Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-209(კ-20) 15 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. შ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. შ-ამ 2018 წლის 24 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამავე სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის №01-546/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ლ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის №01-546/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ლ. შ-ას ოჯახი უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ლ. შ-ამ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე შევსებულ განაცხადში თავისი ოჯახის წევრებად მიუთითა: შვილი - ნ. ბ-ა და შვილიშვილი - მ. ბ-ა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა აპლიკანტის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ აპლიკაციაში მითითებული ოჯახის წევრები - შვილი და შვილიშვილი ფაქტობრივი მდგომარეობით მასთან არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ისინი ცხოვრობენ ლ. ბ-ასთან (ნ. ბ-ას მეუღლე და მ. ბ-ას მამა) ერთად, სხვა მისამართზე. 2018 წლის 23 მარტს განხორციელდა მონიტორინგი აბაშის რაიონის სოფელ ...ში, რომელიც წარმოადგენს სიძის მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლს. მონიტორინგის დროს აპლიკანტმა განმარტა, რომ მონიტორინგის მისამართზე თავად მოსარჩელე იმყოფებოდა მხოლოდ ერთი დღე, ხოლო მისი შვილი და შვილიშვილი ცხოვრობენ ორი წლის განმავლობაში. ხსენებული ინფორმაცია დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მონიტორინგის ფორმაზე ხელმოწერით.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში ხელოვნურად იყო გაზრდილი ოჯახის წევრთა რაოდენობა, რის შედეგადაც იზრდებოდა ამ ოჯახისათვის გამოსაყოფი საცხოვრებლის ფართის ოდენობა. მოცემული გარემოება კი სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. შ-ასთვის, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6 ) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; ოჯახის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

დადგენილია, რომ ლ. შ-ას ოჯახის მდგომარეობა, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეფასდა 11 ქულით, ვინაიდან მისი საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს; იგი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში; რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით და ომში დაღუპული ჰყავს ძმა - ო. შ-ა. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მარტს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ლ. შ-ა იმყოფებოდა აბაშის რაიონის სოფელ ...ში. მისი განმარტებით, ერთი დღის ჩასული იყო მითითებულ მისამართზე და რეალურად ცხოვრობს ...ში, ...ს №...-ში (შპს ,,...ი“) 1993 წლიდან; მისი შვილი და შვილიშვილი კი, რომლებიც მოსარჩელემ დევნილის ოჯახის შემადგენლობაში დააფიქსირა, დაახლოებით, ორი წელია მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობენ. მოცემული ინფორმაცია გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. შ-ასთვის მინიჭებული ქულის დაკლებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის №01-546/ო ბრძანებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის საფუძველი, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებაზე მითითებით.

საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელე, მისი შვილი და შვილიშვილი არიან დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერთ მისამართზე. სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელესთან ცხოვრობდნენ მისი შვილი და შვილიშვილი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე განაცხადის შევსებისას; მხოლოდ შემდეგ გადავიდნენ ისინი ლ. ბ-ას სახლში საცხოვრებლად, ხოლო ლ. შ-ა ცხოვრობს მარტო. აღნიშნულ ინფორმაციას ასევე ადასტურებს შპს „...ის“ ...ის 2016 წლის 8 ნოემბრის №... წერილი, რომლის თანახმადაც, ...ოს კუთვნილ შენობაში 22 წელია ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, მათ შორის მითითებულნი არიან: ნ. ბ-ა, ლ. შ-ა, მ. ბ-ა (ს.ფ. 87-88). საგულისხმოა, რომ 2018 წლის მარტში, მონიტორინგის განხორციელების დროს ლ. შ-ას მონიტორინგის ჯგუფისთვის ფაქტობრივი გარემოებები არ დაუმალავს და თავადვე განაცხადა, რომ მისი შვილი და შვილიშვილი არსებული მდგომარეობით ცხოვრობენ სხვა მისამართზე. შესაბამისად, არ დასტურდება ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან ადმინისტრაციული ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, მოსარჩელის მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და დაკავებული ფართიდან მისი გამოსახლების თაობაზე განცხადების არსებობის გათვალისწინებით, იგი აკმაყოფილებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ის გარემოება კი, რომ ლ. შ-ას შვილი და შვილიშვილი ამჟამად მასთან არ ცხოვრობენ, ქმნის არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, არამედ შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს გადასაცემი ბინის ფართობის განსაზღვრაზე. ამდენად, ლ. შ-ას ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე