Facebook Twitter
საქმე №ბს-1244(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - ვ. შ-ა
მოპასუხეები - სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სს „...ა“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. შ-ამ 2016 წლის 30 აგვისტოს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ, მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოპასუხეებად დაასახელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ასევე მესამე პირად მიუთითა სს „...ა“. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილების, 2016 წლის 2 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, 2016 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, 2011 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (ზედდების ნაწილში) და 2007 წლის 18 ივლისის №... ბრძანების ნაწილობრივ, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 ბრძანების ნაწილობრივ (ამავე ბრძანების მე-5 პუნქტში, კერძოდ, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში, ს.კ. ..., დანართში მითითებული 36067 კვ.მ ნაცვლად დაფიქსირდეს 34 392.2 კვ.მ, რის საფუძველზეც განხორციელდეს ცვლილებები საჯარო რეესტრში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით ვ. შ-ას მოთხოვნა - ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის ბრძანება №1-3/490 ამავე ბრძანების მე-5 პუნქტში, კერძოდ, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში, ს.კ. ..., დანართში მითითებული 36 067 კვ.მ ნაცვლად დაფიქსირდეს 34 392.2 კვ.მ, რის საფუძველზეც განხორციელდეს ცვლილებები საჯარო რეესტრში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხავებული წესია დადგენილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოყოფილ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხედ მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ჭოველიძის ქ. №10ა-ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოცემული დავა ჩათვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებას და 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, ვინაიდან ვ. შ-ა ითხოვს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, სს „...ის“ კაპიტალში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი შეიტანა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, იქნა თუ არა დაშვებული ხარვეზები ადმინისტრაციული წარმოების დროს, რა ვალდებულებები ჰქონდა სადავო გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენად კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა ადმინისტრაციული წარმოება.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, სახეზე არის თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 601 მუხლების დარღვევა. ზემოხსენებული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა მხარეთა კუთვნილ ნაკვეთებს შორის არსებული გადაფარვის გამო. მითითებული დავა შეჩერებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებით, განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დროულად განხილვის მიზნით, წინამდებარე დავა, როგორც ადმინისტრაციული საქმე, უნდა განიხილოს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, მოსარჩელესა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მიწის გადაფარვის ნაწილში არსებულ დავასთან ერთად, ვინაიდან ორი ადმინისტრაციული დავა ურთიერთდაკავშირებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის შესახებ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ვ. შ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხლი). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის ობიექტს წარმოადგენს საგნობრივი განსჯადობის განსაზღვრა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში ასახულ პირის კონსტიტუციურ უფლებაზე, რომლის ძალითაც ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამდენად, პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში მისი უფლება სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით დარღვეულია, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპი, მხარეებს აძლევს სრულ თავისუფლებას თავად განსაზღვრონ დავის საგანი და სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები.
საქმის მასალების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანების მე-5 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის განსჯადობის საკითხი. იდენტურ სასარჩელო მოთხოვნაზე დავის განსჯადობის საკითხი საკასაციო პალატამ გადაწყვიტა 2020 წლის 12 მარტს გამოტანილ განჩინებაში, რომელშიც პალატამ განმარტა, რომ „საწარმოთა მართვის სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა, ამდენად სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). ამდენად, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად. სადავო აქტის სახელწოდება იმთავითვე არ ადასტურებს მისი ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევის შესაძლებლობას, ორგანიზაციული და სხვა საკითხების მოწესრიგების პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბრძანების ფორმით გამოცემული ყველა გადაწყვეტილება ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მსგავს შემთხვევებში ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებს, მის შინაარსს, კონკრეტული აქტის გამოცემისას საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას“.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 ბრძანების მე-5 პუნქტით განხორციელდა შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალში თბილისსა და საქართველოს სხვა რაიონებში მდებარე მიწის ნაკვეთების შეტანა. ბრძანება გამოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების“, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №1-1/875 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების“ საფუძველზე.
საკასაციო პალატის მითითებით, „სახელმწიფოს საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი, მათ შორის სამეწარმეო ურთიერთობის სფეროსაც, სახელმწიფოს აქვს ნორმატიული შესაძლებლობა იღებდეს მონაწილეობას კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში, ჰქონდეს წილი საწარმოში, იღებდეს მოგებას სამეწარმეო ურთიერთობებიდან, უკეთუ აღნიშნული არ აბრკოლებს მისი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელებას და არ ეწინააღმდეგება შესაბამის ნორმატიულ დანაწესებს. სამოქალაქო კოდექსის 24.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.). სახელმწიფო ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან წესრიგდება სამოქალაქო კანონებით (სკ-ის 8.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ, როგორც შპს-ს პარტნიორის - სახელმწიფოს წარმომადგენელმა, პარტნიორის საკუთრებაში არსებული ქონება შეიტანა შპს-ს კაპიტალში, ამდენად, სახელმწიფომ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღო როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა და არა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელმა, მარეგულირებელმა ან მაკონტროლებელმა ორგანომ. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი მაშინ არის სახეზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მისთვის კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უკანასკნელის შესრულების მიზნით. კერძო სამართლის იურიდიული პირის დაარსება და მისი კაპიტალის ფორმირება არ განეკუთვნება სახელმწიფოს ძირითად, საჯარო უფლებამოსილებათა რიგს. სახელმწიფოს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის მიზნით თავისი წარმომადგენლობა შეუძლია დაავალოს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს სსიპ-ის მიერ განხორციელებული ყველა ქმედების სახელწმიფოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესრულებას.
საკასაცო პალატა აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობა „მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებული კერძო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმაა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი არის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტი ( იხ. სუსგ 12.10.2011წ. Nბს-733-727(გ-11)). „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება წარმოადგენენ საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. ვინაიდან სახელმწიფო კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, იგი შპს-ში პარტნიორად, ხოლო სს-ში აუქციონერად მონაწილეობს კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით და თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობაში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ასრულებს არა საჯარო უფლებამოსილებას, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორს, გამოდის პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო-სამართლებრივ, ჰორიზონტალურ ურთიერთობაში კერძო სამართლის სუბიექტის სახით და როგორც პარტნიორი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად.
„...ის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1998წ. N... განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, …ის დეპარტამანეტის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...ა“, როგორც კერძო სამართლის იურიდული პირი. საქმის მასალების მიხედვით, სადავო აქტის გამოცემისას, „...ა“ საქმიანობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით (ამჟამად „...ა“ სააქციო საზოგადოებაა). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ე.წ. კაპიტალური ტიპის საზოგადოებაა. სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 45.1 მუხლის მიხედვით, შპს-ს საწესდებო კაპიტალი უნდა ყოფილიყო სულ მცირე 200 ლარი. ამასთანავე, შპს-ში მინიმალური საწესდებო კაპიტალის ფორმირების შემდეგ, შესაძლებელი იყო კაპიტალში შენატანის სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი ობიექტების სახით განხორციელება, გარდა სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისა, არაფულადი შესატანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში უნდა შეეფასებინა დამოუკიდებელ ექსპერტს (კანონის 3.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ, სადავო 17.07.2007წ. ბრძანებით, შპს-ს პარტნიორის - სახელმწიფოს სახელით შპს „...ის“ კაპიტალში განახორციელა არაფულადი შენატანი - შპს „...ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს კაპიტალი არის მის საკუთრებაში არსებული ქონების ერთობლიობა. საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე, ქონების ოდენობა ცვალებადია, საწარმოს კაპიტალის გაზრდა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მათ შორის პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში გარკვეული შენატანის განხორციელებით, კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემით, რაც მოხდა კიდეც განსახილველ შემთხვევაში. ამდენად, სადავო აქტის გამოცემა განხორციელდა სახელმწიფოს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის საქმიანობის ფარგლებში, „მეწარმეთა შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც სახელმწიფოს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის უფლება-მოვალეობების განხორციელების წესებს შეეხება. ამდენად, გასაჩივრებული აქტი გამოცემული არ არის სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო მოქმედებდა სახელმწიფოს, როგორც კერძო სამართლის სუბიექტის პარტნიორის წარმომადგენელი. ამდენად, სახელწოდების მიუხედავად, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. გასაჩივრებული ბრძანება არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და უფრო მეტად კერძო-სამართლებრივი, განკარგვითი გარიგების მახასიათებელი ნიშნების მატარებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. ბრძანების მართლზომიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს კაპიტალში შეტანილი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობაზე, სახელმწიფოს მიერ თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული ქონების განკარგვის უფლებამოსილებაზე. დავის განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს სახელმწიფოს მიერ არა საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილებასა და მართლზომიერებაზე, არამედ პარტნიორის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში კონკრეტული ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე, რაც არსობრივად სამოქალაქო შინაარსის დავაა და არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან“ (იხ. სუსგ. საქმე №ბს-541(გ-19) 12.03.2020წ.).
საკასაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა არ არის წარმოშობილი ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ეხება პარტნიორის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში ქონების შეტანის მართლზომიერებას, რაც დავის სამოქალაქო ხასიათს ადასტურებს. რამდენადაც, სახეზეა პარტნიორის მიერ ქონების კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში შეტანა, დავა არ ეხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, პრივატიზაციის პროცედურის კანონიერებას, რაც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება. ამასთან, ის გარემოება, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის აქტი გახდა საჯარო რეესტრში შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, არ ადასტურებს მისი კანონიერების ადმინისტრაციული წესით შემოწმების საჭიროებას, რადგან რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტის სამართლებრივი ბუნება შესაძლოა, სრულიად განსხვავებული იყოს. სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაძლოა, ყოფილიყო არა მარტო ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, არამედ გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობდა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სრულებით შესაძლებელია, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტის მართლზომიერების შესახებ დავა სამოქალაქო დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდეს მაშინ, როდესაც რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განმხილველ სასამართლოთა განსჯადია (მაგ.: ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია). მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია დეტერმინირებულია კერძო-სამართლებრივი აქტით. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით №3/129-16 ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მხოლოდ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, სახელდობრ, გამოყოფილ ნაწილთან დაკავშირებით წარმოიშვა დავა განსჯადობის შესახებ. ამდენად, სარჩელის გამოყოფილი ნაწილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის იდენტური დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარების ვრცელი სამართლებრივი დასაბუთება მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტს №ბს-541(გ-19) საქმეზე გამოტანილ განჩინებაში. ასევე, საგულისხმოა, რომ ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნების განხილვა წარმოებს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (იხ. სუსგ. საქმე №ას-640-606-2015 23.07.2015წ.). ამგვარად, პროცესის ეკონომიურობის, ოპერატიულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. შ-ას სარჩელი - მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე