Facebook Twitter

#ბს-252(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „...ა“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია; 3. ბ. ჩ-ი; ვ. ძ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 31 მაისს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ. ჩ-ისა და ვ. ძ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში, რეკრეაციულ ზონაში საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება (ს.კ. #...), რომელიც წარმოადგენს 27 001 კვ.მ მიწას, მასზე განთავსებულ ...სა და ...ი …სს. ...ი ფუნქციონირებს უკვე მრავალი წელია და ამ საქმიანობისათვის გაწეულია მრავალმილიონიანი ინვესტიცია.

მოსარჩელის მითითებით, ...ს ეზო აღმოსავლეთით ესაზღვრება ...ის ...ის ქუჩა, ...ს ღობიდან ქუჩის სავალ ნაწილამდე არის მრავალწლიანი ნარგავები (ფიჭვები) და ტროტუარი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს და მისი საშუალებით გადაადგილდებიან, მათ შორის, მოსარჩელის დამსვენებლებიც. მოსარჩელის აღნიშვნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 31.08.2016 წელს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა ამავე რიცხვში გამოცემული #... ბრძანება და საკუთრებაში დაარეგისტრირა ორი ნაკვეთი: 1. ს.კ. #... – 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; 2. ს.კ. #... – 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის მითითებით, მუნიციპალიტეტსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმართვის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს ორივე ნაკვეთი გატანილ იქნა აუქციონზე, აქედან ერთი - ს.კ. #... გასხვისებულ იქნა ფიზიკურ პირებზე - ბ. ჩ-სა და ვ. ძ-ეზე. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს გაცემულ იქნა #... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, უძრავი ქონება კი ამავე პირების საკუთრებაში საჯარო რეესტრში 2017 წლის 9 იანვარს დარეგისტრირდა.

მოსარჩელის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ რეგისტრირებული უძრავი ქონება რეალურად წარმოადგენს ტროტუარს და რეკრეაციულ ზონაში არსებულ მწვანე ნარგავებს და მისი გასხვისება დაუშვებელია. ამასთან, ნაკვეთების გასხვისებითა და მასზე კონსტრუქციების ან/და შენობა-ნაგებობების განთავსებით მნიშვნელოვნად ფერხდება დამსვენებლების გადაადგილება როგორც ...ს ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ. მოსარჩელის მითითებით, იმ სახის სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც შპს „...ა“ ეწევა, წარმოადგენს დამსვენებლებისათვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას. მუნიციპალიტეტის მიერ რეკრეაციულ ზონაში ტროტუარებისა და ნარგავების კერძო პირებზე გასხვისება და მათზე ნაგებობების განთავსება კი მნიშვნელოვნად აბრკოლებს მოსარჩელის საქმიანობას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ნაკვეთები მდებარეობს რეკრეაციულ ზონაში, ისინი წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის ქონების განუსხვისებელ კატეგორიას და მათი გასხვისება დაუშვებელია.

ამდენად, მოსარჩელემ უძრავი ქონების ს.კ. #... და ს.კ. #... საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის #273 სხდომის ოქმის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის #59 განკარგულების, 2016 წლის 6 დეკემბრის საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #... ოქმის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის #... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე; ყადაღა დაედო მოპასუხე სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში, საკადასტრო კოდი #....

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „...ას“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის #273 სხდომის ოქმი უძრავი ქონების ს.კ. #... და ს.კ. #... საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 ნოემბრის #59 განკარგულება უძრავი ქონების ს.კ. #... და ს.კ. #... ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 6 დეკემბრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი #...; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის #... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება #... ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქონების შემძენებს - ბ. ჩ-სა და ვ. ძ-ეს შორის.

სასამართლომ მიუთითა „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბერის #669 დადგენილების მეორე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, განკარგვა არის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; პრივატიზება არის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (შემდგომში - კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით.

დადგენილების მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა თბილისის ქონებისა) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად.

დადგენილების 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.

სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ არ იყო განხორციელებული სრულყოფილად, რის შედეგადაც, გაურკვეველი იყო ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, არ იყო დადგენილი, ქონება წარმოადგენდა ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას თუ არა. შესაძლებელი იყო თუ არა ქონების არასაჯარო ფუნქციით გამოყენება. სასამართლოს მითითებით, ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ არ იყო გამიჯნული საფეხმავლო გზა (ტროტუარი) და არსებული მასალებით შეუძლებელი იყო დადგენა, ხომ არ მოხდა საჯარო მიზნისთვის განკუთვნილი სივრცის გასხვისება. გაურკვეველი იყო ქონების შეფასების საფუძვლები. ასევე ადმინისტრაციული წარმოება საჯარო აუქციონის განხორციელებისას წარმოებული იყო შემჭიდროებულ ვადებში, დაჩქარებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც აუქციონი, ასევე მისი შედეგები, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე; ყადაღა დაედო მოპასუხეების - ბ. ჩ-ის (პ/ნ ...), ვ. ძ-ის (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში, ს.კ. #....

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბ. ჩ-მა და ვ. ძ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ. ჩ-ის და ვ. ძ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (სსიპ თვითმმართველი თემი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ი - საკადასტრო კოდით #...); გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ბ. ჩ-ის და ვ. ძ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ი - საკადასტრო კოდით #...).

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 23 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ #3964 წერილით მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რომელსაც აცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განსაზღვრული ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის #233 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა დადასტურება, ექვემდებარებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბუნებრივ რესურსებზე (მ.შ. წიაღზე) დამაგრებას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2016 წლის 7 ივლისის წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანდართული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე, არ ექვემდებარებოდა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის, წიაღზე დამაგრებას.

სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 აგვისტოს #5/43564 წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 43 კვ.მ, 70 კვ.მ, 40 კვ.მ, 30 კვ.მ და 34 კვ.მ მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა და არ იმყოფებოდა კერძო სამართლის სუბიექტის სარგებლობაში ან საკუთრებაში.

საჯარო რეესტრის 2017 წლის 30 მაისის ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს #... ბრძანების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით, საკადასტრო კოდით - #....

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 2017 წლის 2 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს #... ბრძანების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით, საკადასტრო კოდით - #....

2016 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 34 ხმით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი (პუნქტი 3.59) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე.

2016 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #59 განკარგულებით დაამტკიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა თანახმად დანართისა. თანდართულ დანართში, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, მითითებულია #... და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებებიც.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ #... და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაკარგად გატანილ იქნა საჯარო აუქციონზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (70 კვ.მ) 2016 წლის 6 დეკემბერს გაიმარჯვეს ვ. ძ-ემ და ბ. ჩ-მა, ხოლო #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ისევ რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შეთავაზებულმა თანხამ შეადგინა 7350 ლარი (ბეს გარეშე). ვ. ძ-ისა და ბ. ჩ-ის მიმართ გაიცა #... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 2016 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა #... ნასყიდობის ხელშეკრულება.

2017 წლის 9 იანვარს #... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში ვ. ძ-ე და ბ. ჩ-ი დარეგისტრირდნენ. მითითებულ უძრავ ქონებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 24 მაისის #0611757 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

სააპელაციო პალატამ ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს „...ას“ ღობიდან და ბოლომდე არ მიდის ცენტრალური გზის ავტომანქანის სავალ ნაწილთან. საავტომობილო გზის გასწვრივ ტროტუარი ცალკე გამოყოფილი არ არის. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა რეკრეაციულ ზონას, სადაც სამომავლოდ უნდა გაკეთებულიყო ქვეითთა სავალი ნაწილი.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ #... და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებების მიმდებარედ მდებარეობს კერძო პირთა მიწის ნაკვეთები, ასევე, მიწის ნაკვეთის ნაწილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დადებული აქვს იჯარის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებზე და აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული 30 კვ.მ და 70 კვ.მ მიწის ნაკვეთები 2016 წლის 2 სექტემბრიდან, შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსით. საქმის მასალების შესაბამისად, მითითებული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით დასარეგისტრირებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი თანხმობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსგან სწორედ მისი შემდგომი განკარგვის მიზნით გამოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოსარჩელეს რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია სასამართლოში არ წარუდგენია, შესაბამისად „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

სააპელაციო პალატის მითითებით, საყურადღებო იყო ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის #274 დადგენილებით დამტკიცდა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, რომელშიც „საავტომობილო გზები და ქუჩები, საფეხმავლო-სარეკრეაციო გზები, საველოსიპედო ბილიკები, საზოგადოებრივი ღია სივრცეები, მიწის ნაკვეთები და შეზღუდვების მქონე მიწის ნაკვეთები ასახულია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე – „მიწის ნაკვეთების საკუთრების ტიპები და შეზღუდვები მიწის ნაკვეთებზე“. სააპელაციო პალატამ განმეორებით აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე საკუთრების უფლებით დასარეგისტრირებლად შესაბამისი თანხმობა სახელმწიფოს სახით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასცა, რაც ასევე იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სადავო მიწის ნაკვეთები არ მდებარეობდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის #274 დადგენილებით განსაზღვრულ ისეთ ტერიტორიაზე, რაც გამორიცხავდა მისი განკერძოების შესაძლებლობას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ #... და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები არ მიეკუთვნებოდა მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას. ამასთან, საგულისხმო იყო ისიც, რომ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა კერძო პირთა საკუთრებას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონების განკერძოების პროცედურებს ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომლის 118-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. კოდექსის 119-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება – საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ან იხდის ბეს. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში. დასახელებული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური; ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმა გადაწყდა საჯაროდ მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე. ამასთან, ორივე მიწის ნაკვეთი განსაკარგად გატანილ იქნა საჯარო აუქციონზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (70 კვ.მ) 2016 წლის 6 დეკემბერს გაიმარჯვეს ვ. ძ-ემ და ბ. ჩ-მა, ხოლო #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ისევ რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აუქციონის პროცედურული დარღვევით მიმდინარეობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია. მისი მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას დაარღვია საჯაროობის პრინციპი.

სააპელაციო პალატამ განმეორებით აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ნუსხაში ჩასმა და საჯარო აუქციონზე განკარგვა განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, რა დროსაც არ დარღვეულა საჯაროობის პრინციპი - ქონების განკარგვა მოხდა საჯარო აუქციონის გზით, ხოლო საკრებულოს სხდომა ჩატარდა ღიად საკრებულოს ბიუროს მიერ გათვალისწინებული დღის წესრიგით, რაც ასახული იყო სხდომის ვიდეოჩანაწერზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია საკრებულოს ბიუროს მხრიდან ქონების განკარგვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონება წარმოადგენს საჯარო სარგებლობის სივრცეს, რის გამოც, მისი განკარგვა დაუშვებელი იყო, მაგრამ თუკი მუნიციპალიტეტი მაინც დააპირებდა ქონების გასხვისებას, მას უნდა განეხორციელებინა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც მოსარჩელეს მისცემდა შესაძლებლობას, განეხორციელებინა კანონით მინიჭებული უფლებები. კერძოდ, იგი შეძლებდა, მიემართა საკრებულოსათვის საკუთარი მოსაზრებებითა და წინადადებებით, რაც მას მისცემდა საშუალებას, დაესაბუთებინა მისაღები გადაწყვეტილების არამართებულობა და მავნე გავლენა საკურორტო გარემოზე. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად უგულებელყოფილ იქნა არა მარტო თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის, არამედ, ზოგადად, თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები - კანონიერება და საჯაროობა.

კასატორის აღნიშვნით, მუნიციპალური ქონების განკარგვა ნაწილობრივ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ დროს დაცული უნდა იყოს საჯაროობის მაღალი სტანდარტი. კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩატარებულიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც ინფორმირების და საჯაროობის გაცილებით მაღალ სტანდარტს გულისხმობს იმასთან შედარებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ არც სხდომის ოქმში და არც ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, რომელ ნაკვეთებზე იმსჯელა საკრებულომ, საკრებულოს სხდომაზე არ ყოფილა მოხსენებული ნაკვეთების მისამართი და საკადასტრო კოდი. შესაბამისად, როგორც წერილობითი ოქმის, აგრეთვე, აუდიოჩანაწერის გაცნობისას გაურკვეველი იყო, რა ქონება იყიდებოდა აუქციონის წესით. კასატორის მითითებით, მიუხედავად მოთხოვნისა, მუნიციპალიტეტმა ასევე ვერ წარადგინა გასასხვისებელი უძრავი ქონების ნუსხის დანართის სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მტკიცებულება.

კასატორის განმარტებით, საკრებულოს სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომის 21.10.2016წ. #18 ოქმი, რომლის მიხედვითაც, კომისიამ, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, ორივე სადავო ქონების საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღება მოითხოვა. კასატორის მითითებით, ხსენებული დასკვნა საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვისას, მეტიც, საკრებულოს სხდომის ოქმში მომხსენებელი კომისიის დასკვნაზე ყურადღებას არ ამახვილებს. კასატორის მოსაზრებით, ზემოხსენებულთან კავშირი აქვს, აგრეთვე, საკრებულოს ბიუროს სხდომასაც, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად ამზადებს. კასატორის მითითებით, ბიურომ ისე მიიჩნია საპრივატიზებო ნუსხა საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გასატანად, რომ საერთოდ არ უმსჯელია, რატომ ითხოვდა კომისია სადავო ნაკვეთების ნუსხიდან ამოღებას.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი უძრავი ქონების შემძენები ბ. ჩ-ი და ვ. ძ-ე არიან. მათგან ბ. ჩ-ი იყო როგორც ნაკვეთების რეგისტრაციის, ისე მათი საპრივატიზებო ნუსხაში შეტანისა და აუქციონზე გამოტანის ინიციატორი და ყველა მოქმედება მისი განცხადების საფუძველზე იქნა განხორციელებული. კასატორის მითითებით, ყურადსაღებია ისიც, რომ ნაკვეთები გასხვისდა არა ელექტრონული, არამედ თავად მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონით.

ამასთან, კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სახელმწიფო აუდიტის მიერ შედგენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საქმეში მტკიცებულების სახით ჩართვის თაობაზე იშუამდგომლა. კასატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული დოკუმენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე 21.12.2018წ., ანუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გამოქვეყნდა, რის გამოც, მისი წარდგენა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში შეუძლებელი იყო.

კასატორის მითითებით, დასკვნა შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ უძრავი ქონების გასხვისებას 2016-2017 წლებში, მათ შორის, დასკვნაში საუბარია სადავოდ ქცეულ ნაკვეთებზეც. კასატორი ყურადღებას ამახვილებს დასკვნის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ მასში რამდენჯერმეა მოხსენებული სადავო ქონების შემძენი ბ. ჩ-ი, რომელსაც არაერთი ნაკვეთი აქვს შეძენილი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ნაკვეთები მოხვედრილია საეჭვო გარიგებებს შორის. ამასთან, დასკვნაში საუბარია კონკრეტულად განსახილველ დავაზე და სადავო მიწის ნაკვეთებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 23 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ #3964 წერილით მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, რომელსაც აცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განსაზღვრული ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის #233 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა დადასტურება, ექვემდებარებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბუნებრივ რესურსებზე (მ.შ. წიაღზე) დამაგრებას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2016 წლის 7 ივლისის წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანდართული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე, არ ექვემდებარებოდა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის, წიაღზე დამაგრებას.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 აგვისტოს #5/43564 წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 43 კვ.მ, 70 კვ.მ, 40 კვ.მ, 30 კვ.მ და 34 კვ.მ მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა და არ იმყოფებოდა კერძო სამართლის სუბიექტის სარგებლობაში ან საკუთრებაში.

საჯარო რეესტრის 2017 წლის 30 მაისის ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს #... ბრძანების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით - #....

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2017 წლის 2 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს #... ბრძანების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველი თემის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით - #....

2016 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 34 ხმით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი (პუნქტი 3.59) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე.

2016 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #59 განკარგულებით დაამტკიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა თანახმად დანართისა. თანდართულ დანართში სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად მითითებულია #... და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებებიც.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ #... და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაკარგად გატანილ იქნა საჯარო აუქციონზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (70 კვ.მ) 2016 წლის 6 დეკემბერს გაიმარჯვეს ვ. ძ-ემ და ბ. ჩ-მა, ხოლო #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ისევ რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შეთავაზებულმა თანხამ შეადგინა 7350 ლარი (ბეს გარეშე). ვ. ძ-ისა და ბ. ჩ-ის მიმართ გაიცა #... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 2016 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა #... ნასყიდობის ხელშეკრულება.

2017 წლის 9 იანვარს #... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში ვ. ძ-ე და ბ. ჩ-ი დარეგისტრირდნენ. მითითებულ უძრავ ქონებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 24 მაისის #0611757 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს „...ას“ ღობიდან და ბოლომდე არ მიდის ცენტრალური გზის ავტომანქანის სავალ ნაწილთან. საავტომობილო გზის გასწვრივ ტროტუარი ცალკე გამოყოფილი არ არის. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა რეკრეაციულ ზონას, სადაც სამომავლოდ უნდა გაკეთებულიყო ქვეითთა სავალი ნაწილი.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ #... და #... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ქონებების მიმდებარედ მდებარეობს კერძო პირთა მიწის ნაკვეთები, ასევე, მიწის ნაკვეთის ნაწილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დადებული აქვს იჯარის ხელშეკრულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. მითითებული კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-7 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა, აგრეთვე, მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონების განკერძოების პროცედურებს ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 118-ე მუხლი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. მითითებული კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება – საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ან იხდის ბეს. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში. დასახელებული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური; ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, რომლებიც ნაკვეთის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ფოტოსურათებით ცალსახად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთები მოიცავს ტერიტორიას შპს „...ას“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ღობიდან გზის სავალ ნაწილამდე, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ საფეხმავლო გზა (ტროტუარი) არ არის განცალკევებით გამოყოფილი. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი, კერძოდ, ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ „სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს „...ას“ ღობიდან და ბოლომდე არ მიდის ცენტრალური გზის ავტომანქანის სავალ ნაწილთან. ტროტუარი ცალკე გამოყოფილი არ არის.“ თუმცა ყურადსაღებია ისიც, რომ საქმეში არსებული მასალებით და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, არ დგინდება, წარმოადგენს თუ არა გასხვისებული მიწის ნაკვეთები საჯარო მიზნებისათვის განკუთვნილ სივრცეს. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომის 21.10.2016წ. #18 ოქმი, რომლის მიხედვითაც, კომისიამ, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, ორივე სადავო ქონების საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღება მოითხოვა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კომისიის დასკვნის შეუფასებლობის პირობებში, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა, რატომ გამოთქვა იმავე საკრებულოს კონკრეტულმა კომისიამ სადავო უძრავ ქონებებთან მიმართებით საკითხის უკეთ შესწავლის ინიციატივა და რით იყო განპირობებული კომისიის მხრიდან ამგვარი მოთხოვნის დაყენება. თუმცა, გარდა იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სადავოდ არის გამხდარი უძრავ ქონებათა საპრივატიზებო ნუსხაში მოხვედრისა და მისი გასხვისების დაშვების კანონიერება, მეორე მხრივ, მოსარჩელე სადავოდ ხდის მიწის ნაკვეთთა გასხვისების პროცედურულ მხარეს. კასატორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია საჯაროობის პრინციპი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებებს აუქციონზე სადავო ქონებების მისამართისა და საკადასტრო კოდის განსაზღვრის გარეშე გამოტანის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია www.eauction.ge ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები, საიდანაც დასტურდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ...ში მდებარე 30 კვ.მ და 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საჯარო აუქციონის წესით გასასხვისებლად აუქციონზე იქნა გამოტანილი (1. განაცხადის #..., აუქციონის #..., ლოტის #...; 2. განაცხადის #......, აუქციონის #..., ლოტის #...). ამავე განაცხადების ფარგლებში განისაზღვრა უძრავი ქონების თვისებები, განთავსდა უძრავი ქონებების მოკლე აღწერილობა, კერძოდ, მიეთითა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 30 კვ.მ და 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მდებარეობდა ...ის ტერიტორიაზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ. ამასთან, თითოეულ მათგანთან მიმართებით, თვისებების/აღწერილობის გრაფაში მიეთითა საკადასტრო კოდიც. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო უძრავი ქონების შესაბამისი რეკვიზიტების მითითების გარეშე აუქციონზე გამოტანის შესახებ. თუმცა აღნიშნულის პარალელურად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საჯარო აუქციონის განხორციელებისას ადმინისტრაციული წარმოების შემჭიდროებულ ვადებში, დაჩქარებულად, განხორციელების ფაქტი. მითითებული გარემოება საყურადღებო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ბ. ჩ-ისა და ვ. ძ-ის მიერ სადავო უძრავი ქონება შეძენილ იქნა საწყის ღირებულებასთან საკმაოდ მიახლოებულ ფასად. საეჭვო ფაქტობრივ მდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა არა ელექტრონული, არამედ საჯარო აუქციონის წესით.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე. კერძოდ, კასატორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საქმეში მტკიცებულების სახით ჩართვის თაობაზე იშუამდგომლა. ხსენებული ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2018 წლის 21 დეკემბერს, ანუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რის გამოც ქვედა ინსტანციის სასამართლოები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაეთვალისწინებინათ აღნიშნული ანგარიშის შინაარსი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ანგარიში საყურადღებოა იმ კუთხით, რომ მასში საუბარია 2016-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აუქციონის ჩატარების პროცედურული მხარის დაცულობაზე, შემდგარ გარიგებათა არაკეთილსინდისიერებაზე. დასკვნაში ფიგურირებს სადავო ქონების შემძენი ბ. ჩ-იც. მასში, ასევე, მითითებულია განსახილველ დავაზეც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზემოხსენებული ანგარიში შესაძლებელია გავლენას ახდენდეს შესაბამის პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამართულ, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებებთან მიმართებით ჩატარებულ აუქციონთა კანონიერებაზე. იგი შეიძლება შეიცავდეს განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ამასთან, საყურადღებოა კასატორის შემდგომი შუამდგომლობები, კერძოდ, საგულისხმოა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 04.07.2018 წლის წერილიც, რომელშიც საუბარია უძრავი ქონების შემფასებლის მიერ უძრავი ქონებების ყოველგვარი ნახვისა და დათვალიერების გარეშე გასხვისებაზე. კასატორმა აგრეთვე წარმოადგინა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება. აღნიშნული განჩინებით ყადაღა დაედო 2015-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გასხვისებულ ყველა ნაკვეთს (306 ნაკვეთი), მათ შორის, ვ. ძ-ისა და ბ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით #.... ხსენებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქრთამის აღებისა და გაყალბებული დასკვნების წარდგენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტზეც.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კასატორმა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 თებერვლის განჩინების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის თაობაზეც იშუამდგომლა. კასატორი წარმოდგენილი შუამდგომლობითა და ზემოხსენებულ განჩინებაში დაფიქსირებული ინფორმაციით ბ. ჩ-ის არაკეთილსინდისიერებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიუკერძოებლობის ეჭქვეშ დაყენებას ცდილობს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივარსა თუ შემდგომ შუამდგომლობებზე თანდართული ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის სასამართლოს მხრიდან შეფასება არსებით მნიშვნელობას იძენს საქმის მართებულად გადაწყვეტის კუთხით. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დამატებით მტკიცებულებათა მოპოვება-შეფასების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახულ ინფორმაციაზე, გამოიკვლიოს და შეაფასოს მასში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განსაზღვროს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასახული ინფორმაცია ახდენს თუ არა ზეგავლენას განსახილველი დავის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი