Facebook Twitter

#ბს-963(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 30 აგვისტოს ბ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სასარდაფე ფართსა და სარდაფში ჩასასვლელ კიბეზე, მდებარე: თბილისი, ...ას #45 (ს/კ ...), შპს „...ს“ (ყოფილი ...ო ...ი) (ს/კ ...) საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 და 2012 წლებში შპს „...მ“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას #45ა, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რაც დაკმაყოფილებულ იქნა საჯარო რეესტრის მიერ და გაიცა შესაბამისი ამონაწერი. 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განცხადებების კანონიერებასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც რეესტრმა განახორციელა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზემოაღნიშნული განცხადებები სწორად იყო რეგისტრირებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეწყვიტა წარმოება, შესაბამისად, განახლდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებისა და მისი შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.

მოსარჩელის მითითებით, ...ომ წარადგინა მხოლოდ აზომვითი ნახაზები, რომელიც მოიცავს მათ სასარდაფე ფართს, ამასთან, დამატებით მოითხოვა 77,39 კვ.მ სასარდაფე ფართი, რომელიც მდებარეობს სხვა საკადასტრო ერთეულში. ბ. ნ-ი აღნიშნავს, რომ მოცემული ფართი სხვისი საკუთრებაა, რომელთანაც ...ოს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მოსარჩელის მითითებით, იმ დანარჩენ სასარდაფე ფართში, რომელიც დაურეგისტრირდა შპს „...ს“, მას გააჩნია წილი და შესაბამისად, შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“, ზ. გ-ე და ჯ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით ბ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ პირობებში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არ დასტურდება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესის დარღვევა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის მიმართაც დაინტერესებულ მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 28 ივლისის #... და 2012 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც რეესტრმა განცხადებების კანონიერების შესწავლა დაიწყო, იმ მიზნით მოხდა, რომ გაერკვია, რამდენად სწორად იყო რეგისტრირებული შპს „...ს“ ფართები და არა იმ მიზნით, მოიცავდა თუ არა ეს სადავო - 77,39 კვ.მ ფართი ბ. ნ-ის კუთვნილ 45 კვ.მ სარდაფს, ვინაიდან ამ დროს სასამართლოში ისედაც მიმდინარეობდა დავა ბ. ნ-ის სარდაფზე, 45 კვ.მ-ზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან. გარდა ამისა, როდესაც სასამართლომ გამოარკვია, რომ ...ოს ფართი არასწორად ჰქონდა რეგისტრირებული, არ უნდა ეთქვა უარი ბ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მით უმეტეს, სადავო - 77,39 კვ.მ ფართი გასცდა ...ოს საკადასტრო ერთეულს და მოიცვა სხვისი ფართები, რითაც შეილახა სხვა პირთა უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის #... სადავო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის #... და 2012 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილებების, კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციტივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს სწორედ სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესის შესაძლო დარღვევის არსებობა წარმოადგენდა. კერძოდ, ვინაიდან არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ მითითებული გადაწყვეტილებებით შპს „...ზე“ რეგისტრირებული სარდაფის ის ნაწილი, რომელიც გადადიოდა #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, შესაძლებელია მოიცავდა იმ სარდაფს, რომელზეც ამონაწერის გაცემასაც მოითხოვდა ბ. ნ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 1 თებერვლის #... გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის მიზნით. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დადგინდა, რომ სადავო გადაწყვეტილებებით შპს „...ზე“ აღრიცხული უძრავი ნივთი წარმოადგენდა ბ. ნ-ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთს, რომელზეც გაიცა ამონაწერი.

საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ბ. ნ-ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის შესაძლო დარღვევის არსებობა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დადასტურდა. ამასთან, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე ვერ დგინდება ის გარემოება, რომ 2010 წლის 28 ივლისის #... და 2012 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილებებით შპს „...ზე“ რეგისტრირებული სარდაფის ის ნაწილი, რომელიც გადადიოდა #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, ბ. ნ-ის საკუთრებაში არსებულ სარდაფს მოიცავდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის მიმართაც დაინტერესებულ მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესის დარღვევა არ დასტურდება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 28 ივლისის #... და 2012 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე რ. ც-ეს 09.08.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. ნ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. ბ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ც-ის მიერ საკასაციო საჩივარზე 09.08.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი