#ბს-545(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 3 დეკემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების (საჩივარი #10159/2/15) ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული მის მიერ წარდგენილი 2015 წლის 5 მაისის საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 მარტის ბრძანებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ გასული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიერ ელექტრონულად გაგზავნილი ბრძანების გაცნობის ფაქტს. მოსარჩელის მითითებით, მას გადაწყვეტილება ჩაბარდა 2015 წლის 17 ნოემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ავტორიზებულ გვერდზე შესასვლელად პირს უნდა შეეყვანა პაროლი, რომელიც მხოლოდ გადასახადის გადამხდელისთვის ან მის მიერ შერჩეული პირისთვის არის ცნობილი, ხოლო IP მისამართის სხვადასხვაობა არ წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა პირის მიერ გაცნობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, მით უფრო, რომ IP მისამართი, რომლიდანაც მოხდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაცნობა, არ ყოფილა მხოლოდ ერთხელ გამოყენებული, არამედ სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 2015 წლის 9 ოქტომბრის #144834-21 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „...ის“ მომხმარებელმა განახორციელა აუტენტიფიკაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისების სისტემასთან ... მისამართის გამოყენებით 2015 წლის 11 იანვარს 4-ჯერ, 2015 წლის 13 იანვარს - ერთხელ, 2015 წლის 28 მარტს 11:25 საათზე, 2015 წლის 16 აპრილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს „...ი“ საკუთარ ელექტრონულ გვერდზე 2015 წლის 11 მარტის ბრძანებას გაეცნო 2015 წლის 28 მარტს. მართალია, გადასახადის გადამხდელისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნის ერთ-ერთი სახეა გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გზავნილის ელექტრონულად გაგზავნა, თუმცა კასატორის პრეტენზია იმ გარემოებას ეხება, რომ ვებ-გვერდზე შესასვლელი მომხმარებელი და პაროლი შესაძლებელია იყოს მესამე პირის ხელში, რომელიც ნახავს გაგზავნილ დოკუმენტს და არ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე დირექტორს. კასატორის მითითებით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, გზავნილის ჩაბარებულად ჩათვლისათვის გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „...ის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს გასაჩივრების ვადის გასვლის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შპს „...ის“ საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. 44.9 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...ი“ თავის ელექტრონულ გვერდზე გაგზავნილ 11.03.2015 წლის #7373 ბრძანებას გაეცნო 2015 წლის 28 მარტს 11:25 საათზე. შესაბამისად, ამ პერიოდიდან გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში შპს „...ის“ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 11.03.2015წ. #7373 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 20-დღიანი ვადის დარღვევით, 2015 წლის 5 მაისს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ არ მომხდარა ელექტრონულად გაგზავნილი ბრძანების გაცნობა. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ კონკრეტული მომხმარებლის ელექტრონულ გვერდზე შესვლა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელმაც იცის პაროლი. პაროლი კი კანონიერად შეიძლება იცოდეს მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელმა ან მის მიერ არჩეულმა პირმა, რომელსაც გადამხდელი გაანდობს პაროლს. გარდა ამისა, შესაძლებელია, ვინმემ უკანონოდ შეაღწიოს სხვის ელექტრონულ გვერდზე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს და მსგავსი ფაქტის არსებობა შესაბამისი წესით უნდა დასტურდებოდეს. საქმეში კი რაიმე მტკიცებულება, რომ კასატორის ელექტრონული გვერდით უკანონოდ ისარგებლა ვინმემ, წარმოდგენილი არ არის. მსგავსი ფაქტის დადასტურება კი, მხარის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით ვერ მოხდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის გვერდზე შესვლა არ არის დამოკიდებული IP მისამართზე, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებისას სხვადასხვა შეიძლება იყოს. IP მისამართის სხვადასხვაობა არ წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა პირის მიერ გაცნობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, მით უფრო, რომ IP მისამართი, რომლიდანაც მოხდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაცნობა, არ ყოფილა მხოლოდ ერთხელ გამოყენებული. ის ფაქტი, რომ აღნიშნული არაერთი შესვლა მომხმარებლის ავტორიზებულ გვერდზე განხორციელებულია კანონდარღვევით, ასევე დადასტურებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ არ მომხდარა ელექტრონულად გაგზავნილი ბრძანების გაცნობა. შესაბამისად, გადამხდელს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ხოლო საჩივარი ფინანსთა სამინისტროში წარადგინა ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გ. ჩ-ას 08.08.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ჩ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. გ. ჩ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 08.08.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი