Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 23-აპ 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გ. ბორჩხაძე,

ნ. გაბრიჩიძე

განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განაჩენით გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004წ. 5 თებერვალს, დაახლოებით 21 საათზე, გ. ჩ-მ ორი ბოქლომის დაზიანებით გააღო ქ. თბილისში, ... მდებარე რ. გ-ს კუთვნილი, უალკოჰოლო სასმელების საწყობის კარი, საიდანაც ფარულად გაიტაცა სხვადასხვა სახეობის უალკოჰოლო სასმელი, სულ ღირებული 234 ლარად და 40 თეთრად.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გ. ჩ-სათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. კასატორის განმარტებით, მსჯავრდებულის მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო პირობითი მსჯავრი, ვინაიდან გ. ჩ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. მის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს სიმთვრალე და ის გარემოება, რომ იგი არ იყო გულწრფელი სასამართლოს წინაშე.

მსჯავრდებულმა გ. ჩ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ მას შეგნებული აქვს თავის მიერ ჩადენილი ქმედება და გულწრფელად ინანიებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ მ. დ-ს, მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ გ. ჩ-ს მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო პირობითი მსჯავრი.

საქმის მასალების მიხედვით, გ. ჩ-მ, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლო სხდომაზე გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას ხელი შეუწყო საქმის სწრაფად და სრულყოფილად გამოძიებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში, სადაც მიიღო კონტუზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, და ასევე ჩადენილი ქმედების ხასიათის, დამდგარი შედეგისა და მიყენებული ზიანის მხედველობაში მიღებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს და მას პრეტენზია არა აქვს მსჯავრდებულის მიმართ, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა მის მიმართ პირობითი მსჯავრი.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განაჩენი გ. ჩ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განაჩენი გ. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.