Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-154(კ-20) 20 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

19.03.2018წ. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს რ. ც-ემ, ლ. ჯ-მა, ი. ც-ემ, ნ. კ-ემ, მ. ხ-ემ, ხ. ც-ემ, რ. კ-ემ, დ. ბ-ემ, ჯ. ქ-ამ, ნ. ს-ემ, ნ. ჩ-ემ, ნ. ტ-მა, ხ. ჩ-ემ, მ. მ-მა, ნ. ლ-ემ, ც. ბ-ემ, ჯ. ც-ამ, მ. ნ-ემ, თ. ქ-ემ, ნ. კვ-ემ, დ. ჭ-ემ, რ. ბ-ემ, თ. კ-ემ, ი. ჩ-მა და ზ. ხ-მა, მოპასუხეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2016წ. N17 განკარგულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის (ს/კ ...) საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის ნაწილში; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.08.2017წ. N48 განკარგულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის (ს/კ ...) საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის ნაწილში; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 10.11.2017წ. გამართული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის (ს/კ ...) გასხვისების ნაწილში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 10.11.2017წ. N... ოქმი); ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ლ. მ-ეს შორის 20.11.2017წ. გაფორმებული N... ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 22.11.2017წ. გაცემული N... საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ...ის ...ზე არსებულ რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის მიერ 10.11.2017წ. გამართულ აუქციონზე კანონის დარღვევით გასხვისდა სოფელი ...ის მოსახლეობის საზოგადოებრივ სარგებლობაში (საჯარო სივრცეში) არსებული ... კვ.მ ფართის უძრავი ქონება (ს/კ ...). იგივე ნაკვეთი (დაუზუსტებელი ფართით - 2 ჰა) სოფელი ...ის გამგეობის 04.01.2004წ. საოქმო გადაწყვეტილებით სარგებლობაში გადაეცათ ...ის ...ის ...ს, სარეკრეაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით. სოფლის მოსახლეობა იყენებდა აღნიშნულ ნაკვეთს და ზრუნავდა მასზე. 16.02.2016წ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის UTM სისტემაში დარეგისტრირდა (სარეგისტრაციო განაცხადი N...) და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: ... (დაზუსტებული ფართი - ... კვ.მ.). მოსარჩელეთა განმარტებით, ისე, რომ მათთვის არ იყო ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2016წ. N17 და 02.08.2017წ. N49 განკარგულებებით უძრავი ქონება შეტანილ იქნა საპრივატიზებო ქონების ნუსხაში. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა ქონება 10.11.2017წ. გაასხვისა აუქციონის წესით. აუქციონზე ქონების საწყისი ფასი იყო ... ლარი, ანუ 1 კვ.მ-ის ღირებულება - 50 თეთრი, მაშინ, როდესაც ნაკვეთი მდებარეობს ზღვის დონიდან 200-300 მეტრის მოშორებით, სადაც 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება საშუალოდ 120 ლარია. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული ქონება საჯარო სარგებლობის სივრცეა და მისი განკარგვა დაუშვებელი იყო, თუმცა, თუ მუნიციპალიტეტი მაინც გადაწყვეტდა ქონების გასხვისებას, მას უნდა ჩაეტარებინა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც მოსარჩელეებს საშუალებას მისცემდა, განეხორციელებინათ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები: გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები გასასხვისებელ ქონებასთან მიმართებაში, მონაწილეობა მიეღოთ აუქციონში. ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებით უგულებელყოფილ იქნა არა მარტო თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის ძირითადი პრინციპები, არამედ ზოგადად, თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები: კანონიერება და საჯაროობა.

მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი 10.11.2017წ. გამართული საჯარო აუქციონის შედეგების (საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 10.11.2017წ. N... ოქმის), 20.11.2017წ. N... ხელშეკრულების და 22.11.2017წ. გაცემული N... საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნების ნაწილში.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 03.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2016წ. N17 განკარგულება, უძრავი ნივთის (ს/კ ...) საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.08.2017წ. განკარგულება N48, უძრავი ნივთის (ს/კ ...) საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 10.11.2017წ. გამართული აუქციონის შედეგები, უძრავი ნივთის (ს/კ ...) გასხვისების ნაწილში - 10.11.2017წ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N...; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ლ. მ-ეს შორის 20.11.2017წ. გაფორმებული ხელშეკრულება N...; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 22.11.2017წ. გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა N....

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 03.10.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა, ლ. მ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 03.10.2018წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ოზურგეთის რაიონის ...ის თემის გამგეობის მიერ დამოწმებული 04.01.2004წ. ამონაწერის (N1 ოქმი) მიხედვით, სხდომაზე მოისმინეს ...ის ...ის ...ის და ...ის ...ი ...ის ...ის ინფორმაცია, ...სათვის ...ა ნაკვეთების გაფორმებასთან დაკავშირებით. გამგეობამ დაადგინა, რომ ...ა ტერიტორიაზე ...ის ...ას უნდა გაუფორმდეს 2 ჰა, ხოლო ...ის ...ას - 0,5 ჰა.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 25.06.2018წ. N48/86562 წერილით ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს გაეგზავნა ...ა ტერიტორიაზე ...ის ...ისა და ...ის ...ისათვის მიწის ნაკვეთების გაფორმებასთან დაკავშირებული 04.01.2004წ. N1 ოქმი. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ოზურგეთის რაიონული გამგეობის გადაწყვეტილება 2003-2004 წლების გამგეობის სხდომის ოქმებში არ მოიძებნა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 02.02.2016წ. N29 დასკვნის მიხედვით, კომისიამ 02.02.2016წ. განიხილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ და შესაძლებლად მიიჩნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ზემოხსენებული პროექტის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.02.2016წ. N... წერილით დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ოზურგეთის რაიონის სოფელი ...ის კოლმეურნეობის 1978 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა სახნავის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, ხოლო ნაწილი-ქარსაფარს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 16.02.2016წ. N349 ბრძანებით დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54.1 მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 107-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 111-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ის (...ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ... კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.02.2016წ. გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 16.02.2016წ. N349 ბრძანების საფუძველზე, სსიპ თვითმმართველი თემის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 02.03.2016წ. N17 განკარგულებით, დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. განკარგულების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24.1 მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტი და 61.2 მუხლი, ასევე „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 08.12.2014წ. N669 დადგენილების მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების 5.1 მუხლი. განკარგულების დანართში მითითებულია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზების მიზნით, მიზანშეწონილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანილი უძრავი ქონების პრივატიზება აუქციონის წესით. ობიექტების ნუსხაში მითითებულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - ...).

საქმეში არსებული, ინდივიდუალური აუდიტორის დ. რ-ის მიერ 18.03.2016წ. შედგენილი N012/3-33 დ.რ. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ინდივიდუალურმა აუდიტორმა დ. რ-ემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული 29.02.2016წ. N47 ხელშეკრულების საფუძველზე, მოახდინა მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების (ს/კ ...) დათვალიერება-შემოწმება, მისი იმჟამინდელი რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შესაფასებელი მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება-შემოწმებისა და მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ შესაფასებელი იყო ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ... კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელიც არასწორი რელიეფისაა, არ აქვს მისასვლელი სამანქანო გზა და გაუმჯობესების გარეშეა. ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით. ამავე დასკვნის მიხედვით, ჩატარებული მოკვლევებისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) 1.0 კვ.მ-ის ღირებულება განისაზღვრება 0,50 (0 ლარი და 50 თეთრი) ლარით, შესაბამისად, მთლიანი ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრება ... (...x0,5) ლარით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომისიის 28.07.2017წ. N169 დასკვნის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომისიამ 28.07.2017წ. სხდომაზე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ და შესაძლებლად მიიჩნია მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი პროექტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა-დამტკიცება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 02.08.2017წ. N49 განკარგულებით დანართის შესაბამისად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარი ქონების საპრივატიზაციო ნუსხა. განკარგულების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24.1 მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტი და 61.2 მუხლი, ასევე „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 08.12.2014წ. N669 დადგენილების მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების 5.1 მუხლი.

აღნიშნული განკარგულების დანართში, პრივატიზებას დაქვემდებარებულ ქონებათა ნუსხაში შეტანილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - ...).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გამცემი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 10.11.2017წ. N18 სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომის დღის წესრიგის N2 საკითხად განსაზღვრული იყო პრივატიზების მიზნით უპირობო აუქციონების ჩატარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). ოქმში მითითებულია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზების მიზნით, აღნიშნული უძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზებისათვის გამოცხადებული იყო უპირობო საჯარო აუქციონი. „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 08.12.2014წ. N669 დადგენილებით განსაზღვრული წესის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიამ განახორციელა საჯარო აუქციონის ორგანიზება.

მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, აუქციონატორმა მ. გ-ემ კომისიას და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) პრივატიზების მიზნით, ცხადდება საჯარო აუქციონი, რომლის საწყისი გასაყიდი ფასია ... ლარი, ბიჯი შეადგენს ...ლარს. ლოტზე შემოსულია ლ. მ-ის, მ. კ-ის და ზ. ა-ას განცხადებები, თუმცა აუქციონზე გამოცხადებულია მხოლოდ ლ. მ-ე, რომელმაც მისთვის აუქციონში მონაწილეობის მიზნით განკუთვნილი დაფის აწევით დააფიქსირა აუქციონში მონაწილეობა და საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან ვაჭრობის დაწყება. აუქციონატორმა განაცხადა, რომ საწყის საპრივატიზებო საფასურს დაემატა ერთი ბიჯი და საერთო ჯამში გახდა ... ლარი, ამის შემდგომ, სამჯერ გამოცხადდა და ჩაქუჩის დარტყმით დაფიქსირდა გასაყიდი ფასი. შედეგად ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ... ლარად გასხვისდა ლ. მ-ის სახელზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ გამოცემული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 10.11.2017წ. N... ოქმის მიხედვით, ეს ოქმი წარმოადგენს ლ. მ-ის სახელზე გაცემულ დაპირებას. ოქმში მითითებულია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) შემდგომში პრივატიზების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 10.11.2017წ. მოწყობილ საჯარო აუქციონზე შეთავაზებული საფასურის - ... ლარის საფუძველზე, ლ. მ-ე გამოვლინდა გამარჯვებულად და მას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ასევე „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 08.12.2014წ. N669 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად, ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ქონება.

20.11.2017წ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს - ლ. მ-ეს შორის გაფორმდა N... ნასყიდობის ხელშეკრულება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 120.2 მუხლის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 10.11.2017წ. N... ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 10.11.2017წ. ჩატარებულ საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).

22.11.2017წ. N132 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ერთი მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა (წარმოდგენილმა გამგებლის ...ის ...ის - ა. ყ-ის სახით) და მეორე მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ლ. მ-ემ დაადასტურეს, რომ ლ. მ-ემ მიიღო 20.11.2017წ. N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...), შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.

22.11.2017წ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ლ. მ-ეზე გასცა N... საკუთრების მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკუთრებაში გადაცემას (საფუძველი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 10.11.2017წ. N... ოქმი (დაპირება), 20.11.2017წ. N... ნასყიდობის ხელშეკრულება, 22.11.2017წ. N132 მიღება-ჩაბარების აქტი).

ზემოაღნიშნული 22.11.2017წ. N... საკუთრების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2017წ. გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ლ. მ-ის საკუთრების უფლება.

საქმეში არსებული, 05.03.2018წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით და ამავე თარიღის საკადასტრო გეგმებით დასტურდება, რომ 01.03.2018წ. N... სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დაყოფილია ორ საკადასტრო ერთეულად: 1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით: ... კვ.მ (ს/კ ...) და 2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით: ... კვ.მ (ს/კ ...).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.04.2018წ. N002418918 დასკვნის მიხედვით: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საბაზრო ღირებულება 17.08.2017წ. მდგომარეობით შეადგენდა ... ლარს; 10.11.2017წ. მდგომარეობით - ... ლარს; 22.11.2017წ. მდგომარეობით - ... ლარს.

ამავე დასკვნის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე 16 850 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საბაზრო ღირებულება 05.03.2018წ. მდგომარეობით შეადგენდა ... ლარს, ხოლო ... კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საბაზრო ღირებულება 05.03.2018წ. მდგომარეობით შეადგენდა ... ლარს.

დამოუკიდებელი შემფასებლის - შპს ...-ის" მიერ შედგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე უძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მიხედვით, 13.04.2018წ. მდგომარეობით, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ... კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი - ...), საბაზრო ღირებულებად, ამ დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განისაზღვრა ... ლარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) 04.07.2018წ. NSSG51800101269 წერილში მითითებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება N089220318002 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338.1, 370.1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებად წერილის ავტორი მიუთითებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ე) მდებარე ... კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) 10.11.2017წ. გასხვისებას აუქციონის წესით. გამოძიებით დადგინდა, რომ 18.03.2016წ., ასევე 17.08.2017წ., დამოუკიდებელმა აუდიტორმა დ. რ-ემ კანონის დარღვევით დაადგინა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, კერძოდ, გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი დ. რ-ე საერთოდ არ ყოფილა შესაფასებელ ობიექტზე, არ გამოუყენებია მიწის ნაკვეთის შეფასების არც ერთი კრიტერიუმი და ფასის განსაზღვრისას დაეყრდნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების მართვის განყოფილების ...ის - მ. გ-ის მიერ მიწოდებულ არარეალურად დაბალ ფასს (კვ.მ – 0,50 ლარი). საქმეზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 17.08.2017წ. მდგომარეობით შეადგენდა ... ლარს (1 კვ.მ – 43 ლარი). ამასთან, მ. გ-ე, რომელმაც ფაქტობრივად მოახდინა მიწის ღირებულების განსაზღვრა, თავად იყო აუქციონატორი, რაც აუქციონის პროცედურის უკანონოდ ჩატარებაზე მიუთითებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოითხოვა შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღება, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეთა უფლების დამდგენი დოკუმენტის ნამდვილობა არ ფასდება. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზების მართლზომიერების შემოწმება, თუმცა სარჩელის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მიეთითებინა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით თვითმმართველობა განმარტებულია, როგორც მოქალაქეთა უფლება - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. თვითმმართველობა, უპირველეს ყოვლისა, არის მოქალაქეთა თვითორგანიზების ფორმა და მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე იგი ვერ განხორციელდება. პალატამ მიიჩნია, რომ თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება წარმოადგენს ისეთი სახის ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს, რომლის მიზანშეწონილობასა თუ კანონიერებაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება (მათ შორის, სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) წარმოადგენს ამ თვითმმართველი ერთეულის მოქალაქეთა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებულ უფლებას. პალატამ აღნიშნა, რომ საპროცესო წინამძღვრების შემოწმებას სასამართლო ახდენს მხარეთა მიერ ამ საკითხის დასმის მიუხედავად, საპროცესო წინამძღვრები საჯარო ინტერესების გამომხატველია, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად. სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზანია პირის პროცესუალური უფლებაუნარიანობის გარკვევა. მოსარჩელის ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს. განსახილველ საქმეზე, თუ გაუქმდება სადავო აქტების მეშვეობით ნივთზე მოპოვებული საკუთრების უფლება, სადავო უძრავი ნივთი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობას, ანუ აღდგება ის მდგომარეობა, რომელიც იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. უძრავი ქონების სხვა პირისათვის საკუთრებაში გადაცემა უკავშირდება შემდგომში ახალი მესაკუთრის მოთხოვნით ფართით მოსარჩელეთა სარგებლობის შეწყვეტას. გარდა ზემოთ აღნიშნული კონსტიტუციური უფლების რეალიზებისა, თავიანთ იურიდიულ ინტერესს მოსარჩელეები იმით ადასტურებენ, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდნენ სადავო ქონებით. დავის საგანს შეადგენს არა მოსარჩელეების მიერ სადავო ფართით სარგებლობა ან/და მოსარჩელეების სახელზე ქონების პრივატიზება, არამედ ლ. მ-ის სახელზე ქონების პრივატიზების აქტების კანონიერება. ამდენად, ის გარემოება, რომ შესაძლოა, სადავო იყოს უძრავი ქონების სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კანონიერება, თავისთავად არ გამორიცხავს მოცემული დავის საგნის მიმართ მოსარჩელეების ინტერესის არსებობას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ შესაძლოა, მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სადავო უძრავ ქონებაზე უფლება, არ ქმნის სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებს საფუძვლად უდევთ არა ქონებაზე უფლება, არამედ ინტერესი. კანონმდებლობა ითვალისწინებს არა მხოლოდ უფლების, არამედ პირის ისეთი ინტერესის დაცვის შესაძლებლობას, რომლიც არ არის უზრუნველყოფილი უფლებით. უფლება და კანონიერი ინტერესი სამართლებრივი რეგულირების სხვადასხვა საშუალებაა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა Nბს-383-377 (კს-15) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ შემდეგ განმარტებაზე: „..ზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას, მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია, უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას, სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა, ინტერესის არსებობის ვარაუდი საკმარისია სარჩელის დასაშვებობის გადასაწყვეტად. მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი. ინტერესის არსებობა პირდაპირ არ უკავშირდება მოთხოვნის კანონიერების საკითხს. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ დავა უნდა იყოს სამართლებრივი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების ბოროტად გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად ან მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, ეს მხარის ზნეობრივი ვალდებულებაცაა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს სასამართლო უფლების ბოროტად გამოყენებას. სარჩელი განსახილველად დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისას საგანს წარმოადგენს სამართლებრივი დავა. დავა სამართლებრივია, უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. რაც შეეხება ასეთი უფლების არსებობის, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხს, სასამართლოს მიერ იგი წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას”.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოსარჩელეთა არასათანადო მოსარჩელეებად ცნობასთან მიმართებით და მიუთითა, რომ სახეზეა მოსარჩელეთა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის კანონიერი ინტერესი თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისების შესახებ დავაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, პალატა არ მსჯელობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და ლ. მ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებაზე, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული იმ სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება, რომელიც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნული საფუძვლების ბათილად ცნობა კი, იწვევს მათ საფუძველზე განხორციელებული მოქმედების/ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც.

სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. მოცემული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის კანონიერების შემოწმების მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს ამ საქმიანობის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

პალატამ მიუთითა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 109.2 მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. ამავე კოდექსის 110.3 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება განიკარგა შეუსაბამოდ დაბალ ფასად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტმა და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებმაც.

პალატის მოსაზრებით, მართალია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (ზაკ-ის 5.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნების, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფით. თვითმმართველი ერთეულის ქონება განიკარგა რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად, რის გამოც, მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და აღნიშნულით აღიარა სადავო აქტების უკანონობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი და პირობები, რომელთა დაცვა სავალდებულო იყო წინამდებარე საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადებისას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ (ზაკის მუხლი 116.1). ცნობაში მითითებულ უნდა იქნეს: ა) ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისი მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც - ამ ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა; დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა (ზაკ-ის 116.2 მუხლი). საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში; გ) იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისათვის წარდგენილი (ზაკ-ის 117.1 მუხლი). ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ დოკუმენტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენა შეიძლება მოხდეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოში, ამ უკანასკნელის თანხმობით (ზაკ-ის 117.2 მუხლი). ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან (ზაკ-ის 118.1 მუხლი). ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს (ზაკ-ის 118.4 მუხლი). თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი (ზაკ-ის 119-ე მუხლი). საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე–112-ე მუხლების დებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში (ზაკ-ის 120.1 მუხლი). თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გადადების შესაძლებლობა, ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ აცხადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გადადების შესახებ (ზაკის 120.2 მუხლი). საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს (ზაკ-ის 121-ე მუხლი).

პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით სადავო აქტების გამოცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ამ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველია, კერძოდ, 601.1 და 601.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

პალატის განმარტებით, რაც შეეხება ლ. მ-ის კანონიერი ნდობის საკითხს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იცავს ისეთი პირის ინტერესებსაც, რომელსაც უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ ამ პირმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (ზაკ-ის 601 მუხლის მე-5 ნაწილი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა, ლ. მ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ მისცა შეფასება იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო, სადავო აქტების ბათილად ცნობისას დაეყრდნო მხოლოდ 04.01.2004წ. საოქმო გადაწყვეტილებას, რომელიც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ არის გამოცემული. სასამართლომ არ გაითვალისწინა კეთილსინდისიერ შემძენთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და მიღებული განჩინებით გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მესამე პირს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სასამართლოში, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა სასამართლოს მხრიდან საკითხის სათანადოდ გამოკვლევის ვალდებულებას.

კასატორის მოსაზრებით, სარჩელის ავტორები არ არიან სათანადო მოსარჩელეები, დასაბუთებული არ არის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ხელყოფს მათ ინტერესებს. აქცენტი გაკეთდა ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე, ოზურგეთის თვითმმართველობის ბიუჯეტის შევსებაზე და არა 2004 წლის საეჭვო წარმომავლობის ოქმზე. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ არ შეაფასა მოსარჩელეთა დაცვის ღირსი სამართლებრივი ინტერესი. სასამართლომ არ მისცა შეფასება იმ გარემოებას, რომ უკვე სახეზეა კეთილსინდისიერი შემძენი და თუ მოსარჩელეთა ინტერესები მაინც დარღვეულად ჩაითვლებოდა, მათ მოპასუხესთან უნდა ედავათ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და არა მესამე პირის საკუთრებაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შესაგებელში დაყენებულ შუამდგომლობაზე, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეზე არ დადგებოდა შედეგი (გამოძიება მიმდინარეობს 3 წელიწადზე მეტია და ჯერ პასუხისგებაში არც ერთი პირი არ მიუციათ). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ლ. მ-ეს, როგორც სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, გააჩნია კანონიერი ნდობა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია საჯარო აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისა და ქონების პრივატიზების ნუსხაში შეტანის პროცედურები. აღნიშნული პროცედურები განხორციელდა კანონის სრული დაცვით და შედეგად, ლ. მ-ემ შეიძინა უძრავი ნივთი. გაურკვეველია მოსარჩელეთა მითითება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ აუქციონთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. სააუქციონო პროცედურები წარიმართა გადაცდომების გარეშე, აუქციონის წესით ქონების შემძენისათვის არ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული გარემოება ვინმეს ინტერესებს ლახავდა, შესაბამისად, უსაფუძვლო სარჩელის დაკმაყოფილებით ქონების შემძენს არ უნდა მიადგეს ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები 2004 წლის ოქმს წარადგენდნენ საჯარო რეესტრში და ეს უკანასკნელი უარს ეტყოდა მათ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, საჯარო რეესტრის შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრებით სახეზე იქნებოდა მათი რეალური სამართლებრივი ინტერესი. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ არ იმსჯელა, ლ. მ-ის აუქციონში გამარჯვებით, რა უფლება შეელახათ მოსარჩელეებს, რა შედეგს აღწევდნენ ისინი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით. 01.04.2004წ. ოქმის საფუძველზე რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თუ მისგან, როგორც კეთილსინდისიერი შემძენისაგან რაიმე სახის უკანონობის არსებობა დამტკიცდებოდა, სახელმწიფო ინტერესი არ შეილახებოდა, რამდენადაც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის ფარგლებში, მის კუთვნილ ქონებას ადევს ყადაღა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ კანონიერი ინტერესი განსახილველი დავის მიმართ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 7.4 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით. საქართველოსთან მიმართებაში 2005 წლის 1 აპრილიდან ძალაშია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 15.10.1985წ. ევროპული ქარტია, რომლითაც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა გაითვალისწინეს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში. სახელმწიფოებმა გაითვალისწინეს, რომ სწორედ ადგილობრივ დონეზე შეიძლება ყველაზე ეფექტურად ამ უფლების პირდაპირი რეალიზაცია. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა. აღნიშნული ქარტიის 3.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე კოდექსის 110.3 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტის გამოხატულებას წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულება, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი შეეხება მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (ზაკ-ის 115.2 მუხლი). საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დამახასიათებელია თავისებურებები, რომლებიც განასხვავებს მას მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისაგან. ამ სახის წარმოების შემთხვევაში ივარაუდება, რომ საჯარო წარმოების მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით მეტი მოსაზრებები და მტკიცებულებები უნდა იქნეს წარდგენილი. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წარმოების ჩატარებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა (ზაკ-ის 116-ე მუხლი). ამასთან, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენით და აუცილებლად აქვეყნებს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზაკ-ის 120.1, 121-ე მუხლები).

პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან მიმართებაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრივატიზაცია, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოების პროცესია, რაც გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფას, კერძო საკუთრების სამართლებრივი გარანტიების და მისი დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნას საჭიროებს. უდავოა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იმ თვითმმართველ ერთეულში მცხოვრებ პირებს, რომელშიც საჯარო აუქციონზე პრივატიზების წესით განიკარგა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისად, მათ გააჩნდათ მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ინტერესი. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით არ დასტურდება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაცული იყო მოსახლეობის ჩართულობით მუნიციპალური ქონების განკარგვის პრინციპი. მოსარჩელეებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, შესაბამისი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების წარდგენით, მათი ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილიყო ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ამდენად, მიუხედავად იმისა, მოსარჩელეთა მიერ მითითებული 04.01.2004წ. ოქმის შინაარსით დგინდება თუ არა უშუალოდ მათი უფლების არსებობა სადავო უძრავ ქონებაზე, მუნიციპალური ქონების განკარგვისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის გაუთვალისწინებლობა და განკარგვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განსაკუთრებული წესის დაუცველობა ადასტურებს მოსარჩელეთა ინტერესს განსახილველ დავაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლებია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და საქართველოს მთავრობის 08.12.2014წ. N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 118.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. კოდექსის 24.1 მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (მითითებული კოდექსის 24.1 მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტში 26.07.2017. N1251 ცვლილებამდე, აღნიშნულ უფლებამოსილებას საკრებულო ახორციელებდა მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინების საფუძველზე). ამავე კოდექსის 54.1 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ. მითითებული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომლის საფუძველზეც ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 120.3 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 08.12.2014წ. N669 დადგენილებით დამტკიცებულ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებზე“. აღნიშნული „წესების“ 34.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს საქმეზე წარმოდგენილ, 14.09.2018წ. დამტკიცებულ აუდიტის ანგარიშს, რომელიც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის შემოწმებას. აღნიშნული ანგარიშით დგინდება, რომ მუნიციპალიტეტში ქონების მართვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა სხვადასხვა სახის სისტემური დარღვევა-ნაკლოვანებები. რიგ შემთხვევებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწები გაიყიდა არა თვითმმართველობის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ არაკეთილსინდისიერი გარიგებების საფუძველზე, კონკრეტული პირების საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის მიზნით, 2016-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შესაბამისი ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული აუდიტორ დ. რ-ესთან. აღნიშნული პირის მიერ გაცემული დასკვნების შესწავლისას გამოვლინდა, რომ აუდიტორს ადგილზე არ შეუსწავლია ქონების ფიზიკური მახასიათებლები და იგი ქონების ღირებულების შესაფასებლად იყენებდა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონულ წყაროებს. გაყიდული ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი პროცედურები და მიმართა სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს. წარმომადგენლების წერილობითი განმარტებების მიხედვით, ...ის ...ო ...ში მდებარე მიწის ნაკვეთების ღირებულება მერყეობს 50 ლარიდან 150 ლარამდე. მიწების ფასი დამოკიდებულია კონკრეტული ფართობის მახასიათებლებზე. აუდიტის ჯგუფმა ასევე შეისწავლა უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდებზე განთავსებული კერძო პირების საკუთრებაში არსებული იმ მიწების ღირებულებები, რომლებიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის მიერ გაყიდული მიწების მიმდებარედ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვ.მ მიწის ღირებულება, ძირითადად, 50 აშშ დოლარს აჭარბებს.

ანგარიშში მითითებულია, რომ 2017 წლის ნოემბერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე პრივატიზების მიზნით გაიტანა სოფელ ...ში მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთი, საწყისი საპრივატიზებო ღირებულებით - ... ლარი (1 კვ.მ მიწის ღირებულება - 0.5 ლარი). აუქციონზე ქონება გაიყიდა მხოლოდ ერთი ბიჯის მომატებით - ... ლარად, რომელიც შეიძინა ლ. მ-ემ. გარემოებათა შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ღირებულება, არსებითად აღემატება გამგეობის მიერ განსაზღვრულ შეფასებას, კერძოდ, გამგეობამ თავის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ მიწის ღირებულება შეაფასა 0.5 ლარად, მაშინ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო მფლობელები მიწას ყიდიან 124 ლარად ან 164 ლარად. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხულმა გამგეობის წარმომადგენლებმა წერილობით დაადასტურეს, რომ დაბა ურეკსა და სოფელ ...ში გამგეობის მიერ გაყიდული 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასი მინიმუმ 100 ლარს შეადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით: არ იქნა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახე, რამაც გამორიცხა მოსარჩელეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის პროცესში, ამასთან, არასწორად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა - ... კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება იყო ... ლარი (1 კვ.მ მიწის ღირებულება 0.5 ლარი), მაშინ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ღირებულება, საშუალოდ, 150 ლარს შეადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა მის მიერ გამოცემული აქტების კანონშეუსაბამობა და ცნო სარჩელი 10.11.2017წ. გამართული აუქციონის შედეგების, 20.11.2017წ. გაფორმებული N... ხელშეკრულებისა და 22.11.2017წ. გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილში.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი გამოირიცხება მათი ბათილად ცნობის შესაძლებლობა, ვინაიდან მას, როგორც სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, გააჩნია კანონიერი ნდობა მითითებული აქტების მიმართ.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს გარემოებებს, რომელთა არსებობის პირობებშიც ლ. მ-ემ მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში და გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, კერძოდ, მესამე პირისათვის ცნობილი იყო, რომ იგი მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების პროცესში, რაც გულისხმობს შესაბამისი პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და საჯაროობას, პროცესის მიმართ პირთა ფართო წრის ინტერესისა და მასში მონაწილეობის ვარაუდს. ამ პირობებში, მესამე პირი წარმოადგენდა აუქციონში მონაწილე ერთადერთ (უკონკურენტო) პირს, რომელმაც რეალურზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა სადავო უძრავი ქონება. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ეჭვქვეშ აყენებს კასატორის, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერების საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზაკ-ის 601.3 მუხლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის არსებობა არ გამორიცხავს მისი ბათილად ცნობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ შესაბამისი აქტით არსებითად დარღვეულია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მესამე პირების ინტერესი. ამასთან, „..არსებითია არა ნებისმიერი კანონით დაცული ინტერესი, არამედ კონკრეტული, სადავო საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული ინტერესი და მისი ხელყოფის ინტენსიურობა (სუს 13.12.2018წ. Nბს-1047(კ-18), 07.02.2019წ. Nბს-1380(კ-18) განჩინებები).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განიკარგა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად. მოსარჩელეებს, როგორც სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობის შესაბამის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს, შეეზღუდათ კანონით მინიჭებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის უფლება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საზოგადოებრივი ინტერესების არსებითი დარღვევა, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ პირის კანონიერი ნდობისათვის უპირატესობის მინიჭებას.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. დ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 29.01.2020წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი, №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე