#ბს-892(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 7 ივლისს შპს „...ს“ დირექტორმა რ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელმ 2017 წლის 29 მარტის #...საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის #16420 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 29 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის ახალციხის რაიონის თანამშრომლების მიერ არასწორად იქნა შედგენილი #...საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ვინაიდან, როდესაც დაყადაღებულ იქნა შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული ქონება, შედგენილ იქნა აქტი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი, ასევე განუმარტეს, რომ ექსპერტიზის მიერ უნდა მომხდარიყო შეფასება. მოსარჩელის მითითებით, აღწერილი საქონელი, რომელსაც ლუქი არ ჰქონდა დადებული, ინახებოდა მასთან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი ელოდებოდა ექსპერტიზის ჩასვლას, რათა მომხდარიყო საქონლის შეფასება. ექსპერტის ჩასვლის მომენტში კი, იგი იმყოფებოდა ქ. ...ში, რა დროსაც უთხრეს, რომ ექსპერტს უნდა შეეფასებინა აღწერილი ქონება. ექსპერტის ჩასვლასთან დაკავშირებით კი, წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გარემოების შემდეგ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელსაც არ ეთანხმება, ვინაიდან მის მიერ არ მომხდარა აღწერილი და დაყადაღებული ქონების განკარგვა.
სარჩელის თანახმად, #...საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელემ პასუხი ჩაიბარა 2017 წლის 19 ივნისს. სწორედ ამ პერიოდისათვის ახალციხის რაიონულ პროკურატურაში მიმდინარეობდა აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა, რა დროსაც მოსარჩელე დაკითხეს, საქონელი კი, შემოწმებული და გადატანილ იქნა სამცხე-ჯავახეთის ახალციხის რაიონის შემოსავლების სამსახურის ტერიტორიაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ დირექტორ რ. კ-ის (ს/ნ ...) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #...საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის #16420 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის შედავებულია კონკრეტული ფაქტი - საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე დაყადაღებული ქონების გასხვისება, თუმცა, თავად დაყადაღებული ქონების გასხვისება საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით გამორიცხავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ახსნა-განმარტებისათვის უპირატესი მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შესაძლებლობას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს შპს „...ს“ მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, კერძოდ, ქონების გასხვისების ფაქტს, რაც გამორიცხავს მის მიმართ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლსა და 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ჯარიმის დაკისრება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ჯარიმისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადმინისტრირების დეპარტამენტი მოქმედებდა საქართველოს ფინანსთა მისინსტრის 31.12.2010წ. #994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. ამდენად, საგადასახადო დავის განმხილველმა ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის #...საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა შპს „...ს“ მიმართ მასზედ, რომ საწარმოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის მოთხოვნები. შედეგად სამართალდამრღვევი პირი შპს „...“, დირექტორი რ. კ-ი, დაჯარიმდა 4 000 ლარით. მოცემული დავის ფარგლებში ასევე, სადავოა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის #16420 ბრძანება, რომლითაც შპს „...ს“ 2017 წლის 28 აპრილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა - იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 4 მაისს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #016040517001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, შპს „...ს“ დირექტორის რ. კ-ის მიერ დაყადაღებული ქონების გასხვისების ფაქტზე.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 19 მაისს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ შედგენილია ამოღების ოქმი, რომელშიც ამოსაღებ ობიექტად მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის #036-36 ბრძანების საფუძველზე დაყადაღებული ქონება, ამასთან შპს „...ს“ საწყობიდან ამოღებულ იქნა 37 დასახელების საქონელი, რომელიც დაილუქა 45 ფუთად, ლუქით - 46/32 და შენახვის მიზნით გადატანილ იქნა ქ. ახალციხეში 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალციხის რეგიონალური სამმართველოს ეზოში.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ #2017/036-36/1 აქტში მითითებული დაყადაღებული საქონლის ჩამონათვალი რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით და დადგინდა, რომ საქონელი სრულ თანხვედრაშია ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ შპს „...ს“ საწყობიდან ამოღებულ საქონელთან. შემოსავლების სამსახური ვერ უარყოფს, რომ თანხვედრაა ასევე სასაქონლო ზედნადებებს შორის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამოღებულ და დაყადაღებულ საქონელს შორის სახეზეა არა მხოლოდ თვისობრივი თანხვედრა, არამედ დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული და პროკურატურის მიერ ამოღებული საქონელი არის ერთი და იგივე საქონელი. ამდენად, ქონება ადგილზეა, ამოღებულია და არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოხდა დაყადაღებული ქონების განკარგვა, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი