Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1257(კ-19) 15 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ხ. შ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ხ. შ-ამ 2018 წლის 26 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 05 იანვრის №SSVA 00000146 გადაწყვეტილებისა და ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის №210-1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა; მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის ხ. შ-ას მიმართ შესაბამისი კატეგორიის ვეტერანის მოწმობის გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ხ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. შ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით ხ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. შ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნა უნდა შეემოწმებინა შემდეგი თანმიმდევრობით: I. უნდა გაერკვია, მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზაციის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ არა. სასარჩელო მოთხოვნა კი ეფუძნება „ომისა და ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, მოხალისე აგრეთვე ითვლება ვეტერანად; II. სასამართლოს უნდა შეეფასებინა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი წინაპირობები. ნორმატიულად განსაზღვრულია, რომ ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად: ა) პირს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში; ბ) პირი უნდა იყოს ჩარიცხული შესაბამის ძალოვან სტრუქტურაში ან უნდა წარმოადგენდეს მოხალისეს; III. სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე კანონის ზემოაღნიშნულ წინაპირობებს. ასეთი წინაპირობების არსებობა კი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევითა და მოწმეთა ჩვენებებით.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ იარაღით მებრძოლი და საბრძოლო მოქმედების შესრულებისას გარდაცვლილი პირი ჩაითვალოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილად. მოსარჩელის მეუღლეს - გ. ს-ას სამხედრო ექიმებისაგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ იგი ძალოვან სტრუქტურაში წერილობითი ფორმით არ ყოფილა ჩარიცხული. მისი წვლილი კი სამხედრო ექიმებზე უფრო მაღალია, რადგან საკუთარი ინიციატივით იკისრა ვალდებულება, დარჩენილიყო საომარო მოქმედების არეალში და სამხედროებისათვის სამედიცინო დახმარება გაეწია. ამასთან, მისი ინიციატივის გამოვლენას წინ უძღოდა პასუხისმგებელი პირის - ვ. ღ-ის შეთავაზება.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს გ. ს-ას გარდაცვალების გარემოებები, რადგან აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და მის გარდაცვალებას შორის არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. მას მოხალისეობრივი საქმიანობა რომ არ შეესრულებინა, სხვა მშვიდობიანი მოსახლეების მსგავსად დატოვებდა ტერიტორიას.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანება, რადგან ეს ბრძანება არ არის ნორმატიული ძალის მქონე - არ არის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული; იმ შემთხვევაში კი, თუ ბრძანება ჩაითვლება ნორმატიული ძალის მქონედ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ იგი წინააღმდეგობაშია იერარქიულად ზემდგომი ნორმატიული ძალის მქონე აქტებთან. კანონი ადგენს უფლებას, ხოლო ბრძანება ტექნიკური ხასიათის საკითხებს აწესრიგებს და მის გამომცემ პირს არ აქვს უფლება, დაადგინოს კანონით გათვალისწინებულზე მეტი მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ბრძანება, კანონის საწინააღმდეგოდ, გამორიცხავს ისეთი პირის ოჯახის წევრის მიერ სტატუსის მოპოვებას, რომლის ოჯახის წევრიც შეუდგა მოხალისეობრივ საწყისებზე საბრძოლო მოქმედებების შერულებას და გარდაიცვალა ჯილდოსა და ჭრილობების მიღების გარეშე. დროის მოკლე მონაკვეთში მოხალისის გარდაცვალების შემთხვევაში ბრძანება გამორიცხავს გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას. საომარი მდგომარეობა კი, თავისი ბუნებით, არის ფორსმაჟორული ვითარება, სადაც მაღალი ფორმალობების დაცვით არ ხორციელდება მოქმედებები. ასევე, გაუმართლებელია მოსარჩელისთვის წერილობითი მტკიცებულების წარდგენის დავალება, რადგან სახელმწიფო თავად იძლეოდა შესაძლებლობას, ასეთი წერილობითი დოკუმენტის გარეშე მიეღო პირს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. გარდა ამისა, მოცემული მოთხოვნა არღვევს თანასწორობის პრინციპს. მოხალისეები, თავისი მდგომარეობით, არიან მსგავსი სუბიექტები, მაგრამ №281 ბრძანება მათ განსხვავებულ და არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს - ისეთ მოხალისეებს აძლევს უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას, რომელთაც აქვთ დოკუმენტაცია, ხოლო დოკუმენტაციის არმქონე მოხალისეს სტატუსი არ ენიჭება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ხანდაზმულობის მარეგულირებელ ნორმებზე და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა ხანდაზმულად. სასამართლოს მიერ გამოყენებული, სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 131-ე მუხლები არეგულირებს კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული სამოქალაქო ურთიერთობების ხანდაზმულობის ვადებს და მათი ანალოგიის წესით გამოყენება მოცემულ დავაში დაუშვებელია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების ვინაობის დადგენა არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ სახელმწიფოს ინტერესსაც წარმოადგენს. სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სტატუსის მინიჭება ამ პირის ღვაწლის აღიარებას გულისხმობს და ყოველთვის არ არის დაკავშირებული მატერიალური სარგებლის მიღებასთან. სტატუსის მაძიებელი პირის ან მისი მემკვიდრისათვის ხანდაზმულობის მოტივით სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ზნეობის საწინააღმდეგო ხასიათის შეზღუდვას წარმოადგენს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ ციტირებულ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის №ბს-101-100(კ-17) გადაწყვეტილებას, იგი არ არის რელევანტური მოცემული საქმისთვის, რადგან ამ ორ საქმეში დავის საგანი და გამოსაყენებელი კანონმდებლობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ბს-1161(კ-18) და №ბს-701-701(კ-18) საქმეებში არ იმსჯელა იმ პირთა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე, რომლებიც 1991-1993 წლებში იბრძოდნენ და 2017-2018 წლებში მოითხოვეს სტატუსის მინიჭება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ხ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხ. შ-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში კანონი მოქმედებდა შემდეგი სახელწოდებით - „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“) ითვალისწინებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიებს. ამასთან, იმავე კანონის 24-ე მუხლით დადგენილია, რომ ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებულ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის მე-6 მუხლის „ე.ზ“, „ე.თ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, კანონმდებლობა განასხვავებს რა ერთმანეთისგან ვეტერანთა კატეგორიებს, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისანიჭებლად და შესაბამისი სოციალური გარანტიებით სარგებლობისთვის, პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა სწორედ ომში მონაწილეობის დროს. განსახილველ შემთხვევაში კი, მართალია, დადასტურებულია მოსარჩელის მეუღლის - გ. ს-ას აფხაზეთში საველე სამედიცინო პუნქტის ...დ დანიშვნისა და 1993 წლის სექტემბერში აფხაზი მებრძოლების მიერ დახვრეტის ფაქტი, მაგრამ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების შედეგად მისი დაღუპვის ფაქტი არ დასტურდება. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 12 იანვრის №MOD 8 17 00031561 წერილის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში გ. ა. ს-ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით მიწვეულმა ვ. ღ-ემ და დ. მ-მა მიუთითეს, რომ გ. ს-ა, რომელიც მუშაობდა ... საავადმყოფოში ექიმად, დანიშნულ იქნა საველე სამედიცინო პუნქტის ...დ იმავე საავადმყოფოს ბაზაზე, სოფელ ...ში და ევალებოდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მიმდებარე სამხედრო ნაწილებისათვის. გ. ს-ა ასევე მუშაობდა ...ის საავადმყოფოში, სადაც ხდებოდა დაჭრილი სამხედროებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. გ. ს-ა ზუსტად სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა, მათთვის უცნობია. მოწმის - გ. წ-ის განმარტებით კი, 1993 წლის სექტემბერში, სოფელ ...დან ავტომანქანით გადაადგილებისას გ. ს-ა, მამასთან - ა. ს-ასთან ერთად, დახვრიტეს აფხაზმა მეომრებმა. მოწმემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის საარქივო ფონდში დაცულია გენოციდის მსხვერპლის სია, სადაც რიგით 155-ე ნომრად შეყვანილია ს-ა გ. ა. , 34 წლის, მცხოვრები სოფელ ...ში, რომელიც დახვრიტეს მამასთან ერთად. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ არ დასტურდება გ. ს-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც დგინდება მოსარჩელის მეუღლის 1993 წელს განხორციელებული გენოციდის შედეგად დაღუპვა, მისი გარდაცვალების მიზეზად იმავდროულად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ვერ დასახელდება. მოცემული ვითარება წარმოადგენს ხ. შ-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის თაობაზე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე