#ბს-668(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 5 ოქტომბერს თ. მ-მა (ქ. ქ-ის უფლებამონაცვლე) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის თ. მ-ის სასარგებლოდ 116 893 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ქ. ქ-სა და ს. მ-ას შორის 2008 წლის 8 მაისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ი #4, ქ. ქ-ის კუთვნილი ნაწილი 25/64. ქ. ქ-ის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ს. მ-ამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. ქ-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ. ქ-ს დაეკისრა 10 000 აშშ დოლარი - ძირი თანხა, 9 000 აშშ დოლარი - პროცენტი და 2 460 აშშ დოლარი - სარგებელი. გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება, შედგა ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი და დაყადაღდა ქ. ქ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რომელიც აღმასრულებლის აღწერა-დაყადაღების აქტის მიხედვით, წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, ფართით - 61 კვ.მ. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებლისთვის ცნობილი იყო, რომ ქ-ის ქონება, მდებარე: ...ის ქუჩა, ...ი #4, შეადგენდა მთლიანი ქონების 25/64 წილიდან ნაწილს და ის ბევრად აღემატებოდა შეფასებული ქონების ფართსაც და ღირებულებასაც, აღმასრულებელმა განახორციელა ქ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქონების 61 კვ.მ-ის აუქციონის წესით რეალიზაცია, განკარგულება კი გასცა არა 61 კვ.მ ფართზე, არამედ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ. ქ-ის მთლიან 25-64 ნაწილზე - 170,7 კვ.მ ფართზე, რის გამოც მოსარჩელის მითითებით, მას მიადგა ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია აღმასრულებლის ვალდებულება, რომ მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. შესაბამისად, აღმასრულებლის უშუალო და ძირითად მოვალეობას წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალური, დროული და ეფექტური აღსრულება. ამასთან, აღმასრულებელი შეზღუდულია სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნის ფარგლებითა და მოცულობით.
პალატამ მიუთითა საქმეში წარდგენილ 2012 წლის 2 მაისის ამონაწერზე, რომლის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა, ... #4-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) 25/64 ნაწილის მესაკუთრეა ქ. ქ-ი, ხოლო 39/64 ნაწილის მესაკუთრე - გ. ქ-ი. დაზუსტებული ფართობი შეადგენს 437 კვ.მ-ს, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 63,60 კვ.მ-ს, ხოლო საცხოვრებელი - 64,20 კვ.მ-ს. უძრავი ნივთის სწორედ მითითებული მახასიათებლებია აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურის შემფასებლის 2013 წლის 24 მაისის #01/07-0731 დასკვნის მიხედვით, ობიექტი მდებარეობს თბილისში, ...ის ქუჩა, ... #4-ში, მფლობელი: ქ. ქ-ი (25/64 ნაწილი). დასკვნის შესაბამისად, შეფასების ობიექტი მდებარეობს თბილისში, ...ის ქუჩა, ... #4-ში. იგი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე ფართით 61 კვ.მ-ს, აღნიშნული ფართი შეადგენს 25/64 ნაწილს. ფართი შედგება ჰოლის, მისაღების, საძინებლის, ერთი ოთახის, სამზარეულოს და სველი წერტილებისაგან. ობიექტი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 65 000 ლარი (40 000 აშშ დოლარი). აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის #A13013649-015/001 განკარგულებით კი, მოვალის ქ. ქ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა, ...ი #4, 25/64 ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) შემძენი 2013 წლის 3 ივნისის გამართულ (ონლაინ) აუქციონზე გახდა ს. მ-ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 42 200 ლარად.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელი პირობა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობაა. ქმედების მართლსაწინააღმდეგობა კი შესაბამისი წესით უნდა იყოს დადასტურებული, რაც გამოიხატება პირის მიერ კანონის მოთხოვნებისა და მიზნების უგულებელყოფაში. ამასთან, სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დადგენილია აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრების უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფს კრედიტორისა და მოვალის უფლებების დაცვას აღმასრულებლის უკანონო ქმედებისგან. მხარეს, რომელიც არ ეთანხმება აღმასრულებლის ქმედებას და მიაჩნია, რომ შედეგად მისი ინტერესები შეილახა, შეუძლია, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სადავოდ გახადოს აღმასრულებლის ქმედება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ქ. ქ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ... #4-ში მდებარე ქონების 25/64 ნაწილი. თბილისში, ...ის ქუჩა, ... #4-ში მდებარე ფართი (მიწის ნაკვეთი) შეადგენს 437 კვ.მ-ს, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი საერთო ფართით შეადგენს 64.20 კვ.მ-ს (საცხოვრებელი), ხოლო არასაცხოვრებელი 63,60 კვ.მ-ს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი, ასევე არ გამოიკვლია აღმასრულებლის ქმედება იყო თუ არა მართლსაწინააღმდეგო.
კასატორი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა გ. ქ-ი, რომლის სარჩელიც არ დაკმაყოფილდა. კასატორის მითითებით, აღნიშნულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იყო ქ. ქ-ი, რომელსაც თავისი პრეტენზია დაფიქსირებული ჰქონდა და ეთანხმებოდა გ. ქ-ს იმაში, რომ ფაქტობრივად გ. ქ-ის მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთი ისე გადაეცა ს. მ-ას, რომ მისი არც შეფასება და არც აუქციონზე რეალიზაცია არ მომხდარა. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადო მოსარჩელეს - გ. ქ-ს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამ ყველაფერმა კი შეზღუდა ქ. ქ-ის უფლება - პირადად ედავა ქონების, როგორც შეფასების, ისე მისი რეალიზაციის კანონიერებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის გადაწვეტილებით (საქმე #2/12543-10) ქ. ქ-ს ს. მ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი 9 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 460 აშშ დოლარი. ამასთან, განისაზღვრა, რომ დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო ქ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ი #4 (ს/კ #...). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 28 ნოემბერს გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება მოვალე ქ. ქ-ის მიმართ.
მოსარჩელე ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რაც, მისი განმარტებით, მიადგა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კანონდარღვევით შესრულებით. კერძოდ, აღმასრულებლის მიერ შეფასებული ქონება გაცილებით ნაკლებია იმ ქონებაზე, რომელიც განკარგულებით ქონების აუქციონზე შემძენს გადაეცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს ქონების იმ ნაწილის საფასურის ანაზღაურებას, რომელიც არ შეფასებულა აღმასრულებლის მიერ, თუმცა მასზე საკუთრება გადაეცა ქონების აუქციონზე შემძენს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. მითითებული კანონის 47.1 მუხლის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
მითითებული კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის 183-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელი პირობა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობაა. ქმედების მართლსაწინააღმდეგობა კი, შესაბამისი წესით უნდა იყოს დადასტურებული, რაც გამოიხატება პირის მიერ კანონის მოთხოვნებისა და მიზნების უგულებელყოფაში. განსახილველ შემთხვევაში კი, აღმასრულებლის ქმედებები კანონით დადგენილი წესით არ არის უკანონოდ ცნობილი, გასულია მათი გასაჩივრების ვადა და მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება აღმასრულებლის ქმედებები, რომლებმაც შესასრულებლად სავალდებულო ძალა შეიძინა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ქ-ის სარჩელი (მოთხოვნა: ცვლილება შევიდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის #A13013649-015/001 განკარგულების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ქ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ი #4) #25/64-დი ნაწილი (საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე ფართით 61 კვ.მ განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ფართის გარეშე) მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...)) შემძენი 2013 წლის 3 ივნისს გამართულ ონლაინ აუქციონზე გახდა ს. მ-ი (პ/ნ ...)), არ ზღუდავდა ქ. ქ-ის უფლებას ედავა ქონების, როგორც შეფასების, ისე მისი რეალიზაციის კანონიერებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი