Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 429-დად 24 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ე. Pპ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს დადგენილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენით ე. პ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტით, 104-ე მუხლის მე-6 ქვეპუნქტით, მე-17,240-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 17 მაისიდან.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ე. პ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-4 ქვეპუნტით და 104-ე მუხლის მე-6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში დაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის მე-17,104 მუხლის მე-4, მე-6 ქვეპუნქტებით და საბოლოოდ მისაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2005 წლის 24 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ე. პ-ს პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის სამი მეოთხედი, ხასიათდება დადებითად, დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა.

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ე. პ-ია ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასჯელის მოხდისას დადებითი ქცევით არ გამოუჩენია თავი, არ ყოფილა წახალისებული და მოსახდელი აქვს სასჯელის დიდი ნაწილი.

კერძო საკასაციო საჩივრით ე. პ-. ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა _ სასჯელის მოხდისას გარდაეცვალა მშობლები, ოჯახში დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, აგრეთვე 104 წლის უსინათლო მოხუცი, არ დაურღვევია სასჯელის მოხდის რეჟიმი, მოკლევადიანი შვებულებით იმყოფებოდა მშობლების დაკრძალვაზე და ყოველგვარი დარღვევის გარეშე დაბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რისთვისაც იუსტიციის მინისტრის მიერ გამოეცხადა მადლობა, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში.

სასამართლო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ე. შ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და იშუამდგომლა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

ო. რ. მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა ე. პ-ს მიმართ სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა პროკურორის პოზიცია, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 20 დეკემბრის ¹.... განკარგულებით, ე. პ-ს მადლობა გამოეცხადა ახალი საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით. მართალია, სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მას მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, მაგრამ ეს გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს. მოსამართლე მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარაა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ე. პ-ა მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის და მას მოსახდელი აქვს კიდევ ორნახევარ წელზე მეტი.

სასამართლო პალატა ე. პ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს დადგენილება მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს დადგენილება ე. პ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.