Facebook Twitter

#ბს-754(2კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 13 მაისს ა(ა)იპ ...მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ა(ა)იპ ...ისათვის ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, ა(ა)იპ ...მა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების, ობიექტის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, თუმცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის განკარგულების შესაბამისად, გადაეცა 7 ობიექტი, ხოლო მე-... ობიექტის, ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 17 აპრილს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ისათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ...ისათვის მე-... ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება, თუმცა მოპასუხეს ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის ქმედება ცდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და უხეშად ლახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მოცემულ შემთხვევაში კი, ... კანონიერ ინტერესებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით ა(ა)იპ ...ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ...ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ა(ა)იპ ...ისათვის ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მთავრობის წინაშე წარდგენა დაევალათ.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სახელმწიფო ქონების კერძო პირისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება წარმოადგენს აპელანტების დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ამასთან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე სწორედ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად ცდილობს მოიპოვოს ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 4894 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე კანონიერი სარგებლობის უფლება, რასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საბოლოო ჯამში საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა. მოსარჩელეს კი, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად ეზღუდება ამ უფლების მოპოვების პროცედურული საშულება, რაც გაუმართლებელია. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ა(ა)იპ „...ს“ წარმოადგენს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინვალიდური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, რა უფლებებიც საჩივრის ავტორთა უმოქმედობით იზღუდება. ზემოაღნიშნული გარემოებები პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო, მოქმედი კანონმდებლობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას ქონების ამა თუ იმ ფორმით განკარგვისა თუ დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

კასატორის მითითებით, ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე სახელმწიფო ქონების მოსარჩელისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ქონების მმართველის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა განცხადების დაკმაყოფილება. ანალოგიური შინაარსის პასუხი, მოსარჩელეს ეცნობა ასევე მანამდე, სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 თებერვლის #5/8470 გადაწყვეტილებით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განმკარგველ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამავე კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უძრავი ნივთის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ვალდებულია საკითხი გადაწყვიტოს როგორც კერძო პირთა უფლებების, ასევე საერთო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისთვის სათანადო გადაწყვეტილება. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა, რომ მოპასუხეს დავალებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უძრავი ქონების უზუფრუქტით გადაცემის მიზნით, თუმცა მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ა(ა)იპ ...ისათვის ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადების დავალება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36.2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონი კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით თუ უსასყიდლოდ გადაცემისთვის ორ გადაწყვეტილებას მოიაზრებს - ქონების მმართველის გადაწყვეტილებას - გაიცეს კონკრეტული ქონება უზუფრუქტით აუქციონის გარეშე და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თანხმობას. თუკი მივიჩნევთ, რომ ქონების მმართველის გადაწყვეტილება არ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ასეთ შემთხვევაში, ალბათ იმ პირის რეალაქტის კანონიერება უნდა შეფასდეს, რომლის გადაწყვეტილების საბოლოობაზეა დამოკიდებული სარგებლობის უფლებით გადაცემა.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონი სახელმწიფო ქონების სარგებლობით გადაცემას მმართველის უფლებამოსილებად და არა ვალდებულებად განიხილავს. კასატორის მითითებით, სამინისტროს ქონების მმართველისგან დამოუკიდებლად ევალება უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი არის ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას. ამავე მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების მმართველი არის სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.

„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემას. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას.

დადგენილია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის #1/40 ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის 2013 წლის 15 მარტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ისათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ. ...მა წარუდგინა სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე მოთხოვნა 15 უძრავ ნივთზე. ...ის მართლზომიერი მფლობელობა დადგინდა მხოლოდ ... უძრავ ნივთზე.

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მე-... უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 4894 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მიზანშეუწონლობის მოტივით, დოკუმენტაცია არ მოუმზადებია და შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგინებით არ მიუმართავს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 17 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ისათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ...ისათვის მე-... ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ მიმართებით რაიმე მოქმედება არ განუხორციელებიათ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ა(ა)იპ ...ისათვის ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადების დავალება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მიზანშეუწონლობაზე მითითებით „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის #1/40 ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არ ემსახურება იმ მიზანს, რომლის მისაღწევადაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და მხარისათვის გასაგები, რათა შესაძლებელი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების გადამოწმება და დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეცდომის დაშვება გამოირიცხოს.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 4894 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე დადასტურებულია ა(ა)იპ „...ის“ მართლზომიერი მფლობელობა. აღნიშნული ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, მართლზომიერი მფლობელობა კი მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორზე, რაც ვლინდება უძრავ ნივთზე მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი