საქმე #ბს-1157(გ-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ მ. პ-ა
მოპასუხე _ საჯარო სამართლის კორპორაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატა
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. პ-ამ 2019 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საჯარო სამართლის კორპორაცია აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის წინააღმდეგ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა, მ. პ-ას მიერ კანდიდატურის მოხსნილად მიჩნევისა და აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრებისათვის მხოლოდ გ. თ-ის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე, აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის N2 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების 2019 წლის 12 ივნისის N1 ოქმისა და აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის ...ად გ. თ-ის არჩევის შესახებ, ამავე კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აგრეთვე, მოპასუხისათვის, პალატის ახალი ...ის არჩევის მიზნით, პალატის საბჭოს რიგგარეშე სხდომისა და პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის ...მა - ი. დ-ემ მოითხოვა ...ის უფლებამოსილების შეწყვეტა, სხვა სამსახურში გადასვლის გამო. აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის წესდების გათვალისწინებით, ...ის უფლება-მოვალეობების შემსრულებელი ავტომატურად გახდა მოსარჩელე, რომელიც 2018 წლიდან პალატის ...ის თანამდებობას იკავებს. მ. პ-ას 2019 წლის 31 მაისის N10 ბრძანებით, ...ის კანდიდატურის საერთო კრებისათვის წარდგენის მიზნით, 2019 წლის 12 ივნისს მოწვეულ იქნა პალატის საბჭოს რიგგარეშე სხდომა, ხოლო ახალი ...ის არჩევის მიზნით, ამავე დღეს, მოწვეულ იქნა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება. მოსარჩელის მოსაზრებით, 2019 წლის 12 ივნისს აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის საბჭოს სხდომა და რიგგარეშე საერთო კრება ჩატარდა მთელი რიგი დარღვევებით. საბჭოს სხდომას ფაქტობრივად ...ა არა ...ი მ. პ-ა, არამედ ი. დ-ე, რომელსაც იმ პერიოდისათვის სხდომაზე დასწრების უფლებაც კი არ გააჩნდა. საბჭოს კრებაზე დასახელდა ...ის ორი კანდიდატურა - გ. თ-ე და მ. პ-ა. სხდომის მიმდინარეობის პროცესში პალატის ყოფილი ...ის - ი. დ-ის გაუმართლებელმა ჩარევამ და მ. პ-ას პიროვნებისა და სტატუსის აშკარა უგულებელყოფამ, მოსარჩელე აიძულა დაეტოვებინა საბჭოს სხდომა, რაც საბჭომ მის მიერ კანდიდატურის მოხსნად განიხილა. აღნიშნული უკანონო ინტერპრეტაციით საბჭომ უპირატესობა მიანიჭა მეორე კანდიდატს - გ. თ-ეს და საერთო კრებას შესთავაზა მხოლოდ მისი კანდიდატურა, რამაც უალტერნატივო გახადა საერთო კრების მიერ მისი არჩევა. აღნიშნული ლახავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, მ. პ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლ ნაწილზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად უნდა ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს და განპირობებული იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. სასამართლომ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც ფუძნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პალატა აერთიანებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ მეწარმეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილ საწარმოებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს (შემდგომში – მეწარმე სუბიექტი) და მათ გაერთიანებებს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ. პალატას საწევრო შენატანის დაწესება შეუძლია მხოლოდ საქართველოს ...ო პალატასთან შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ხსენებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მეწარმეების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილი საწარმოების საქმიანობის მხარდაჭერით. სასამართლომ აღნიშნა, რომ პალატის ...ზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან ერთად, აგრეთვე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი და აღნიშნული კანონის მე-2 და 21 მუხლებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის ...ი არ განიხილება თანამდებობის პირად. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ. პ-ას სარჩელი განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველი სამართალწარმოება მიმართულია საჯარო სამართლის კორპორაცია აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის წინააღმდეგ. სამართალწარმოების საგანს წარმოადგენს საჯარო სამართლის კორპორაციის მიერ ...ის არჩევის შედეგების ბათილად ცნობა, რა მიზნითაც უნდა დადგინდეს თავად პალატის საბჭოსა და საერთო კრებაზე მიღებული შედეგების კანონიერება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის კორპორაცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას, მის შინაარსს. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის ...ო პალატის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მეწარმეების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილი საწარმოების საქმიანობის მხარდაჭერით. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა პალატის უფლებამოსილებები - ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასება; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმება; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმება; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმება; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმება; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმება; ზ) „ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმება; თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭება; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემა; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემა; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმება. სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებული უფლებამოსილებები საჯარო სამართლებრივ ურთიერთობას განეკუთვნება და გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ამასთან, სადავო ურთიერთობა წესრიგდება არა კერძო, არამედ, საჯარო სამართლით. პალატის ...ის არჩევის წესი, რომლითაც მოპასუხემ იხელმძღვანელა, წარმოადგენს აფხაზეთის ა/რ კანონს, რომელშიც გაწერილია ძირითადი დებულებანი აფხაზეთის ა/რ ...ო ...ის არჩევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მართებულად იქნა საქმე მიჩნეული სამოქალაქო დავად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისათვის საჭიროა მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით, განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამდენად, ადმინისტრციული სამართალწარმოებით საქმის განხილვას განაპირობებს როგორც საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, ისე საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა.
საჯარო სამართლის კორპორაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა, რამდენადაც იგი წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ა/რ მთავრობის დადგენილებით. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც ფუძნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პალატა აერთიანებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ მეწარმეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილ საწარმოებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართალურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, თავისთავად არ ადასტურებს დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების განმხილველი სასამართლოსადმი განსჯადობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ითხოვს მ. პ-ას მიერ კანდიდატურის მოხსნილად მიჩნევისა და აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრებისათვის მხოლოდ გ. თ-ის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე, აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის N2 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების 2019 წლის 12 ივნისის N1 ოქმისა და აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის ...ად გ. თ-ის არჩევის შესახებ, ამავე კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. აგრეთვე, მოპასუხისათვის, პალატის ახალი ...ის არჩევის მიზნით, პალატის საბჭოს რიგგარეშე სხდომისა და პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის დავალებას. მოსარჩელის მოსაზრებით, დარღვეულ იქნა როგორც აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის საბჭოს მიერ პალატის საერთო კრებისათვის პალატის ...ის კანდიდატურის წარდგენის, ისე პალატის საერთო კრების მიერ ...ის არჩევის პროცედურები. დავის საგნობრივი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია გაირკვეს სადავო აქტების გამოცემის საფუძვლები, აგრეთვე სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმა. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს სადავო სამართალურთიერთობის ანუ აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის ...ის არჩევის მარეგულირებელი ნორმების ადგილი კანონმდებლობაში.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის“ მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და ამ პირის წესდებით (დებულებით). საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა, მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამდენად, წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობა არ განიხილება საჯარო სამსახურად. აფხაზეთის ა/რ ...ო პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის კორპორაციას ანუ წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს („საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლი).
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პალატის ორგანოებია: პალატის საერთო კრება, პალატის საბჭო და პალატის ...ი. ამავე მუხლის მიხედვით, პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, ხოლო უმაღლესი თანამდებობის პირი - ...ი. პალატის ...ს ირჩევს საერთო კრება ფარული, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით. ხსენებული კანონის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონი ცალსახად გამორიცხავს პალატის საქმიანობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედების გავრცელების შესაძლებლობას. აფხაზეთის ა/რ ...ო პალატაში დასაქმებული პირი არ მიიჩნევა საჯარო მოხელედ, რაც გამორიცხავს დავის საგნის შემხებლობას სამოხელეო სამართალურთირთობასთან და სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმებით მოწესრიგებას. სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებული არ არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმები. აფხაზეთის ა/რ ...ო პალატის ...ის არჩევის პროცედურები მოცულია მხოლოდ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონითა და პალატის წესდებით.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შესაძლოა ახორციელებდეს საჯარო საქმიანობას, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, დავა არ უკავშირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, ამდენად, ხსებეული გარემოება ვერ შეცვლის განსჯადობის წესს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე მ. პ-ას სარჩელისა გამო, საჯარო სამართლის კორპორაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ...ო პალატის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
4.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე