საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-225(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - რ. მ-ი, ბ. ც -ე, პ. მ -ი, მ. მ -ი, ქ. მ -ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:რ. მ-მა, ბ. ც -ემ, პ. მ -მა, მ. მ -მა და ქ. მ -მა 2018 წლის 29 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ამავე სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01-852/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის რ. მ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რ. მ-ის, ბ. ც -ის, პ. მ -ის, მ. მ -ის და ქ. მ -ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01-852/ო ბრძანება „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ. მ-ის ოჯახი (განაცხადით გათვალისწინებული პირები), გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, ...ში, ...ის ქ.N...-ში მდებარე ფართი წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის საკუთრებას, რომლის ფლობისა და სარგებლობის შესაძლებლობაც მოსარჩელეს შეუზღუდავად გააჩნია. ამასთანავე, დევნილთა მონაცემების ბაზის მიხედვით, რ. მ-ი დამისამართებულია დასახელებულ ადგილას, ხოლო ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენს თბილისი, ...ის ქ.N..., სასტუმრო „...“.
საკასაციო საჩივრის თანახმად, 2017 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. N..., ბინა .... ადგილზე იმყოფებოდნენ: განმცხადებლის შვილი - პ. მ -ი, რძალი - მ. მ -ი და არასრულწლოვანი შვილიშვილი - ქ. მ -ი. დადგინდა, რომ ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2017 წლის 27 ოქტომბრიდან ქირით, ხოლო 1991 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრობდნენ ...ის ქ. №...-ში, სასტუმრო „...ში“. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახი ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ.N...-ში, მამაპაპისეულ ერთსართულიან სახლში, რომელიც ამჟამად დაკეტილია, ხოლო 2011 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით - თბილისში, ...ის ქ.N...-ში. 2017 წლის 8 ნოემბერს დამატებით განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე -..., ...ის ქ.N..., სადაც იმყოფებოდა რ. მ-ის მეუღლე ბ. ც -ე. მისი განმარტებით, სახლი ეკუთვნოდა დედამთილს, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს. 2018 წლის 11 აპრილს კვლავ განხორციელდა მონიტორინგი თბილისში, ...ის ქ. N..., ...-ე ბინაში, სადაც ჯგუფს ადგილზე დახვდა თავად განმცხადებელი. მან განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე. განმცხადებლის ინფორმაციით, დედის სახლიდან (მდებარე ...ში, ...ის ქ.N...) ამოეწერა 1994 წელს. საბინაო წიგნში კი მუდმივ მაცხოვრებლებად მითითებულნი არიან: დედა - აწგარდაცვლილი გ. კ-ი და განმცხადებლის სამი ძმა: რა. მ-ი, რო. მ-ი და თ. მ-ი. კასატორი მიუთითებს, რომ რო. მ-ი და თ. მ-ი გარდაიცვალნენ, ხოლო რა. მ-ი არადევნილ მეუღლესა და დაოჯახებულ ვაჟთან ერთად ცხოვრობს ...ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ხელი მიუწვდებათ ...ში მდებარე მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლზე, რომლითაც წარსულშიც სარგებლობდნენ შეუზღუდავად. შესაბამისად, რ. მ-ის ოჯახს მართებულად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო, ვინაიდან ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების საფუძველზე, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის დაწესებულია გარკვეული რიგითობა, პრიორიტეტულობა. კანონმდებელს სურს, პირველ რიგში იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდეს, რომლებსაც თავშესაფარი არ გააჩნიათ. თუმცა, დასახელებული ნორმა არ უარყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ძალაშია იმ პირთა მიმართაც, ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი და თავშესაფარი გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე რ. მ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, მათი გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის საფუძვლით, უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტიდან გამომდინარე, იმ დევნილ ოჯახთა დახმარების შესაძლებლობა, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, განიხილება ბოლო ეტაპზე. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ და სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, გააჩნია თუ არა დევნილს სხვა, ალტერნატიული საცხოვრებელი.
მოსარჩელეთა მიერ ალტერნატიული საცხოვრებლის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის №... წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ რ. მ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, მართალია, მოსარჩელეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ...ში, ...ის ქ.N...-ში, თუმცა საქმეზე დადგენილია, რომ ისინი, დღეის მდგომარეობით, ქირით ცხოვრობენ თბილისში, ...ის ქ. N..., ...-ე ბინაში. შესაბამისად, საქმეზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში უძრავი ნივთი არ გააჩნიათ და ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. ასეთ პირობებში, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებს შეუძლიათ დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლონ სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. ამდენად, რ. მ-ის ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე