№ბს-139(4კ-19) 8 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისია (მოპასუხე), 3. გ. ი-ი (მესამე პირი), 4. ხ. ს-ე და ქ. კ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. მ-ა
მესამე პირი - ა. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 29 იანვარს ხ. ს-ემ და ქ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის №... და 2017 წლის 26 დეკემბრის №... ბრძანებების ბათილად ცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქ. კ-ის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების …ის, …ე რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე აღდგენის და ხ. ს-ის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ის, …ი რანგის …ის …ი სტრუქტურული ერთეული …ის თანამდებობაზე ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე აღდგენის, ასევე ხ. ს-ისათვის იძულებითი განაცდურის სახით სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო - ... ლარი) ანაზღაურების, ქ. კ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო - ... ლარი) ანაზღაურების დავალება, ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა და მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კერძოდ, 2018 წლის 17 მაისის №... ბრძანებისა და 2018 წლის 17 მაისის №... ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სარჩელის მიხედვით, ხ. ს-ე 2017 წლის 5 ივლისის ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის …ის …ი რანგის თანამდებობაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით ხ. ს-ე მობილობის წესით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის …ის, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ო განყოფილების …ის, …ე რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე, რითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობის წესი. კერძოდ, 2017 წელს გაუქმებულ იქნა ორი მუნიციპალიტეტი, როგორც ქალაქის, ისე რაიონული და ჩამოყალიბდა ერთი ადმინისტრაციული ერთეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახით. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს გაუქმებული მუნიციპალიტეტიდან ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა გადაყვანის და თანამდებობაზე დანიშვნის წესს, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე გადაყვანილ უნდა იქნეს იმავე ან სხვა დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხ. ს-ის შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის უხეში დარღვევით საჯარო მოხელე ...ი რანგიდან ისე დააქვეითა ...ე რანგის ...ი სტრუქტურული ერთეულის თანამდებობაზე, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხაში ვაკანტური იყო ...ის სამსახურის …ის, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის, ასევე, ...ის სამსახურის …ის, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობები. ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული პასუხით კი მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ რეორგანიზაციის შედეგად სტრუქტურულმა ერთეულმა განიცადა ცვლილება ფუნქციური თვალსაზრისით (დაემატა ახალი სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფი განყოფილებები), რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნიეს ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე მოხელის დანიშნვა ღია კონკურსის საფუძველზე. სარჩელის მიხედვით, კანონი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ჯერ უნდა განხორციელდეს მობილობა, ხოლო თუ მობილობის წესით ვერ შეირჩა კონკრეტულ თანამდებობაზე მოხელე, ამის შემდგომ ეძლევა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილება გამოიყენოს თანამდებობაზე დანიშვნისას კონკურსის წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა.
სარჩელის თანახმად, ანალოგიურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი ქ. კ-ის შემთხვევაშიც. 2017 წლის 5 ივლისის ბრძანებით ქ. კ-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების …ის …ე რანგის თანამდებობაზე, ხოლო მობილობის წესით 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით ქ. კ-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების …ე რანგის …ე კატეგორიის …ი …ის თანამდებობაზე. ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციულმა ორგანომ ქ. კ-ე ისე დააქვეითა რანგირებით და კატეგორიით დაბალ თანამდებობაზე, რომ არ დაიცვა მობილობის წესი და მოხელეს ამჯერადაც არ შესთავაზა რანგით შესაფერისი თანამდებობა, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ვაკანტური იყო საჯარო მოხელისათვის ტოლფასი თანამდებობა, კერძოდ, …ე რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი განყოფილების …ის თანამდებობა. ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოხელის ღია კონკურსის წესით დანიშვნა.
2018 წლის 14 თებერვალს ბ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №... წერილის ბათილად ცნობა და ბ. მ-ას მოხელეთა რეზერვიდან ამორიცხვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №... ბრძანების ბათილად ცნობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე ბ. მ-ას აღდგენა, 2018 წლის თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო - ... ლარი) ოდენობით იძულებითი განაცდურისა და 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისის (... ლარი) ანაზღაურება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის ...ის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ მიცემა, ამასთან, …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და ამ კონკურსის შედეგების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე გ. ი-ის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ბ. მ-ა 2015 წლის იანვრიდან მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …დ, რომლის ფუნქციები იგივე იყო, რაც ამჟამინდელი ...ის სამსახურის …ის ფუნქციებია. მოსარჩელე მიუთითებს მობილობის წესსა და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებზე და არასწორად მიიჩნევს მერის 2018 წლის 26 იანვრის წერილს ბ. მ-ას რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ტოლფასი თანამდებობა ან არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებაზე მოხელე ამბობს უარს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …ის ტოლფას თანამდებობას ფუნქციური დანიშნულებით წარმოადგენს ...ის სამსახურის …ის თანამდებობა. რამდენადაც იგი მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში …ის …დ, მერი ვალდებული იყო მისთვის შეეთავაზებინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტოლფასი თანამდებობა - ...ის სამსახურის …ის თანამდებობა და თუ მოსარჩელე უარს იტყოდა ამ შეთავაზებაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მისი გათავისუფლება და რეზერვში ჩარიცხვა. თუ მოსარჩელე უარს იტყოდა ამ შეთავაზებაზე, მაშინ უნდა გამოცხადებულიყო დახურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება ექნებოდათ მხოლოდ მერიის საჯარო მოხელეებს, მერიაში არანაკლებ 1 წლით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და რეზერვში ჩარიცხულ პირებს. თუ ამ დახურული კონკურსის შედეგად ვერ გამოვლინდებოდა გამარჯვებული, მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა კანონიერი სადავო 2018 წლის თებერვლის კონკურსი და ამ კონკურსის შედეგად სადავო თანამდებობაზე გ. ი-ის დანიშვნის ბრძანება. მოსარჩელის მითითებით, მერიაში არსებობს ტოლფასი თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს იგი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის სხდომაზე დაკმაყოფილდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობა; ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ი-ი და ა. მ-ი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. ს-ისა და ქ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ბ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №... წერილი; ბ. მ-ა ამოირიცხა მოხელეთა რეზერვიდან; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 იანვრის №... ბრძანება და ბ. მ-ა აღდგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე; ბ. მ-ას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური - 2018 წლის თებერვლიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო - ... ლარი) ოდენობით; ასევე აუნაზღაურდა 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისი (... ლარი); ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენასთან დაკავშირებით ბ. მ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ბ. მ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული ბ. მ-ას სასარგებლოდ მხოლოდ 3 თვის ხელფასი (თანამდებობრივი სარგო - ... ლარი); გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის შემდგომ ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე გ. ი-ის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 მაისის ბრძანება.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 4 აგვისტოს №... ბრძანებით ხ. ს-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის ...ად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 5 ივლისის №... ბრძანებით ხ. ს-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის ...ის …ი რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში - ... ლარით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის №... ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის …ის …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი ხ. ს-ე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ო განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში - ... ლარით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებით ქ. კ-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების …ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - ... ლარით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 5 ივლისის №... ბრძანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებაში შევიდა შესწორება და ქ. კ-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების …ის …ე რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - ... ლარით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის №... ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების …ი, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი ქ. კ-ე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-… რანგის მე-… კატეგორიის …ი …ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - ... ლარით.
2017 წლის 26 დეკემბერს ხ. ს-ე დაეთანხმა მობილობის წესით შეთავაზებულ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ო განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე დანიშვნას.
2017 წლის 25 დეკემბერს ქ. კ-ე დაეთანხმა მობილობის წესით შეთავაზებულ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-… რანგის მე-… კატეგორიის …ი …ის თანამდებობაზე დანიშვნას.
საქმეშია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 26 დეკემბრის №... წერილი მობილობასთან დაკავშირებით.
საქმეშია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი დასკვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 დეკემბრის №… დადგენილებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ „…ის სამსახური“, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „…ი სამსახური“.
ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 აპრილის №... ბრძანებით ბ. მ-ა დაინიშნა ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - ... ლარით. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2017 წლის 3 ოქტომბრის შეფასებით ბ. მ-ას შეფასება იყო საუკეთესო, …ი რანგი. 2017 წლის 21 დეკემბერს ბ. მ-ას მობილობის წესით შესთავაზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ო განყოფილების მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობა. 2018 წლის 26 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა №... წერილით ბ. მ-ას შესთავაზა რეზერვში ჩარიცხვა, რაზედაც მან 2018 წლის 29 იანვარს განაცხადა უარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №... ბრძანებით ბ. მ-ა გათავისუფლდა გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …ის, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობიდან და 2 წლის ვადით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად - ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №... ბრძანებით გ. ი-ი 12 თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ის სამსახურის …ის, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე 2018 წლის 17 მაისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - ... ლარით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №... ბრძანებით ა. მ-ი დაინიშნა 12 თვის გამოსაცდელი ვადით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ის, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე 2018 წლის 17 მაისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - ... ლარით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტება მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის თაობაზე, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულებათა ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ მოხდა ორი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება/შერწყმა, რაც დასტურდება საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით, რომლის მიხედვით თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციას, არამედ სახეზეა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება/შერწყმა, რამაც თავისთავად გამოიწვია მანამდე არსებული მუნიციპალიტეტების გაუქმება და არა ლიკვიდაცია, რადგან საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას ახალი საჯარო დაწესებულების წარმოშობა არ ხდება. ამასთან, სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიცირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, რასაც სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა არის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებას ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტთა გაერთიანების შემდეგ დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები. აღნიშნული საშტატო ნუსხით კი, შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა.
სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 107-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, ბ. მ-ას მიმართ სახეზე არ გვაქვს. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი - შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მობილობას ექვემდებარება შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, შესაბამისად, რადგან სახეზე იყო შტატების შემცირება, ამიტომ მოსარჩელეები - ხ. ს-ე, ქ. კ-ე და ბ. მ-ა ექვემდებარებოდნენ მობილობის პროცედურას, რაც ბ. მ-ას მიმართ ოზურგეთის მერის მიერ არ განხორციელებულა კანონმდებლობის დაცვით.
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა ბ. მ-ას მიმართ, ხოლო ხ. ს-ისა და ქ. კ-ის მიმართ დაცულია მობილობა.
საქმეში არსებული მასალების, ასევე გაუქმებული და ახლადშექმნილი სამსახურების დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოთა გაერთიანების შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის დასახელების ცვლილებას; ხოლო თავად სამსახურის ფუნქციების, მიზნებისა და დანიშნულების ისეთ თვისობრივ და არსებითი ხასიათის ცვლილებას, რომელიც ...ს სხვა პროფესიულ და კომპეტენციურ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს წაუყენებდა, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ადმინისტრაციულმა სამსახურმა რეალურად შეინარჩუნა იგივე ფუნქცია, მიზნები და დატვირთვა, რაც ასევე დასტურდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი დასკვნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 დეკემბრის №… დადგენილებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ ,,…ის სამსახური“, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „…ი სამსახური“.
სასამართლოს მითითებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. აღნიშნული ფუნქციების ცალკეული პუნქტებით გადმოცემულია ამავე დებულების მე-4 მუხლში. ამ დებულების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 თებერვლის №... ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა სამუშაო აღწერილობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №... დადგენილებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის დებულება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახური არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, ...ა და ...ის ...ა განისაზღვრება ამ დებულებით. მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის ფუნქციები, კერძოდ, …ის …ი …ის …ის …თვის …ა, …ი …ის …ა, …ის …ის …ა …თან, … …თან, …თან, …ო …თან, …ა … …თან … …ო …თან, …ის …თან …ის …ა, აგრეთვე …ის …ი …ის …ა ... …ა. დასახელებული დებულების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის №... ბრძანებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობა. სასამართლოს მითითებით, რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საკრებულოს დებულებებით მოცემული სამსახურის ფუნქციები პრაქტიკულად იდენტურია. ასევეა სამუშაო აღწერილობებით. სხვაობა არის მხოლოდ თანამდებობის სახელწოდებაში. აღნიშნული გარემოება უარყოფილი არაა მერიის შესაგებლით. მასში აღნიშნულია, რომ ახალ სამსახურს დაემატა 4 ფუნქცია და თანამდებობრივი სარგო არის განსხვავებული, რაც ძირეულ განსხვავებად არ უნდა ჩაითვალოს. ადმინისტრაციის ვალდებულებაა შტატების შემცირების დროს მუშაკს შესთავაზოს შესაბამისი თანამდებობა. იგივეა აღნიშნული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლებში, რომლებიც მოითხოვენ მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას. ბ. მ-ას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა არ შესთავაზა პრაქტიკულად იგივე თანამდებობა, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა. ზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობას მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლოს მითითებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 დეკემბრის შეთავაზება ბ. მ-ასათვის ...ის სამსახურის …ო განყოფილების … რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე არ უნდა ჩაითვალოს შეთავაზებად, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ 2017 წლის 3 ოქტომბერს მას მიანიჭა … რანგის მოხელის სტატუსი, რაც გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლიდან, ხოლო მერის დასახელებული შეთავაზება წინააღმდეგობაში მოდის ამ ნორმასთან, ასევე 52-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, მოხელე გადაყვანილ უნდა იქნეს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მერის მიერ შეთავაზებული თანამდებობა არის დაბალი თანამდებობა. მერს უნდა შეეთავაზებინა ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, რადგან ის არის ტოლფასი თანამდებობა ფუნქციური დანიშნულებიდან და მოსარჩელის მოხელის რანგირებიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე არასწორი იყო მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვის მერის 26.01.2018წ. №... წერილი. რეზერვში ჩარიცხვა ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ტოლფასი თანამდებობა, ან არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებაზე მოხელე ამბობს უარს. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა, რაც უნდა შეეთავაზებინათ ბ. მ-ასათვის. შესაბამისად, სასამართლომ ბ. მ-ას მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია.
ამასთან, ტოლფას თანამდებობაზე ხ. ს-ისა და ქ. კ-ის აღდგენის თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. სასამართლოს მითითებით, როგორც დადგენილია, ხ. ს-ე და ქ. კ-ე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. ისინი გადაყვანილ იქნენ სხვა - დაბალი რანგის თანამდებობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლიდან გამომდინარე, რასაც ნებაყოფლობით დათანხმდნენ. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ მათთვის უცნობი იყო სხვა ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ და იძულებული იყვნენ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე დათანხმებულიყვნენ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნას, ვინაიდან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეკვლიათ ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა თუ არა ტოლფასი თანამდებობა, არა მარტო რანგირებიდან გამომდინარე, არამედ ფუნქციური დატვირთვისა და მათი კომპეტენციის გათვალისწინებით და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ორგანიზაციის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია იმ ნაწილში, რომ ხ. ს-ის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა - …ის …ის სამსახურის …ის თანამდებობა და ქ. კ-ის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების …ის - …ე რანგის, …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობა, ფუნქციურად და რადიკალურად განსხვავებული სფეროს განყოფილებებია და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა აღნიშნულ თანამდებობებზე მათი გადაყვანა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ. ს-ისა და ქ. კ-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, თანმდევი შედეგებით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება ხ. ს-ისა და ქ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ. ს-ემ და ქ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება ბ. მ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და გ. ი-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს ბ. მ-ამ დააზუსტა სარჩელი, რის შედეგადაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 თებერვლის №... ბრძანების დანართი №1-ისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 27 თებერვლის №1 სხდომის ოქმის დანართი #1-ის (…ის სამსახურის …ის შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში (დანართების 1-ლი პოზიცია)) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ხ. ს-ის, ქ. კ-ის, გ. ი-ის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება; ბ. მ-ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 22.02.2018წ. №... ბრძანების დანართი №1 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 27.02.2018წ. №1 სხდომის ოქმის დანართი #1 (…ის სამსახურის …ის შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში (დანართების 1-ლი პოზიცია)).
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. მ-ას მიმართ მობილობის პროცედურა არ განხორციელებულა კანონმდებლობის დაცვით. ადმინისტრაციის ვალდებულებაა შტატების შემცირების დროს მუშაკს შესთავაზოს შესაბამისი თანამდებობა. იგივეა აღნიშნული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლებში, რომლებიც მოითხოვენ მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას. ბ. მ-ას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა არ შესთავაზა პრაქტიკულად იგივე თანამდებობა, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ...ის სამსახურის …ის შტატი კონკურსს არ უნდა დაქვემდებარებოდა, რამდენადაც მასზე მობილობის წესით ბ. მ-ას პრეტენზია იყო გასათვალისწინებელი, შესაბამისად, დაზუსტებული სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება ხ. ს-ეს და ქ. კ-ეს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა. ისინი გადაიყვანეს სხვა - დაბალი რანგის თანამდებობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლიდან გამომდინარე, რასაც ნებაყოფლობით დათანხმდნენ. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა მათი პოზიცია, რომ არ იცოდნენ სხვა ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ და იძულებული იყვნენ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე დათანხმებულიყვნენ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. ს-ემ და ქ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ხ. ს-ისა და ქ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების - ხ. ს-ის და ქ. კ-ის განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქალაქი ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ თვითმმართველ ქალაქად გაერთიანებისას ხ. ს-ე და ქ. კ-ე ექვემდებარებოდნენ მობილობას. კასატორები მიუთითებენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 52-ე მუხლზე და აღნიშნავენ, რომ მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელისადმი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს შეთავაზება ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თუ ამგვარ თანამდებობაზე დანიშვნის რესურსი მობილობის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია, რისთვისაც აუცილებელია ამ თანამდებობაზე დასანიშნმა სუბიექტმა განაცხადოს თანხმობა. რაც შეეხება ამგვარი რესურსის არარსებობის შემთხვევას, მობილობას დაქვემდებარებული საჯარო მოხელე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის კომპეტენციის შეფასება-კვლევის შედეგების გათვალისწინებით დანიშნულ უნდა იქნეს დაბალ თანამდებობაზე. კასატორთა მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ. ს-ის და ქ. კ-ის მიმართ მობილობის პროცესი დაცულია, მაშინ როდესაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე ორივე საჯარო მოხელესთან მიმართებაში თანამდებობის შეთავაზება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ორივე მათგანს შესთავაზეს დაბალი რანგის თანამდებობები, მაშინ როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მათი ტოლფას თანამდებობაზე გამწესებისათვის სრული რესურსი გააჩნდა. კასატორებისთვის ასევე გაურკვეველია სასამართლოს მოსაზრება ტოლფასი თანამდებობის მნიშვნელობაზე, რასაც არსებითი დატვირთვა აქვს მათთან მიმართებაში მობილობის წესის დაცულობის შეფასებისას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ და გ. ი-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბ. მ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიისა და გ. ი-ის მითითებით, ბ. მ-ამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაზარდა მოთხოვნა, მოპასუხე მხარედ მერიასთან ერთად მიეთითა საკონკურსო კომისია და დამატებით მოითხოვა ...ის სამსახურის …ის ვაკანსიაზე, ღია კონკურსის გამოცხადების ნაწილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 თებერვლის №... ბრძანებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 27 თებერვლის №1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. კასატორების მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მიხედვით, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. კასატორების მოსაზრებით, ბ. მ-ამ სააპელაციო სასამართლოში გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სარჩელის დაზუსტების თაობაზე ბ. მ-ას შუამდგომლობის წარდგენისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი. კასატორები მიუთითებენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და აღნიშნავენ, რომ სასამართლოს მიერ შეთავაზებული სარჩელის დაზუსტება არ შეიძლება ჩაითვალოს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების შეცვლაში, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს მხარისათვის რეალური სამართლებრივი დახმარების მიზნით. ამასთანავე, კასატორების მითითებით, გასულია ხსენებული აქტების გასაჩივრების ვადა.
კასატორების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიისა და გ. ი-ის განმარტებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეორგანიზებულ ორ მუნიციპალიტეტში არსებული 18 სამსახურის ნაცვლად შეექმნა 9 სამსახური. აქედან 3 სამსახურის …ის ვაკანსიასთან მიმართებაში დანიშნა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც ექნებოდათ ადრე არსებულ და რეორგანიზებული სამსახურების …საც, რაც არა მარტო სამართლებრივი, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც საუკეთესო კანდიდატურის შერჩევის შესაძლებლობას იძლეოდა. კასატორები მიუთითებენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 52-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე. კასატორების მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 126.1 მუხლი მუნიციპალიტეტს აძლევდა საშუალებას განეხორციელებინა არსებულ ვაკანსიაზე ღია კონკურსის წესით პირის დანიშვნა. მოცემულ შემთხვევაში, მერია მოქმედებდა მაღალი საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან ღია კონკურსი უზრუნველყოფდა საუკეთესო კანდიდატურის შერჩევას. კასატორების მოსაზრებით, მთავრობის №199 დადგენილებაში არსებული დანაწესი არ და ვერ გამორიცხავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მინიჭებულ უფლებას - ვაკანსიაზე დანიშნულიყო ღია კონკურსი, სწორედ ღია კონკურსის დანიშვნის გამო ვერ მოხდა ამავე თანამდებობის შეთავაზება მოსარჩელისთვის.
ამასთან, კასატორები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია და გ. ი-ი მიუთითებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №... და 2017 წლის 14 დეკემბრის №... დადგენილებებზე და მიიჩნევენ, რომ ახალ მუნიციპალიტეტში შექმნილი ...ის სამსახურის …ის თანამდებობა არ წარმოადგენს გაუქმებულ მუნიციპალიტეტში არსებული …ი სამსახურის …ის თანამდებობის ტოლფასს. კასატორთა მითითებით, მუნიციპალიტეტების შერწყმის შედეგად შეიქმნა ახალი სამსახური, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრე არსებულისგან. კერძოდ, ახალ სამსახურს დაემატა 4 სრულიად ახალი განყოფილება: …ის განყოფილება, …ის განყოფილება, მერის …ის განყოფილება, …ის განყოფილება, რაც საერთოდ არ შედიოდა ადრე არსებული სამსახურის ფუნქციებში, ხოლო ძველ სამსახურში შედიოდა …ი განყოფილება, …ი განყოფილება და …ის განყოფილება. ახლად წარმოშობილი სამსახურის …ის თანამდებობა საჭიროებდა ადრინდელისგან განსხვავებულ ცოდნას, კვალიფიკაციას და უნარ-ჩვევებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო თანამდებობაზე დასანიშნი პირი შერჩეულიყო ღია კონკურსის წესით. კასატორების მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
კასატორის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოთა გადაწყვეტილებებში არ არის განმარტებული ტოლფასი თანამდებობის ცნება. კასატორის მტკიცებით, ახლადშექმნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამსახური დასახელებითაც და ფუნქციურადაც წარმოადგენს განსხვავებულ სამსახურს, რაც გააჩნდა ოზურგეთის და ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. ამასთან, კასატორის მითითებით, ახლადშექმნილი სამსახურის …ის თანამდებობაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასი. კასატორის მოსაზრებით, შესაძლებელია ბ. მ-ას კვალიფიკაცია შესაბამისი იყოს მის მიერ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის …ი სამსახურის …ის თანამდებობასთან, თუმცა ახლადშექმნილ სამსახურში, რომელიც ფუნქციურადაც ახალია, საჭირო იყოს განსხვავებული კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირი. ამასთან, კასატორი აღინიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურის პროექტის შემუშავება მერიის, ხოლო მისი დამტკიცება საკრებულოს ექსკლუზიური კომპეტენციაა და ამ კომპეტენციაში ხელისუფლების ვერც აღმასრულებელი და ვერ საკანონმდებლო ორგანო ვერ ჩაერევა.
კასატორის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის მითითებით, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: შეიქმნა შესაბამისი საკონკურსო კომისია; კანდიდატთა შეფასების ფორმად განისაზღვრა გასაუბრება; ვაკანტურ თანამდებობებზე ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადდა ღია კონკურსი; განისაზღვრა ვაკანტური თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობა და კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნები და კვალიფიკაცია; კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად მიეცათ კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 51 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა საუკეთესო კანდიდატები, მათ შორის …ის სამსახურის …ის თანამდებობაზე გ. ი-ის კანდიდატურა. კასატორის მითითებით, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ყველა პროცედურა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლისა და 7 მარტის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის, გ. ი-ის, ხ. ს-ისა და ქ. კ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის, გ. ი-ის, ხ. ს-ისა და ქ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის, გ. ი-ის, ხ. ს-ისა და ქ. კ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. მ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ხ. ს-ისა და ქ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 აპრილის №... ბრძანებით ბ. მ-ა დაინიშნა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …ის თანამდებობაზე. 2017 წლის 21 დეკემბერს ბ. მ-ას მობილობის წესით შესთავაზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ო განყოფილების მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობა. 2018 წლის 26 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა №... წერილით ბ. მ-ას შესთავაზა რეზერვში ჩარიცხვა, რაზედაც მან 2018 წლის 29 იანვარს უარი განაცხადა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №... ბრძანებით ბ. მ-ა გათავისუფლდა გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …ის, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობიდან და 2 წლის ვადით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში.
მოსარჩელე ხ. ს-ე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 4 აგვისტოს №… ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის …დ, ხოლო 2017 წლის 5 ივლისის №... ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის …ის …ი რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის №... ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის …ი, …ი რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი ხ. ს-ე, მისივე თანხმობით, მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ო განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებით ქ. კ-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლის 5 ივლისის №... ბრძანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებაში შევიდა შესწორება და ქ. კ-ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების …ის მე-… რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის №... ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების …ი, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი ქ. კ-ე, მისივე თანხმობით, მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-… რანგის მე-… კატეგორიის …ი …ის თანამდებობაზე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოპასუხემ ისე დააქვეითა რანგირებითა და კატეგორიებით მოხელეები, რომ არ დაიცვა მობილობის წესი და არ შესთავაზა მათი რანგის შესაფერისი თანამდებობა, მაშინ, როცა ასეთი შტატები ვაკანტური იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ამდენად, განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში სადავო გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მობილობის კანონიერება.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987-IIს დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103.3 მუხლის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცდა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომელმაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს (პირველი მუხ.). დასახელებულმა მობილობის წესმა მობილობის მიზნები დაუკავშირა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფას, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნებას (მე-2 მუხ.). მობილობის წესის მე-12 მუხლით გაწერილია მობილობის პროცედურები.
სადავო მობილობის განხორციელების დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი პირდაპირ და არაორაზროვნად მიუთითებს მობილობის პროცესში მოხელის დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობას მხოლოდ ტოლფასი თანამდებობის არარსებობის დროს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ დახვეწისა და არსებული ბუნდოვანებების აღმოფხვრის მიზნით, მობილობის პროცედურების განსაზღვრულობისა და სიცხადის თვალსაზრისით, მობილობის წესში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №315 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაზუსტდა და ნათლად განისაზღვრა რიგი საკითხები.
მობილობის წესში განხორციელებული ცვლილებებიდან აღსანიშნავია მე-12 მუხლის ახლად ჩამოყალიბებული რედაქცია, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“ განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო კანონმდებლის ნება მობილობის წესის განხორციელების პროცესში, დააზუსტა და ხაზი გაუსვა მობილობის მიზნებსა და არსს. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებამდე, ასევე ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციით ცალსახაა მობილობის უმთავრესი პრინციპი - გასათავისუფლებელი მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება და მოხელის დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა მხოლოდ ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას. ამდენად, მობილობის მიზნებისა და არსის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, თავდაპირველად მოხელისთვის ხდება ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება და მხოლოდ ასეთის არარსებობის დროს, დაბალი თანამდებობის განხილვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანების შემდეგ დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები. აღნიშნული საშტატო ნუსხით კი, შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დღის წესრიგში დადგა მობილობის წესის განხორციელება, რისი სათანადოობა და კანონთან შესაბამისობაც სადავოდ არის ქცეული მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში.
დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე ხ. ს-ე იკავებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის …ის …ი რანგის თანამდებობას, ხოლო მოსარჩელე ბ. მ-ა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …ის …ი რანგის თანამდებობას. წარმოდგენილი სარჩელების მიხედვით, მოსარჩელეები - ბ. მ-ა და ხ. ს-ე პრეტენზიას გამოთქვამენ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოყალიბებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, …ი სამსახურის …ის …ი რანგის თანამდებობის ტოლფას თანამდებობას სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობა წარმოადგენდა, რასაც არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანო და მიუთითებს, რომ ახლად შექმნილ თანამდებობაზე რიგი ფუნქციების დამატება გამორიცხავს მის ტოლფას თანამდებობად განხილვას. საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე არსებული ადმინისტრაციული სამსახურებისა და ახლად შექმნილი ...ის სამსახურის დებულებებზე. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების 3.2 მუხლის თანახმად, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება; გ) იურიდიული განყოფილება; დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება. დებულების 1.1 მუხლის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. აღნიშნული ფუნქციები ცალკეული პუნქტებით გადმოცემულია ამავე დებულების მე-4 მუხლში. ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 თებერვლის №... ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №... დადგენილებით დამტკიცებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების 3.2 მუხლის თანახმად, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება; დ) პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება. დებულების მე-4 მუხლის მიხედვით კი, სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ; საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივირებას; ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; გამგეობის მოხელეთა საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფას, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავებას; გამგეობის მოხელეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; გამგეობის მოხელეთა პირადი საქმეების წარმოებას; გამგეობის მოხელეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; გამგეობის მოხელეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; გამგეობის ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, საკრებულოსთან, იურიდიულ პირებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ურთიერთობას მასობრივი ინფორმაციების საშუალებებთან; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; გამგეობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნებას; სამსახურის სამუშაოთა გეგმების/ანგარიშების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების/ანგარიშების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის/ანგარიშის პროექტის მომზადებას; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგებლის წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობას; გამგებლის, გამგებლის მოადგილეების მიერ გასამართი თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის №... ბრძანებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №... დადგენილებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის დებულება, რომლის 1.1 მუხლის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახური არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. დებულების 3.2 მუხლის მიხედვით, სამსახურის განყოფილებებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; დ) სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის განყოფილება; ე) მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ზ) საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება. დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის ფუნქციები, კერძოდ, მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; ელექტრონული საქმისწარმოების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა; ადამიანური რესურსების მართვა; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის წარმოება; მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერის ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე მერის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილოების ფორმების აგრეთვე დამატებითი მონაწილოების ფორმების დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; მერიის ვებგვერდის და სოციალური მედიაგვერდების მართვა; საჯარო ინფორმაციის გაცემის და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში პრობლემების ანალიზს და მათი გადაწყვეტის გზების შემუშავებას, ასევე საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების დადგენას, შუალედური და საბოლოო შედეგების განსაზღვრას, მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის №... ბრძანებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.
მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე არსებული ადმინისტრაციული სამსახურებისა და ახლად შექმნილი ...ის სამსახურის დასახელებული დებულებებით განსაზღვრული ფუნქციები თავისი არსით უმეტესწილად მსგავსია. ასევეა სამუშაო აღწერილობებით. მითითებული დებულებების შინაარსის მიხედვით აღსანიშნავია, რომ ახალ სამსახურში დამატებული განყოფილებებით გათვალისწინებული ფუნქციების ნაწილი შედიოდა ძველი სამსახურის უფლებამოსილებებშიც, მაგალითისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურს, განსხვავებით ძველი სამსახურისგან, დაემატა …ის განყოფილება, თუმცა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი სამსახურის დებულებების მიხედვით, მერიისა და გამგეობის …ი სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფდა …ის …ას … …თან, …თან, …ო …თან, … … …თან … …ო …თან. ამდენად, მართალია, ახალ სამსახურს დაემატა ახალი განყოფილებები, თუმცა უდავოა, რომ ახალი სამსახური, გარკვეული ფუნქციების დამატებით, დაფუძნებულია … სამსახურზე, მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შენარჩუნებით. …ი სამსახურის ფუნქციის სხვა სამსახური არ ჩამოყალიბებულა, ეს უფლებამოსილება სრულად მოიცვა ახალმა სამსახურმა. აღნიშნულს ხაზს უსვამს თავად „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №... დადგენილება, რომლის მე-2 მუხლით, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა: ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №... დადგენილება და ბ) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №... დადგენილება.
სადავო მობილობის განხორციელებისას კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა ტოლფასი თანამდებობის დეფინიციას. ტოლფასი თანამდებობის შეფასებას ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები განსაზღვრავდა. ტოლფასი ყოველთვის იდენტურს არ გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდებოდა ტოლფასი თანამდებობის რეალური მოძიება ახლად შექმნილ, რეორგანიზაციას დაქვემდებარებულ დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“ განხორციელებული ცვლილებებით ერთიანი მიდგომების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა ტოლფასი თანამდებობის დეფინიცია, რომლის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა წარმოადგენს იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობას, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია (მობილობის წესის 3.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი).
განხორციელებული ცვლილებებით გამყარდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მოცემულ შემთხვევაში ტოლფასი თანამდებობის შეფასების თაობაზე. საქმეში არსებული მასალების, ასევე ზემოაღნიშნული დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოთა გაერთიანების შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის დასახელების ცვლილებას, ხოლო თავად სამსახურის ფუნქციების, მიზნებისა და დანიშნულების ცვლილების ისეთ თვისობრივი და არსებითი ხასიათის ცვლილებას, რომელიც ...ს სხვა პროფესიულ და კომპეტენციურ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს წაუყენებდა, ადგილი არ ჰქონია. სამსახურის ადგილი იგივეა ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ასევე უმეტესწილად მსგავსია ძირითად უფლებათა წრე (მდგომარეობას არ ცვლის ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე არაარსებითი მოთხოვნის დამატება). ახლად შექმნილმა სამსახურმა რეალურად შეინარჩუნა იგივე ფუნქცია, მიზნები და დატვირთვა, რაც ასევე დასტურდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის დეკემბრის №4 დადგენილებაზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი დასკვნით, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ჯეროვანი განხორციელების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის სფეროში სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, ნორმატიული აქტის ექსპერტიზის განხორციელების შედეგად, დაფიქსირებულია, რომ „…ის სამსახური“, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „…ი სამსახური“. ამდენად, ერთი მხრივ, მხოლოდ სამსახურის სახელწოდების ცვლილება ვერ გამორიცხავს ტოლფასი თანამდებობის არსებობას, ხოლო მეორე მხრივ, მთავრობის სამართლებრივი დასკვნით ასევე ბათილდება მერიის მითითება სამსახურის შეცვლილ სახელწოდებაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №… დადგენილებით დამტკიცდა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“. ამავე დადგენილების მე-2 მუხლით, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილოებითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №... დადგენილება. დებულების 3.2 მუხლის მიხედვით კი, სამსახურის განყოფილებებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის განყოფილება; გ) მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტს ძველი და ახლად შექმნილი სამსახურის …ის განსხვავებული თანამდებობრივი სარგოების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მერიის მიერ შესაგებელზე თანდართული „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 აგვისტოს №... დადგენილების №1 დანართით, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილების დანართითა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №... დადგენილების დანართით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების ოდენობების სისტემური ანალიზის საფუძველზე მიუთითებს, რომ თანამდებობრივი სარგოს მატება განხორციელდა არა მხოლოდ ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე, არამედ ხელფასის მატება შეეხო მერიის ყველა სხვა დანარჩენი სამსახურის …სა და მერიის სხვა მოხელეებს. საქმეზე ვერ დასტურდება, რომ ...ის სამსახურის …ის თანამდებობრივი სარგოს მატება არა ზოგადად … ერთეულში სახელფასო ბიუჯეტის ზრდამ, არამედ, ახლად შექმნილი სამსახურისთვის გარკვეული ფუნქციების დამატებამ განაპირობა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს - ხ. ს-ეს და ბ. მ-ას მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ეკავათ ადმინისტრაციული სამსახურის …ის თანამდებობები გამგეობასა და მერიაში, რომლის ტოლფას - უმეტესწილად მსგავს თანამდებობას ახლად ჩამოყალიბებულ მუნიციპალიტეტში სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობა წარმოადგენდა, რაც მერიას ავალდებულებდა მობილობის პროცესი განეხორციელებინა კანონის დაცვით, მისი არსისა და მიზნების გათვალისწინებით და ტოლფასი თანამდებობის არსებობისას, მობილობის წესის დარღვევით, მობილობის პროცედურა არ დაეწყო პირდაპირ დაბალი თანამდებობის შეთავაზებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ დაადასტურა, რომ ბ. მ-ასა და ხ. ს-ისთვის შეთავაზებულ იქნა მათი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამასთან, მოსარჩელეებს ისე შესთავაზეს დაბალი თანამდებობა, რომ მათი პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მახასიათებლები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტოლფას თანამდებობაზე მათი კანდიდატურების შესაბამისობის დადგენის კუთხით, სათანადოდ განხილული არ ყოფილა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცდა „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი“, რომელიც ადგენს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებსა და შეფასების პროცედურებს. ამ წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესითა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების გარდა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით გაიწერა მობილობის განხორციელებისას მუნიციპალიტეტების მიერ სახელმძღვანელო სპეციალური წესი, რომლის მიხედვით, შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის პრინციპების დაცვით (მე-2 მუხ.). მოხელის შეფასებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში შექმნილი მოხელის შეფასების კომისია (3.1 მუხლი). დასახელებული წესით დადგენილია კომისიის ფორმირების წესი (მე-3 მუხლი) და უფლება-მოვალეობები (მე-5 მუხლი). თავის მხრივ, დასახელებული წესით უზრუნველყოფილია მოხელის უფლება გაეცნოს მის მიმართ შედგენილ უშუალო ხელმძღვანელის დახასიათებას, ხოლო უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში - ზემდგომი თანამდებობის პირის დახასიათებას და, სურვილის შემთხვევაში, გასაუბრებამდე წერილობით წარუდგინოს კომისიას თვითშეფასება. ამასთან, შესაფასებელი მოხელე ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან. შესაფასებელმა მოხელემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას (მე-4 მუხლი). შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო. შეფასება ხდება კომისიის მიერ მოხელესთან გასაუბრებით, რომლის დროსაც ფასდება მოხელის ფუნქციები, კომპეტენციები, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოხელის კომპეტენციები ფასდება, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შევსებული მოხელის დახასიათების ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ შევსებული დახასიათების შინაარსის გათვალისწინებით. შესაფასებელი მოხელის უშუალო ხელმძღვანელის ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ მოხელის კომპეტენციების დახასიათება კომისიას წარედგინება გასაუბრებამდე. მოხელის გასაუბრების პროცესს ესწრება მოხელის უშუალო ხელმძღვანელი (მე-6 მუხლი). შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა ან გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა კომისიის მიერ ფასდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი უნდა შეიცავდეს თითოეული კანდიდატის შეფასების შესახებ კომისიის წევრთა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას (მე-7 მუხლი). დასახელებული წესის 8.3 მუხლი ადგენს, რომ 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
ამდენად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული წესი მობილობის პროცესში წარმოადგენს სპეციალურ სამართლებრივ აქტს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებისას. მართალია, საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ ახლად შექმნილ სამსახურს დაემატა ფუნქციები და მერია ღია კონკურსის წესით არჩევდა სათანადო კანდიდატურას, თუმცა ვაკანტურ ტოლფას პოზიციაზე მოსარჩელეთა - ბ. მ-ას და ხ. ს-ის არასათანადოობა არ დადგენილა მობილობის განხორციელებისას. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის“ საფუძველზე განხორციელებული შეფასებების მიხედვით, მოსარჩელეების - ბ. მ-ასა და ხ. ს-ის შეფასების შედეგს წარმოადგენდა „საუკეთესო“, რაც მითითებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. დასახელებული წესის 8.3 მუხლი კი ადგენს, რომ მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეებს შესთავაზა გარკვეული თანამდებობები, არ ადასტურებს მობილობის კანონით დადგენილი წესით განხორციელებას. დაუსაბუთებელია რის საფუძველზე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ ბ. მ-ასა და ხ. ს-ისთვის, მობილობის ფარგლებში, მათი გამოცდილების, კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შეეთავაზებინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობა და არა ...ის სამსახურის …ის თანამდებობა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე …ი სამსახურის …ის თანამდებობას იკავებდნენ. მობილობის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის გამოსარიცხად, ამგვარი შესაბამისობის დადგენა არა მერის შინაგან რწმენას და პირად მოსაზრებებს, არამედ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის“ მიხედვით მოხელის შეფასებით უნდა განისაზღვროს, რაც ბ. მ-ასა და ხ. ს-ის შემთხვევაში „საუკეთესო“ შეფასებას წარმოადგენდა, ხსენებული წესის 8.3 მუხლის მიხედვით კი, მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სწორედ აღნიშნული შეფასებები.
ამდენად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია მობილობის წესი, როდესაც ბ. მ-ას და ხ. ს-ეს ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე პირდაპირ დაბალი თანამდებობა შესთავაზა. მობილობის პროცედურები უნდა განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ მობილობის წესით დასახული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც ორივე მოსარჩელე - ბ. მ-ა და ხ. ს-ე პრეტენზიას აცხადებს ერთი და იმავე პოზიციაზე. ამგვარ ვითარებაში ადმინისტრაციულ ორგანოს მათი შერჩევის პროცესში უნდა ესარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც საუკეთესოს შერჩევის პრინციპის საფუძველზე, მობილობის წესის ობიექტურად და კანონის შესაბამისად განხორციელების მიზნით უფლებამოსილი იყო ბ. მ-ას და ხ. ს-ეს კანდიდატებს შორის განესაზღვრა ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატურა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საჯარო მმართველობის განხორციელების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვით, გაუქმებული გამგეობისა და მერიის ...ი სამსახურების ...ის შეფასებისას უნდა დაედგინა მათგან საუკეთესო კანდიდატი, ვინაიდან გაუქმებული ორივე სამსახურის ტოლფას - უმეტესწილად მსგავს თანამდებობას ახლად შექმნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ის თანამდებობა წარმოადგენდა.
ამდენად, მობილობის პროცედურის სათანადოდ განხორციელების პირობებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ახლად შექმნილი სამსახურის …ის თანამდებობის შეთავაზება ბ. მ-ასა და ხ. ს-ეს შორის საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განეხორციელებინა.
მობილობის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის წერილობით მიმართვაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში დაწყებულ მობილობის პროცესში, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობენ გათვალისწინებულ იყოს მოხელეთა დროებითი კომისიის შეფასებები, ასევე მოხელეთა კომპეტენცია, განათლება, პროფესიული უნარები. წერილობითი მიმართვის თანახმად, ვინაიდან კანონის მიხედვით ჰქონდათ ვალდებულება მუნიციპალიტეტების მერებმა მობილობის პროცესი წარმართონ საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით, ბიუროს ეთხოვა დამატებითი განმარტებების გაცემა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: 1. რამდენად იყო შესაძლებელი მობილობის პროცესში არ შეევსოთ ყველა ვაკანსია და გამოეცხადებინათ ღია კონკურსი. განსაკუთრებით აინტერესებდათ ღია კონკურსის ჩატარების შესაძლებლობა იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომელიც არ არსებობდა ლიკვიდირებულ მუნიციპალიტეტებში და შექმნილია ახალ მუნიციპალიტეტში. 2. შესაძლებელი იყო თუ არა მობილობის პროცესში მე-… რანგის მე-… კატეგორიის თანამშრომლისთვის იმავე რანგში შეეთავაზებინათ უფრო მაღალი კატეგორია. 3. როცა ერთი და იმავე პოზიციაზე ჰყავდათ მოხელეები საუკეთესო შეფასებით, რა ობიექტური კრიტერიუმებით უნდა ეხელმძღვანელათ თანამდებობაზე გადაყვანისას. 4. მობილობა ეს არის დაწესებულების შესაძლებლობა კონკურსის და დამატებითი პროცედურების გარეშე გადაიყვანოს გაუქმებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საკუთარ შტატში, თუ მუნიციპალიტეტის ვალდებულება უზრუნველყოს ყველა თანამშრომლის დასაქმება. 5. სამსახურის …ის მობილობით გადაყვანისას, რამდენად ჰქონდათ ვალდებულება პირველ რიგში მისთვის შეეთავაზებინათ ერთი რანგით დაბალი თანამდებობა, თუ შესაძლებელი იყო ნებისმიერი რანგის თანამდებობის შეთავაზებაც.
აღნიშნული წერილის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 26 დეკემბრის წერილით, რეკომენდაციის ფარგლებში, მიეთითა 1. „საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მულზე და ეცნობა, რომ მობილობის წესით პირის ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანა უნდა განხორციელდეს ხსენებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, საჯარო სამსახურის პრინციპების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებამ უპირველესყოვლისა უნდა უზრუნველყოს ვაკანტური თანამდებობების გამოყენება მობილობის მიზნებისათვის. 2. ხსენებული მუხლის შესაბამისად, მობილობის პროცესში მოხელის ქვედა იერარქიული რანგის თანამდებობიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებობაზე, ასევე დაბალი თანამდებობიდან იმავე იერარქიული რანგის მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა ეწინააღმდეგებოდა მობილობის წესებს. 3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეაფასოს ყველა ფაქტობრივი გარემოება მოხელეების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, კომპეტენციის, შრომის დისციპლინისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ და მხოლოდ ამ მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის საფუძველზე, საუკეთესოს ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 4. მობილობის საფუძველზე, მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება საჯარო კონკურსის (ღია ან დახურული) გარეშე იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულების ვაკანტურ თანამდებობაზე, პირველ პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების გათვალისწინებით. 5. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დროს, მობილობის საფუძველზე, მოხელე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე.
მობილობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 16 იანვრის წერილობით მიმართვაზე, რომლის მიხედვით, ბიუროში წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვეოდა, რომ გარკვეულ თანამდებობებზე მოხელეები მობილობის განხორციელების პროცესში დაინიშნენ უფრო მაღალ თანამდებობებზე. ბიუროს მიერ განიმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონით, კარიერული განვითარება ხდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, მობილობა კი გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანას.
ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ ბ. მ-ას რეზერვში ჩარიცხვა განხორციელდა უკანონოდ. მოხელის რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში კი მობილობის პროცედურა კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა.
ამასთან, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ა აღდგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე გ. ი-ის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 მაისის ბრძანება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ბ. მ-ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 22.02.2018წ. №... ბრძანების დანართი №1 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 27.02.2018წ. №1 სხდომის ოქმის დანართი №1 (...ის სამსახურის …ის შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში (დანართების 1-ლი პოზიცია)).
ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბ. მ-ას სამსახურში აღდგენას დაუკავშირეს კონკურსის წესით დანიშნული საჯარო მოხელის გათავისუფლება. სასამართლო კონკურსის თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით ასაბუთებს, რომ მობილობის წესის სათანადოდ განხორციელებისას აღნიშნული კონკურსი არ უნდა გამოცხადებულიყო.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო სამსახურის სტაბილურობა განამტკიცა არა მხოლოდ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის კუთხით, არამედ კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოხელის მიერ თანამდებობის შენარჩუნების კუთხითაც. ამჟამად მოქმედმა კანონმა, განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისგან, გამორიცხა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენისას სადავო თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით დანიშნული პირის გათავისუფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობაზე. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი საფუძველი გათვალისწინებული არ არის ამჟამად მოქმედი კანონით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს უკანონოდ გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით.
ამდენად, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენის პროცედურა სისტემურად აგებულია იმგვარად, რომ კანონით დადგენილი წესით დანიშნულ მოხელეს არ შეეხოს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებით გამოწვეული უარყოფითი სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საკონკურსო კომისიის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რომ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: შეიქმნა შესაბამისი საკონკურსო კომისია; კანდიდატთა შეფასების ფორმად განისაზღვრა გასაუბრება; ვაკანტურ თანამდებობებზე ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადდა ღია კონკურსი; განისაზღვრა ვაკანტური თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობა და კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნები და კვალიფიკაცია; კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად მიეცათ კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა საუკეთესო კანდიდატები, მათ შორის, …ის …ის თანამდებობაზე გ. ი-ის კანდიდატურა. კასატორის მითითებით, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ყველა პროცედურა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს სცილდება კონკურსის წესით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე დანიშნული გ. ი-ის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის დადგენა, რამეთუ ბ. მ-ას მონაწილეობა არ მიუღია ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში და სასამართლო არ ახდენს ბ. მ-ასა და გ. ი-ის კანდიდატების შეფასებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს ბ. მ-ას სამსახურში აღდგენისას სადავო თანამდებობაზე დანიშნული პირის გათავისუფლებას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მობილობის პროცედურის დარღვევის თანმდევ სამართლებრივ შედეგს არ წარმოადგენს კონკურსის წესით დანიშნული პირის გათავისუფლება. აღნიშნული კი აზრს უკარგავს კასატორთა პრეტენზიებს ბ. მ-ას მიერ სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს როგორც თავდაპირველი ფორმულირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კონკურსის ბათილად ცნობას, ასევე დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც საქმის განხილვისას დადასტურებულია, რომ ვაკანტური არ არის ბ. მ-ას მიერ მოთხოვნილი თანამდებობა, ბ. მ-ა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით ექვემდებარება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამასთანავე, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევებს (თანამდებობის არარსებობის ან ამ თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო). იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო საჯარო დაწესებულებამ უნდა მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მას ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით, ბ. მ-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - 2018 წლის თებერვლიდან მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე (იხ. სუსგ 13.09.2007წ. №ბს-171-160(კ-07); 28.05.2008წ. №ბს-65-65(2კ-08); 05.02.2019წ. №ბს-1512(კს-18)). ამ გადაწყვეტილებით არ ხდება ბ. მ-ას მიერ მოთხოვნილ თანამდებობაზე უშუალოდ, პირდაპირ აღდგენა. ბ. მ-ა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით აღდგენილ უნდა იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი სამსახურის …ის ტოლფას თანამდებობაზე. მართალია, დადგინდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მობილობის წესის დარღვევით ბ. მ-ასთვის არ შეუთავაზებია ტოლფასი - ...ის სამსახურის …ის თანამდებობა, თუმცა ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ახლად შექმნილი სამსახურის …ის თანამდებობის შეთავაზება ბ. მ-ასა და ხ. ს-ეს შორის საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განეხორციელებინა. ამდენად, არ დადასტურებულა ბ. მ-ას უპირობოდ ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის საკითხი, რაც ასევე გამორიცხავს აღნიშნული თანამდებობისთვის განსაზღვრული სარგოს განაცდურად განხილვის შესაძლებლობას. რამდენადაც გათავისუფლებამდე ბ. მ-ა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 აპრილის №... ბრძანებით დანიშნული იყო ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სამსახურის …ის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა - ... ლარს, ამდენად, ასანაზღაურებელი განაცდურის ყოველთვიური ოდენობა უნდა განისაზღვროს ... ლარით. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს ბ. მ-ას მოთხოვნა 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისის (... ლარი) ანაზღაურების თაობაზე.
რაც შეეხება ხ. ს-ის მოთხოვნას ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ის ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე აღდგენას, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ბ. მ-ას მსგავსად, ხ. ს-ის ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე აღდგენას გამორიცხავს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის წესით დანიშნულია გ. ი-ი, ხოლო რაც შეეხება ხ. ს-ის მიერ მოთხოვნილ ...ის სამსახურის …ის თანამდებობას, იგი ფუნქციურად სრულიად განსხვავებულ სფეროს განეკუთვნება და არ წარმოადგენს ხ. ს-ის მიერ დაკავებული …ი სამსახურის …ის ტოლფას თანამდებობას, რაც სავალდებულოა მობილობის წესის განხორციელებისას. მობილობის პროცესში ტოლფასი თანამდებობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს მობილობას დაქვემდებარებული პირის კომპეტენციის გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ამოცანების შესრულებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ცოდნას. შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ხ. ს-ისთვის ...ის სამსახურის …ის თანამდებობის შეუთავაზებლობით არ დაურღვევია მობილობის პროცესი. აქვე აღსანიშნავია, რომ ...ის სამსახურის …ის თანამდებობაზე დანიშნულია საქმეში მესამე პირად ჩაბმული - ა. მ-ი, რაც ასევე გამორიცხავს აღნიშნულ ნაწილში ხ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ბ. მ-ასა და ხ. ს-ეს შესთავაზეს დაბალი თანამდებობა, რაზეც თანხმობა განაცხადა ხ. ს-ემ, ხოლო მისგან განსხვავებით, ბ. მ-ა არ დათანხმდა შეთავაზებულ დაბალ პოზიციას. შესაბამისად, ხ. ს-ე მისი თანხმობის საფუძველზე იქნა გადაყვანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე. ხოლო იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ხ. ს-ე განსხვავებულ სფეროში იქნა გადაყვანილი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ხ. ს-ის მხრიდან ნებაყოფლობით განხორციელდა.
ქ. კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით ქ. კ-ე ითხოვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების …ის, …ე რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე აღდგენას, იმ პირობებში, როდესაც იგი მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე იკავებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების …ის, …ე რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობას, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ სფეროს წარმოადგენს, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა აღნიშნულ თანამდებობაზე მისი მობილობის წესით გადაყვანა. კანონის მოთხოვნას წარმოადგენს პირის მიმართ მობილობა განხორციელდეს მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, ახალშექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში …ა განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ის სამსახურის …ი, …ი სტრუქტურული ერთეულის …ი - მ. ჯ-ე, ხოლო …ის განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ის სამსახურის …ის განყოფილების …ი, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი - თ. მ-ა. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიას ქ. კ-ისთვის მიცემული აქვს „კარგი“ შეფასება, ხოლო მ. ჯ-ისა და თ. მ-ასთვის „საუკეთესო“ შეფასებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლოში ქ. კ-ის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა, სადაც კასატორი მიუთითებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ...ის განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულია - დ. გ-ი, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ა სამსახურის …ა განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე - ნ. ხ-ი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებისა და 2019 წლის 4 აპრილის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. შესაბამისად, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორმა დამატებით დ. გ-ის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე აღდგენა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 და 341.2 მუხლების საფუძველზე საქმეში მესამე პირად დ. გ-ის ჩაბმა მოითხოვა. ამასთან, შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ შემცირებულ იქნა მოთხოვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ა სამსახურის …ა განყოფილების …ის, მე-… რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობაზე დანიშვნის ნაწილში. რამდენადაც ქ. კ-ის მიერ მოთხოვნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების …ის, …ე რანგის …ი სტრუქტურული ერთეულის …ის თანამდებობა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ქ. კ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობას და აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული წარმოდგენილი სარჩელი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მობილობის პროცედურის დარღვევის თანმდევ სამართლებრივ შედეგს არ წარმოადგენს კონკურსის წესით დანიშნული პირის გათავისუფლება, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს წარმოდგენილ შუამდგომლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირება კი ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის, გ. ი-ის, ხ. ს-ისა და ქ. კ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. მ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №... წერილი, ბ. მ-ა ამოირიცხოს მოხელეთა რეზერვიდან, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №... ბრძანება და ბ. მ-ა აღდგენილ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი სამსახურის …ის ტოლფას თანამდებობაზე; ბ. მ-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - 2018 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე; დანარჩენ ნაწილში ბ. მ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხ. ს-ისა და ქ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. მ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 12.02.2018წ. #15791587 საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300903150. ქ. კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ქ. კ-ისა და ხ. ს-ის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 26.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300903150. გ. ი-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 31.07.2018წ. #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300183150 და მის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 16.01.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის, გ. ი-ის, ხ. ს-ისა და ქ. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №... წერილი; ბ. მ-ა ამოირიცხოს მოხელეთა რეზერვიდან; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №... ბრძანება და ბ. მ-ა აღდგენილ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის …ი სტრუქტურული ერთეულის …ი სამსახურის …ის ტოლფას თანამდებობაზე;
5. ბ. მ-ას აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - 2018 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;
6. დანარჩენ ნაწილში ბ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. ხ. ს-ისა და ქ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
8. ბ. მ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 12.02.2018წ. #15791587 საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300903150;
9. ქ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ქ. კ-ისა და ხ. ს-ის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 26.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300903150;
10. გ. ი-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 31.07.2018წ. #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300183150 და მის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 16.01.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300773150;
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე