№ბს-182(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. კ-ა; დ. ბ-ე; ლ. ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 25 ოქტომბერს ქ. კ-ამ, დ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის №01-410/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარედ დასახელდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ქ. კ-ას, დ. ბ-ისა და ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის №01-410/ო ბრძანება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გრძელვადიანი განსახლების მიზნით ქ. კ-ას, დ. ბ-ისა და ლ. ბ-ის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის №01-410/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №22), ქ. ...ში, ... ქ.N ...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ქ. ...ში, ... ქ.N ..., ყოფ. „...“ შენობაში მცხოვრებ ქ. კ-ას (პ/ნ: ...) ოჯახს, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო.
საქალაქო სამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ის უძრავი ქონება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზით აღარ ფიქსირდებოდა და არც სადავო აქტის გამოცემის დროისათვის ირიცხებოდა ბ. ბ- ის საკუთრებაში. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე აღარ იმყოფებოდა არც ფაქტობრივ და არც რეგისტრირებულ ქორწინებაში აღნიშნულ პიროვნებასთან - ბ. ბ- ესთან, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობითა და თ. ფ- ას (პ/ნ: ...), ნ. ლ-ასა (პ/ნ: ...) და ი. ც-ას (პ/ნ: ...) სანოტარო წესით დამოწმებული აქტით.
საქალაქო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა, 2018 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად შეადგენდა - 6 890 ქულას და ოჯახის საცხოვრებელ მისამართად მითითებული იყო - ქ ..., ...ის ...ისშენობა, მე-2 სართული. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული კანონმდებლობა და აქტი გამოცემულ იქნა არაჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქონება, რომლითაც შეუზღუდავად სარგებლობენ მოსარჩელეები, აღარ წარმოადგენს ბ. ბ- ის საკუთრებას და მოსარჩელეები და ბ. ბ- ე აღარ არიან ერთი ოჯახის წევრები, თუმცა რეალურად, მოსარჩელის ოჯახმა აღნიშნული ქონება ფორმალურად გაასხვისა გარეშე პირზე, საქმეში არსებული მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელეები კვლავ განაგრძობენ აღნიშნული ქონებით შეუზღუდავად სარგებლობას და შესაბამისად, მათ ხელი მიუწვდებათ ამ საცხოვრებელზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, ნათელია, რომ საცხოვრებლის ფორმალური გასხვისება ემსახურება სახელმწიფოს წინაშე საცხოვრებლის არმქონედ წარმოჩენას კონკრეტული ბენეფიტის (საცხოვრებლის) ვადაზე ადრე მისაღებად.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს (სამინისტროს) მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა მიერ შემოწმების მიზნით, განხორციელდა ვიზიტები მოსარჩელის მიერ მითითებულ (გაცხადებულ) მისამართებზე. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგინდა ფაქტი, რომ ...ის რაიონის სოფელ ...ში არსებული საცხოვრებლი სახლი (117 კვ.მ.) საკადასტრო კოდით - ... ირიცხებოდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის ბ. ბ- ის საკუთრებად. უძრავი ქონება შეძენილი იყო 2008 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - მოსარჩელისა და მისი მეუღლის ბ. ბ- ის ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში. 2018 წლის 23 მარტს ...ის რაიონის სოფელ ...ში განხორციელებული ვიზიტის დროს დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ საცხოვრებელში მონიტორინგის ვიზიტის დროს არავინ იმყოფებოდა. საქმის ვითარებასთან დაკავშირებით გამოკითხულ იქნა მეზობლად მცხოვრები ა. ხ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ბ. ბ- ე მეუღლესთან ქ. კ-ასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ...ში, ....ის დასახლებაში, ხოლო აღნიშნული სახლი შეიძინეს ბიძისგან ი. ბ- ისგან. თვეში რამოდენიმეჯერ აკითხავენ ხსენებულ საცხოვრებელ სახლს და აპირებენ მის გარემონტებას. კასატორის მითითებით, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სხვა გარემოებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად მოსარჩელის მიერ ბ. ბ-ესთან განქორწინების თაობაზე მითითებული გარემოება, ფაქტიურად წარმოადგენს მცდელობას, დაფაროს ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის ქონა, რომლის შეუზღუდავად ფლობაზე და სარგებლობაზე მიუწვდება ხელი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის მოსარჩელეებსაც.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო მოსარჩელეებისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმის შესახებ არის კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა“ განიმარტება, როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ამავე წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. კ-ამ 2016 წლის 30 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა:..., ...ის ქ.N..., ყოფ. „...“ შენობა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 2 მარტს განხორციელდა ქ. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი მისამართზე: ქ...., ...ის ქ.N..., ყოფ. „...“ შენობა. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა განმცხადებელი, ხოლო შვილები მისი მითითებით იმყოფებოდნენ სკოლაში. განმცხადებელმა განმარტა, რომ იგი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2013 წლიდან შვილებთან ერთად, მანამდე 2007-2013 წლებში ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფ. ...ში მეუღლესთან ერთად.
2018 წლის 23 მარტს, მონიტორინგის ჯგუფი, დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა ...ის რაიონის სოფ. ...ში ბ. ბ- ის სახლში, რომელიც დახვდათ დაკეტილი. მეზობლის - ა. ხ- იას განმარტებით, ბ. ბ- ე მეუღლესთან - ქ. კ-ასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ...ში, ...ის დასახლებაში, ხოლო აღნიშნული სახლი შეიძინეს ბიძისგან - ი. ბ- ისგან და თვეში რამდენჯერმე აკითხავენ სახლს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2016 წლის 28 ივნისს და 2018 წლის 12 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ ქ. კ-ას (მის: ქ...., ...ის ...ის შენობა, მე-2 სართ, ოჯახის საიდენტიფიკაციო №...) ოჯახის მოქმედ სარეიტინგო ქულას წარმოადგენს - 6 890 ქულა. აღნიშნულ მისამართზე ოჯახის შემადგენლობაში შედიან: ქ. კ-ა, დ. ბ-ე და ლ. ბ-ე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №22 საოქმო გადაწყვეტილებით, ქ. კ-ას (პ/ნ ...) ოჯახს (დ. ბ-ე - პ/ნ ...; ლ. ბ-ე პ/ნ ...) (ოჯახის №...) საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება, რომლის არსებობის გამო მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის არ ირიცხებოდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის ბ. ბ- ის საკუთრებაში. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 მარტიდან ქ. კ-ა ბ. ბ- ესთან აღარ იმყოფება არც ფაქტობრივ და არც რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი არ დასტურდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე