#ბს-847(2კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 3 დეკემბერს ა. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს #000309 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ნოემბრის #712 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2015 წლის 4 ივლისს მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ... ...ში, ...(ს/კ 0...), I კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის (დროებითი სტატუსით) მშენებლობის ნებართვა. 2015 წლის 13 ივლისს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #2007071, რომლითაც ა. გ-ს მიეცა ...ის განთავსების ნებართვა. 2015 წლის 24 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა დადგენილება #000309, რომლითაც ა. გ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ... ...ში, ... (ს/კ 0...), უნებართვოდ განთავსებული ...ისათვის. ამავე დადგენილებით, მას დაევალა ...ის დემონტაჟი. მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს #000309 დადგენილება გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ნოემბრის #712 ბრძანებით ა. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ა. გ-ის სარჩელზე (ადმინისტრაციული საქმე #3/4247-15) გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციული საქმეზე განახლდა წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ნოემბრის #712 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს #000309 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისა და სადავო აქტების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით, განმსაზღვრელია არა ფაქტი იმის თაობაზე, განთავსებული ...ი სცდება თუ არა #0... საკადასტრო ერთეულს, არამედ საკითხი იმის შესახებ, სადავო დადგენილებაში ასახული მითითების შეუსრულებლობა, რომელიც საფუძვლად დაედო დადგენილების გამოტანას, რეალურად განხორციელებულია თუ არა ა. გ-ის მხრიდან (პირველი კლასის მშენებლობის დადასტურების არარსებობა). ამასთან, თუ არსებობს სხვა სახის სამშენებლო სამართალდარღვევა (...ის განთავსება #... საკადასტრო ერთეულს მიღმა), მასზე ცალკე უნდა იყოს წარმოება ჩატარებული. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები რამდენად ადასტურებდა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას და აღნიშნული შექმნიდა თუ არა ჯარიმის სახით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, თუ რა იგულისხმა მითითებით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტის წარდგენაზე და მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რატომ არ იქნა აღმოფხვრილი სამართალდარღვევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვების საფუძველია უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა. შესაბამისად, თუ ...ი ან სხვა შენობა-ნაგებობა სხვა საკადასტრო ერთეულზეა განლაგებული, აღნიშნული მიუთითებს, რომ ადგილი აქვს სანებართვო პირობების დარღვევას და დამრღვევს ევალება სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ (13.07.2015წ.) #2007071 გადაწყვეტილების მიღებისას სამუშაოები უკვე განხორციელებული იყო, შესაბამისად, ვინაიდან ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მომავალში განხორციელებული სამუშაოები, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება სუბიექტისთვის სამართალდარღვევის ვალდებულების დაკისრების შესახებ.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 3.15 და 66.1 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა პირველი კლასის შენობა-ნაგებობის განთავსება არქიტექტურის სამსახურის (13.07.2015წ.) #2007071 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევით, კერძოდ, დასტურდება, რომ განთავსებული ...ი სცდება ... საკადასტრო ერთეულს და გადის შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. კასატორის მითითებით, ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსდა პირველი კლასის დროებითი შენობა-ნაგებობა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს უნებართვო მშენებლობად. კასატორი აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი დადასტურება დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე, არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედების უნებართვოდ მიჩნევის გამომრიცხველი გარემოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალდამრღვევისათვის კანონით დადგენილი წესით მითითების გაცემას, მასში ზუსტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული დარღვევის ხასიათი და მისი გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, რათა დამრღვევმა შეძლოს მითითებით განსაზღვრულ ვადაში სამართალდარღვევის გამოსწორება და პასუხისმგებლობის აცილება. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისას კი, უსაფუძვლოა მითითების პირობების შეუსრულებლობის საფუძვლით დაჯარიმება. სამშენებლო კანონმდებლობის თანახმად, მითითების მიცემა არის საჯარიმო სანქციის დაკისრების აუცილებელი წინაპირობა, შუალედური აქტი, რომელიც თავისთავად უშუალო სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, დაჯარიმებას იწვევს არა მითითების შედგენა, არამედ მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად იქნა შესრულებული მითითებით განსაზღვრული პირობები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 5 ივნისს შედგენილ იქნა #000309 მითითება, რომლის თანახმად, ა. გ-ის მიერ, მისამართზე: ქ. თბილისში, ... ...ში, ... (ს/კ ...), განთავსებულ იქნა ...ი, ასევე მოწყობილ იქნა რკინის კონსტრუქცია (...ო) და სარეკლამო აბრები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსასწორებლად ა. გ-ს დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ან უნებართვო ობიექტის დემონტაჟი. დარღვევის გამოსასწორებლად მას მიეცა 20 კალენდარული დღე.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ 2015 წლის 26 ივნისს შედგენილი #000309 შემოწმების აქტით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დაადასტურა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნათა შეუსრულებლობა, კერძოდ, სანებართვო დოკუმენტაციის წარუდგენლობა. თუმცა ამავდროულად საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობითაც დასტურდება ა. გ-ის მხრიდან მითითებით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების მიზნით წარდგენილი მასალები, კერძოდ, დროებითი სტატუსის მქონე სარეკლამო აბრის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება #1987902 (01.07.2015), ასევე, პირველი კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის (...ო) დროებითი სტატუსით განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება #1991150 (03.07.2015წ.) და პირველი კლასის დროებითი შენობა- ნაგებობის (...ი) განთავსების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება #2007071 (13.07.2015წ.). აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2015 წლის 24 აგვისტოს #182 მოხსენებითი ბარათით, ერთი მხრივ, დასტურდება დამრღვევის მხრიდან ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენა, ხოლო მეორე მხრივ, 2015 წლის 24 აგვისტოს ობიექტის განმეორებით გადამოწმების შედეგად საზედამხედველო ორგანო უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ...ი განთავსებულია წითელი ხაზების დარღვევით, რამდენადაც სცდება #0... საკადასტრო ერთეულს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ზემოაღნიშნული დოკუმენტების არსებობის პირობებში სამართალდარღვევა არ მიიჩნია აღმოფხვრილად და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს #000309 სადავო დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა. გ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ... ...ში, ... (ს/კ ...), უნებართვოდ განთავსებული ...ისათვის და დაევალა ...ის დემონტაჟი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში განმსაზღვრელია არა ფაქტი იმის თაობაზე, განთავსებული ...ი სცდება თუ არა #0... საკადასტრო ერთეულს, არამედ საკითხი იმის შესახებ, სადავო დადგენილებაში ასახული მითითების შეუსრულებლობა, რომელიც საფუძვლად დაედო დადგენილების გამოტანას, რეალურად განხორციელებულია თუ არა ა. გ-ის მხრიდან. ამასთან, თუ არსებობს სხვა სახის სამშენებლო სამართალდარღვევა (...ის განთავსება #0... საკადასტრო ერთეულს მიღმა), მასზე ცალკე უნდა იყოს წარმოება ჩატარებული.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი