საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-227(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. გ- ი
დავის საგანი - სახელფასო დავალების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. გ- მა 2019 წლის 16 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 522 (ხუთას ოცდაორი) ლარისა და 02 (ორი) თეთრის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. გ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ზ. გ- ის სასარგებლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 472.52 (ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხოლო გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოსარჩელე ზ. გ- ის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორი მიუთითებს, რომ მისთვის გაუგებარია სასამართლოს მიერ სახელფასო გაანგარიშებიდან მხოლოდ კვების ულუფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადების გამოყენება, ხოლო სხვა ნაწილში დავალიანების აღიარების საფუძვლით ხანდაზმულობის გამოყენების დაუშვებლობა.
კასატორის განმარტებით, ზ. გ- ი წარმოდგენილ სარჩელში თავადვე აღნიშნავდა, რომ იგი 2007 წლიდან მოყოლებული ცდილობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამინისტროსთვის მიმართვის გზით. ამდენად, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო რა მისი უფლების დარღვევის შესახებ, სასამართლო წესით უფლების დაცვა შესაბამის ხანდაზმულობის ვადებში უნდა მოეხდინა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარე ითხოვს 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, სასამართლოში 2019 წელში მოცემული მოთხოვნის დაყენება ვერ ექცევა ხანდაზმულობის საერთო ვადებშიც კი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციაზე, რომლის 1341 მუხლი ადგენდა, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. თუმცა, კასატორის მოსაზრებით, ხსენებული კანონის დღეს მოქმედი რედაქცია არ შეიცავს მსგავს ჩანაწერს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები, რაც გამორიცხავს ზ. გ- ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციის გამოყენების მიზნობრიობა, რადგან სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2019 წელს, ამდენად სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, რამდენად ექვემდებარება მოსარჩელის 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანება ანაზღაურებას, სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მხარეთა შორის სადავო არ არის მოხელის სტატუსი, სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულების არსებობის დადასტურების მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, შესაფასებელია დავალიანების ანაზღაურების წინაპირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას, წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. მითითებული ნორმით კანონმდებელმა ადმინისტრაციულ ორგანოებს დაავალა, ხოლო საჯარო მოსამსახურეებს მიანიჭა 2005 წლამდე არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2005 წლამდე წარმოქმნილ დავალიანებაზე, 2017 წლამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლიდან გამომდინარე, არ ვრცელდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და ექვემდებარებოდა სახელმწიფოს მიერ სავალდებულო ანაზღაურებას.
სადავო შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს, რომლის არსებობის ფაქტი და ოდენობა მხარეთა შორის სადავო არ არის. კასატორი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, ვინაიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის დანაწესისგან განსხვავებით, ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისს და ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს უფლების წარმომშობ ნორმას, მაგრამ მოცემული ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნა შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადით და მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის ზოგადი წესი. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისს - ახალი კანონის ამოქმედების შედეგად და 2017 წლის პირველი ივლისიდან მოხდა 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის განსხვავებული მოწესრიგება, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს ახალი კანონის ამოქმედების მომენტს (იხ. ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოსს 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაშიც საქმეზე Nბს-1104(კ-18)).
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიმართვა და სარჩელის აღძვრა განხორციელდა დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 1341 მუხლით წარმოშობილი უფლების რეალიზების ფარგლებში, ვინაიდან ზ. გ- ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვა და სარჩელის წარდგენა მოსარჩელემ განახორციელა დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან სამწლიან ვადაში, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 10 აპრილის N911645 წერილის შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ ზ. გ- ის მიმართ 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიმართ სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში. ამდენად, აღნიშნული წერილით სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება, რაც იმავე კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინება საქმეზე Nბს-1455(კ-18), ასევე 2014 წლის 13 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-537-518(კ-13)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ. სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე