გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 97-დად 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),
დ. სულაქველიძე
განიხილა იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ო. ჭ. განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1996წ. 26 ივნისის განაჩენით ო. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, 205-ე მუხლის III ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით და შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის დასაწყისია 1996წ. 23 აპრილი, სასჯელის მოხდის დასასრული _ 2007წ. 23 აპრილი. სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2004წ. 23 ივლისს.
2005წ. თებერვალში სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების დირქტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს ო. ჭ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005წ. 1 მარტის დადგენილებით დააკმაყოფილა წარდგინება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული ო. ჭ. ხასიათდება დადებითად, იგი ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ, მოხდილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, ინანიებს ჩანადენს.
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ დ. ფ. საჩივრით ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებასა და ო. ჭ-ს მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ ო. ჭ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ო. ჭ-ს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული სამჯერ. კერძოდ: ორჯერ გამოეცხადა მადლობა, მესამედ კი დაწესებულების ადმინისტრაციამ იგი წარადგინა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და გააკეთა სწორი დასკვანა იმის თაობაზე, რომ ო. ჭ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ო. ჭ. განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე, დარჩეს უცვლელად.