გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 109-დად 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თ. ლალიაშვილი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება ჯ. ა-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994წ. 22 აგვისტოს განაჩენით ჯ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 17,104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე პუნქტებით, 212-ე და 236-ე მუხლებით და საბოლოოდ, სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ა. სასჯელს იხდის 1993წ. 14 აპრილიდან. სასჯელის 3/4 მოიხადა 2004წ. 14 ივლისს.
სასჯელის 3/4-ის მოხდის შემდეგ, რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ა-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2005წ. 15 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.
მსჯავრდებულ ჯ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც. ჯ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მითითებული დადგენილების გაუქმებასა და ჯ. ა-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ მას მოხდილი აქვს სასჯელის 3/4, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ც. ჯ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორი ო. რ. არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, მსჯავრდებულ ჯ. ა-ს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს შეუძლია პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. ა. სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულისათვის, ადრე ორჯერ ნასამართლევია, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის დროისათვის მას მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა _ 3 წელი და 29 დღე, სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ეტაპზე სასჯელის მოხდისაგან მისი გათავისუფლება, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და სასამართლოს დადგენილებას მიიჩნევს კანონიერად. ამდენად, საჩივრის მოთხოვნას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ პალატა არ იზიარებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ჯ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.