საქმე¹ბს-1341 (2კ-19) 29 ივლისი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს "...მა" 09.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.02.2017წ. გადაწყვეტილების (N12887/2/16 საჩივარზე) და სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.06.2016წ. N17154 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.2018წ. გადაწყვეტილებით შპს "...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.02.2017წ. გადაწყვეტილება (N12887/2/16 საჩივარზე) და სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.06.2016წ. N17154 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2019წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
კასატორმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა 09.07.2020წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვით 28.07.2020წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებით უარი თქვეს საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინეს სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 378.2 მუხლის, 272-ე მუხლის `გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ განცხადებები არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (სასკ-ის 3.2 მუხ.) და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. ამასთანავე, სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის …ი - ლ. კ-ა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით შემოტანილი განცხადება ხემოწერილია სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის …ის - გ. თ-ის მიერ, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.02.2018წ. N71 ბრძანებით მინიჭებული აქვს საგანმკარგულებო უფლებამოსილება, რაც ადასტურებს გ. თ-ის შესაძლებლობას სამინისტროს სახელით უარი თქვას საკასაციო საჩივარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 378.2, 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტისა და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე