Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1276(კ-19) 15 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-ემ 2017 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველოს ...ი ...ის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება (სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2017 წლის 7 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ა-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება შემდეგ ორ მიზეზს: 1. სამსახურებრივი მოვალეობის სისტემატური დარღვევა, რაც მოპასუხისა და სასამართლოს პოზიციით, სამუშაო საათების პერიოდში სამსახურის შენობიდან გასვლის ფაქტებში გამოიხატებოდა; 2. მეწარმე სუბიექტზე ზეგავლენა, კერძოდ, უკანონო პრივილეგიის მიღების მიზნით მასთან ხელმძღვანელობის სახელის ხსენება.

პირველ გარემოებასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ თანამდებობრივად წარმოადგენდა … მუშაკს (...ი) და მისი სამსახურებრივი პოზიცია არ მოიცავდა მხოლოდ კაბინეტური რეჟიმით შემოფარგლულ სამუშაოს, არამედ დაკავშირებული იყო სამსახურის შენობის გარეთ …ო საქმიანობის განხორციელებასთან. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტის კანონიერებას არ ადასტურებს 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომლის სამუშაო ადგილიდან პირადი საჭიროებისათვის გასვლა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე.

კასატორი მიუთითებს, რომ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა ზეპირ გაფრთხილებას დისციპლინური ზემოქმედების სახედ არ ადგენს. ამრიგად, მოპასუხის მიერ კანონდარღვევად შერაცხულ ქმედებებს სამსახურის რეაგირება არ მოჰყოლია, რაც მოსარჩელის იმ პოზიციას წარმოაჩენს დამაჯერებლად, რომ სამსახურის შენობიდან გასვლა ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული, მით უფრო, როდესაც წერილობითი თანხმობის აუცილებლობა ნორმატიულად გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამართლებრივ უსწორობას შეიცავს, არამედ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევასა და სამართლებრივი საკითხებისადმი ორმაგი სტანდარტით მიდგომაზე მეტყველებს.

რაც შეეხება უკანონო პრივილეგიის მიღების საკითხს, კასატორი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა წრეს, რომელსაც მოპასუხის პოზიცია ეფუძნება, შეადგენს მისივე თანამშრომლების მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებები, რომლებიც ძალიან დაბალი მტკიცებითი ხარისხით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, საქმის განმხილველი სასამართლო ენდო ამ ახსნა-განმარტებებს, ხოლო მათ საპირწონედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივითვე შექმნილი იმავე ხარისხის მტკიცებულება არ გაითვალისწინა. კერძოდ, ბიზნესმენი ადასტურებდა, რომ მოსარჩელე მის ახლობელს წარმოადგენს და სადავო სატელეფონო საუბარი მათ შორის აპრობირებულ, მორიგ კომუნიკაციას წარმოადგენდა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მსგავსი დავების გადაწყვეტის დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ფონზე, განსახილველი დავის სადავო შედეგით გადაწყვეტა შეუძლებელია და სახეზე არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ღონისძიების გამოყენებისთვის აუცილებელი ისეთი ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ამართლებს ასეთი მკაცრი ღონისძიების გამოყენებას. მათ შორის, სახეზე არ არის რაიმე ნეგატიური ან მავნე შედეგი, მოქმედი დისციპლინური ღონისძიება და სხვა. ამასთან, საქმეზე წარდგენილ ახსნა-განმარტებებში მითითებულია, რომ ი. ა-ე ჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ი. ა-ის გათავისუფლების კანონიერება და გამოყენებული დისციპლინური ზომის ადეკვატურობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურის დაწესებული შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამშრომელთათვის. იმავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეულის (გარდა იმ სტრუქტურული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია ცვლის განრიგი) თანამშრომლისათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით, მეორე პუნქტის შესაბამისად, დღის განმავლობაში სამუშაო დრო განისაზღვრება - 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენების დრო - 14:00 საათიდან 15:00 საათამდე; ხოლო დასახელებული მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომლის სამუშაო ადგილიდან პირადი საჭიროებისათვის გასვლა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 132 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის პრინციპის დაცვით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც მისი სამსახურით სარგებლობს; საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სამსახურის თანამშრომლის და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად კი, სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია - სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას შინაგანაწესი, მათ შორის, სამუშაო საათებში ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები და გამოიყენოს ეს დრო მხოლოდ სამსახურებრივ ფუნქციათა განსახორციელებლად. სამუშაო ადგილიდან გასვლა კი, სამუშაო დროის განმავლობაში, პირადი საჭიროებისთვის დასაშვებია მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა უნდა გაიაზროს მისი სამსახურის დანიშნულება, მიზნები, მნიშვნელობა და სამსახურებრივი მდგომარეობა არ უნდა გამოიყენოს პირადი საკითხების მოსაწესრიგებლად, უნდა დაიცვას ზნეობრივი ნორმები და არ ხელყოს სამსახურის რეპუტაცია. აღნიშნულ მოვალეობათა შეუსრულებლობას შესაძლებელია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვეს შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია ი. ა-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევა, რაც გამოიხატა როგორც სამუშაო დროის არასამსახურებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოყენებაში, სამუშაო ადგილის პირადი მიზნებისთვის უფროსთან შეთანხმების გარეშე დატოვებაში, ისე სხვა პირთან საუბრისას „სარგებლის“ მისაღებად ხელმძღვანელობის ხსენებაში. საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელემ არ ითანამშრომლა სამსახურებრივი შემოწმების განმახორციელებელ პირებთან და არ მიაწოდა მათ ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნული მოწმობს ი. ა-ის მიერ შინაგანაწესის დარღვევას, საჯარო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენას, სამსახურის რეპუტაციის შელახვას. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელეს, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, ეკისრებოდა მოქალაქეთა უფლებების დაცვა, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონით გათვალიწინებულ საქმეთა გამოძიება, მას ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი უნდა დაეკმაყოფილებინა, ზედმიწევნით დაეცვა კანონის მოთხოვნები, ჯეროვნად და სათანადოდ შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობანი. სწორედ ამიტომ, დისციპლინური გადაცდომის ბუნებისა და თავად მოსარჩელის პიროვნების, მისი დაკავებული თანამდებობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებული დისციპლინური სახდელის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება არის კანონიერი და ჩადენილი დარღვევის პროპორციული. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე