Facebook Twitter

#ბს-861-843(კ-12) 2 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ სს „...ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 13 იანვარსა და 2012 წლის 16 მარტს სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 30 ივნისს სს „...ამ“ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა. განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: 1. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, 3. ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, 4. 50-ლარიანი ქვითარი, 5. ელვერსია, 6. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, 7. საწარმოს რეგისტრაციის №... მოწმობის ასლი, 8. №... დადგენილების ასლი. სარეგისტრაციო სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, დამატებით წარადგინეს 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქივში დაცული სს „...ის“ საპრივატიზაციო საქმის დამოწმებული ასლი (სულ 85 ფურც.).

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება (11.08.2011) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ პრივატიზაციის გეგმაში მოცემული ობიექტის ძირითად მახასიათებლებში (15 პუნქტი) მათი განმარტების მიხედვით არ იყო აღნიშნული საწარმოს, ქვედანაყოფის მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის, ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე არ ერთვოდა საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა (რომელიც აღნიშნულია პრივატიზაციის გეგმაში), ამასთან, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სამართალკავშირი სს „...ასა“ და ...ს ... „...ს“ შორის, მოთხოვნილ იქნა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება წარმოადგენდა იმ ობიექტს და იმ საზღვრებში, რომელიც განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოადგენდა პრივატიზებულ ობიექტს და რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად აღრიცხული იყო ...ს ... „...ზე“.

მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მათ მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია: 1. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულება, 2. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულება, 3. ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათი გენ-გეგმით, 4. ...ის მე-2 ქუჩაზე საწარმოო გაერთიანება „...ის“ ...ის სამშენებლო დოკუმენტაცია.

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 9 ნოემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რის მოტივადაც მითითებულია, რომ თითქოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ იქნა საჩივარი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უარი განაცხადა მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, სს „...ამ“ 2011 წლის 30 დეკემბერს კვლავ მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 13 იანვარს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რაც გასაჩივრდა სს „...ის“ მიერ, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.

მოსარჩელის მითითებით, სარეგისტრაციო სამსახურში თავდაპირველად წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით შეტანილ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებები, რომლითაც ცალსახად დგინდება შემდეგი ფაქტები: ა) ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ ...ს ... „...ზე“ აღრიცხული ...ის მე-2 ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 6613 კვ.მ, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითურთ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 16.06.1076 წლის №649გ განკარგულებით ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ.თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს, ხოლო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 27.12.1976 წლის №1889 განკარგულებით - საწარმოო გაერთიანება „...ას“. ბ) წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საწარმოო გაერთიანება „...ამ“ აღნიშნულ ნაკვეთზე 1977 წელს დაიწყო ...ის მთავარი კორპუსისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა. აღნიშნული შენობა-ნაგებობები ექსპლოატაციაში გადაეცა 1980 წელს. ზოგიერთ დოკუმენტში ზემოხსენებული ...ია მოხსენიებულია როგორც ...ის ...ია. გ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 11.07.1994 წლის №... დადგენილების თანახმად, ს/გ „...ის“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ თერთმეტ სააქციო საზოგადოებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სს „...ა“, რომელიც მდებარეობს იმავე მისამართზე: ...ის მეორე ქუჩა №11ა და რომლის საპრივატიზაციო დოკუმენტებში არაერთხელ არის მოხსენიებული მის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობანი.

ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, მათ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა მთელი რიგი დოკუმენტებისა, რომელთაგანაც ერთ-ერთიც კი საკმარისია სს „...ის“ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სარეგისტრაციო სამსახურისთვის სს „...ის“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი.

სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.

სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2011 წლის 11 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში განმცხადებელს განემარტა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 6613 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ აღრიცხული იყო სახელმწიფო, ხოლო მოსარგებლედ აღრიცხული იყო ...ს ...ი „...ი“, ამასთან დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სამართალკავშირი სს „...ასა“ და ...ს ... „...ს“ შორის. ასევე წარდგენილ პრივატიზაციის გეგმაში მოცემულ ობიექტის ძირითად მახასიათებლებში არ იყო აღნიშნული საწარმოს, ქვედანაყოფის მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის, ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე არ ერთვოდა საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით (პრივატიზაციის გეგმით) ვერ ხდებოდა ნივთის იდენტიფიკაცია (არ არის ასახული როგორც შენობა-ნაგებობების ისე მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფართობი), არ დგინდებოდა ასევე სამართალკავშირი ზემოაღნიშნულ პირებს შორის, შესაბამისად, არ დგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. აღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელს დაევალა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, რითაც დადასტურდებოდა, რომ სარეგისტრაციო წარდგენილი უძრავი ნივთი, წარმოადგენდა იმ ობიექტს და იმ საზღვრებში, რომელიც განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოადგენდა პრივატიზებულ ობიექტს და რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად აღრიცხული იყო ...ს ... „...ზე“.

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სს „...ას“ არ გაუსაჩივრებია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის კანონიერება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სს „...ამ“ ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა გარკვეული დოკუმენტაცია, კერძოდ: 2011 წლის 7 სექტემბერს დამატებით წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივნისის №649 განკარგულება. განკარგულების შესაბამისად დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თხოვნა და დაევალა „...ს“ გადასცეს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს ბალანსიდან ბალანსზე ქ. თბილისში, 26 კომისრის სახელობის რაიონში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ის ...ის ტერიტორია და გაუქმებული შენობა-ნაგებობები. სს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 8 სექტემბერს წარდგენილ იქნა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 27 დეკემბრის №1889 განკარგულება, რომლითაც მიღებულ იქნა 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომის, კეთილმოწყობის სამმართველოს და მთავარ არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს წინადადება და საქართველოს სსსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივლისის №649 განკარგულებით კეთილმოწყობის სამმართველოსათვის გადაცემული ყოფილი „...ის“ ...ის ტერიტორია და მასზე არსებული შენობები გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე საწარმოო გაერთიანება „...ას“. სს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 15 სექტემბერს და 22 სექტემბერს დამატებით წარდგენილ იქნა უძრავი ნივთის გენ-გეგმის ასლი, ...ი საწარმოო გაერთიანება „...ის“ ...ი ...ის ტექნიკური პროექტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ხარვეზის დადგენის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ მომხდარა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რაც სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი.

სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანამად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, განმცხადებლის მიერ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე კანონშესაბამისად იქნა მიღებული 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომლითაც მოსარჩელე სს „...ას“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის სს „...ის“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისის, ...ის მე-2 ქუჩა №11ა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან, კანონშესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის დავალების თაობაზე.

სასამართლოს მითითებით, სს „...ამ“ 2012 წლის 30 იანვარს განმეორებითი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელექტრონული ვერსია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. დაინტერესებული პირის მიერ 2012 წლის 3 იანვარს დამატებით წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივლისის №649 განკარგულება, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 27 დეკემბრის №1889 განკარგულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 13 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. ამავე ინსტრუქციის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა.

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სს „...ის“ განცხადებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 9 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება კომისიაში ისე, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც საუბარია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, ამ დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი ხელახლა განიხილება, თუ გარემოებების და ფაქტების, რომლებსაც განმცხადებელი საფუძვლად უდებს ხელახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნას, თავის დროზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა, თუ დაინტერესებულმა პირმა თავის დროზე იცოდა ამ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ და არ განუცხადებია ამის თაობაზე, როდესაც საკითხი წყდებოდა, მას უფლება არ აქვს ამ გარემოების თაობაზე შემდგომში მიუთითოს და მოითხოვოს მათი გათვალისწინებით საკითხის ხელახლა განხილვა.

მოცემულ შემთხვევაში, სს „...ამ“ მიმართა რა განმეორებით სარეგისტრაციო სამსახურს, განცხადებას არ ერთვოდა ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტაცია და შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი, დაინტერესებული პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მულხზე, რომლის შესაბამისადაც, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში თავდაპირველად, ანუ 2011 წლის 30 ივნისს, სრულყოფილად ვერ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაცია, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ არ გაუსაჩივრებიათ, ხოლო შეჩერების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მათ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო მთელი რიგი დოკუმენტებისა, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქივში დაცული სს „...ის“ საპრივატიზაციო საქმის დამოწმებული ასლი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულება, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულება, ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათი გენ-გეგმით, ...ის მე-2 ქუჩაზე საწარმოო გაერთიანება „...ის“ ...ი ...ის სამშენებლო დოკუმენტაცია, რომლითაც ცალსახად აღმოფხვრილ იქნა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზი. წარდგენილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთიც კი საკმარისი იყო სს „...ის“ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. თუმცა, სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარეგბლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის იგნორირებით მიიღო გასაჩივრებული განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

2013 წლის 24 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს „...ის“ წარმომადგენლმა გ. ზ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეტანილი აქვთ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 აგვისტოს №..., №..., №..., №..., №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „...ის“ წარმომადგენლმა გ. ზ-მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ №3/2800-13 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სს „...ის“ წარმომადგენლის გ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება სს „...ის“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით (საქმე №ბს-913(2კ-18) - სს „...ის“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 აგვისტოს №..., №..., №..., №..., №... გადაწყვეტილებების, 2013 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 6 აგვისტოს წერილისა და 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის სს „...ის“ 2016 წლის 22 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების თაობაზე (გაერთიანებული საქმეებისა და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით)) სს „...ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „...ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება სს „...ის“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეში დავის საგანს სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების მართლზომიერების დადგენა წარმოადგენდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით კი განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით (საქმე №ბს-913(2კ-18) - სს „...ის“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 აგვისტოს №..., №..., №..., №..., №... გადაწყვეტილებების, 2013 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 6 აგვისტოს წერილისა და 2016 წლის 16 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის სს „...ის“ 2016 წლის 22 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების თაობაზე (გაერთიანებული საქმეებისა და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით)) სს „...ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.08.2012წ. №..., №..., №..., №..., №..., 29.11.2013წ. №... გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს) საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინების მიხედვით: „გასათვალისწინებელია, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას სსიპ საჯარო რეესტრს ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდათ ინფორმაცია უძრავ ქონებასთან მიმართებით სს „...ის“ სამართლებრივი ინტერესის, საკუთრების მოპოვების მიზნით სასამართლო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რადგან საკასაციო პალატაში სს „...ის“ სარჩელზე მიმდინარე წარმოებაში მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო საქმეში ჩართული იყო მესამე პირად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ.), რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის გამარტივებასა და ეფექტიანობას, უძრავი ნივთების უფლებრივი მდგომარეობის აღრიცხვას, მესაკუთრისა და მესამე პირთა ინტერესების დაცვას და სხვ.. მართალია აღნიშნული არ გამორიცხავს მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხულ მონაცემთა უზუსტობის შესაძლებლობას, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფლების რეგისტრაციის მიზნებისა და დანიშნულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა მოეხდინა ისეთი მონაცემის განზრახ რეგისტრაცია, რომლის სადავოობის შესახებ მისთვის სათანადო წყაროდან იყო ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ არათუ განახორციელა ისეთ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია, რომელზე უფლებაც სასამართლო დავის საგანი იყო, არამედ სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩართო სს „...ა“, უგულებელყო სადავო ქონების მიმართ მისი ინტერესები.“

მითითებულ ადმინისტრაციულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო სადავო ქონების კუთვნილებაზე დავის მიმდინარეობის პირობებში.

რაც შეეხება განსახილველ სამართალურთიერთობას, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ქ თბილისში, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე 2010 წლის 7 დეკემბერს №3889 – IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 74 მუხლი - კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა, რომლის თანახმად, „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციის 31.9 მუხლი) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „...ამ“ 2011 წლის 30 ივნისს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ქ თბილისში, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. შესამაბისად, მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში მოახდინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო აქტების ნაწილი გამოცემულია აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შემდეგ, თუმცა მარეგისტრირებელ ორგანოს წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი არ უთქვამს კანონით დადგენილი ვადის გასვლის მოტივით. აღნიშნულ ნორმაზე მითითებას მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს, რაც მოსარჩელის მდგომარეობას უდავოდ აუარესებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თუ პირმა უფლების რეალიზაცია კანონის მოქმედების პირობებში მოახდინა, მას ამ უფლების განხორციელება იმ დროს მოქმედი კანონით შეუძლია. ამდენად, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაში სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 30 ივნისს წარდგენილ განცხადებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში 74 მუხლის სახით გათვალისიწინებული რეგულაციის გავრცელების შესაძლებლობას. მართალია, მითითებული მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, თუმცა დადგენილია, რომ მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში მოახდინა. როგორც თავდაპირველი, ასევე განმეორებითი განცხადება სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილია კანონის მოქმედების პირობებში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სს „...ამ“ 2011 წლის 30 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, 50-ლარიანი ქვითარი, ელექტრონული ვერსია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საწარმოს რეგისტრაციის მოწმობა, დადგენილება №.... სს „...ის“ მიერ დამატებით წარდგენილ იქნა 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 11 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში განმცხადებელს განემარტა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 6 613 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ აღრიცხული იყო სახელმწიფო, ხოლო მოსარგებლედ აღრიცხული იყო ...ს ...ი „...ი“, ამასთან, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სამართალკავშირი სს „...ასა“ და ...ს ... „...ს“ შორის. ასევე წარდგენილ პრივატიზაციის გეგმაში მოცემულ ობიექტის ძირითად მახასიათებლებში არ იყო აღნიშნული საწარმოს, ქვედანაყოფის მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის, ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე არ ერთვოდა საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით (პრივატიზაციის გეგმით) ვერ ხდებოდა ნივთის იდენტიფიკაცია (არ იყო ასახული როგორც შენობა-ნაგებობების, ისე მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფართობი), არ დგინდებოდა ასევე სამართალკავშირი ზემოაღნიშნულ პირებს შორის, შესაბამისად, არ დგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელს დაევალა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, რითაც დადასტურდებოდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი წარმოადგენდა იმ ობიექტს და იმ საზღვრებში, რომელიც განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოადგენდა პრივატიზებულ ობიექტს და რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, აღრიცხული იყო ...ს ... „...ზე“.

სს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 7 სექტემბერს დამატებით წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივნისის №649 განკარგულება, რომლის შესაბამისად დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თხოვნა და „...ს“ დაევალა აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოსთვის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, 26 კომისრის სახელობის რაიონში, ...ის მე-2 ქუჩაზე მდებარე ...ის ...ის ტერიტორია და გაუქმებული შენობა-ნაგებობანი.

სს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 8 სექტემბერს წარდგენილ იქნა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 27 დეკემბრის №1889 განკარგულება, რომლითაც მიღებულ იქნა 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომის, კეთილმოწყობის სამმართველოს და მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს წინადადება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივლისის №649 განკარგულებით კეთილმოწყობის სამმართველოსთვის გადაცემული ყოფილი „...ის“ ...ის ტერიტორია და მასზე არსებული შენობები ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საწარმოო გაერთიანება „...ას“.

სს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 15 სექტემბერს და 22 სექტემბერს დამატებით წარდგენილ იქნა უძრავი ნივთის გენ-გეგმის ასლი, ...ი საწარმოო გაერთიანება „...ის“ ...ი ...ის ტექნიკური პროექტი.

2011 წლის 9 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სს „...ამ“ 2011 წლის 9 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ.თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით სს „...ას“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონშესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

დადგენილია, რომ სს „...ას“ არ გაუსაჩივრებია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სს „...ამ“ 2011 წლის 30 დეკემბერს განმეორებით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელექტრონული ვერსია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. დაინტერესებული პირის მიერ 2012 წლის 3 იანვარს დამატებით წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივლისის №649 განკარგულება, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 27 დეკემბრის №1889 განკარგულება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 13 იანვარს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში განმცხადებელს განემარტა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 6 613 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ აღრიცხული იყო სახელმწიფო, ხოლო მოსარგებლედ აღრიცხული იყო ...ს ...ი „...ი“, ამასთან, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სამართალკავშირი სს „...ასა“ და ...ს ... „...ს“ შორის. ასევე წარდგენილ პრივატიზაციის გეგმაში მოცემული ობიექტის ძირითად მახასიათებლებში არ იყო აღნიშნული საწარმოს, ქვედანაყოფის მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის, ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე არ ერთვოდა საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით (პრივატიზაციის გეგმით ვერ ხდებოდა ნივთის იდენტიფიკაცია (არ იყო ასახული როგორც შენობა-ნაგებობების, ისე მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფართობი), არ დგინდებოდა ასევე სამართალკავშირი ზემოაღნიშნულ პირებს შორის, შესაბამისად არ დგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელს დაევალა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, რითაც დადასტურდებოდა, რომ სარეგისტრაციო წარდგენილი უძრავი ნივთი, წარმოადგენდა იმ ობიექტს და იმ საზღვრებში, რომელიც განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოადგენდა პრივატიზებულ ობიექტს და რომელიც ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად აღრიცხული იყო ...ს ... „...ზე“.

სს „...ამ“ 2012 წლის 10 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სს „...ას“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომში შეწყდა, იმ მოტივით, რომ მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით კონკრეტულ უძრავ ქონებაზე სს „...ის“ საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად არ იქნა საკმარისად მიჩნეული მის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, სს „...ის“ საპრივატიზებო საქმის მასალები, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულება, საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულება და სხვ..

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სს „...ის“ მიერ წარდგენილი განცხადებები/საჩივრები განიხილეს არსებითად, შესაბამისად, სასამართლოც არსებითად მსჯელობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლო სადავო აქტების კანონიერებაზე მსჯელობისას სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თავად სს „...აც“ ადასტურებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილების მართებულობას და მიუთითებს, რომ თავდაპირველად, ანუ 2011 წლის 30 ივნისს, სრულყოფილად ვერ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაცია, რის გამოც არ გაუსაჩივრებია თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ხოლო შეჩერების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მათ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო მთელი რიგი დოკუმენტებისა, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არქივში დაცული სს „...ის“ საპრივატიზაციო საქმის დამოწმებული ასლი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულება, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის განკარგულება, ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათი გენ-გეგმით, ...ის მე-2 ქუჩაზე საწარმოო გაერთიანება „...ის“ ...ი ...ის სამშენებლო დოკუმენტაცია, რომლითაც აღმოფხვრილ იქნა სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილია არაერთი დოკუმენტი და მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს არა 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების კანონიერებაზე, არამედ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობა გავლენას ვერ მოახდენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის გადაწყვეტაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა ეს არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას. სასამართლომ სრულად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო სს „...ის“ განცხადებებთან დაკავშირებით შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე. საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციო სამსახურსა და საქმის განხილვის დროს სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებზე და მიუთითებს, რომ როგორც სარეგისტრაციო სამსახურს, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია სს „...ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა დოკუმენტები, რომელთა ერთობლივი ანალიზი მარეგისტრირებელ ორგანოს აძლევდა სს „...ასა“ და ...ს ... „...ს“ შორის სამართლებრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობას, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი და განცხადებაზე თანდართული ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 6613 კვ.მ, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, სარგებლობის უფლებით აღრიცხული იყო ...ს ... „...ზე“ (ტ. I, ს.ფ. 19).

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივნისის №649გ განკარგულებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თხოვნა და „...ს“ დაევალა აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოსთვის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, 26 კომისრის სახელობის რაიონში, ...ის მე-2 ქუჩაზე მდებარე ...ის ...ის ტერიტორია და გაუქმებული შენობა-ნაგებობანი (ტ. I, ს.ფ. 50).

თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 27 დეკემბრის №1889 განკარგულებით მიღებულ იქნა 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომის, კეთილმოწყობის სამმართველოს და მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს წინადადება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივლისის №649 განკარგულებით კეთილმოწყობის სამმართველოსთვის გადაცემული ყოფილი „...ის“ ...ის ტერიტორია და მასზე არსებული შენობები ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საწარმოო გაერთიანება „...ას“ (ტ. I, ს.ფ. 53).

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „...ის“ „...ის“ ქარხნის აქციონირებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 11 ივლისის №... დადგენილებაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა ს/გ „...ის“ დირექტორთა საბჭოს დადგენილება (ოქმი №3, 1993 წლის 21 ივნისი), რომლის შესაბამისად გაერთიანების რეორგანიზაციის შედეგად მის ბაზაზე ჩამოყალიბდა თერთმეტი სააქციო საზოგადოება, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სს „...ა“ (ტ. I, ს.ფ. 24-25), რომელიც მდებარეობს იმავე მისამართზე: ...ის მე-2 ქუჩა №11ა, რაც დასტურდება №... საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობით, საწარმოს წესდებითა და ამონაწერით მეწარმეთა რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 21, 23, 337-349).

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 11.07.1994 წლის №... დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით, სააქციო საზოგადოება „...ა“ „...ის“ ქარხნის ბაზაზე დაფუძნდა.

სს „...ის“ დოკუმენტებში არაერთხელ არის მოხსენიებული მის საწესდებო კაპიტალში და ბალანსზე არსებული უძრავი ქონება.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი და განცხადებაზე თანდართული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 16 ივნისის №649გ განკარგულებით დასტურდება ჯერ „...სა“ და აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს შორის, ხოლო შემდგომ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 27 დეკემბრის №1889 განკარგულებით - კეთილმოწყობის სამმართველოსა და საწარმოო გაერთიანება „...ას“ შორის სამართლებრივი კავშირი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 11 ივლისის №... დადგენილებით კი, საწარმოო გაერთიანება „...ის“ რეორგანიზაციის შედეგად მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ თერთმეტ სააქციო საზოგადოებას შორის ერთ-ერთს წარმოადგენს სს „...ა“, ხოლო სააქციო საზოგადოება „...ა“ „...ის“ ქარხნის ბაზაზე დაფუძნდა.

ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ სს „...ას“ სადავო გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო სამსახურმა წარდგენილი დოკუმენტების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა სს „...ასა“ და ...ს ... „...ს“ შორის სამართლებრივი კავშირი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოებით დაინტერესებული მხარეები არ თავისუფლდებიან კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისაგან. მეტიც, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობა სწორედ მათ აქტიურ მონაწილეობაზეა დამოკიდებული. თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს საჯარო რეესტრის მხრიდან სარეგისტრაციო ქონებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მოპოვების მიმართ არსებულ ვალდებულებას. ამის დასტურია, მათ შორის, დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის უფლებით მარეგისტრირებელი ორგანოს აღჭურვაც, რაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ქმედით როლს სარეგისტრაციო წარმოების პროცესში. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს გონივრულად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენადაც აღნიშნულმა არა თუ შეაფერხოს, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყოს სარეგისტრაციო პროცესის მიმდინარეობას და მის მართებულ დასრულებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, აღნიშნული არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც დამატებითი ბარიერი და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარის საზიანოდ.

რაც შეეხება უშუალოდ სს „...ის“ მოთხოვნას ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის/შენობა-ნაგებობათა და სხვა/ღირებულების შეფასების აქტზე, რომლის თანახმად, ს/გ „...ის“ ქარხანა „...ას“ გადაცემული ჰქონდა 4 ობიექტი: 1. ქარხნის შენობა, 2. სასადილოს შენობა, 3. ქარხნის ღობე, 4. საქვაბე. ამდენად, დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 11.07.1994 წლის №... დადგენილებით სწორედ ამ ქონების ბაზაზე განხორციელდა „...ის“ ქარხნის აქციონირება სააქციო საზოგადოება „...ად“.

ყოველივე აღნიშნული ადასტურებს სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან სადავო საკითხის დამატებით კვლევა-შეფასების საჭიროებას, რამეთუ ქარხანა „...ას“ საქმის მასალების მიხედვით უფიქსირდებოდა 4 ობიექტი, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურმა სს „...ის“ მოთხოვნის განხილვისას უნდა დაადგინოს ქარხანა „...ისთვის“ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ 4 ობიექტთან ერთად რა ფართის მიწის ნაკვეთი გადაეცა მას სარგებლობაში. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, დასაზუსტებელია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ოდენობა და საზღვრები, კერძოდ, 6613 კვ.მ საერთო ფართის მიწის ნაკვეთიდან რა ნაწილზე მოიპოვა ...ამ სარგებლობის უფლება.

საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი) თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საკუთრების უფლება ვლინდება პირის უფლებაში, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. ამასთანავე, საკუთრების უფლებით დაცულია იმ პირთა უფლებაც, რომელთაც კანონით მინიჭებული შესაძლებლობის ფარგლებში წარმოექმნებათ უფლება კონკრეტულ ქონებაზე, თუნდაც ჯერ კიდევ არ იყოს დაცული საკუთრების უფლების წარმოშობის მხოლოდ ფორმალური პროცედურები. სწორედ ამიტომ, მართლზომიერი მფლობელის უფლება უძრავ ნივთზე, ასევე, არის საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს „...ის“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნულის პირობებში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 650 (100+100+150+300) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს „...ის“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქ. თბილისი, ...ის მე-2 ქუჩა №11ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე;

5. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილება;

6. დანარჩენ ნაწილში სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 650 (100+100+150+300) ლარის ანაზღაურება;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე