Facebook Twitter

#ბს-68(2კ-19) 30 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 10 ოქტომბერს ქ. რ-მა, ნ. ო-ემ, ფ. მ-ემ, დ. ფ-ემ, დ. ბ-მა, ი. გ-მა, ლ. გ-მა, თ. ქ-მა და დ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2016 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #..., საკადასტრო კოდით: #..., პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზების) მოთხოვნით, თუმცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 29 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებისას გადაწყვეტილებას იღებს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე. სწორედ აღნიშნულზე მითითებით, სააგენტომ უარი განაცხადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე და თანხმობა გამოხატა ქონების მხოლოდ ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვაზე. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიღებულ გადაწყვეტილებაში, მართალია, მიუთითა საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე, თუმცა მათი აზრით, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის მსჯელობას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის დაცვის შესახებ. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ დაუსაბუთებელია, კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძველსა და არგუმენტებს ემყარება სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება. მოსარჩელეთა მითითებით დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არსებულ საკითხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მათ მიერ წარდგენილ იქნა რიგი მტკიცებულებები, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს არანაირ მითითებას წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და მათ შინაარსზე სათანადო მსჯელობის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2016 წლის 12 აგვისტოს, მოსარჩელეების მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილ საჩივარზე არ მოუხდენია რეაგირება, საჩივრის განხილვისათვის დადგენილი 1-თვიანი ვადის გასვლის მიუხედავად, რაც მოსარჩელეების მხრიდან აღქმულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5/39300 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის (ქ. რ-ის, ნ. ო-ის, ფ. მ-ის, დ. ფ-ეს, დ. ბ-ის, ი. გ-ის, ლ. გ-ის, თ. ქ-ის, დ. თ-ას 2016 წლის 12 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე), მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის ქ. რ-ის, ნ. ო-ის, ფ. მ-ის, დ. ფ-ის, დ. ბ-ის, ი. გ-ის, ლ. გ-ის, თ. ქ-ისა და დ. თ-ასთვის მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართების შესაბამისად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #..., საკადასტრო კოდით #..., სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად პრივატიზების თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებისა და წარდგინების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს მთავრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. რ-ის, ნ. ო-ის, ფ. მ-ის, დ. ფ-ის, დ. ბ-ის, ი. გ-ის, ლ. გ-ის, თ. ქ-ის, დ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი ქ. რ-ის, ნ. ო-ის, ფ. მ-ის, დ. ფ-ის, დ. ბ-ის, ი. გ-ის, ლ. გ-ის, თ. ქ-ის, დ. თ-ას 2016 წლის 12 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5/39300 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ქ. რ-ის, ნ. ო-ის, ფ. მ-ის, დ. ფ-ეს, დ. ბ-ის, ი. გ-ის, ლ. გ-ის, თ. ქ-ის, დ. თ-ას მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით (მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართების შესაბამისად), ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #...-ში (საკადასტრო კოდი: #...) მდებარე უძრავი ქონების 1 (ერთი) ლარად პრივატიზების თაობაზე, საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირებისა და წარდგინების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5/39300 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, იგი მოსარჩელეთა საკუთრებასთან დაკავშირებულ უფლებას პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, საკითხის ობიექტურად გადასაწყვეტად, საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული პროცედურები კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებსა და 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5/39300 გადაწყვეტილება, გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი - მოსარჩელეთა 2016 წლის 12 აგვისტოს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე, მიღებულ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, იგი სახელმწიფო ქონების განკარგვის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე. შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულად უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას. ასეთი გადაწყვეტილება შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება და რაიმე სახის დოკუმენტური მტკიცებულების არსებობა არ არის სავალდებულო, მით უფრო, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, ვინაიდან გადაწყვეტილება ეხება სახელმწიფოს ნებას მიჰყიდოს თუ არა სიმბოლურ ფასად კონკრეტულ ფიზიკურ პირებს მის საკუთრებაში არსებული ქონება. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა ყველა მტკიცებულება და სააგენტომ სწორედ მათზე დაყრდნობით მიიჩნია მიზანშეუწონლად განცხადებაში დასმული საკითხის დაკმაყოფილება. კასატორი მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ ...ის გენერალური დირექტორის წერილზე და აღნიშნავს, რომ ის სავალდებულო წესით არ ქმნის საფუძველს, რომ სააგენტოს მიერ მოხდეს საკითხის ინიცირება.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნის წარმოშობა სადავო ქონებაზე მფლობელობის ფაქტს დაუკავშირა, თუმცა მხოლოდ მფლობელობა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არ წარმოშობს მოთხოვნას. სამინისტროს მოსაზრებით, არასწორად შეფასდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესი, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი გათვალისწინებული საკუთრების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება. ამასთან, კასატორის განმარტებით, აქტის გამოცემის მოთხოვნით მთავრობის წინაშე ინიცირების პროცედურისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და საბოლოოდ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად საკითხს წერილობითი ფორმით წარადგენს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამო მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე გადანაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5/39300 წერილით მოსარჩელეებს მათი 2016 წლის 22 ივლისის განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდნენ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #...) სიმბოლურ ფასად (1 ლარად) საკუთრების უფლებით გადაცემას, ეცნობათ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებისას, გადაწყვეტილებას იღებს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამავე წერილით განმცხადებლებს განემარტათ, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დაპირებას და შესაბამისად, არ წარმოშობდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოსარჩელეების მიერ წარდგენილი განცხადების განხილვისას, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, თუ რა სახის საჯარო და კერძო ინტერესი არსებობდა მოცემულ შემთხვევაში, ამასთან, რომელი ინტერესი იყო უპირატესი (აღმატებული), გადაწყვეტილებაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სიმბოლურ ფასად უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკითხის განხილვა და საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დასაბუთებული, კონკრეტულად, რა სამართლებრივ საფუძველსა და არგუმენტებს ემყარება სადავო გადაწყვეტილება. ამასთან საყურადღებოა ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაინტერესებულმა პირებმა წარადგინეს მტკიცებულებები, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას მათი გამოკვლევის შედეგების შესახებ, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ...ის გენერალური დირექტორის 08.12.2009წ. #8-01/1578 წერილის შინაარსი, რომლის თანახმად, „...ს“ (ყოფილ „...ს“), 27.06.1995წ. #01/87 ბრძანებით კავშირგაბმულობის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს მთელ რიგ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში, სხვა უძრავ ქონებასთან ერთად, კაპიტალში ერიცხებოდა საერთო საცხოვრებლები, მათ შორის, თბილისში, ...ის #...-ში, სადაც 80-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ ...ის ფუნქციონირებისათვის საჭირო სპეციალისტები. ამავე წერილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 25.05.1999წ. #334 ბრძანებულებით, საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, საერთო საცხოვრებლის მობინადრეებს უნდა გადასცემოდათ მათ მიერ დაკავებული ფართები, მათ შორის, თბილისში, ...ის #...-ში მცხოვრებ „...ის“ თანამშრომლებს: ქ. რ-ს, ნ. ო-ეს, ფ. მ-ეს, დ. ფ-ეს, დ. ბ-ს, ი. გ-ს, ლ. გ-ს, თ. ქ-ს და დ. თ-ას. ამასთან საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია, რომ მოსარჩელეები 1981 წლიდან დღემდე ცხოვრობენ თბილისში, #...-ში მდებარე შენობაში და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად დაკავებული აქვს კონკრეტული ფართი. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასაბუთებული არ არის, რამდენად იქნა დაცული საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა და ასეთ შემთხვევაშიც კი, პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატებოდა თუ არა იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე