Facebook Twitter

№ბს-1362(2კ-19) 25 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. გ-ი

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 18 ივლისს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ თ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA ... წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოსარჩელე თ. გ-ის წელთა ნამსახურობის ანგარიშის გადაგზავნის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA ... წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. გ-მა, 2017 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და მისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA ... წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე თ. გ-ს ეცნობა, რომ მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა შეადგენდა 14 წელს 8 თვესა და 18 დღეს, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მოემზადებინა.

საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხების თანახმად, მოსარჩელე თ. გ-ი 1973-1975 და 1991-2003 წლებში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებისა, ასევე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე.

საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, 21-ე, 42-ე მუხლებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, მე-9, 53-ე, 601-ე, 96-97-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით; „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-11 მუხლებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-8, 23-ე, 26-ე მუხლებით, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის (დანართი №2) მე-2, მე-15 მუხლებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ. გ-მა, 2017 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და მისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის №MIA ... წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე თ. გ-ს ეცნობა, რომ მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა შეადგენდა 14 წელს, 8 თვესა და 18 დღეს, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მისთვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მოემზადებინა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე თ. გ-ი 1973-1975 და 1991-2003 წლებში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებისა მსახურობდა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, რაც მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ შეფასებულა.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ისე გადაწყვიტა მოსარჩელე თ. გ-ის სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებული უფლების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია, არ შეუფასებია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ აუსახავს მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის წლები მაშინ, როდესაც როგორც ზემოთ აღინიშნა კანონი სახელმწიფო კომპენსაციას ითვალისწინებს, როგორც სამხედრო სამსახურში, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 20 და 20-ზე მეტი წლის ნამსახურობის შემთხვევაში, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ წელთა გაანგარიშებაში უნდა ასახოს პირის მიერ ნამსახურების ყველა პერიოდი, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებში, ისე სამხედრო სამსახურში, რისთვისაც კანონით დადგენილი წესით უნდა მოიძიოს და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოძიებული და გამოკვლეული გარემოებები პირის ნამსახურობის წლებთან დაკავშირებით, უნდა გადაუგზავნოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა მას შესაძლებლობა მიეცეს განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს პირი აკმაყოფილებს თუ არა კანონით გათვალისწინებულ პირობებს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, რამდენადაც როგორც აღინიშნა ზემოთ მითითებული კანონი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სხვადასხვა საფუძვლებს ითვალისწინებს.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ წელთა ნამსახურობის გაანგარიშების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემულად მიიჩნია და მოპასუხეს, აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა, არ არსებობდა მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს თ. გ-მა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. აპელანტმა - თ. გ-მა სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო აპელანტმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. გ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-მა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორმა - თ. გ-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - თ. გ-ის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ მისი ნამსახურეობის ხანგრძლივობა სრულად აკმაყოფილებდა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა" პუნქტის მეორე ნაწილს, რადგან კასატორი განეკუთვნებოდა იმ სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიას, რომელიც შევიდა სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნა ზღვრული ასაკის გამო, აქვს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურეობის მინიმუმ 10 კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20-ზე მეტი კალენდარული წელი, რაც ცალსახად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობა იყო.

კასატორი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით ჰქონდა აღიარებული მისი წელთა ნამსახურების პერიოდი (14 წელი, 8 თვე და 18 დღე), არ მოხდა შესაბამისი ინფორმაციის გადაგზავნა უფლებამოსილ ორგანოში. კასატორი თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ფუნდამენტური უფლების დარღვევით (რადგანაც მოპასუხე მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდა), უარი უთხრეს მოსარჩელეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კასატორის მრავალრიცხოვანი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შეგნებულად თავს არიდებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას დაეკმაყოფილებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წლების განმავლობაში მებრძოლი ადამიანის კანონიერი მოთხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა მის მიერ წერილობით აღიარებული წელთა ნამსახურეობის ვადის გადაგზავნაზე მომსახურეობის სააგენტოში. სამინისტროსათვის ნამსახურების ნუსხის ,,გადაგზავნის მასტიმულირებელი" სასამართლო დავაც კი არ აღმოჩნდა. კასატორი თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოზიციის ცვლილება არ მოხდება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის სამინისტროს ჰქონდა არაერთი თვე და არაერთი შესაძლებლობა, მათ შორის სასამართლო დავის მიმდინარეობისას, თუმცა თავი აარიდა აღნიშნული ნამსახურეობის ნუსხის გადაგზავნას. კასატორი თვლის, რომ ახალი აქტის გამოცემის შემდეგ მოსარჩელეს კვლავ მოუწევს სასამართლოს გზით აქტის გასაჩივრება და ასე -დაუსრულებლად.

კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თ. გ-ი სადავოდ არ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაანგარიშებულ ნამსახურეობის დროს, კერძოდ 14 წელს, 08 თვეს და 18 დღეს, რაც ვერ აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტით მოთხოვნებს. კასატორის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ხერხდება უწყების მიერ წარდგინების მომზადება და სააგენტოში გადაგზავნა, ვინაიდან მხარისათვისაც ცნობილია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ამდენად აზრს მოკლებულია სააგენტოსათვის გაანგარიშების გადაგზავნა, რადგან იგი მხარისათვის არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ იქნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული თ. გ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა -განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე არ არსებობდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ პროცესუალურ შესაძლებლობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-166-165(კ-16) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც „საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლს სასამართლო იმ შემთხვევაში იყენებს, როდესაც აშკარაა და სასამართლოს დასაბუთებიდან ცალსახად გამომდინარეობს ადმინისტრაციული აქტის უკანონობა და დარღვეული უფლებების ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო კომპეტენციას სცილდება დისკრეციას მიკუთვნებული საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, სასამართლო ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლოს კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას."

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლევა, რომ არსებითად შეფასდეს თ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის MIA ... მიმართვის კანონიერების საკითხი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ. გ-ი 1973-1975 წლებში იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში (ს.ფ. 28). ამასთან, 1991 წლის 10 აპრილიდან თ. გ-ი შევიდა ეროვნული გვარდიის რიგებში და 1991 წლის 5 სექტემბრამდე მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის ...ის თანამდებობაზე (ს.ფ. 28; ს.ფ. 32). ამასთან, 1991 წლის 5 სექტემბრიდან შეიარაღებული ძალების რიგებში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, კერძოდ, იყო - ასეულის მეთაურის ...ე ...ის დარგში (...ი ...ის ...ო ...ის ...ში); ...ის სექტორის ...ი; ...ის ქვეგანყოფილების ...ი; ...ი ქვეგანყოფილების ...ი (მთავარი შტაბის ...ი ნაწილი); ...ო თავდაცვის ჯარების ... ...ი ბატალიონის ...ის ...ის შემსრულებელი; ...ო თავდაცვის ბაზის ...ი ...ის ...ი. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 9 მარტის №57 ბრძანებით ს.ს.მ შტაბებში ცვილებებთან დაკავშირებით 2001 წლის 1 მაისიდან გადაყვანილ იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2001 წლის 24 სექტემბრიდან დაინიშნა ...ი უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის ...ის, ბატალიონის ...ის თანამდებობაზე. 2003 წლის 6 მარტიდან მოხსნილ იქნა თავდაცვის სამინისტროს ყველა სახის კმაყოფიდან და გადაყვანილ იქნა შსს-ს შინაგანი ჯარების სარდლის განკარგულებაში სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად (ს.ფ. 28-29).

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2003 წლის 7 თებერვლიდან 2004 წლის 5 აპრილამდე თ. გ-ი იკავებდა საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ...ის სამსახურის ...ის თანამდებობას (ს.ფ. 17). 2004 წლის 5 აპრილიდან დათხოვნილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგანი ჯარების კადრების განკარგულებაში ზღვრული ასაკის მიღწევის გამო (ს.ფ. 17). ამასთან, 2004 წლის 20 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების შესაბამისად, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო (ს.ფ. 18).

შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით მინიჭებული აქვს შინაგანი ჯარების ...ის წოდება (ს.ფ. 15).

საქმის მასალებით ასევე დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ. გ-ი 2007 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას (ს.ფ. 22).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა თ. გ-ის სარჩელის არსებითად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. იმავე მუხლის „დ" ქვეპუნქტში კი მითითებულია, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ კასატორი თ. გ-ი ხვდება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეში. აღნიშნული საკითხის შემოწმების შემდგომ, არსებითად მნიშვნელოვანია იმ საკითხის შეფასება, თუ რამდენად აკმაყოფილებს თ. გ-ი - სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელ პირობებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მესამე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამასთან, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ თ. გ-ი 1991 წლის 10 აპრილიდან ნამდვილად შევიდა სამხედრო სამსახურში და დათხოვნილ იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, მისი ნამსახურობა შეიარაღებული ძალების რიგებში შეადგენს 10 წელზე მეტს, ხოლო შრომის საერთო სტაჟი - 20 წელზე მეტს. ამდენად, ცალსახაა ის გარემოება, რომ თ. გ-ი სრულად აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ - კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო კანონისმიერ წინაპირობებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობა გათვალისწინებული იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე და აღნიშნული პირობა ვერ გავრცელდებოდა შინაგანი ჯარებიდან დათხოვნილ მოსამსახურეებზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტი საქართველოს შინაგანი ჯარების მოსამსახურეს განსაზღვრავს როგორც სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ" 1998 წლის 30 აპრილის (ძალადაკარგული 2005 წლის 22 მარტიდან) საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგანი ჯარები შედიოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და წარმოადგენდნენ საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელ ნაწილს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგანი ჯარების პირად შემადგენლობაში შედიოდნენ სამხედრო მოსამსახურეები და ნებით დაქირავებული პირები, ხოლო 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ მათი მოვალეობის შესრულების წესი განისაზღვრებოდა ამ კანონით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წესდებებით, საქართველოს შინაგანი ჯარების საბრძოლო სამსახურის წესდებით და საქართველოს ნორმატიული აქტებით. ამდენად, შესაბამისი ნორმების დეტალური ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შინაგან ჯარებში სამსახური ცალსახად წარმოადგენდა შეიარაღებულ ძალებში სამსახურს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო, ხოლო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების (ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს) წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების (რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა) საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი უარი თ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე არის უკანონო და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საქართველოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას; ხოლო ამავე კოდექსის 331 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით (ქმედების განხორციელების დავალება) გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბათილად ცნობის და მისთვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 მაისის №MIA ... ადნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნაზე უარის თქმის ნაწილში;

6. მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელის თ. გ-ის წელთა ნამსახურების გაანგარიშების მომზადება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნა;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე