საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-378(კ-20) 28 ივნისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანებაზე და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
2019 წლის 28 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის - ი/მ ს. ბ-ის დავალიანების დაფარვის მიზნით ი/მ თ. გ-ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელის - ი/მ ს. ბ-ის დავალიანების დაფარვის მიზნით, ღია აუქციონის წესით, ი/მ თ. გ-ის (ს/ნ ...) ყადაღადადებული ქონება 182043,28 ლარის დავალიანების ფარგლებში მიექცა სარეალიზაციოდ. აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა ი/მ თ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანებით ი/მ თ. გ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის ბრძანება გაუქმდა და სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელ ი/მ ს. ბ-ის (ს/ნ ...) აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა ი/მ თ. გ-ის (ს/ნ ...) საკუთრებაში რიცხული ყადაღადადებული ქონება შემდეგი სახით: ა) 4 (ოთხი) ცალი სალარო აპარატი (დამმუხტველი) - ..., ..., ..., ...; ბ) ქ. ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) 25/26 წილი. ამასთან, ამავე ბრძანებით განიმარტა, რომ ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ თ. გ-ემ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანებით განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ ბრძანებას თ. გ-ის წარმომადგენელი გაეცნო და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ ბრძანებაზე საკასაციო საჩივარიც მან წარადგინა. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს ბრძანების გასაჩივრების წესიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ი/მ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე