#ბს-612(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 აპრილს ვ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ვ. კ-ი 1982 წლიდან ცხოვრობდა ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ მე-... კვ, კორპუსი N..., ბინა N.... 1989 წლის ნოემბერში პირადი სახსრებით სადარბაზოს წინ ააშენებინა კაპიტალური ავტოფარეხი. იმ პერიოდში მის ოჯახს მანქანა არ ჰყავდა და მეზობლის რ. ჩ-ის თხოვნით მას დროებითი სარგებლობის უფლებით ათხოვა კუთვნილი ავტოფარეხი ყოველგვარი ქირისა და სარგებლის გადახდის გარეშე. აღნიშნული ავტოფარეხით რ. ჩ-ე 18 წელი სარგებლობდა, ხოლო მაშინ, როდესაც 2008 წელს გაივლო წითელი ხაზები, 2013 წლის ჩათვლით რ. ჩ-ეს არ მიუღია მონაწილეობა ამ ავტოფარეხის დაკანონებასა და წითელი ხაზების სამუშაოების ჩატარებაში. მოსარჩელის მითითებით, მას გადახდილი აქვს ორი ავტოფარეხის საფასური, რომელიც შეადგენს 40 ლარს. 2013 წელს შეიცვალა კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელმაც ვ. კ-თან შეუთანხმებლად ჩაატარა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება, სადაც ხმათა 2/3-ით ამავე ამხანაგობის წევრად არჩეულ იქნა რ. ჩ-ე. მას ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა #..., 28,5 კვ.მ ფართის ავტოფარეხი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ჩ-ე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბინათმესაკუთრება ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის წითელ ხაზებში არსებული ავტოფარეხის, როგორც სამეურნეო სათავსოს, ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამავე ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა. თანხმობა გამოთქმულ უნდა იქნეს ამხანაგობის კრებაზე, ხოლო კრებას შესაძლოა ხელმძღვანელობდეს ამხანაგობის წევრიც, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაბამისად, კანონი აუცილებელ პირობად არ ადგენს ამხანაგობის კრების თავმჯდომარეობას მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, აღნიშნული უფლებამოსილება შესაძლოა განახორციელოს ამხანაგობის წევრმაც, თუკი ამხანაგობის წევრთა მიერ აღნიშნულზე ნება იქნება გამოთქმული. პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ გადაწყვეტილების მიღება ამხანაგობის წევრის ა. ლ-ის თავმჯდომარეობით, გადაწყვეტილების მიღების კანონიერებას ეჭვქვეშ არ აყენებს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილება, საერთო სარგებლობის ქონების ერთ-ერთი წევრისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციაზე თანხმობის გაცხადება, რომელიც ფორმდება კრების ოქმის სახით, შესაძლებელია სადავო გახდეს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს კრების ოქმი, რომლითაც გამოითქვა თანხმობა რ. ჩ-ისთვის ავტოფარეხის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციაზე, კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულ პირობებში კი კრების ოქმი ძალაშია და მიიჩნევა, რომ იგი კანონშესაბამისია.
ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა უფლების რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული სრულყოფილი დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო როგორც უფლებამოსილი, ასევე ვალდებული იყო გამოეცა გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება და ისე გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ თითქოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ს“ კრებას ესწრებოდა წევრთა 2/3.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-...მ/რ, მე-... კვარტალი, კორპუსი #..., ავტოფარეხი #..., დარეგისტრირდა რ. ჩ-ის საკუთრების უფლება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ.), ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ, საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ საგანზე ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამხანაგობის წევრების ხმათა 2/3-ით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის შესაბამისი წევრის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებობის ფაქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი მოწმდება კრების თავმჯდომარის ხელმოწერით, თუ კრების ოქმი უძრავ ნივთზე რეგისტრაციის საფუძველია ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება სანოტარო წესით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს რ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და #... ავტოფარეხზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, მე-... კვარტალი, კორპუსი #..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მან განცხადებას თან დაურთო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ს“ 2014 წლის 17 ნოემბრის კრების #4 ოქმი და აზომვითი ნახაზი. აღნიშნული კრების #4 ოქმით დასტურდება ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, მე-... კვარტალი, კორპუსი #..., ავტოფარეხი #...-ის რ. ჩ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი და ამხანაგობის, კანონით დადგენილი, თანხმობა აღნიშნულ ფართზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული კრების ოქმი ხელმოწერილია თავმჯდომარის მიერ და დამოწმებულია ნოტარიალურად. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მოცემული კრების ოქმი კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ის ძალაში მყოფად და კანონშესაბამისად. ამდენად, რ. ჩ-ის მიერ განცხადებაზე წარდგენილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რის გამოც არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი