საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1377(კ-19) 22 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ნ. შ-ე, ს. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - შპს „...“, ნ. ს-ე, ნა. ს-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. შ-ემ და ს. ს-ემ 2017 წლის 22 მაისს სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს №4 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ისა და ს. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. შ-ემ და ს. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ. შ-ისა და ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ. შ-ემ და ს. ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ...ის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისია 2015 წლის 12 აგვისტოს №4 ოქმის შედგენისას იკვლევდა, ბოლო სამი წლის მდგომარეობით ვინ ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნულ ოქმში მითითებული მიწის ნაკვეთებით. მესამე პირები კი დასახელებულ ქონებას არ ფლობდნენ. სადავო მიწის ნაკვეთებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე ჰყავდა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, არ შეიცავს წერილობით დასაბუთებასა და სათანადო ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებას. ამასთანავე, სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ ადგილზე გასვლით შეისწავლა საკითხი. მოცემული ფაქტი არ დგინდება საქმეში არსებული მასალებითა და მოწმეთა გამოკითხვით. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ მ. ბ-ისა და გ. ა-ის ჩვენებები ინტერპრეტირებული და არასწორად მითითებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის განჩინებით ს. ს-ისა და ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ. შ-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა. მითითებული კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე, დადგენილია, რომ სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი.
დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების მისი გამომტანი მოსამართლის/მოსამართლეების მიერ ხელმოწერა. ასეთი ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. მოსამართლე ხელმოწერით ადასტურებს დოკუმენტში მითითებული გარემოებებისა და სასამართლოს აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების ნამდვილობას, მატებს მას ლეგიტიმაციას, აძლევს საბოლოო სახეს და ამცირებს სასამართლოს აქტის გაყალბების რისკებს. მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი იწვევს იურიდიულ შედეგებს. სწორედ ამიტომ, „სასამართლო გადაწყვეტილება საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ მის დადგენაში მონაწილე ყველა მოსამართლის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობას უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, რაც საქმეში სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეზე გადაწყვეტილება არ არის დადგენილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-53-52(კ-06)).
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, სამი მოსამართლის მონაწილეობით, თუმცა განჩინებას ერთ-ერთი მათგანი ხელს არ აწერს. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რომლის არსებობის დროსაც, იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სადავო შემთხვევაში მოკლებულია საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმეს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე