ბს-848(კ-19) 25 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ხ-მა 19.06.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ზიანის - 53 729 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. განჩინებით მოსარჩელე ა. ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ც. ო-ი, მ. ხ-ი და ბ. ხ-ი. 05.04.2016წ. წარდგენილ იქნა დაზუსტებული სარჩელი: მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება 44 573,40 ლარის ოდენობით. 26.01.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ზიანის სახით 44563,40 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 44 563,40 ლარის ანაზღუარება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის როგორც ამჟამად, ისე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნის ფართო უფლებამოსილებებით აღჭურავდა აღმასრულებელს, რათა მოეძიებინა მოვალის ქონება, გამოეყენებინა ყადაღა, ჩაეტარებინა იძულებითი აუქციონი და გაენაწილებინა ამოღებული თანხა. აღმასრულებელი ვალდებულია იმოქმედოს გულისხმიერების პრინციპის დაცვით და სრულყოფილად გამოიყენოს მისთვის ნორმატიულად მინიჭებული უფლებამოსილებები, რათა უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტიანი აღსრულება. აღმასრულებელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი შემთხვევა, როდესაც სააღსრულებო მოქმედებები არ ხორციელდება, ან ხორციელდება არაჯეროვნად, დაგვიანებით, არადროულად, რაც გადაწყევტილების აღსრულების შეუძლებლობას ან აღსრულების არსებითად გაჭიანურებას იწვევს. განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა 2003 წელს, თუმცა ერთ-ერთი მოვალის მოძრავი ნივთის რეალიზაცია განხორციელდა მხოლოდ 2013 წელს, რაც შეეხება მეორე მოვალეს, მისი ქონების აუქციონზე რეალიზაცია მოხდა მხოლოდ 2016 წელს, ხოლო კრედიტორთა და ვალდებულებათა სიმრავლის გამო, ა. ხ-ს ამოღებული თანხიდან გადაეცა მხოლოდ 16,36 ლარი. ამდენად, ცალსახაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული ა. ხ-ის მოთხოვნა იძულებითი აღსრულების შედეგად ფაქტობრივად ვერ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო საქმის გარემოებები არ მიუთითებს საქმის ისეთ სპეციფიკაზე, რაც აღსრულების ხანგრძლივობის გონივრულობას დაასაბუთებს. საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე, რომ სააღსრულებო ბიურომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. საქმეში დაცული მიმართვების ნაწილის შინაარსიდან არ იკვეთება, რომ ისინი სწორედ ა. ხ-ის მოთხოვნის აღსასრულებლად იქნა გაგზავნილი, ამასთან, წლების განმავლობაში არ დგინდება აღმასრულებლის მცდელობა მოეძიებინა მოვალეთა ქონება, მოეხდინა მათი დაყადაღება და აუქციონზე რეალიზაცია. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიურომ უგულებელყო აღსრულების სწრაფი და ეფექტური განხორციელების კანონისმიერი ვალდებულება, რამაც ა. ხ-ს მიაყენა ზიანი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ დგინდება სააღსრულებო ბიუროსადმი ა. ხ-ის არაერთგზის მიმართვა თავისი მოთხოვნის აღსრულების მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ მოვალეს სს „...ს“ ერიცხებოდა 22909032,63 ლარის ოდენობით საგადასახაო დავალიანება, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოვალის ქონებაზე გამოყენებული იყო ყადაღა. შესაბამისად, სააქციო საზოგადოების ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარა საგადასახადო დავალიანება. მეორე მოვალე - სს „ლ...ე“ იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული არ იყო. მისი ქონების მოძიების მიზნით 2013 წ. გაგზავნილ იქნა მიმართვები შესაბამის ორგანოებში, თუმცა უძრავი ქონება მოძიებული ვერ იქნა, სს „ლ...ეს“ მოძიებული მოძრავი ქონება - ...ის ...ი გაიყიდა აუქციონზე და კრედიტორ ა. ხ-ს ჩაერიცხა 696,97 ლარი. კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სხვა 92 საქმე, რომელშიც მოვალეა სს „...ი“. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია რის საფუძვლეზე მიიჩნია სასამართლომ დადგენილად აღმასრულებლის უმოქმედობა ან რა წესით გამოთვალა დაკისრებული ზიანის ოდენობა. კასატორმა იშუამდგომლა აგრეთვე საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 22.11.2002წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი მოპასუხეების სს „...ისა“ და სს „ლ...ეს“ მიმართ დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ერთდროულად 20667 ლარის, ხოლო 2002 წლის ივნისიდან ყოველთვიურად - 289,60 ლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 26.08.2003წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა 24.10.2003წ..
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესის განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. მაგ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, 27.09.2005წ., §42; შპს „ამატ ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, 27.12.2005წ., §47 და სხვ.). სასამართლო აქტების შესრულების სავალდებულოობა კონსტიტუციური პრინციპია (საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 62.1 მუხ., სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 82.2 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოებაში არსებული ორი მოვალის მიუხედავად, ერთ-ერთ მოვალეს - სს „ლ...ეს“ 2003წ. დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ ეცნობა მხოლოდ 2007 წელს, ხოლო მისი ქონების აუქციონზე რეალიზაცია მოხდა აღსრულების დაწყებიდან 10 წლის შემდეგ - 2013 წელს. რაც შეეხება მეორე მოვალეს - სს „...ს“, მართალია მას დაუყონებლივ ეცნობა სააღსრულებო წარმოების დაწყება და მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, თუმცა აღმასრულებელს არ განუხორციელებია დამატებითი ქმედითი ღონისძიებები ქონების მოძიების, აღწერისა და დაყადაღების მიზნით. აღმასრულებელმა მხოლოდ 3 წლის შემდეგ - 2006 წელს გამოითხოვა ინფორმაცია საგადასახადო ინსპექციიდან, შსს ინფორმატიზაციის სამმარველოდან და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან. საგადასახადო ინსპექციის საპასუხო წერილის მიხედვით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ სს „...ის“ ქონების ღირებულებად 2005 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით მითითებული იყო 1 656 985 ლარი. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ აღმასრულებელმა გამოიყენა მისთვის ნორმატიულად მინიჭებული უფლებამოსილებები და გაატარა რაიმე ქმედითი ღონისძიებები იმ ქონებაზე აღსრულების მისაქცევად, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარს აჭარბებდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პერიოდულად სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ხდებოდა მის სასარგებლოდ გამოყენებული იძულებით ღონისძიებების სრული თუ ნაწილობრივი გაუქმება. სს „...მა“ მხოლოდ 2013 წელს აცნობა სააღსრულებო ბიუროს, რომ იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და დღის წესრიგში იდგა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საკითხი. ამასთან, მართალია 2013 წლის მდგომარეობით მოვალეს ერიცხებოდა 22909032,63 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალიანება და 2016 წლის მდგომარეობით ჰყავდა 93 კრედიტორი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ა. ხ-ის სასარგებლოდ აღსრულება დაიწყო 2003 წელს და მაგ.: 2000 წელს მოვალეს ერიცხებოდა 4 804 457,67 ლარის საგადასახადო დავალიანება, ხოლო 2010 წელს სს „...ის“ მიმართ მიმდინარეობდა არა 93, არამედ 64 სააღსრულებო საქმის წარმოება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ რეგისტრაციის მომენტში - 1997 წელს სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10 882 539 ლარს, 1999 წელს - 3 235 725 ლარს, ხოლო 2009 წლის მდგომარეობით მოვალეს საკუთრებაში ერიცხებოდა არა ერთი უძრავი ქონება, რომელსაც სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 05.11.2009წ. ბრძანებით დაედო ყადაღა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სააღსრულებო ბიურომ ჯეროვნად არ შეასრულა მასზე ნორმატიულად დაკისრებული ვალდებულება კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მოვალეთა ქონების მოძიების, აღწერის, დაყადაღების, აუქციონზე რეალიზაციის, ა. ხ-ის სასარგებლოდ აღსრულების რეალურად განხორციელების მიზნით. აღმასრულებლის დაგვიანებული და არაეფექტიანი ქმედებების შედეგად ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ა. ხ-ის სასარგებლოდ აღსრულების განხორცელება. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სს „...ის“ საწესდებო კაპიტალის ოდენობის, საწარმოს მიერ 2005 წელს წარდგენილ ქონების დეკლარაციაში ასახული მონაცემების, წლების განმავლობაში საგადასახადო დავალიანებისა და კრედიტორთა რაოდენობის ზრდის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ პერიოდულად იძულებითი ღონისძიებების (ყადაღის) სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ფაქტის, წლების განმავლობაში მოვალეთა ქონების ქმედითი მოუძიებლობის გათვალისწინებით, დასტურდება სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების არაჯეროვნად, დაგვიანებით, არაეფექტიანად განხორციელება, რამაც წარმოშვა ზიანი, ა. ხ-მა და მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილი თანხის მიღება მაშინ, როდესაც აღსრულების სწრაფი, ადეკვატური და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, მათ მაღალი ალბათობით ექნებოდათ აღნიშნული თანხის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, ზიანის ოდენობა შეადგენს იმ თანხას, რომელსაც მიიღებდა ა. ხ-ი სასამრთლო გადაწყვეტილებით დადგენილი ერთდროული თანხისა და გარდაცვალებამდე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობით, რასაც აკლდება სს „ლ...ეს“ მიერ მოსარჩელეთათვის ნებაყოფლობით გადახდილი თანხისა და იძულებითი აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა, რადგან კასატორი უგულებელყოფს საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, ვერ ასაბუთებს აღსრულების გაჭიანურების გონივრულობას, წლების განმავლობაში ქონების მოძიებისა და რეალიზაციის მიზნით აღმასრულებლის უმოქმედობის საფუძვლიანობას. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის საჭიროება, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ შუამდგომლობაზე მსჯელობის საჭიროება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2019წ. განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2019წ. N05415 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.07.2019წ. N11655 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1928,17 ლარის 70%, - 1349,7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე