Facebook Twitter
#ბს-489(2კ-19) 28 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კასატორი (მოპასუხე) – შპს „...ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხის დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 24 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (2640 კვ.მ) ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. შპს „ჩ...ო დაწესებულების ...ი“ აღნიშნული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა და მას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა.
მოსარჩელის მითითებით, 2003 წლის 27 აგვისტოს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჩ...ო დაწესებულების ...ს“ 10 წლის ვადით სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...ის #51-ში მდებარე შენობა (2411 კვ.მ) მიმდებარე მიწის ნაკვეთით (4683 კვ.მ). მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 6 თებერვლის #2-22/275 წერილით ...ს გაეგზავნა შეთავაზება ყოველწლიური ქირის, ნაცვლად 32 300 ლარისა, 55 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, მოპასუხეს ეცნობა, რომ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებაზე (ოფერტზე) უარის ან ერთი წლის განმავლობაში თანხმობის (აქცეპტის) განუცხადებლობის შემთხვევაში, ადრე დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტილად ჩაითვლებოდა. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან შეთავაზებაზე ...ის აქცეპტი განხორციელდა დაგვიანებით - 2009 წლის 17 თებერვალს, 2008 წლის 6 თებერვლიდან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ...ის მიერ შესრულებულია ქირის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის - 2008 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #000470117 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, შეადგენდა 17 558 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 18 652 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 24 024 ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 22 319 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (22.12.2016წ. #7/65075 და 24.02.2017წ. #7/9197), რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხისათვის - შპს „...ისათვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის, 1 037 953 ლარის გადახდის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 1 037 953 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ი“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 1996 წლის 15 აგვისტოს, რომლის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი - ..., იურიდიული მისამართი - საქართველო, თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. #51.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (2640 კვ.მ) საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (2640 კვ.მ) არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა შპს „...ი“.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 იანვრის #000470117 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, შეადგენდა 17 558 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 18 652 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 24 024 ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით კი - 22 319 ლარს.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „ა...ის“ მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს გაცემული ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიში, რომლითაც მისი გამცემი ასკვნის, რომ შესაფასებელი ქონების საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლისთვის 122 126 ლარს წელიწადში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10 177 ლარს. 2013 წლისთვის - წელიწადში 123 714 ლარს, ყოველთვიურად - 10 309 ლარს; 2014 წლისთვის - წელიწადში 130 642 ლარს, ყოველთვიურად - 10 887 ლარს; 2015 წლისთვის - წელიწადში 138 611 ლარს, ყოველთვიურად - 11 551 ლარს; 2016 წლისთვის - 138 334 ლარს წელიწადში, ყოველთვიურად - 11 527 ლარს. შეფასების შედეგად საიჯარო ქირა ასევე მოიცავს დღგ-ს თანხას.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის #7/65075 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (2640 კვ.მ) წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა შპს „...ი“ და მას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა. სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შემდგომ შპს „...ს“ ეთხოვა, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის (2016 წლის 10 დეკემბრამდე).
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის #7/9197 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (2640 კვ.მ) წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა შპს „...ი“ და მას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა. შპს „...ს“ კვლავ ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით 17 558 ლარის, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 18 652 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 24 024 ლარის, ხოლო 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით - 22 319 ლარის (253 692 ლარის) ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ, აგრეთვე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ დირექტორის 2016 წლის 2 დეკემბრის განცხადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე შენობა-ნაგებობა გამოთავისუფლებული იყო, რის გამოც იგი ითხოვდა აღნიშნული შენობა-ნაგებობის იმავე წლის 10 დეკემბრამდე ჩაბარებას.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 იანვრის #000470117 ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი გარემოებები და შეფასებები.
სასამართლომ არ უარყო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიში და მისი გამომცემი იურიდიული პირის მიერ გაწეული შრომა ჩატარებულ კვლევასთან მიმართებით, თუმცა იქვე განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა უფრო მეტი ლეგიტიმაციის მქონე იყო. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებაზე“ და აღნიშნა, რომ ბიუროს მოცემული დებულებისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ჰქონდა მომეტებული პასუხისმგებლობა, პირნათლად შეესრულებინა მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულება კი მის მიერ გამოცემულ ექსპერტიზის დასკვნებს მეტ ლეგიტიმაციას აძლევდა. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მასში გადმოცემული შეფასებები, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მოპასუხის მიერ წარდგენილი შეფასების ანგარიშიდან და წარმოადგენდა ამ უკანასკნელის მიერ დაკვეთით შესრულებულ სამუშაოს მის მიერვე დასმული კითხვის ფარგლებში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 131-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცება იმისა, თუ რატომ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს მის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიში, გარდა იმისა, რომ მასში მოთხოვნილ თანხასთან მიმართებით საგრძნობლად ნაკლები თანხა იყო მითითებული. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, თუ რა იქნა დარღვეული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის შედგენისას, რაც მის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებდა და, შესაბამისად, გამორიცხავდა მისი გაზიარების შესაძლებლობას.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სასამართლომ დამატებით მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492 მუხლზე, რომლის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხეზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მხარეთა განმარტებებით დასტურდებოდა, რომ სახეზე იყო შპს „...ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ იყო. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოც, იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე - შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 1 037 953 (მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 1005653 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის მეტი ლეგიტიმაციის საკითხთან მიმართებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ვერ მიუთითებდა ბიუროს მიერ გაცემული კონკრეტული დასკვნის მომზადებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევასა თუ ფაქტობრივ უსწორობებზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საიჯარო ქირის გაანგარიშებისას სწორად იხელმძღვანელა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით. საქმეში წარმოდგენილი შპს „ა...ის“ დასკვნის მიხედვით კი, თანხა დაანგარიშებული იყო 2017 წლის პერიოდზეც. ამდენად, აღნიშნული დასკვნა არ უნდა იყო გაზიარებული მოცემული დავის გადასაწყვეტად.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდში - 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, აპელანტის მიერ განხორციელებული იყო გადახდები, მათ შორის, 2012 წლის 22 ნოემბერს საწარმოს მიერ გადახდილი იყო 8075 ლარი, 2013 წლის 25 თებერვალს - 8075 ლარი, ასევე, 2003 წლის 31 ივლისს კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იყო 16150 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებული იყო შენობის იჯარის საავანსო ღირებულება და რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩათვლილიყო 2013 წლის ბოლო 6 თვის ქირის გადასახადში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტისთვის თანხის დაკისრებისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო მითითებული გადახდები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას უნდა გამოკლებოდა ...ის მიერ 2003 წლის 31 ივლისს, 2012 წლის 22 ნოემბერსა და 2013 წლის 25 თებერვალს გადახდილი 32 300 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 1005653 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდმა შეადგინა დრო - 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით და ამ დროის განმავლობაში მოპასუხეს ეკისრებოდა ქონების სარგებლობისათვის ექსპერტიზის მიერ დადგენილი თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში სწორედ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტიდან გამომდინარე, ხოლო თუკი მხარეს უსაფუძვლოდ ჰქონდა გადახდილი შეწყვეტილი იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ანგარიშზე, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ქირის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა სხვა სამართლებრივი ნორმების საფუძველზე იყო შესაძლებელი.
კასატორის - შპს „...ის“ მითითებით, სააპელაციო პალატამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ რა შინაარსის დასკვნაც არ უნდა წარადგინოს მხარემ სხვა საექსპერტო დაწესებულებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საექსპერტო დაწესებულების მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული, უფრო მეტი ლეგიტიმაციის მქონეა. კასატორი მიუთითებს, რომ ამგვარი დაშვებით უძრავი ქონების საიჯარო ფასის განსაზღვრა მხოლოდ ხელისუფლების ექსკლუზიურ კომპეტენციად უნდა იქნეს განხილული. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განმარტების გაზიარება და ძალაში დატოვება დაამკვიდრებს არასწორ სასამართლო პრაქტიკას და საფრთხეს შეუქმნის დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებათა საქმიანობასა და ავტორიტეტს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული პირდაპირ არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. კასატორი, აგრეთვე, განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხეს არ მისცეს საშუალება, სასამართლოს წინაშე უკეთ დაესაბუთებინა მის მიერ წარდგენილი დასკვნის სისწორე და უპირატესობა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ დასკვნასთან მიმართებით, რამდენადაც 2017 წლის 24 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი სასამართლო სხდომაზე ექსპერტის დაბარებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილისა და 18 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „...ი“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 1996 წლის 15 აგვისტოს, რომლის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი - ..., იურიდიული მისამართი - საქართველო, თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. #51.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (2640 კვ.მ) საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (2640 კვ.მ) არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა შპს „...ი“.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 იანვრის #000470117 ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, შეადგენდა 17 558 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 18 652 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 24 024 ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით კი - 22 319 ლარს.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „ა...ის“ მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს გაცემული ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიში, რომლითაც მისი გამცემი ასკვნის, რომ შესაფასებელი ქონების საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლისთვის წელიწადში 122 126 ლარს, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10 177 ლარს; 2013 წლისთვის - წელიწადში 123 714 ლარს, ყოველთვიურად - 10 309 ლარი; 2014 წლისთვის - წელიწადში 130 642 ლარს, ყოველთვიურად - 10 887 ლარს; 2015 წლისთვის - წელიწადში 138 611 ლარს, ყოველთვიურად - 11 551 ლარს; 2016 წლისთვის - 138 334 ლარს წელიწადში, ყოველთვიურად - 11 527 ლარს. შეფასების შედეგად საიჯარო ქირა ასევე მოიცავს დღგ-ს თანხას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის #7/65075 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (2640 კვ.მ) წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა შპს „...ი“ და მას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა. სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შემდგომ შპს „...ს“ ეთხოვა, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის (2016 წლის 10 დეკემბრამდე).
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის #7/9197 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (2640 კვ.მ) წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა შპს „...ი“ და მას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა. შპს „...ს“ კვლავ ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 17 558 ლარის, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 18 652 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 24 024 ლარის, ხოლო 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით - 22 319 ლარის (253 692 ლარის) ოდენობით.
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ დირექტორის 2016 წლის 2 დეკემბრის განცხადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე შენობა-ნაგებობა გამოთავისუფლებული იყო, რის გამოც იგი ითხოვდა აღნიშნული შენობა-ნაგებობის იმავე წლის 10 დეკემბრამდე ჩაბარებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სამეწარმეო მიზნებისთვის სარგებლობის გამო შპს „...ისთვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ თანხის დაკისრება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მითითებული კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492 მუხლის თანახმად კი, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ხელშეკრულებისა და იჯარის რეგისტრაციის შეწყვეტისა, მოპასუხე 2016 წლის 10 დეკემბრამდე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობას. ამასთან, საქმის განხილვის ეტაპზე სადავოდ არ ქცეულა ის ფაქტი, რომ შპს „...ი“ უძრავ ქონებას სწორედ სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა. ამდენად, სახეზეა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონებით მოსარგებლისთვის - შპს „...ისთვის“ სახელმწიფოს სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძვლები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უძრავი ქონებით არამართლზომიერი ფლობის ფაქტს არ უარყოფს თავად მოპასუხეც. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შპს „...ი“ სადავოდ ხდის მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნის უპირობო გაზიარებას და მის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის უარყოფას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა არ შეესაბამება სადავო პერიოდში არსებულ რეალური საბაზრო ღირებულებით განსაზღვრულ საიჯარო ქირათა ჯამურ ოდენობას.
საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საფასურის ოდენობა განისაზღვრება საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია, ერთი მხრივ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 იანვრის #000470117 ექსპერტიზის დასკვნა, მეორე მხრივ კი, შპს „ა...ის“ მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში. საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი სადავო ქონების საიჯარო ქირას შესაბამისი პერიოდების მიხედვით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად აფასებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭებას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბიუროს დებულებისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ჰქონდა მომეტებული პასუხისმგებლობა, პირნათლად შეესრულებინა მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულება კი მის მიერ გამოცემულ ექსპერტიზის დასკვნებს მეტ ლეგიტიმაციას აძლევდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას არავითარი მტკიცებულება არ იძენს წინასწარ დადგენილ ძალას. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებებს საკუთარი შინაგანი რწმენით აფასებდეს, რომელიც თავის მხრივ, მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის უპირობო გაზიარებამ მისთვის წინასწარ დადგენილი ძალის მინიჭება განაპირობა. დაუშვებელია, საქართველოს მთავრობასთან ანგარიშვალდებულების გამო, ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა სხვა დასკვნებთან შედარებით მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობდეს. საექსპერტო დასკვნა ფასდება გაცემული შინაარსით. ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საექსპერტო საქმიანობა უშუალოდ საქართველოს მთავრობის მხრიდან მონიტორინგს არ ექვემდებარება, არ გულისხმობს იმას, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი სახელმწიფოს მიმართ ანგარიშვალდებულებით არ აღიჭურვება. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის #223 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის #ნ-9 ბრძანებით დამტკიცებული „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) (შემდგომ – აუდიტორული მომსახურების) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ აუდიტორის და აუდიტორული (აუდიტური) ფირმის (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) და აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის (შემდგომ – მონიტორინგი) განხორციელების ადმინისტრირების საფუძვლებს, სამსახურის მიერ რისკის მართვის, პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული დიაგნოსტიკური ანგარიშის (შემდგომ – დიაგნოსტიკური ანგარიში) წარდგენის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (შემდგომ – მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი) მიერ პროცედურების გონივრულად და სამართლიანად წარმართვის, წინასწარი და საბოლოო შედეგების განხილვის, რეკომენდაციის გაცემის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს. მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგს ექვემდებარება: ა) აუდიტორი; ბ) აუდიტორული ფირმა ან/და მისი ყველა გარიგების პარტნიორი, რომელიც აუდიტორულ მომსახურებას უწევდა ან/და უწევს სუბიექტს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; გ) აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და მისი ყველა გარიგების პარტნიორი, რომელიც აუდიტორულ მომსახურებას უწევდა ან/და უწევს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოსა და სხვა პირს, რომელთათვისაც შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ან საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების მოთხოვნა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები განსაზღვრავს აუდიტორული საქმიანობის ზედამხედველობის საკითხებს. ამასთან, ყურადსაღებია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს სახელმწიფოში მიმდინარე აუდიტორული მომსახურების პროცესს, თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით და იგი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. ამდენად, დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებათა თუ ექსპერტთა საქმიანობას სახელმწიფო არ ტოვებს კონტროლს მიღმა. ამგვარი დაწესებულებები ექვემდებარებიან ზედამხედველობას იმ ორგანოს მხრიდან, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული. შესაბამისად, დამოუკიდებელი საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებიც საქართველოს მთავრობის არაპირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან.
საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულების მოტივით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნისათვის მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭება დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობისათვის საფრთხის შემცველია. კერძოდ, ამგვარი განმარტების სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრება ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების სანდოობის ხარისხის შემცირებას, რამდენადაც, ბუნებრივია, საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ორი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, რომელთაგან ერთი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის გაცემული, ხოლო მეორე - დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, ცალსახა უპირატესობა ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას მიენიჭება. ასეთ პირობებში, ბიუროს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, ფაქტობრივად, იქნება წინასწარი ძალის მქონე, რადგანაც იგი დამოუკიდებელ აუდიტორთა მიერ მომზადებულ დასკვნებთან მიმართებით უპირობოდ მაღალი ლეგიტიმაციით ისარგებლებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საექსპერტო დასკვნის მიმართ არსებული სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ეფუძნებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი დასკვნის შინაარსობრივ მხარეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული ორი საექსპერტო დასკვნით განსაზღვრულ საიჯარო ქირათა ჯამური ღირებულებები ერთმანეთთან საკმაოდ დიდ ცდომილებაშია, რაზეც სააპელაციო სასამართლოც ამახვილებს ყურადღებას. საგულისხმოა, რომ საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინაშე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ანგარიშვალდებულების მოტივით ბიუროს მიერ გაცემული დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭებას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებზე, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 6 თებერვლის #2-22/275 წერილით შპს „...ს“ გაეგზავნა შეთავაზება ყოველწლიური ქირის, ნაცვლად 32 300 ლარისა, 55 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით განსაზღვრის თაობაზე. მოპასუხეს ეცნობა, რომ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებაზე (ოფერტზე) უარის ან ერთი წლის განმავლობაში თანხმობის (აქცეპტის) განუცხადებლობის შემთხვევაში, ადრე დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტილად ჩაითვლებოდა. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან შეთავაზებაზე ...ის აქცეპტი განხორციელდა დაგვიანებით - 2009 წლის 17 თებერვალს, 2008 წლის 6 თებერვლიდან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში 55000 აშშ დოლარად (ეკვივალენტით ლარში) შეეთავაზა ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (2640 კვ.მ) თაობაზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმება. ცხადია, განვლილი დროისა და ეროვნული ვალუტის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის ცვალებადობის გათვალისწინებით, შეთავაზებული ფასი სამომავლოდაც განიცდიდა პერიოდულ მატებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და 2640 კვ.მ შენობა-ნაგებობების იჯარის წესით გაცემა. ამდენად, უძრავი ქონების ფართობისა და ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „ა...ის“ მიერ გაცემული შეფასების ანგარიშის შედეგებს, რამდენადაც მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდთან მიმართებით დაფიქსირებული ჯამური საიჯარო ქირის ოდენობა, რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, შეუთავსებლად დაბალია. თავის მხრივ, თანხა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით განისაზღვრა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეესაბამება ქ. თბილისში, ...ის ქ. #51-ში მდებარე 4683 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა (ნაკვ. #...) (ს.კ. #...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (2640 კვ.მ) 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის დროის მონაკვეთში არსებულ რეალურ საბაზრო ღირებულებას.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდში, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, შპს „...ის“ მიერ განხორციელებულია გადახდები, მათ შორის, 2012 წლის 22 ნოემბერს საწარმოს მიერ გადახდილია 8 075 ლარი, 2013 წლის 25 თებერვალს - 8 075 ლარი, ასევე, 2003 წლის 31 ივლისს კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 16 150 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია შენობის იჯარის საავანსო ღირებულება და რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩათვლილიყო 2013 წლის ბოლო 6 თვის ქირის გადასახადში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხისათვის თანხის დაკისრებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მითითებული გადახდები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას უნდა გამოაკლდეს ...ის მიერ 2003 წლის 31 ივლისს, 2012 წლის 22 ნოემბერსა და 2013 წლის 25 თებერვალს გადახდილი 32 300 ლარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნებთან მიმართებით განვითარებული მსჯელობების გაუზიარებლობისა, შედეგობრივად, შპს „...ს“ მართებულად დაეკისრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 1 005 653 ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი