საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-204(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ვ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ვ-ემ 2017 წლის 25 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა იმავე კომისიის 2017 წლის 23 ივნისის N408 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 23 ივნისის N408 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, თუ რა მოიაზრება ტერმინ „შენობის“ მნიშვნელობის ქვეშ და რამდენად აკმაყოფილებს მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტი შენობის პარამეტრებს. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 78-ე პუნქტის თანახმად, შენობა წარმოადგენს ნაგებობას, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, ანუ იმისათვის, რომ ობიექტი მიჩნეულ იქნეს შენობად, აუცილებელია, რომ იგი იყოს კაპიტალური სახის. ნ. ვ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტი არის ხის, რომელიც ექცევა „დროებითი შენობის“ და არა „შენობის“ დეფინიციის ქვეშ, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2005 და 2010 წლების აეროფოტოგადაღებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის ობიექტი განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. შენობის არარსებობას ადასტურებს საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი N17-10/05 დასკვნა „შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და ხანდაზმულობის შესახებ“. გარდა ამისა, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს მოწმეთა ჩვენებით კონკრეტული გარემოების დადასტურების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ნ. ვ-ე 1983 წლიდან დანამდვილებით ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს დამატებითი გამოკვლევის საგანი ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, შესაფასებელია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნ. ვ-ისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, კერძოდ, გასაჩივრებული განკარგულების მიღების მიზნის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოხდა თუ არა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე შენობის არსებობის ფაქტის სათანადო გამოკვლევა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლითაც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნეოდა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დასახელებული ნორმით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საკუთრების უფლების აღიარების ერთ-ერთი საფუძველია თვითნებურად დაკავებულ მიწაზე შენობის არსებობა, რა დროსაც მნიშვნელოვანია, დადგინდეს შენობის აშენების პერიოდი და მისი დანიშნულება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ნ. ვ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ხის დროებითი შენობა-ნაგებობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოიცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 23 ივნისის N408 განკარგულება, რომლითაც ნ. ვ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N... -ის მიმდებარე 456 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. დასახელებული განკარგულებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე ხის შენობა- ნაგებობა იდგა, ამასთან, შენობა- ნაგებობის არსებობის ფაქტი არ დასტურდებოდა აეროფოტოგადაღებით და მიწის ნაკვეთი კვეთდა N... საკადასტრო ერთეულს.
საკასაკაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ შპს „...ის“ 2017 წლის 5 ოქტომბრის N17-10/05 საექსპერტო დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. N... -ის მიმდებარე ტერიტორიაზე 456 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 7 კვ.მ. შენობა-ნაგებობა დახურული ტიპისაა, აგებულია წვრილი საკედლე ბლოკით, გადახურულია ხის ნივნივებით და აზბოცემენტის შიფრით, გალესილია ქვიშა-ცემენტის ხსნარით. ამავე დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის ორთოფოტოს მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, აღნიშნულ ტერიტორიაზე იდგა თუ არა შენობა-ნაგებობა, ვინაიდან შენობა- ნაგებობა განთავსებულია ფოთლოვანი ხის ქვეშ და ორთოფოტოს გადაღებისას ვერ გამოჩნდებოდა (ს.ფ. 103-112).
ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომ აღიარების კომისიის 2017 წლის 23 ივნისის N408 განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას.
საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას შენობა-ნაგებობის არარსებობასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა კომისიის მიერ ნ. ვ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლა, იქ არსებული შენობა-ნაგებობის მდგომარეობისა და სტატუსის შეფასება.
ამდენად, დგინდება, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, კომისიამ ვერ უზრუნველყო ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულება და მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება საქმეზე სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და საკითხის ხელახალი განხილვისთვის ადმინისტრაციულ ორგანოსათვის დაუბრუნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე