საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-190(კ-19) 15 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-მა 2017 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირადობის მხოლოდ ელექტრონული მოწმობის სახით გაცემას კანონმდებლობა სავალდებულო წესით არ ადგენს. მისი გაცემა დაშვებულია შესაძლებლობის სახით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კი (2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), კანონმდებლის მიერ წესის „შეიძლება-ს“ სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს, კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას.
კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე აიძულებს მას, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომლის გარეშეც მოსარჩელე ვერ იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს (მუშაობა, ხელფასის მიღება, ქონების განკარგვა, ჯანდაცვით სარგებლობა და სხვ.). საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოპასუხის მიერ მსგავსი შეზღუდვის დაწესების მიზანს ევროკავშირის საბჭოს დადგენილების შესრულება წარმოადგენს, თუმცა ეს უკანასკნელი ითვალისწინებს პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა - ქვეყანაში პირადობის მოწმობების მხოლოდ ელექტრონული სახით გაცემის სავალდებულოობას. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მიღებულია რეკომენდაცია, რომელიც უშედეგოდ გადაეგზავნა იუსტიციის მინისტრს. რეკომენდაციაში, ასევე, მითითებულია, რომ 2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება ბიომეტრიული მონაცემების მხოლოდ პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებში შეტანის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ დოკუმენტებზე, რომლებიც გამოიყენება ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას სახელმწიფო გასცემს თავის მოქალაქეზე. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბიომეტრიული მონაცემების გაცემა უნდა გამომდინარეობდეს პირის ავტონომიური ნებიდან და არა იძულებიდან. ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა არაელექტრონული მოწმობის მიღების თაობაზე სავსებით ლეგიტიმურია.
კასატორი მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ „არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში“. ამასთან, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულებით ფაქტობრივად ხდება მართლმადიდებელთა დევნა განსხვავებული აზრისთვის.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სპეციალური კანონით მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობების გაცემა აკრძალული არ არის. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებთან მიმართებაში.
კასატორი აღნიშნავს, პირადობის მოწმობით ხდება მხოლოდ შემდეგი ინფორმაციის დამოწმება: მოქალაქის ვინაობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი მისამართის. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ელექტრონული პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიურად დაცვის დამადასტურებელი მტკიცებულება მაშინ, როდესაც ელექტრონული პირადობის მოწმობის საინფორმაციო ბაზის გატეხვის არაერთი შემთხვევა არის ცნობილი დღეს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფოს ინტერესი არაელექტრონული მოწმობის გაცემით არ იზღუდება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ, კანონის დანაწესის საწინააღმდეგოდ, პირადობის დამადასტურებელ ერთადერთ ძირითად დოკუმენტად დაადგინა რა ელექტრონული პირადობის მოწმობა, ფაქტობრივად უარი უთხრა კასატორს, განისაზღვროს, სააგენტო რომელი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით უნდა ახორციელებდეს არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სარჩელის დაკმაყოფილებასა და მის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემას მოითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. იმავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, არაელექტრონული პირადობის მოწმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები; მე-10 პუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით განისაზღვრა პირადობის მოწმობაზე მონაცემების ელექტრონული ფორმით დატანის შესაძლებლობა, ხოლო ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის ვადა შემოფარგლულია მხოლოდ 6 თვით. ამასთანავე, პირადობის მოწმობის გაცემის წესის განსაზღვრა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნა. სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ, მის შესასრულებლად და პირადობის მოწმობის გაცემის წესის დეტალური მოწესრიგებისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.
ზემოაღნიშნული „წესის“ 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის მოწმობის სახეები. პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვა) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი). იმავე „წესის“ 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტებით სავალდებულოდ არის შემოღებული ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, რაც მიზნად ისახავს გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული დოკუმენტაციის შექმნას. სწორედ ამიტომ, არაელექტრონული პირადობის მოწმობა შეიძლება გაიცეს მხოლოდ გამონაკლისის სახით, დროებით (6 თვით) და ნორმატიულად ამომწურავად განსაზღვრული, ერთ-ერთი ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში. კასატორი კი ასეთ ობიექტურ გარემოებაზე ვერ მიუთითებს.
რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ სახელმწიფო მასზე იძულებას ახორციელებს, „მართალია, ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა წარმოადგენს კანონის მოთხოვნას, თუმცა სადავო ნორმები არ ითვალისწინებს რაიმე იძულებას ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, არ აწესებს ასეთი მოწმობის აღების ვალდებულებას და არ ითვალისწინებს რაიმე სანქციას მის მიღებასა და სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში; არც უშუალოდ სადავო ნორმები, არც ის აქტები, რომლებიც სადავო ნორმებს შეიცავენ, მთლიანობაში, არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე რეაგირებას პირის მიერ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარის გამო, არათუ რაიმე სანქციას ამისათვის.“ პირადობის მოწმობების არქონით გამოწვეული დისკომფორტი კი, „როგორც შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმების გვერდითი ეფექტი, ვერ იქნება გაიგივებული სახელმწიფოს მხრიდან განხორცილებულ რაიმე იძულებასთან, ვერ იქნება მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან რწმენის/რელიგიის თავისუფლებაში განხორციელებულ „ჩარევად“ ანდა ამგვარი ჩარევით მიყენებულ ზიანად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“; II-28-29).
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან დღეს არსებული რეგულაციის პირობებში ნებისმიერ პირზე გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა. შესაბამისად, ადგილი არ აქვს მოქალაქეთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. ასევე, ადგილი არ აქვს რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, რადგან რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მასში ჩარევა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად. სწორედ ამიტომ, „რწმენის/ აღმსარებლობის თავისუფლების შინაარსი ვერ განიმარტება ისეთ შორეულ მიჯნებამდე, რომ მან დაცულობის ფარგლებში მოაქციოს პირის უფლება, უკარნახოს სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი საშინაო ადმინისტრირების პროცედურებში და როგორი სახით (ფორმა, შინაარსი, ტექნიკური მახასიათებლები...) გასცეს პირებზე ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის პირადობის მოწმობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“; II-37).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - ნ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2019 წლის 21 მარტის №121 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე