Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-111(კს-20) 27 მაისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N7 დაწესებულება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ა-ემ 2016 წლის 25 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N7 დაწესებულების მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N7 დაწესებულებას შ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N7 პენიტენციურმა დაწესებულებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შ. ა-ემ უარი განაცხადა სარჩელზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შ. ა-ის სარჩელზე, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის N7 პენიტენციური დაწესებულების მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საქმის წარმოება შეწყდა.

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 12 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში სარჩელზე უარის თქმა განაპირობა მისმა შეცდომამ. მისივე განმარტებით, საპატიმრო დაწესებულებაში ხუთწლიანმა ყოფნამ თავისი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე. ამასთან, სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ, მიღებული ჰქონდა დაპირება, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა ადამიანური პირობებით. აღნიშნულმა მოლოდინმა განაპირობა მოგებულ საქმეზე უარის თქმა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობაში დაფიქსირებული სურვილი არ შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა წარდგენილ შუამდგომლობას, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოების მსგავსად, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან მატერიალური და საპროცესო უფლებების თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებით: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. ამრიგად, დისპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ სარჩელის წარდგენის უფლების გამოყენებას, არამედ მხარის შესაძლებლობას, მოახდინოს საკუთარი მატერიალური თუ პროცესუალური უფლებების რეალიზაცია სარჩელის გამოხმობის ან სარჩელზე უარის თქმის გზით. თუ მხარე უარს ამბობს სარჩელზე, ამგვარად გამოხატავს ნებას, რომლის გათვალისწინებაც სასამართლოსთვის სავალდებულოა და იწვევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპროცესოსამართლებრივ შედეგს - საქმის წარმოების შეწყვეტას.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ სარჩელზე უარის თქმით პროცესის მონაწილე გამოხატავს ნებას თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რა დროსაც გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს პირის ნამდვილ ნებას, ხოლო არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ნების არსებობის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ზემოქმედების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შ. ა-ემ უარი განაცხადა სარჩელზე. შესაბამისად, მოსარჩელემ სარჩელზე უარის თქმით განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რომ პროცესზე გაჟღერებული შუამდგომლობა არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას. მით უფრო, რომ სასამართლოს სხდომაზე განემარტა სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი, თუმცა ამის მიუხედავად მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა.

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას ნამდვილი ნების გამოვლენის არარსებობის თაობაზე და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გაკეთებული განმარტება მისთვის გარკვეული სარგებლის დაპირებით, ზემოქმედების არსებობის შესახებ, ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით მოხდა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული განჩინების გამოტანა. სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით, მიიღო დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, შ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, შ. ა-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 399-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე