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომ შეწყდა. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელმაც უკანონოდ უთხრა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2017 წლის 7 აპრილის #... გადაწყვეტილებით - ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
მოსარჩელის მითითებით, მისი ინიციატივით, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 25.04.2017წ. მომზადდა და გაიცა ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა, რომლის მიხედვით, ხსენებული ბინა მის ოჯახს სახელმწიფომ კანონიერად დაუმტკიცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის სხდომაზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოპასუხედ მიეთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობა, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს...“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის #... გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 9 თებერვლის #... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, მ. ჩ- ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის #... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული #3/72-14 გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე, არ არის შეფასებული, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და რა დოკუმენტების ერთობლიობაში განხილვის შედეგად იქნა მიღებული ლ. ს- თან მიმართებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ რა დოკუმენტები იქნა წარმოდგენილი მოსარჩელე მარინე ჩიკვაიძის მიერ და არ არის შეფასებული რამდენად არის მოცემულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები დასახელებული საქმის გარემოებების იდენტური. ლ. ს- თან მიმართებით, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე (საქმე #3/72-14), სადაც მიეთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის #ბს-210-205(კ-08) გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, სასამართლოს არ გამოურკვევია ხომ არ არის გაუქმებული მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და არის თუ არა განხორციელებული სადავო უძრავი ნივთის პრივატიზება. ასევე, გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მითითებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...-ის“ 2008 წლის 17 თებერვლის #19 კრების ოქმით დადგენილი გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ს ქN...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ბინები და სარდაფები განაწილდა ამხანაგობის წევრებს შორის. მათ შორის, მ. ჩ- ეს გადაეცა ბინა #..., სადარბაზო ..., სართული ..., ბინის ფართი (საზაფხულო ფართის ჩათვლით) ტიხრების გარეშე 71.64, სარდაფის ფართი ტიხრების გარეშე 14.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის #... სადავო გადაწყვეტილებით მ. ჩ- ის განცხადებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის განმცხადებელს დამატებით უნდა წარედგინა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვლის #... გადაწყვეტილებით - შეწყდა.
მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის 2001 წლის 26 სექტემბრის #9.11.164 დადგენილებით არ დასტურდებოდა სარეგისტრაციო ობიექტის პრივატიზაციის ფაქტი. ამასთან, ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს...“ კრების #19 ოქმი არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა უფლებამოსილი არ იყო განეკარგა სარეგისტრაციო ობიექტი. შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი უფლების რეგისტრაცია. ამასთან, როგორც საქმეზე წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 მარტის #... გადაწყვეტილებით დგინდება, ლ. ს- ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997 წლის 11 აპრილის #4.9.62 გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სარეგისტრაციო დოკუმენტად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ზემოაღნიშნული შემთხვევების განსხვავებულად განხილვის შემთხვევაში, უნდა მიეთითებინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე განმასხვავებელ გარემოებაზე, რაც გაამართლებდა მათდამი განსხვავებულ მოპყრობას. ამასთან, უნდა მიეთითებინა რეგისტრაციაზე უარის თქმის კონკრეტული მიზეზი და ამგვარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. ამასთან, ვინაიდან მითითებულ დადგენილებაში და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს...ს“ 2008 წლის 17 თებერვლის #19 კრების ოქმში მ. ჩ- ისთვის გადაცემული ფართის ოდენობა განსხვავებულია, მ. ჩ- ის მიერ მოთხოვნილ ფართზე - 73,16 კვ.მ-ზე, მარეგისტირებელმა ორგანომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 04.06.2019წ. №12919 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.06.2019წ. №12919 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი