Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-113(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილება

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ. ხ- ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ხ- ემ 2018 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის №29360 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ფ. ხ- ისათვის 2018 წლის 01 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. ხ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის N29360 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილებას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფ. ხ- ისათვის 2018 წლის 01 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და საქმის განხილვა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინება და საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, სსიპ სამხედრო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო კვლევით დაწესებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციით, კერძოდ, ფ. ხ- ის სამსახურებრივი ცნობით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულებითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის N1120 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ დებულებით ცალსახად დგინდება, რომ აღნიშნული დაწესებულება შექმნილია სამეცნიერო ტექნიკური მიზნების მისაღწევად, რაც არ გულისხმობს თავისთავად სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ყოველივე ეს კი წინააღმდეგობაში მოდის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის განმარტებასთან. ჩამონათვალში, რომელიც არ ითვლება საჯარო საქმიანობად სამეცნიერო-ტექნიკური დაწესებულება შეტანილი არ არის, ხოლო რაც შეეხება ცენტრ „დელტას“ მისი მიმართულება არის სამეცნიერო-ტექნიკური.

კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ პოზიციას ასევე ამყარებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, სადაც მითითებულია, რომ ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სწორედ ამ უკანასკნელმა კანონმდებლობის სრული დაცვით მიაწოდა ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ ფ. ხ- ე ეწევა საჯარო საქმიანობას, რის გამოც მას შეუწყდა სახელმწიფო პენსია.

ამასთან, საკასაციო პრეტენზიის ავტორის მოსაზრებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის 04/42261 წერილით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო–სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მუშაობენ ცენტრთან შექმნილ შემდეგ სამეცნიერო–კვლებით დაწესებულებებში: ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი; ბ)ინსტიტუტი ,,ოპტიკა“; გ)რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; დ) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ე) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ სამხედრო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულება „დელტაში“ საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რაც გამორიცხავს პენსიის მიღებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.

ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაოობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, ხოლო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე კანონისმიერ შეზღუდვას, პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს რა მიიჩნევა საჯარო საქმიანობად, კერძოდ, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია რადგან, საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს.

კანონმდებლობა მითითებულ რისკს სახელმწიფოსგან გამართლებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პირი საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და ქმნის სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან/სტრატეგიულ პროდუქტს. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“. მითითებული წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა განმარტებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა;

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 20 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას მიმართა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის Nბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა რომ „„დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას“. საკასაციო პალატა დამატებით ასევე მიუთითებს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების მე-2 მუხლზე, რომლის თანხმად, განსაზღვრული ცენტრის ძირითადი მიზნების, ამოცანების, ფუნქციების, „დელტას“ საქმიანობის მიმართულების და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლების გათვალისწინებით უდავოდ დასტურდება, რომ ცენტრის საქმიანობა ატარებს სამეცნიერო-კვლევით ხასიათს. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო აქტით უსაფუძვლოდ და უკანონოდ ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე