Facebook Twitter

#ბს-1266(კ-19) 30 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 3 სექტემბერს ლ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის „ოჯახის დეკლარაციისა“ და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (61730) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, „ლ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 აგვისტოს #04/43905 გადაწყვეტილების, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს #2330/ო-ვ ბრძანებისა და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (59680) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელე ლ. ლ-ისთვის 39210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ლ. ლ-ის სასარგებლოდ ზიანის სახით, სოციალური შემწეობის შემცირების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შემცირების შედეგად მიღებული სხვაობის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ სარეიტინგო ქულას, რომელიც განესაზღვრა 2018 წლის 8 ივნისს, ვინაიდან 2018 წლის 8 ივნისს შევსებული დეკლარაციის შესაბამის გრაფაში - „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია ან/და საჭიროებს მომვლელს“ შემოხაზულია მხოლოდ მ. კ-ი, ხოლო ზ. ა-ე გამორჩენილია, მაშინ, როდესაც ორივე ოჯახის წევრს აქვს განსაზღვრული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. ასევე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დეკლარაციის ც-4 ბლოკის მე-7 გრაფაში „სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი“ 785,95 ლარი, არ უნდა დაფიქსირებულიყო, ვინაიდან აღნიშნული თანხა არ გაცემულა და არ ჩარიცხულა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების პირად საბანკო ანგარიშებზე, არამედ საქველმოქმედო ფონდი „...ის“ მიერ მათ დაუფინანსდათ მედიკამენტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (61730) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს #2330/ო-ვ ბრძანება და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (59680) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, „ლ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 აგვისტოს #04/43905 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილი წესით მოსარჩელის ლ. ლ-ისთვის 39210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელე ლ. ლ-ის სასარგებლოდ, ზიანის სახით, სოციალური შემწეობის შემცირების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შემცირების შედეგად მიღებული სხვაობის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ლ. ლ-ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. ამასთან, 2018 წლის 6 ივნისს ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა და შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის 8 ივლისს მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 61 730 ერთეულით და შესაბამისად, ოჯახს შეუმცირდა საარსებო შემწეობის ოდენობა. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ივნისის „ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე ლ. ლ-ის ოჯახის წევრზე, ზ. ა-ეზე არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს. ამასთან, დეკლარაციაში სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავლების გრაფაში მითითებულია 785,95 ლარი, რომელიც მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს გადასცა ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდმა „...მა“ მხოლოდ მედიკამენტების დასაფინანსებლად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს #2330/ო-ვ ბრძანებით დასტურდება, რომ განხორციელდა ბენეფიციარ ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირება, კერძოდ, დეკლარაციაში ოჯახის პირველი წევრის B3 ბლოკის მე-2 პუნქტი (დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია, საჭიროებს მომვლელს) იქნა მონიშნული, ასევე განხორციელდა კორექტირება ჩ4 პუნქტის მე-7 გრაფაში, კერძოდ, 785.95 ლარის ნაცვლად დაფიქსირდა 00.0 ლარი. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, 2018 წლის 28 აგვისტოს ლ. ლ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულად მაინც განისაზღვრა 59 680 ერთეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 14 აგვისტოს #2330/ო-ვ ბრძანებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა მის მიერ ოჯახის დეკლარაციაში დაშვებული ზემოაღნიშნული შეცდომები, რის შედეგადაც დააკორექტირა მონაცემები, თუმცა მას ქულათა ოდენობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დასაბუთებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მის მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება, რაც მოთხოვნილი იყო საჩივრის ფარგლებში. მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება განხორციელდა ოთხჯერ. კასატორის მითითებით, ოჯახი შედგება სამი წევრისგან, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ოჯახის ორი წევრი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, მესამე წევრი კი, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან. მათი ოფიციალური შემოსავალია სოციალური პაკეტის თანხები, ცხოვრობენ 1-ოთახიან, 20 კვ.მ ფართის ბინაში.

კასატორის მითითებით, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციაში ასახულია სრულად, შეესაბამება სიმართლეს, რის გამოც სააგენტოს წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 8 ივნისს შევსებული ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამო მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე გადანაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 6 ივნისის „ოჯახის დეკლარაციაზე“, სადაც ლ. ლ-ის ოჯახის წევრზე, ზ. ა-ეზე არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს, ამასთან დეკლარაციაში სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავლების გრაფაში მითითებულია მედიკამენტების დასაფინანსებლად ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „...ის“ მიერ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის გადაცემული თანხა. აღნიშნულთან მიმართებით, საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 ივლისს გაცემული #IV-100/ა ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ პაციენტ ზ. ა-ეს ესაჭიროებოდა მუდმივი მომვლელი, უჭირდა გადაადგილება. ასევე, საქმეში წარმოდგენილი საქველმოქმედო ფონდი „...ის“ მიერ 2018 წლის 13 ივლისს შედგენილი #104, #105 და #106 ცნობებით ირკვევა, რომ ლ. ლ-ს 2017 წლის ოქტომბერში ფონდმა გადასცა 169.65 ლარი, რომელიც 2018 წლის მარტში ხელზე არ გაცემულა და არ ჩარიცხულა ლ. ლ-ის პირად საბანკო ანგარიშზე, არამედ დაუფინანსდა 127.08 ლარის მედიკამენტები. ანალოგიურად, ზ. ა-ეს გადაეცა 187.32 ლარი და დაუფინანსდა 116.65 ლარის მედიკამენტები, ასევე, მ. კ-ს გადაეცა 99 ლარი და დაუფინანსდა 86.25 ლარის მედიკამენტები. სასამართლოს მითითებით, დასახელებული გარემოებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. ამასთან, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო „ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი ზემოაღნიშნული მონაცემის უტყუარობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ბრძანებით, თავად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა მის მიერ ოჯახის დეკლარაციაში დაშვებული ზემოაღნიშნული შეცდომები, რის შედეგადაც დააკორექტირა მონაცემები, თუმცა მას ქულათა ოდენობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დასაბუთებული. შესაბამისად, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს ნ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე