საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-236(კ-20) 20 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 8 იანვარს ზ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1971 წლიდან ქ.თბილისში, ...ის ქუჩა N40-ში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ასევე საჯარო რეესტრის ტექინვენტარიზაციის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N40-ში შ. ხ-ის (ზ. ხ-ის მამა) სახელზე 1971 წლიდან ირიცხებოდა 697 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი და დამხმარე შენობა-ნაგებობებით, იმავე დროიდან ხ-ების ოჯახი ფლობდა ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებასაც, სადაც განთავსებული იყო საკუჭნაო, მაგრამ იმის გამო, რომ ტექინვენტარიზაციის არქივში ვერ მოხერხდა მონაცემების მოძიება, საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ვერ განხორციელდა.
იმ ფაქტს, რომ ზ. ხ-ი ფლობს და განკარგავს მამის მიერ დატოვებულ ქონებას ...ის ქუჩა N40-ში (ს/კ ...), აგრეთვე ამ ქონების მიმდებარედ არსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას და სარდაფს, ადასტურებს სამკვიდრო მოწმობა და აგრეთვე ადასტურებენ მომიჯნავედ რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრები.
2016 წლის 21 სექტემბერს ზ. ხ-მა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 273.00 კვ.მ.
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის N2028 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ზ. ხ-ის მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და მიაჩნია, რომ გაურკვეველია თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის N2028 განკარგულების შინაარსი, რამეთუ კომისიამ დადგენილად მიიჩნია ფლობის ფაქტი, თუმცა არა ზ. ხ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ასახული კონფიგურაციით, მაშინ როდესაც საკადასტრო აზომვითი ნახაზი სრულად ასახავს სარგებლობაში არსებულ ფართს - 273კვ.მ.-ს. ამასთანვე, მიწის ნაკვეთს ორივე მხრიდან ემიჯნება უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც საკუთრების უფლება დარეგისტრირდა კომისიის მიერ უფლებების აღიარების საფუძველზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი გამოიცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის N2028 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ქ.თბილისში, ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე ზ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის N2028 განკარგულება (მიწის ნაკვეთზე ზ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ); ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ მდებარე 273 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ზ. ხ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესებიდან გამომდინარე მიუთითა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთით. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული საქმის გარემოებები. კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ზ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, ზ. ხ-ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად სადავო მიწის ნაკვეთით, რადგან აღნიშნულ გარემოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ზ. ხ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებასა და მასზე დართულ დოკუმენტებზე: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ.ვერსიით, საკადასტრო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მოქალაქეების - ზ. ნ-ის, ვ. ა-ას 2017 წლის 05 მაისის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ზ. ხ-ი (პ/ნ...) 1980 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული სახლით (ფართი 40 მ2), რომელიც მდებარეობს ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 273 კვ.მ. ამასთან, განცხადების ავტორები თანხმობას აცხადებენ, რომ ზ. ხ-მა მოახდინოს მიწის ნაკვეთის ლეგალიზება/პრივატიზება და საკუთარ სახელზე გაფორმება, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნიათ. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს არ შეუფასებია.
სააპელაციო პალატის მითითებით, საყურადღებოა ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკმბრის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დადგენილად მიიჩნია ზ. ხ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი განმცხადებლის მიერ, თუმცა მეორე მხრივ, დაუსაბუთებელია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა კომისია იმ დასკვნამდე, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ზ. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება უნდა მომხდარიყო განმცხადებლის მიერ, საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციისაგან განსხვავებული კონფიგურაციით. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შეფასების გარეშეა დატოვებული დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზიც, რომელიც სრულად ასახავს მის სარგებლობაში არსებულ 273 კვ.მ ფართს.
ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთს ორივე მხრიდან ემიჯნება უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომლის მესაკუთრეებსაც რაიმე სახის პრეტენზია ზ. ხ-ის მიერ თვითნებური საფუძვლით დაკავებულ მიწის ნაკვეთთან ან/და მიწის ნაკვეთის ნაწილთან მიმართებაში არ გააჩნიათ.
ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ზ. ხ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ.თბილისში, ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ მდებარე 273 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთი, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთრების ბატონობის ფაქტს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადგინდა ზ. ხ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ხ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი განმცხადებლის მიერ, საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილისაგან განსხვავებული კონფიგურაციითაა და მითითებულის გათვალისწინებით, კომისიამ განმცხადებელს დაავალა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენა. თუმცა განმცხადებელმა უარი განაცხადა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის განმარტებით, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას, განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებში ემსჯელა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ვინაიდან, არ დადასტურდა ზ. ხ-ის მიერ, საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
კასატორის მითითებით, კომისიის მიერ სრულად იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები (განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი), რის შედეგადაც დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ზ. ხ-ის მიერ მოთხოვნილი ფართობით (273 კვ.მ.), არ შეესაბამებოდა ამ უკანასკნელის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობს. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, მართებულად მიეცა რეკომენდაცია ზ. ხ-ს, კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შესახებ, რაზეც მან უარი განაცხადა.
კასატორის განმარტებით, ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან მიმართებაში, რომ კომისიამ სათანადო შეფასება არ მისცა მოწმეთა ჩვენებებს. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით (ადგილზე დათვალიერების ოქმით და ფოტო მასალით) დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებში მოცემული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებები, სასამართლო ვალდებული იყო მინიმუმ კრიტიკულად შეეფასებინა წარმოდგენილი მოწმის ჩვენებები და არ მიეჩნია სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძვლად, ვინაიდან, ისინი ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია მოპასუხე მხარის არგუმენტაცია და წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არ ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს მის მიერ მითითებული ფართობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პროცესუალური ნორმების საფუძველზე სათანადოდ არ გამოიკვლია და სწორი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ მიუთითებია არც ერთ კონკრეტულ საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე თუ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც კომისიის მიერ არ იქნა გამოყენებული და შეფასებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის N2028 განკარგულების კანონიერების შემოწმება, რომლითაც ზ. ხ-ს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N40-ში მდებარე 273 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N40-ში მდებარე 273 კვ.მ. ნაკვეთზე ზ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესზე“, რომელიც ადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული „წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
ზემოაღნიშნული „წესის“ 11.2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში, ხოლო ამავე „წესის“ 11.4 მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე (ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.
გასაჩივრებულ განკარგულებაში ზ. ხ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდებოდა ზ. ხ-ის მიერ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...ის ქ.№40 მიმდებარედ) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს ზ. ხ-მა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
ზ. ხ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ.ვერსიით, საკადასტრო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
2009 წლის 6 ოქტომბრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 697 კვ.მ. ფართობი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აღრიცხულია 1994 წლამდე. ასევე დგინდება, რომ უძრავ ქონებას 1997 წლიდან ფლობს და სარგებლობს შ. ხ-ი.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 29 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ...ის N40-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების ს/კ N...) დაზუსტებული ფართობი: 703 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი: 7; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით: 287.89 კვ.მ; N2. საერთო ფართით: 31.67 კვ.მ., N3 საერთო ფართი: 28.43 კვ.მ., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ. ხ-ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტია: სამკვიდრო მოწმობა N..., დამოწმების თარიღი: 13/11/2009, ნოტარიუსი გ.ლ-ი; სააღრიცხვო ბარათი N..., აღრიცხულია 1971 წელს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივი.
საქმეში წარმოდგენილია მოქალაქეების - ზ. ნ-ის, ვ. ა-ას 2017 წლის 05 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ ზ. ხ-ი 1980 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული სახლით(ფართი 40 მ2), რომელიც მდებარეობს ...ის ქუჩა N40-ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 273 კვ.მ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმა არიან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზება/პრივატიზება მოახდინოს ზ. ხ-მა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება. ამ მიზნით, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხება უძრავი ქონების სხვა პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი. თავის მხრივ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა წარმოშობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე. სადავო განკარგულებით, მართალია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დადგენილად მიიჩნია განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, თუმცა განსხვავებული კონფიგურაციით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია აღნიშნული დასკვნის გაკეთების პროცესში, არ დგინდება, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა და რითია მითითებული უარყოფილი. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო შეფასება არ მიუცია ასევე ზ. ნ-ის და ვ. ა-ას 2017 წლის 5 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისთვის, ასევე იმ გარემოებისთვის, რომ დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი სრულად ასახავს, იმ ფაქტს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ორივე მხრიდან ემიჯნება უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მესაკუთრეებსაც პრეტენზია ზ. ხ-ის მიერ თვითნებური საფუძვლით დაკავებულ მიწის ნაკვეთთან ან/და მიწის ნაკვეთის ნაწილთან არ გააჩნიათ.
ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე