№ბს-103(კ-20) 13 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 11 იანვარს ი. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 14 დეკემბრის MIA ... წერილობითი პასუხის ბათილად ცნობა, ი. ქ-ის 1993 წლის 1 თებერვლიდან 2001 წლის 17 იანვრამდე ნამსახურობის პერიოდის განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად ჩათვლა და ნამსახურობის ერთი დღის დღენახევრად დაანგარიშება, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების მომზადება და შესაბამის ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლის 1 თებერვლიდან 2001 წლის 17 იანვრამდე მსახურობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმში, ხოლო 2004 წლის 9 ივლისიდან 2013 წლის 15 აპრილამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქედან 2 წელი და 7 თვე მუშაობდა ...ზე ...ი ...ის ...ში, ...ის ...ის ...ად. მისივე განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების შესაბამისად, რომელიც ძალაში იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ...ი ...ის რაზმ „...ში“ და ...ის ...ში მუშაობის ერთი დღე ითვლებოდა 1,5 დღედ. შესაბამისად, მისმა ნამსახურობამ შეადგინა 20 წელი, 4 თვე და 25 დღე, რასაც ემატება სავალდებულო სამსახური 1 წელი, 5 თვე და 21 დღე და საერთო ჯამში შეადგენს 21 წელს და 10 თვეს.
მოსარჩელის განმატებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა მისთვის კუთვნილი კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე, ვინაიდან, მისმა ნამსახურობამ შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩარიცხვის დღიდან და სამხედრო სამსახურში არ შეადგინა 20 წელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოებებისა და წერილობითი მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 14 დეკემბრის MIA ... წერილობითი პასუხი; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი. ქ-ს ...ი ...ის რაზმ „...ში“ 1993 წლის 1 თებერვლიდან 2001 წლის 17 იანვრამდე ნამსახურობის პერიოდის განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად ჩათვლა და ნამსახურობის ერთი დღის დღენახევრად დაანგარიშება, ასევე სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების მომზადება და შესაბამის ორგანოში გადაგზავნა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 14 დეკემბრის MIA ... გადაწყვეტილებით ი. ქ-ს უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის მიზნით წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე იმ საფუძვლით, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან და სამხედრო სამსახურში არ შეადგენდა 20 წელს.
ი. ქ-ის ნამსახურობამ შეადგინა: სავალდებულო სამხედრო სამსახური: 10.11.1985წ. - 02.05.1987წ. (01 წელი, 05 თვე და 22 დღე), ყოფილი უშიშროების სამინისტრო: 01.02.1993წ. - 17.01.2001წ. (07 წელი, 11 თვე და 16 დღე), შინაგან საქმეთა სამინისტრო: 03.06.2004წ.- 15.04.2013წ. (08 წელი, 10 თვე და 12 დღე), სულ 18 წელი, 03 თვე და 20 დღე.
ი. ქ-ი 1993 წლის 1 თებერვლიდან მიღებულ იქნა ნამდვილ სამხედრო სამსახურში, კერძოდ, სსს 1993 წლის 3 თებერვლის №... ბრძანებით დაინიშნა ...ი ...ის ...ის მე-... ქვეგანყოფილების ...ის თანამდებობაზე (უფროსი ...ის ხარჯზე) და 2001 წლის 17 იანვრამდე საქართველოს უშიშროების სამინისტროს სისტემაში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, სახელმწიფო ...ის სამმართველოს ...ი ...ის ...ის მე-... ქვეგანყოფილების ...ის თანამდებობაზე (უფროსი ...ის ხარჯზე), უშიშროების სამინისტროს ...ი ...ო სამმართველოს ქვედანაყოფის „...ას“ ჯგუფის ...ის თანამდებობაზე, ...ის სამმართველოს ქვედანაყოფ „...ას“ ჯგუფის ...ის თანამდებობაზე, ...თან ...ის ...ის ...ი ...ის ქვედანაყოფ „...ას“ მე-... ...ე ჯგუფის ...ის თანამდებობაზე, ...ი ...ის ქვედანაყოფ „...ას“ მე-... ...ე ჯგუფის ...ის თანამდებობაზე, ...ი ...ის ქვედანაყოფ „...ას“ პირველი ქვეგანყოფილების მე-... ...ე ჯგუფის ...ის თანამდებობაზე, ...ი ...ის ქვედანაყოფ „...ას“ ...ის ...დ, ...ი ...ის რაზმის ...თან ...ის ქვედანაყოფის ... განყოფილებაში, ...ი ...ი ...ის ...ო ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე, ...ის ... ...ის სამმართველოს ...ო და ...ი ...ის ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე, ...ი ...ის ...ი ...ისა და ...ი ...ის სამმართველოს მე-... განყოფილების ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე, ...ი ...ის ...ი ...ისა და ...ი ...ის სამმართველოს მე-... ...ის ...ის თანამდებობაზე. საქართველოს უშიშროების მინისტრის 2001 წლის 17 იანვრის №... ბრძანებით ი. ქ-ი ჩაირიცხა სამხედრო ძალების რეზერვში.
ი. ქ-ს ლეიტენანტის წოდება მიენიჭა 1993 წელს, უფროსი ლეიტენანტის წოდება - 1994 წელს, კაპიტნის წოდება - 1996 წელს, მაიორის წოდება - 1999 წელს, ვიცე-პოლკოვნიკის წოდება - 2004 წელს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილება კონკრეტულ შეღავათებს აწესებდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარესთან არსებულ სამხედრო განყოფილებასა და ტერორიზმისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოტოსამანევრო ჯგუფსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფ „...ში“ დასაქმებულ პირებისათვის, 1993-2001 წლებში იდენტური ფუნქციების მქონე პირებზეც უნდა გავრცელებულიყო იგივე შეღავათები. სადავო პერიოდში მოსარჩელე იკავებდა ისეთ თანამდებობებს, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებს, რომლებიც კავშირში იყო და ასრულებდა ოპერატიულ-საბრძოლო, დაზვერვით, ტერორიზმთან და საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის, ასევე, მოიერიშე საქმიანობას, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, აგრეთვე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ ი. ქ-ს არ უნდა ჩაეთვალოს წელთა ნამსახურობის სტაჟში 1993 წლის 1 თებერვლიდან 2001 წლის 17 იანვრამდე გათვალისწინებული პერიოდი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული დადგენილება მოქმედებდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ი. ქ-ისათვის ნამსახურობის გარკვეული პერიოდის ერთი დღის დღენახევრად ჩათვლის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს“ (შემდეგში - სამხედრო და მუშა - მოსამსახურეები) 1994 წლის 11 სექტემბრიდან დაუწესდათ ფულად ანაზღაურებაზე დანამატები და სხვა სოციალური შეღავათები. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარესთან არსებულ სამხედრო განყოფილებას და ტერორიზმისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოტოსამანევრო ჯგუფის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფ „...ს“ ერთი დღე ჩაეთვალა დღენახევრად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს რა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაში მოხსენიებული და მოსარჩელის ნამსახურები ქვედანაყოფების დასახელებების და ფუნქციების ერთმანეთთან უპირობო კავშირი. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების მე-2 პუნქტში მოხსენიებულ სახელმწიფო უშიშროების სისტემაში მოქმედ ტერორიზმისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ქვედანაყოფზე და მოსარჩელის დაკავებულ პოზიციებზე ამავე სისტემაში არსებულ ქვედანაყოფებში (მათ შორის, მოიერიშე ქვედანაყოფებში), რომლებიც ახორციელებდნენ ოპერატიულ-საბრძოლო, დაზვერვით, ტერორიზმთან და საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის საქმიანობა შესაბამის ქვედანაყოფებში და ასევე ამ ქვედანაყოფის ზემოთჩამოთვლილი ფუნქციები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების მე-2 პუნქტი უნდა გავრცელდეს ი. ქ-ზეც და 1993 წლის 1 თებერვლიდან 2001 წლის 17 იანვრამდე ნამსახურობის პერიოდი უნდა ჩაეთვალოს განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდეს დღენახევრად. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი დადგენილების (№796-44, 14/11/1994) 2006 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადება არ გამორიცხავს პირის მიერ მანამდე მოპოვებული უფლების/სარგებლის რეალიზების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე