#ბს-828(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 29 დეკემბერს ლ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლ. ს-ის მოთხოვნა, გააუქმა ნინოწმინდის გამგეობის მიერ გაცემული #88 ცნობა ...ის ქ. #7 ბინა #45-ის საკუთრებასთან დაკავშირებით. 2016 წლის 11 ივლისს ლ. ს-მა საჯარო რეესტრის სააგენტოში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლო 2016 წლის 9 მარტის #... გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოთხოვნა და ამავე რიცხვით გაუქმდა შ. ბ-ს საკუთრების უფლება, ...ში, ...ის ქ· #7-ში მდებარე ბინა #45-ზე. ტექბიუროს მონაცემებით და ინდივიდუალური საბინაო ტექნიკური პასპორტით, სადავო ქონება წარმოადგენს ლ. ს-ის საკუთრებას. 2016 წლის 4 ოქტომბერს ლ. ს-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მდებარე: ..., ...ის ქ. #7, ბინა #45. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 10 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით მას უარი უთხრა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ ანალოგიური მოთხოვნა საჯარო რეესტრში განხილული იყო 2014 წელს. მოსარჩელემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელსაც კვლავ დაერთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ბინა ნამდვილად წარმოადგენდა ლ. ს-ის საკუთრებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი უარი უთხრა ლ. ს-ს საკუთრების რეგისტრაციაზე.
მოსარჩელის განმარტებით, თავის დროზე ნინოწმინდის საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დაუშვეს უხეში შეცდომა, კერძოდ, ერთი პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ერთი და იგივე ქონება, მდებარე: ..., ...ის ქ. #7, ბინა #45, ორჯერ დაარეგისტრირეს ერთსა და იმავე პიროვნებაზე, თ. ღ-ის სახელზე. პირველ შემთხვევაში, თ. ღ-მა ბინა გაცვალა ს. კ-ზე, ხოლო მეორე შემთხვევაში (როდესაც ეს ბინა უკვე აღრიცხული იყო ლ. ს-ზე) - გაასხვისა შ. პ-ზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოცემულ ეტაპზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი და „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 10 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისთვის ლ. ს-ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო აუცილებელ მესამე პირებად - თ. ღ-ი, ს. კ-ი, შ. ბ-ი, შ. პ-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეესტრის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 10 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილება; ლ. ს-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის დავალდებულებაზე ლ. ს-ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.03.2016წ. გადაწყვეტილებით, შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის - ლ. ს-ისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება 11.07.1996წ. ს. კ-სა და ლ. ს-ს შორის გაფორმებული საცხოვრებელ ბინათა გაცვლის ხელშეკრულების შინაარსის სიყალბე. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია ნინოწმინდის საკრებულოს გამგეობის მიერ (ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია) და რეგისტრირებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში (ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი დადასტურდებოდა სადავო ხელშეკრულების სიყალბე, ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულნი იყვნენ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოერკვიათ, რა სამართლებრივი შედეგი წარმოშვა აღნიშნულმა ხელშეკრულებამ და რის საფუძველზე განხორციელდა მასში მითითებული საცხოვრებელი ბინების რეგისტრაციები საჯარო რეესტრში, ვინაიდან თუ ხელშეკრულება ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს, მაშინ ქ. ...ში, ...ის ქ. #7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ფართით 30.3 კვ.მ და დამხმარე ფართით 21.1 კვ.მ, უნდა დარჩენილიყო ს. კ-ის საკუთრებაში, ხოლო საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ..., ...ის ქ. #9, ფართით 42.9 კვ.მ - ლ. ს-ის საკუთრებაში, თუ არ განხორციელდებოდა შემდგომი რეგისტრაციები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ ის ვერ განიხილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად (მტკიცებულებად), ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 7 თებერვლის #88 ცნობა, რომლითაც დადასტურდა, რომ თ. ღ-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი ნამდვილად მდებარეობს მისამართზე: ქ. ..., ...ის ქუჩა #7, ბინა #45. აღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ლ. ს-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. კასატორის მითითებით, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის #... (28.02.2014წ.) გადაწყვეტილებით. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება, 2014 წლის 13 მაისს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრისადმი სარეგისტრაციო განაცხადით მიმართვამდე, 2014 წლის 6 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 12 მარტის რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილებით უკვე აღრიცხული იყო შ. პ-ის სახელზე. 2016 წლის 31 მაისს რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა შ. ბ-ის საკუთრების უფლება. შემდგომი რეგისტრაცია კი, ძალაში მყოფ კანონიერ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 24-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნებოდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე, მე-5 მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად ...ათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 7 თებერვლის #88 ცნობა; ლ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას განიხილოს ლ. ს-ის 2015 წლის 4 თებერვლის განცხადება და განსაზღვროს ლ. ს-ის ბინის ნომერი, მდებარე მისამართზე: ქ. ..., ...ის ქ. #7, ფართობი 51.4 კვ.მ, არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 7 თებერვლის #88 ცნობით ქალაქ ნინოწმინდის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა დაადასტურა თ. ღ-ის სახელზე საჯარო რეესტრში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის (55,82 კვ.მ) მდებარეობა, მისამართზე: ქ. ..., ...ის ქ. #7, ბინა #45. აღნიშნული ცნობისა და 11.01.1993წ. #30 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე კი, ქ. ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე ბინა #45, ფართით 55, 82 კვ.მ, დარეგისტრირდა თ. ღ-ის საკუთრებად. 25.05.2016წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი, აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა შ. ბ-ის საკუთრებად.
ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ლ. ს-მა და მოითხოვა ...ში, ...ის ქ. #7-ში მდებარე #45 ბინაზე (ზონა - ..., სექტორი - ქ. ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში სადავოა 2016 წლის 10 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ს-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ანალოგიური მოთხოვნით და იმავე დოკუმენტაციით სარეგისტრაციო სამსახურში მას უკვე წარდგენილი ჰქონდა #... განცხადება, რომელზეც სამსახურმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შემდგომ - შეწყვეტის შესახებ. ასევე წარდგენილი იყო #... განცხადება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურმა უკვე განიხილა წარდგენილი განცხადების იდენტური განცხადებები და ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში ასევე სადავოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა 10.10.2016წ. გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.03.2016წ. გადაწყვეტილებით შეიცვალა სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 7 თებერვლის #88 ცნობა და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. ღ-ი და ლ. ს-ი პრეტენზიას აცხადებენ ერთსა და იმავე ბინაზე, რომლის მისამართია: ..., ...ის ქ. #7, ბ. #45. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელს, ტექბიუროს ჩანაწერების თანახმად, წარმოადგენს ლ. ს-ი. შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის, არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის - ლ. ს-ისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.07.2019წ. #22944 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.07.2019წ. #22944 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი