Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-238(კ-19) 9 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 12 აპრილს ე. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „...ის“ მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 13 თებერვალს იგი საბაჟო გამშვები პუნქტი ,,...ის“ გავლით სომხეთის რესპუბლიკიდან დაბრუნდა მის მფლობელობაში არსებული ,,FORD TRANZIT“ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით .... საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების, ძირითადად სომხური წარმოების, დამალული უაქციზო სიგარეტი, საერთო რაოდენობით 53 კოლოფი, ანუ 1260 ღერი სიგარეტი, რასთან დაკავშირებითაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მას შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ასევე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ ასევე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552.1. მუხლის საფუძველზე. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ავტომანქანის კონფისკაციისა და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმების ნაწილში, გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 29 მარტის N8139 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენებისა და 1000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, 2017 წლის 13 თებერვალს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის N EL055894 ოქმისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის N8139 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით ე. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „...ის“ 2017 წლის 13 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N EL055894, ე. ა-ისათვის FORD TRANSIT მოდელის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნებია ...) ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8139 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ა-ის საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „...ის" 2017 წლის 13 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N EL055894, ე. ა-ისათვის FORD TRANSIT მოდელის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნებია ...) ჩამორთმევის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით საგადასახადო ორგანოს ენიჭება რა დისკრეციული უფლებამოსილება, მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დიკსრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან მიმართებაში მიუითითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილებაზე (სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, განმარტა, რომ ვინაიდან, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების სრულ თავისუფლებას, კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის კანონიერება, მეორე მხრივ კი, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.

სააპელაციო სასამართლომ ყუარადღება გაამახვილა მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის თანახმად, სატვირთო-სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით ... FORD TRANSIT) რეგისტრირებულია და საკუთრების უფლებით ეკუთვნის მესამე პირს - გ. ა-ს (მოსარჩელის მამას). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდებით მოხდა მესამე პირის საკუთრების ობიექტის ჩამორთმევა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, შესაბამისად, განსაზღვრულია სახდელის ინდივიდუალობის პრინციპი - პასუხისმგებლობის არარსებობა სამართალდარღვევის გარეშე. ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

აღნიშნულ პრინციპს განამტკიცებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე- 14 ნაწილში არ არის მითითება მასზედ, რომ შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს სამართალდამრღვევის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა წარმოადგენს საგადასახადო სანქციის ერთ-ერთ სახეს და იგი, ისევე როგორც სხვა საგადასახადო სანქციები, უნდა შეეფარდოს (შეიძლება, რომ შეეფარდოს) მხოლოდ და მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა გადაცდომა - საგადასახადო სამართალდარღვევა, ანუ მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტი გ. ა-ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას განიხილავს მომავალში, მსგავსი შინაარსის სამართალდარღვევების ჩადენისთვის ხელსაყრელ იარაღად და ავტოსატრანსპორტო საშუალების გ. ა-ის საკუთრებაში დატოვების შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ასეთი გადაცდომების ჩადენის საშიშროება; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად კი ამ სახის სამართალდარღვევათა მატებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე მიუთითებენ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი (საგადასახადო სამართალდარღვევების ამომწურავი ჩამონათვალი) არ იცნობს ისეთი დეფინიციის მქონე საგადასახადო სამართალდარღვევას, რომლის თანახმადაც, სამართალდარღვევის ჩადენის შესაძლო საშუალების (მაგალითად სამალავის მქონე ავტომობილი), როგორც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ან ბრუნვაშეზღუდული ნივთის (ავტოსატრანსპორტო საშუალება - სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან, არ არის ბრუნვაშეზღუდული ნივთი), საკუთრების უფლებით ფლობა განიხილებოდეს საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევდეს მესაკუთრისთვის კონკრეტული სახის საგადასახადო სანქციის (სანქციების) შეფარდებას, პასუხისმგებლობის დაკისრებას; პრაქტიკულად, გ. ა-ის წინააღმდეგ საგადასახადო სანქციის - ავტომობილის კონფისკაციის გამოყენება არაპირდაპირ მოტივირებული არის სწორედ იმით, რომ გ. ა-ი საკუთრების უფლებით ფლობს სამართალდარღვევის ჩადენის საშუალებას (სამალავის მქონე ავტობუსს), რაც არასწორია, რადგან მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ იცნობს ასეთი სახის და შინაარსის სამართალდარღვევას, კოდექსი არ ადგენს ამ სახის გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის ზომას - სანქციას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სადავო სამართალდარღვევის შემთხვევების გამოვლენის მონაცემების მკვეთრი ზრდის გამო ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის შესახებ და განმარტა, რომ მართალია, სახელმწიფო შეიმუშავებს სამართალდარღვევებთან ბრძოლის კონკრეტულ პოლიტიკას, რაც მათ შორის, მკაცრი სანქციების შემოღებითაც შეიძლება გამოიხატოს, თუმცა სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი, პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით. ბუნებრივია, რომ ზოგადი პრევენციის მიზანს აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა ამგვარი ქმედების შემცირებისათვის. თუმცა, არ შეიძლება პირის სანქცირების მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე ქმედების ჩადენის რისკების მინიმალიზება. სახდელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სახდელს აქვს ობიექტური საფუძველი, უზრუნველყოს სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სახდელის გამოყენება მას არაპროპორციულ სახდელად აქცევს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლებზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა, მიიღწეოდა თუ არა გამოყენებული სანქციით საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები და იყო თუ არა ეს მიზნები თანაზომიერი. კასატორი აღნიშნავს, რომ საგრძნობლად იმატა ანალოგიური სახის დარღვევებმა, განსაკუთრებით კი, აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებით. მხარე მიუთითებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომელთა მიხედვითაც, ორჯერ არის გაზრდილი საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის რიცხვი, ხოლო 8-ჯერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა). გარდა ამისა, კასატორი ასევე მიუთითებს საბაჟო დეპარტამენტის უწინდელ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, აქციზის გადასახადის გაზრდამდე სამართალდარღვევის შემთხვევაში გამოიყენებოდა ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა, რამაც ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება, ამდენად, გაზრდილი სამართალდარღვევების ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა ყველაზე უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული გარემოებები, მხედველობაში არ მიიღო სამართალდარღვევის სიმძიმე და ის გარემოება, რომ ჩამორთმეულ ავტომობილში მოსარჩელეს მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომელიც გამოიყენა საქონლის დასამალად.

რაც შეეხება ავტომობილის საკუთრების ფაქტს, კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მინდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 13 თებერვალს ე. ა-ის მიმართ შეადგინა №EL055894 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 4 ივლისს ე. ა-ი სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. ,,...ის“ ტერიტორიაზე შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ე. ა-ი. ინტერვიუირებისას პიროვნებამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა დასადეკლარირებელი არაფერი, მათ შორის არც სიგარეტი. ავტომანქანის დათვალიერებისას სალონში, ბარის (ე.წ. ტორპეტოს) უკანა მხარეს აღმოჩნდა დამალული უაქციზო სიგარეტი, კერძოდ, „NOY”-43 კოლოფი და სიგარეტი - ,,VIP” – 10 კოლოფი. ე. ა-ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის (სადავო დროს მოქმედი) თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.მართალია აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა ამჟამად მოქმედი საბაჟო კოდექსის 168.3 მუხლი იმავე გადაცდომისათვის ანალოგიურ სახდელს ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებებს და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე