საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-659 (კ-20) 31 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 14.05.2018წ. №003174 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.09.2018წ. №436 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-მა, წარმომადგენლის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინების ასლი ნ. ჭ-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს (ტ.2.ს.ფ. 137-138) გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 25.03.2020წ. (ტ.2.ს.ფ.140). სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა ამოიწურა 15.04.2020წ.. საკასაციო საჩივარზე დასმული ბეჭედით დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 23.04.2020წ. (ტ.2.ს.ფ.150). საკასაციო საჩივრის შევსების თარიღად აგრეთვე მითითებულია 23.04.2020წ. (ტ.2.ს.ფ.148). ამასთანავე, საქმის მასალებით დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის კანონმდებლობის დაცვით განმარტება. შესაბამისად, არ არსებობს სასკ-ის მე-12 მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადის გახანგრძლივების პირობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა.
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ჭ-მა საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება. შესაბამისად, სსკ-ის 397.1 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად უნდა დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 59-ე, 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. მ. ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 22.04.2020წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე