Facebook Twitter
№ბს-243(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსასუხეები) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - ვ. ა-ი, ე. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 15 მაისს ა. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მამამისი - ყ. ბ-ი გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს, რომელსაც გარდაცვალებამდე საკუთრებაში გააჩნდა ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1800.00 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებულ იქნა ... საკადასტრო კოდით. ყ. ბ-ს საკუთრებაში ასევე გააჩნდა უძრავი ქონება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით მიიღო მემკვიდრეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე, რაც დასტურდება შესაბამისი სამკვიდრო მოწმობით; ხოლო საქართველოში მამის დანატოვარ ქონებაზე სამკვიდროს მიღებისას აღმოჩნდა, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში არსებული მამამისის კუთვნილი ქონება ვ. ა-ის მიერ მინდობილობის საფუძველზე გასხვისებული ყოფილა ვინმე ე. კ-ეზე. მოსარჩელის მითითებით, ვ. ა-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი №... მინდობილობა გაცემულია 2017 წლის 19 მაისს, ეს მაშინ, როდესაც მამამისი გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ვ. ა-ი ითხოვდა სადავო ქონების მის სახელზე დარეგისტრირებას, თუმცა იმ მიზეზით, რომ მინდობილობაში თავის თავთან გარიგების დადების შესახებ არ იყო აღნიშნული, საჯარო რეესტრმა შეუჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რა დროსაც ვ. ა-მა მოძებნა ე. კ-ე, რომელზეც გადააფორმა სადავო უძრავი ქონება.
მოსარჩელის მითითებით, მის მიერ იმ ნორტარიუსისგან, რომლის მიერაც ვითომდა გაცემული მინდობილობა საფუძვლად დაედო სადავო ქონების ე. კ-ის სახელზე რეგისტრაციას, გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია. ნოტარიუსის მიერ გაცემული ცნობით კი ირკვევა, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლთმფლობელობის და მიწის ნაკვეთის განკარგვის, გაყიდვის, გაცვლის №... მინდობილობა მოქალაქე ყ. მ. ბ-ის სახელით მოქალაქე ვ. ა-ზე მის მიერ დადასტურებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოსარჩელეს მიეცა წინადადება რეგისტრაციის გაუქმების დოკუმენტის წარსადგენად. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურმა დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების მასალები რეაგირებისთვის გადაუგზავნა პროკურატურას, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა პროკურატურიდან პასუხის მიღებამდე. მოსარჩელე არ დაეთანხმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას და ადმინისტრაციული საჩივრით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, სარეგისტრაციო წარმეობის განახლება და სადავო რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა, რაც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (რომლის თანახმადაც ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ იქნა ე. კ-ის საკუთრების უფლება), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. კ-ე და ვ. ა-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2008 წლის 14 ნოემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №..., რომლის თანახმად, ყ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა 1800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2009 წლის 27 მარტს ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად აღირიცხა ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1800.00 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
2017 წლის 26 ოქტომბერს ვ. ა-მა საჯარო რეესტრს წარუდგინა 2017 წლის 19 მაისს გაცემული მინდობილობა, 2017 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ მინდობილობაში თავის თავთან გარიგების დადების შესახებ არ იყო აღნიშნული.
2017 წლის 2 ოქტომბერს ვ. ა-მა საჯარო რეესტრს დამატებით წარუდგინა 2017 წლის 2 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ე. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2017 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ყ. ბ-ის წარმომადგენელმა ვ. ა-მა, ბორჯომის რაიონის ...ში მდებარე უძრავი ქონება, 1800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მიყიდა ე. კ-ეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება, ... საკადასტრო კოდით, ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა ე. კ-ის საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მინდობილობა №..., რომლითაც ვ. ა-მა გაასხვისა ყ. ბ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება ... საკადასტრო კოდით, გაცემა დათარიღებულია ორიათასს ჩვიდმეტი წლის 19. მინდობილობა ნათარგმნია, მთარგმნელის ხელმოწერა დამოწმებულია ნოტარიუს მ. ქ-ას მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს.
რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის, ქალაქი ...ის ნოტარიუსის ზ. ა-ას მიერ, 2017 წლის 2 ნოემბერს, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე სახლმფლობელობის და მიწის ნაკვეთის განკარგვის, გაყიდვის, გაცვლის მინდობილობა №... გაცემული 2017 წლის 12 მაისს მოქალაქე ყ. მ. ბ-ის სახელით ვ. ა-ზე მის მიერ დადასტურებული არ არის.
გარდაცვალების მოწმობაში მითითებულია, რომ ყ. ბ-ი გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს.
კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ორიათას ჩვიდმეტი წლის 16 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთის, ქალაქ ...ის ნოტარიუსის მიერ 2/3 წილზე ყ. ბ-ის მემკვიდრეობა მიღებული აქვს მის ვაჟიშვილს ა. ბ-ს. სამკვიდრო შედგება: მიწის ნაკვეთისგან, ფართობით 1815 (ერთი ათას რვაას თხუთმეტი) კვ.მ. საკადასტრო ნომრით №..., რომელიც მდებარეობს მისამართზე: რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ...ის რაიონი, ს. მ-ი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი 4 (ოთხი), პირადი დამხმარე მეურნეობის წარმოებისთვის წარმოდგენილი დასახლებული პუნქტების მიწებზე, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის მამკვიდრებელს, უფლება წარმოიშობა მიწის ნაკვეთზე მოქალაქის უფლების არსებობის შესახებ სამეურნეო წიგნის 2009 წლის 22 მაისის №... ამონაწერის საფუძველზე, გაცემული რჩო-ალანიას ...ის რაიონის ...ის მ-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის მიერ, საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა და მასთან დაკავშირებულ გარიგებათა ერთიან სახელმწიფო რეესტრში 2010 წლის 11 მარტს №....
2018 წლის 30 იანვარს ა. ბ-მა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება 2017 წლის 5 ოქტომბრის „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 2 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან რეგისტრაციის გაუქმების საკითხებს არეგულირებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: 1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელლი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადს; ე) არსებობს საქართველოს კანომდებლობით გაათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაცუიამდე არსებული რეგისტრაციის აღდგნას. 3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასმართლოს კანონიერ ძალაში შესული ქატი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ)არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები და მოთხოვნილი იქნა რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2018 წლის 5 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა. ბ-ის წარმომადგენელმა და ითხოვა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე: საკადასტრო კოდით: ....
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადაგზავილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... სარეგისტრაციო განცხადება და მასზედ დართული დოკუმენტაცია, მიმართვა №....
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა მთავარი პროკურატურიდან წერილზე №... პასუხის მიღებამდე უვადოდ.
ა. ბ-ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მიერ ვ. ა-ის მიერ წარდგენილი ყ. ბ-ის წარმომადგენლობის უფლების დამდგენი დოკუმენტის - მინდობილობის კანონიერების გადაუმოწმებლობით დაირღვა მოსარჩელის ა. ბ-ის კანონიერი უფლება მიიღოს მემკვიდრეობით მიღებული ქონება და შესაბამისად მისი განმარტებით საჯარო რეესტრი ვალდებულია კიდეც თავისი დაშვებული შეცდომა გამოასწოროს ყველა კანონით დასაშვები საშუალებით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან ასეთი ქმედების განხორციელების უფლებაც და ვალდებულებაც, საჯარო რეესტრს მინიჭებული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მან მოითხოვა: დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება 2017 წლის 5 ოქტომბრის „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბრის „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ბათილად ყოფილიყო ცნობილი.
2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა მთავარი პროკურატურის №... წერილზე პასუხის მიღებამდე. იმავდროულად, საჯარო რეესტრის თანამშრომელმა სატელეფონო საუბრით განუმარტა მას, რომ (ვებ.გვერდზე გადაწყვეტილების და წერილის ტექსტის ნახვა შეუძლებელია) მინდობილობის გაყალბების ფაქტის გამოძიების კუთხით წერილით მიემართა მთავარი პროკურატურისთვის და იქიდან იფორმაციის მიღებამდე შეჩერებული იქნებოდა მის მიერ მოთხოვნილი საკითხის განხილვა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თავად მთავარ პროკურატურაში მასალების გადაგზავნა კანონიერია, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება პროკურატურიდან პასუხის მიღებამდე არის დაუსაბუთებელი. მისი საჯარო რეესტრთან პრეტენზიები ეხება ამ უკანასკნელის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობას, კერძოდ, სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს საჯარო რეესტრს ვალდებულება ჰქონდა გადაემოწმებინა მინდობილობის ნამდვილობა, რაც არ შეასრულა. ასეთი მოვალეობის შესრულების შემთხვევაში კი ბუნებრივია არ განხორციელდებოდა სადავო რეგისტრაცია, ვინაიდან აღმოჩნდებოდა, რომ მინდობილობა რომლის საფუძველზეც დაინტერესებული პირი ითხოვდა რეგისტრაციას იყო „ხარვეზიანი“.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით ა. ბ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილების გაუქმებისა და №... განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. ა. ბ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2018 წლის 2 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების №... (05.10.2017) გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის მიმართვით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 თებერვლის №... მიმართვა თანდართული დოკუმენტაციით, შემდგომი გამოძიების მიზნით დაერთო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს გასაჩივრებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერება. მოსარჩელე მოითხოვს მის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაცია განხორციელდა ყალბი მინდობილობის საფუძველზე და მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გადაამოწმა მინდობილობის ძალაში ყოფნის საკითხი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 18-ე მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
ამდენად, პალატის მითითებით, რეგისტრაციის მიზნებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის კვლევას მარეგისტრირებელი ორგანო არ ახორციელებს, გარდა იმ შემთხვევისა თუკი აღნიშნულ დოკუმენტაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი აშკარაა. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ. ა-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, წარუდგინა მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე მოითხოვა ყ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ... საკადასტრო კოდით, ე. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებით, ვ. ა-ი მოქმედებმდა, როგორც ყ. ბ-ის მინდობილი პირი. მინდობილობა გაფორმებული იყო სანოტარო წესით ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის, ქ. ...ის ნოტარიუსის მიერ. იგი ნათარგმნი იყო მთარგმნელის მიერ და დამოწმებულ იქნა ნოტარიუს მ. ქ-ას მიერ. მოსარჩელე სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სწორედ აღნიშნულ მინდობილობათა სიყალბეზე, რეგისტრაციისათვის სხვა დამაბრკოლებელ გარემოებებზე მხარე არ აპელირებს. შესაბამისად, პალატას უნდა შეეფასებინა მოცემული სახის მინდობილობათა არსებობის პირობებში მარეგისტრირებელი ორგანო იყო თუ არა უფლებამოსილი განეხორციელებინა უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატამ კვლავაც მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე და მის საფუძველზე აღნიშნა, რომ სანოტარო წესით დადასტურებული, თარგმნილი და ასევე სანორატო წესით დამოწმებული მინდობილობის პირობებში მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, ვ. ა-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძელზე საჯარო რეესტრი ვალდებული იყო მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ე. კ-ეზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მინდობილობა რომლის საფუძველზეც მოქმედებდა ვ. ა-ი შედგენილია უფრო ადრე, ვიდრე მარწმუნებელი გარდაიცვლებოდა და რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ ქმნის საფუძველს მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოცემულ ეტაპზე ბათილად ცნოს განხორციელებული რეგისტრაცია, ვინაიდან დასახელებული ფაქტის დადასტურების, მინდობილობის სიყალბის დადგენაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გამოძიება და სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა განხორციელდეს რეგისტრირებული მონაცემების კორექტირება, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში.
პალატის მითითებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე რეგისტრაციის შესახებ გადაწყევტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს არა იმ გარემოებას, რომ უტყუარად არის დადგენილი მინდობილობის სიყალბე, არამედ მასზედ, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არ უზრუნველყო მასზედ დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება - არ გამოიკვლია წარდგენილი მინდობილობის ძალაში ყოფნის საკითხი. სააპელაციო პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა მასში ეჭვის შეტანის და კვლევის კომპეტენცია. რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი მტკიცებულებების ნამდვილობაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ თავად განმცხადებლებები. მარეგისტრირებელი ორგანო უზრუნველყოფს მასთან არსებული მონაცემებისა და წარდგენილ დოკუმენტაციათა ურთიერთშეჯერებას და აღნიშნულის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ სადავო რეგისტრაციის დროს მარეგისტრირებელმა ორგანომ ჯეროვნად არ შეასრულა მასზედ დაკისრებული ვალდებულებები, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებთი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ზემოაღნიშნულ საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა ე. კ-ის საკუთრების უფლება, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოცემულ ეტაპზე მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილებით მართებულად იქნა შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოება მთავარი პროკურატურიდან №... წერილზე პასუხის მიღებამდე უვადოდ. ვიდრე კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდება მინდობილობის სიყალბე, საჯარო რეესტრი არ არის უფლებამოსილი ბათილად ცნოს რეგისტრაცია. შესაბამისად, მითითებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე გამოცემული 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია კანონის დაცვით გამოცემულ აქტად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ თუკი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსის მიერ გაცემული სამართლებრივი დოკუმენტი და მათ შორის მინდობილობაც, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სპეციალურ ბაზაში, მოითხოვოს „მინსკის კონვენციას“ არმიერთებული სახელმწოფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, პიროვნების იდენტიფიცირებისა და გარკვეული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ სამართლებრივი დოკუმენტის ვალიდობის გადამოწმება, ადმინისტრაციული ორგანოს და მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებაა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ უარყო, რომ ყ. ბ-ი გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს, ხოლო მინდობილობა, რომელიც საფუძვლად დაედო გარდაცვლილ ყ. ბ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებას, გაცემულია 2017 წლის 19 მაისს ანუ მინდობილობის გამცემი პირის გარდაცვალების შემდეგ, რაც ბუნებრივია შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვტილება, რომლითაც ა. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალების მიხედვით, 2008 წლის 14 ნოემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №..., რომლის თანახმად, ყ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა 1800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ხოლო 2009 წლის 27 მარტს ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად აღირიცხა ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1800.00 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
2017 წლის 26 ოქტომბერს ვ. ა-მა საჯარო რეესტრს წარუდგინა ყ. ბ-ის მიერ ვ. ა-ის სახელზე 2017 წლის 19 მაისს რუსეთის ფედერაციის, რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის, ქალაქი ...ის ნოტარიუსის - ზ. ა-ას მიერ დამოწმებული №... მინდობილობა (მინდობილობა ნათარგმნია რუსული ენიდან ქართულ ენაზე, ხოლო თარჯიმნის ხელმოწერა დამოწმებულია ნოტარიუს მ. ქ-ას მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს), ასევე 2017 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ მინდობილობაში თავის თავთან გარიგების დადების შესახებ არ იყო აღნიშნული.
2017 წლის 2 ოქტომბერს ვ. ა-მა საჯარო რეესტრს დამატებით წარუდგინა 2017 წლის 2 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ე. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2017 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ყ. ბ-ის წარმომადგენელმა ვ. ა-მა, ბორჯომის რაიონის ...ში მდებარე უძრავი ქონება, 1800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მიყიდა ე. კ-ეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ იქნა ე. კ-ის საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2018 წლის 30 იანვარს ა. ბ-მა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რეგისტრაციის შესახებ“ 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. განმცხადებელი სარეგისტრაციო სამსახურს მიუთითებდა, რომ ვ. ა-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მინდობილობა გაცემულია 2017 წლის 19 მაისს, მაშინ როდესაც მამამისი გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს. განცხადებაზე ა. ბ-მა დაურთო დოკუმენტები, მათ შორის, გარდაცვალების მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ ყ. ბ-ი გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს. განმცხადებლის მითითებით, დოკუმენტების გაყალბების გზით გასხვისდა მისი მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული ქონება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 2 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლზე მითითებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება.
2018 წლის 5 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის წარდგენილ განცხადებას ა. ბ-ის წარმომადგენელმა დამატებით დაურთო რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის, ქალაქი ...ის ნოტარიუსის - ზ. ა-ას მიერ, 2017 წლის 2 ნოემბერს გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს რესბუბლიკის ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე სახლმფლობელობის და მიწის ნაკვეთის განკარგვის, გაყიდვის, გაცვლის მინდობილობა №... გაცემული 2017 წლის 12 მაისს მოქალაქე ყ. მ. ბ-ის სახელით მოქალაქე ვ. ა-ზე, მის მიერ დადასტურებული არ არის. ცნობა ნათარგმნია რუსული ენიდან ქართულ ენაზე, ხოლო თარჯიმნის ხელმოწერა დამოწმებულია ნოტარიუს თ. ნ-ის მიერ 2018 წლის 30 იანვარს.
„სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ყ. ბ-ის საკუთრებად ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ე. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით ა. ბ-ის 2018 წლის 30 იანვრის განცხადებაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი პროკურატურიდან №... წერილზე პასუხის მიღებამდე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, მთავარი პროკურატურის სახელზე სარეგისტრაციო სამსახურის №... წერილში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად 2017 წლის 19 მაისს რუსეთის ფედერაცია, რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ქალაქი ...ში გაცემული მინდობილობა №... (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი მითითებული არ არის, ნოტარიუსი ზ. ა-ა პ.) და აღნიშნული აქტების სინამდვილე იწვევდა ეჭვს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადაგზავილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... სარეგისტრაციო განცხადება და მასზედ დართული დოკუმენტაცია.
ა. ბ-ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით ა. ბ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილების გაუქმებისა და №... განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. ა. ბ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2018 წლის 2 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ №... (05.10.2017) გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის 2018 წლის 5 მარტის მიმართვის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2018 წლის 9 თებერვლის №... მიმართვა თანდართული დოკუმენტაციით, შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით დაერთო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს.
განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ იქნა ე. კ-ის საკუთრების უფლება, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილებას, რომლითაც მთავარი პროკურატურიდან პასუხის მიღებამდე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, 21-ე მუხლით კი რეგლამენტირებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; თ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი გულისხმობს სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, სარეგისტაციო სამსახური საეჭვოდ მიიჩნევს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს და აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა არ უნდა იქცეს სარეგისტრაციო სამსახურის თვითნებობის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას სარეგისტრაციო სამსახურს ამის ობიექტური და რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია ყ. ბ-ის სახელით ვ. ა-ზე 2017 წლის 19 მაისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურში ა. ბ-ის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ყ. ბ-ი გარდაცვლილია 2017 წლის 13 აპრილს. ამასთან, ნოტარიუსის - ზ. ა-ას მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, საქართველოს რესბუბლიკის ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე სახლმფლობელობის და მიწის ნაკვეთის განკარგვის, გაყიდვის, გაცვლის მინდობილობა №... გაცემული 2017 წლის 12 მაისს მოქალაქე ყ. მ. ბ-ის სახელით მოქალაქე ვ. ა-ზე, მის მიერ დადასტურებული არ არის.
ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას არსებობდა არა თუ გონივრული ეჭვი განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით, არამედ - ცალსახად შეუსაბამო დოკუმენტები, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა გამორიცხავდა მეორეს კანონიერებას. ამასთან, დოკუმენტების სიყალბის დადგენა სცილდებოდა სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილებას, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში რეაგირების მიზნით მართებულად იქნა გადაგზავნილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... სარეგისტრაციო განცხადება და მასზედ დართული დოკუმენტაცია, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მართებულად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება მთავარი პროკურატურიდან №... წერილზე პასუხის მიღებამდე.
განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახური სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას მოქმედებდა კანონით დადგენილ ფარგლებში და მისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის №... გადაწყვეტილებისა და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ იქნა ე. კ-ის საკუთრების უფლება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ვ. ა-მა სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა ყ. ბ-ის მიერ ვ. ა-ის სახელზე 2017 წლის 19 მაისს რუსეთის ფედერაციის, რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის, ქალაქი ...ის ნოტარიუსის - ზ. ა-ას მიერ დამოწმებული №... მინდობილობა (მინდობილობა ნათარგმნია რუსული ენიდან ქართულ ენაზე, ხოლო თარჯიმნის ხელმოწერა დამოწმებულია ნოტარიუს მ. ქ-ას მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს), ამასთან, სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაცია განხორციელდა ყალბი მინდობილობის საფუძველზე და მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გადაამოწმა მინდობილობის ძალაში ყოფნის საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სარეგისტრაციო წარმოების დროს მარეგისტრირებელი ორგანოს როლსა და წარდგენილ დოკუმენტთა კვლევის ფარგლებზე და მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სარეგისტრაციო წარმოების დროს მარეგისტრირებელი ორგანო საგამოძიებო ორგანოს ფუნქციებით არ სარგებლობს. რეგისტრაციის მიზნებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის კვლევას მარეგისტრირებელი ორგანო არ ახორციელებს, გარდა იმ შემთხვევისა თუკი აღნიშნულ დოკუმენტაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი აშკარაა. ამდენად, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე და სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა სცილდება საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებს, ამასთან, ის გარემოება, რომ მინდობილობა სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის მიერ იყო გაცემული, ავტომატურად არ იწვევდა მინდობილობის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, თუმცა საყურადღებოა სარეგისტრაციო დოკუმენტები რამდენად სრულყოფილი სახით იყო წარდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მთავარი პროკურატურის სახელზე სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 9 თებერვლის №... წერილობით მიმართვაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად 2017 წლის 19 მაისს რუსეთის ფედერაცია, რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ქალაქი ...ში გაცემული მინდობილობა №... (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი მითითებული არ არის, ნოტარიუსი ზ. ა-ა პ.) და აღნიშნული აქტების სინამდვილე იწვევდა ეჭვს (ტ. I, ს.ფ. 62). ამდენად, თავად მარეგისტრირებელი ორგანო უთითებს, რომ „რეესტრში რეგისტრაციის ნომერი მითითებული არ არის“, თუმცა ბუნდოვანია რას გულისხმობს სარეგისტრაციო სამსახური, მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ წარდგენილი მინდობილობა არ შეიცავდა რაიმე რეკვიზიტს, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოშობდა ეჭვის საფუძველს მინდობილობის ნამდვილობასთან მიმართებაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დღეის მდგომარეობით საქმეზე არსებულ იმ ვითარებაზე, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია ყ. ბ-ის სახელით ვ. ა-ზე 2017 წლის 19 მაისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურში ა. ბ-ის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ყ. ბ-ი გარდაცვლილია 2017 წლის 13 აპრილს. მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში რეაგირების მიზნით ჯერ კიდევ 2018 წლის 9 თებერვალს გადაგზავნილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... და №... სარეგისტრაციო განცხადება და მასზედ დართული დოკუმენტაცია, თუმცა დღემდე საქმეზე არ წარმოდგენილა ინფორმაცია რომელიმე მათგანის სიყალბის თაობაზე. ამდენად, საქმეზე არსებული ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტების არსებობა ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკითხის დამატებით კვლევა-შეფასების საჭიროებას, რამეთუ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შეჩერებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლებთან ერთად განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადები, კერძოდ, მითითებული მუხლის 22 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე; ხოლო ამავე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობს ამ უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები.
ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, ა. ბ-ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის №ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებული განმარტებებით, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილების მიხედვით - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას და აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.“
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლი (მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით) არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნდა უფლებამოსილება განეხილა ა. ბ-ის საჩივარი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში ა. ბ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
6. დანარჩენ ნაწილში ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. მოპასუხეს _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი

















დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი

#ბს-243(კ-19) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი, ა. ბ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 15 მაისს ა. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების (რომლის თანახმადაც ... საკადასტრო კოდით ყ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ იქნა ე. კ-ის საკუთრების უფლება), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 9 თებერვლის #... გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. კ-ე და ვ. ა-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის #... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 5 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების ასლი კასატორის - ა. ბ-ის წარმომადგენლს - ზ. მ-ს ჩაბარდა 2020 წლის 11 სექტემბერს.
2020 წლის 15 სექტემბერს ა. ბ-ის წარმომადგენლმა - ზ. მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და ა. ბ-ის სასარგებლოდ მის მიერ სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, როგორც სასარჩელო განცხადებით, ისე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით ითხოვდა მოწინააღმდეგე მხარეს დაკისრებოდა მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების (სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები), მათ შორის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. განმცხადებლის მითითებით, მომსახურების ხელშეკრულებები და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო საქმეში, რომელთა ასლებიც თანდართულია წარმოდგენილ განცხადებაზე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმა არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო სასამართლო განმარტვას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, რომელშიც არ მოიაზრება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესის აღნიშნული ნორმა განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ანალოგიის წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელისათვის ადვოკატ ზ. მ-ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატი მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდა სამივე ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, ა. ბ-სა და ადვოკატ ზ. მ-ს შორის 29.01.2018წ. დადებული #127 და 25.07.2018წ. დადებული #127ა მომსახურების ხელშეკრულებებით დასტურდება ა. ბ-სა და ზ. მ-ს შორის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმების არსებობა, ხელშეკრულებით განსაზღვრულია ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების საკითხიც, ხოლო 03.02.2018წ. და 05.11.2018წ. ქვითრებით დასტურდება 29.01.2018წ. #127 და 25.07.2018წ. #127ა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდა 3 500 და 800 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, ხოლო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1 500 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1 500 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ბ-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1 500 ლარის ანაზღაურება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე