#ბს-760(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 9 იანვარს თ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მ. ა. რ-მა მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მან წარადგინა განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე ცვლილების დამადასტურებელი შიდა აზომვითი ნახაზები. ამ სარეგისტრაციო წარმოების დროს დაზუსტდა მის საკუთრებაში არსებული ქონების ფართები. მოსარჩელე პრეტენზიას გამოთქვამს შენობის მე-2 სართულზე არსებული ფართის დაზუსტებასთან მიმართებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შენობის პირველ სართულზე არის შეჭრილი ადგილი, რომელიც მოქცეულია მის საკადასტრო გეგმაში. ამ ადგილზე ს-ებს აქვთ სააბაზანო ოთახი, მეორე სართულზე სააბაზანოს თავზე არსებული ფართი, რომელიც თავისთავად ეკუთვნის მოსარჩელეს, სადავო რეგისტრაციით საკუთრებაში გაიტარა მ. ა. რ-მა. მოსარჩელის მითითებით, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, არც ს-ის თანხმობა აღნიშნული ფართის რ-ის საკუთრებაში აღრიცხვის, გადასვლის ან რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სარჩელის მიხედვით, სადავო გადაწყვეტილებით დაირღვა მოსარჩელის უფლება და შეილახა მისი კანონიერი ინტერესი, რადგან მისი თანხმობის გარეშე განიკარგა მისი საკუთრება, რითაც მას ადგება ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. რ-ი, დ. ღ-ე და ნ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან შენობა-ნაგებობის პირველი სართული წარმოადგენს მის საკუთრებას, მასვე ეკუთვნის მის თავზე არსებული ფართიც.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ვინაიდან თ. ს-ი #2 შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე მდებარე ფართს გამიჯვნამდე არ ფლობდა, გამიჯვნის შემდეგაც მის საკუთრებაში არ აღრიცხულა. პალატამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულის შემდეგ, გასაჩივრებული რეგისტრაციით განხორციელდა შიდა აზომვითი ნახაზების საფუძველზე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ფართების დაზუსტება. ამასთან პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მას ეკუთვნის შენობა 1/1 და 2/2 და მას პრეტენზია აქვს სწორედ #2 შენობასთან მიმართებით, ვინაიდან თ. ს-ს სრულად ეკუთვნის #2 შენობის 1-ლი და მე-2 სართულები. კასატორის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რ-ისთვის არ უნდა გადაეცა #2/2 შენობის მე-2 სართული ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე მინიმუმ მისი რეალური მესაკუთრისთვის, თ. ს-ისთვის არ ეცნობებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება (ს/კ #...) - 424 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა თ. ს-ის, თ. ს-ისა და კ. ს-ის თანასაკუთრების ობიექტს, რომელიც თანამესაკუთრეების მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართების შესაბამისად გაიმიჯნა სამ საკადასტრო ერთეულად: #...(კ. ს-ი - 211 კვ.მ), #... (თ. ს-ი - 112 კვ.მ) და #...(თ. ს-ი - 101 კვ.მ; ამჟამად, მ. ა. რ-ი და დ. ღ-ე).
დადგენილია, რომ თენგიზ ს-მა 2012 წლის 29 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ა. რ-ზე გაასხვისა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ...ის ქ. #9-ში მდებარე 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 27 აპრილის #... სადავო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა. რ-ის მოთხოვნა მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ...ის ქ. #9-ში მდებარე 101 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობის პირველი სართულის ფართმა შეადგინა 63,57 კვ.მ, ხოლო მეორე სართულზე არსებულმა ფართმა - 76,20 კვ.მ. ამასთან დადგენილია, რომ მ. ა. რ-მა მეორე სართულზე არსებული 76,20 კვ.მ ფართი, მოგვიანებით გაასხვისა დ. ღ-ეზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან შენობა-ნაგებობის პირველი სართული წარმოადგენს მის საკუთრებას, მასვე ეკუთვნის მის თავზე არსებული ფართიც. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ გამიჯვნის ხელშეკრულების დადების შემდეგ განხორციელდა როგორც #..., ასევე #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რაც გამოიხატა მითითებულ საკადასტრო ერთეულებზე მდგომი შენობა-ნაგებობების შიდა ფართების დაზუსტებაში, აზომვითი ნახაზების საფუძველზე. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თ. ს-მა სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე დააზუსტა თავის საკუთრებაში არსებული ფართები, კერძოდ, მის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის ქ. #9-ში მდებარე 112 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობა, ფართით 171,61 კვ.მ (სარდაფი 32,65 კვ.მ, I სართული 67,13 კვ.მ, სხვენი 71,83 კვ.მ) და #2 შენობა-ნაგებობა, ფართით 7,78 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა შენობის პირველ სართულზე. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ვინაიდან თ. ს-ი #2 შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე მდებარე ფართს გამიჯვნამდე არ ფლობდა, გამიჯვნის შემდეგაც მის საკუთრებაში არ აღრიცხულა. ასევე დადგენილია, რომ ამის შემდეგ, გასაჩივრებული რეგისტრაციით განხორციელდა შიდა აზომვითი ნახაზების საფუძველზე განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ფართების დაზუსტება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება. საქმეში არსებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 8 აგვისტოს #3458222 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის #002573 დადგენილება კი, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თ. ს-ი წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მე-2 სართულზე მდებარე რაიმე ფართის (მათ შორის, სადავო ფართის) მართლზომიერ მფლობელს. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა საფუძველი უარი ეთქვა მ. ა. რ-ისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ს-ის საკასაციო საჩივარზე ე. გ-ს 29.07.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება;
3. თ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. გ-ის მიერ 29.07.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი