#ბს-1389(კ-18) 30 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ჯ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 12 ოქტომბერს გ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, მოპასუხედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაასახელა.
მოსარჩელის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, გ. ჯ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 7 თებერვლის #1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, გ. ჯ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 29 ივნისს ჩატარდა გასაუბრება, თუმცა კომისიამ კვლავ უარყოფითად შეაფასა მისი კანდიდატურა. გ. ჯ-ას განმარტებით, მის მიმართ მიღებული იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში, გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსარჩელის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ იგი წარსულში იყო პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა. მოსარჩელე თავდაპირველად, ჯერ კიდევ მერიაში მუშაობის დროს, განიცდიდა ზეწოლას ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან. მისივე თქმით, იგი სადავო გასაუბრების დროსაც დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და მისი თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ მოსარჩელის პოლიტიკური წარსულის გამო არ განხორციელდა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და ყოველგვარი კანონიერი და დასაბუთებული საფუძვლის გარეშე უთხრა მას უარი კანდიდატად წარდგენაზე.
ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის #5,7,8/2 სხდომის ოქმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის #11 ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გ. ჯ-ას გასაუბრების გარეშე თანამდებობაზე წარდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის #5,7,8/2 ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის #11 ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გ. ჯ-ასთან მიმართებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ა მონაწილეობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა მან კომისიისგან მიიღო უარყოფითი შეფასება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის #3/1796-15 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ. ჯ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 7 თებერვლის #1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #11 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გ. ჯ-ასთან მიმართებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო დასაბუთებულ გადაწყვეტილებად. ამასთან, გასაუბრების ეტაპზე კომისიას უნდა ეწარმოებინა საოქმო ჩანაწერი, რათა შედეგების სადავოდ ქცევის შემთხვევაში, შესაძლებელი ყოფილიყო სრულყოფილად შესწავლა, რა ვითარებაში მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი და რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით.
საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი #7) განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის #3/1796-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე გ. ჯ-ას კანდიდატურის ხელახალი შეფასების საკითხი. მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ განხორციელდა სამსახურის რეორგანიზაცია და საშტატო ნუსხის ცვლილება. ამის შედეგად, ...ა სამმართველოს ფუნქციები გადანაწილდა ორ სტრუქტურულ ქვედანაყოფზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილებასა და ამავე სამსახურის ...ის განყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გ. ჯ-ას კანდიდატურა განხილულიყო ორივე განყოფილების ...ის თანამდებობაზე. ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მისი შეფასება განეხორციელებინა იმ პერიოდში არსებულ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის #3 ბრძანებით შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას, რომელშიც პროფესიული პრინციპით, კომისიის წევრები წარმოდგენილი იქნებოდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან.
2017 წლის 29 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ გ. ჯ-ასთან ჩატარდა გასაუბრება. ამასთან, კომისიამ, წევრებისა და დამსწრე პირების ინფორმირების შემდეგ, განახორციელა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერა. კომისიის წევრებმა გასაუბრების შემდეგ შეავსეს ინდივიდუალური შეფასების ფორმები და საბოლოოდ, ორივე თანამდებობაზე გ. ჯ-ა შეფასდა 2,94-2,94 ქულით. შესაბამისად, კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ გაეწია რეკომენდაცია გ. ჯ-ას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების თანამდებობაზე ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე დანიშვნას იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატმა ვერ გადალახა მინიმალური გამსვლელი ზღვარი - 3 (სამი) ქულა.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე გ. ჯ-ასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის #5,7,8/2 ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2017 წლის 30 ივნისს (სხდომის ოქმი #11) მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ. ჯ-ას არ გაეწია რეკომენდაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ...ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობებზე დასანიშნად.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის კონკურსსა და ტესტირებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, შექმნას საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. აღნიშნული განმტკიცებულია გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-10 მუხლით. ამავე წესის მითითებული რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსის პროცესში ფასდება მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, ცოდნა, პიროვნული თვისებები, მოტივაცია და უნარ-ჩვევები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით სასამართლოს მითითება და მოსარჩელესთან ხელახლა ჩატარებული გასაუბრების ეტაპი ჩაიწერა აუდიო სისტემით. აღნიშნულის შედეგად, მათ დაიცვეს კანონის ისეთი პრინციპები, როგორიცაა გამჭირვალობა და საჯაროობა, რითაც სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, შეეფასებინა, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი, როგორი სახის შეკითხვები დაუსვეს კონკურსანტს და ამ უკანასკნელმა რა პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებზე. ამასთან, სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების მიმდინარეობის პროცესის ამსახველ საოქმო აუდიო ჩანაწერზე და აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხე მხარემ ფორმალურად დაიცვა კანონი, არსებობს გასაუბრების საოქმო ჩანაწერი, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო შეფასებულიყო, უშუალოდ გასაუბრების პროცესი წარიმართა თუ არა კანონით დადგენილი სტანდარტების, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მაქსიმალურად იქნა თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა. სასამართლომ აქვე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქმე #ბს-1655-1627 (კ-11), 11.04.2012წ.). სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ გულისხმობდა თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის დაშვებას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას.
მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 29 ივნისის საოქმო ჩანაწერისა და ინდივიდუალური შეფასების ფორმების შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, არ დგინდებოდა პროპორციულობისა და თანაზომიერების დაცვა კომისიის წევრების მიერ კანდიდატთან გასაუბრებისას გამოთქმულ მოსაზრებებსა და ინდივიდუალური შეფასების ფორმებში ასახულ ქულებს შორის, კერძოდ, იმ დროს, როდესაც კომისიის წევრები კონკურსანტთან ღიად საუბრობდნენ გ. ჯ-ას პროფესიული მიღწევების მაღალ დონეზე, შესასრულებელი სამუშაოს ხედვასა და მზადყოფნასა თუ მოტივაციაზე, ასევე, მის პიროვნულ უნარ-ჩვევებზე, არც ერთ კრიტერიუმში არ მისცეს მაღალი შეფასება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული გასაუბრების პირობებში, არ იყო დაცული თანაზომიერებისა და ობიექტურობის პრინციპი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ საკონკურსო მასალაში არ იყო მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, დასაბუთდებოდა, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა კომისიამ გ. ჯ-ას შეფასებისას, კერძოდ, ქულების განსაზღვრისას, კონკრეტულად, რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ამ უკანასკნელმა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა დასაკავებელ თანამდებობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაუბრებისას კომისიის წევრებმა თავად დაადასტურეს კანდიდატის კვალიფიციურობა და მიუთითეს, რომ მასთან უშუალოდ მუშაობისას არ შექმნილა რაიმე პრობლემა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ აუცილებელი იყო, გასაუბრების პროცესი და იქ ღიად დაფიქსირებული მოსაზრებები ადეკვატური და შესაბამისი ყოფილიყო იმ შეფასებისა, რომელიც ქულების სახით ინდივიდუალური შეფასების ფორმებში აისახებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის #5,7,8/2 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის #11 ოქმი; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გ. ჯ-ას გასაუბრების გარეშე თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 29 ივნისს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გ. ჯ-ასთან ჩაატარა გასაუბრება, რაზეც შედგა #5,7,8/1 სხდომის ოქმი, ასევე განხორციელდა გასაუბრების აუდიოჩაწერა.
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა გასაუბრების აუდიოჩანაწერი, რომლითაც დაადგინა, რომ კომისიის წევრები ერთხმად აღიარებდნენ გ. ჯ-ას მაღალ კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და საჭიროდ აღარ მიიჩნევდნენ ასეთი გამოცდილების მქონე კონკურსანტისთვის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით კითხვების დასმას, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ პროცედურის დაცვის მიზნით მაინც უნდა დაესვათ პროფესიული შეკითხვები. კომისიის წევრთა მიერ დასმულ იქნა რამდენიმე შეკითხვა. მათგან ორ კითხვაზე კონკურსანტმა პასუხი ვერ გასცა, თუმცა პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ შეკითხვების შინაარსი იყო ძალზედ ტექნიკური, აღნიშნული არ ემსახურებოდა კონკურსანტის კვალიფიკაციის დონის შემოწმებას (საუბარი იყო ...ა მონაცვლეობისას მანძილის დასაშვებ ზღვარზე, კანდიდატის მიერ ცალკეულ შემთხვევებში კვადრატული მეტრების ზეპირად ცოდნაზე). კომისიამ, ერთი მხრივ, აღიარა კონკურსანტის მაღალი პროფესიონალიზმი, ხოლო, მეორე მხრივ, კითხვები დასვა ამავე პროფესიონალიზმის შემოწმების მიზნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კითხვების დასმა მიმართული იყო კონკურსის პროცედურული კუთხით გამართულობისა და რეგლამენტის ფორმალური დაცვისკენ და არა კითხვარში არსებული კრიტერიუმების მიხედვით გ. ჯ-ას რეალურად შეფასებისაკენ.
ამასთან, პალატამ ყურადღება მიაქცია კომისიის წევრთა მიერ შევსებულ დანართ #1.1-ზე, სადაც კონკურსანტი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. კომუნიკაციის უნარი; 2. მოტივაცია; 3. პროფესიული მიღწევები; 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი; 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა; 6. დამატებითი კითხვებზე პასუხი. კომისიის წევრთა შეფასების შედეგად გ. ჯ-ამ ვერ გადალახა 3 ქულა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების ჩამონათვალიდან კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმს არ წარმოადგენდა კვალიფიკაციის დონის განსაზღვრა, ანუ კომისიის წევრებმა გ. ჯ-ას დაუსვეს პროფესიული ტიპის კითხვები, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამის უფლება, რადგან პროფესიული დონის შესაფასებელი ეტაპი კანდიდატს უკვე გადალახული ჰქონდა. სააპელაციო პალატის მითითებით, კანდიდატს არ დაუსვეს იმგვარი კითხვები, რომელზე გაცემული პასუხებითაც კომისიის წევრები შეძლებდნენ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით, გ. ჯ-ას შეფასებას. აუდიოჩანაწერის გაცნობით პალატა დარწმუნდა, რომ დასმული კითხვებით შეუძლებელი იყო კანდიდატის, მაგალითად, კომუნიკაციის უნარის, მოტივაციის, ლოგიკური მსჯელობისა და ა. შ. შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაუბრება ჩატარდა ფორმალურად, შესაბამისად, აღნიშნული ვერ გახდებოდა თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება მასზედ, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა, რატომ იქნა შეფასებული კონკურსანტი ამა თუ იმ ქულით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იყო მიღებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული უფლებამოსილება კიდევ უფრო მეტად აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას დაასაბუთოს გადაწყვეტილება, რადგან რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით მიღებულ უნდა იქნეს ყველაზე უფრო ადეკვატური და თანაზომიერი გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლი ხორციელდება კანონიერების შემოწმების კუთხით და სასამართლო არ იჭრება მის მიზანშეწონილობაში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის მიხედვით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის #3/1796-15 კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული და მყარად დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენდა (სუსგ #ბს-571-571(კ-18); #ბს-327-327(კ-18); #ბს-1165-1159(2კ-17); #ბს-744-740(კ-17)), რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ (სუსგ #ბს-525-512(კ-14) 19.02.2015წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო აქტები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გ. ჯ-ას გასაუბრების გარეშე თანამდებობაზე წარდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დავალებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, სასამართლოს მიერ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია არ აწარმოებდა საოქმო ჩანაწერს, რის გამოც შეუძლებელი იყო იმის შემოწმება, თუ რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა გასაუბრება. კომისიამ გაითვალისწინა აღნიშნული მითითება და მოახდინა გასაუბრების აუდიოჩაწერა, რომლითაც დადასტურდა, რომ გ. ჯ-ამ პროფესიულ შეკითხვებს ვერ გასცა პასუხი და განმარტა, რომ რიგი საკითხები დეტალურად არ ახსოვდა, რაც, კასატორთა მითითებით, მის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს.
კასატორთა მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სასამართლო განმარტავს, რომ გასაუბრების პირობებში არ იყო დაცული თანაზომიერებისა და ობიექტურობის პრინციპი, კერძოდ, სასამართლოსთვის გაუგებარია, რატომ არ მისცეს კომისიის წევრებმა მაღალი შეფასება გ. ჯ-ას იმ პირობებში, როდესაც მათ აღნიშნეს მისი პროფესიული მიღწევები და შესასრულებელი სამუშაოს ხედვა. კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს ზემოხსენებულ მსჯელობას და განმარტავენ, რომ გასაუბრების აუდიოჩანაწერით დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. ჯ-ამ პროფესიულ შეკითხვებს ვერ გასცა პასუხი. კომისიის წევრების მიერ დასმულ იქნა სამი შეკითხვა, რომელთაგანაც ორ შეკითხვაზე გ. ჯ-ამ საერთოდ ვერ გასცა პასუხი, ხოლო ერთ შეკითხვაზე პასუხი არადამაჯერებლად იქნა გაცემული.
კასატორები ყურადღებას ამახვილებენ სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ შეკითხვების შინაარსი იყო ძალზედ ტექნიკური და არ ემსახურებოდა კონკურსანტის კვალიფიკაციის დონის შემოწმებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორები აღნიშნავენ, რომ კომისიის თითოეული წევრი თავად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის შეკითხვა დაუსვას ამა თუ იმ კონკურსანტს, რადგანაც შეკითხვის დასმა წარმოადგენს კომისიის წევრის დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა არა კომისიის წევრების მიერ დასმული შეკითხვები, არამედ კონკურსანტის მიერ გაცემული პასუხები. კონკურსის ჩატარების მიზანია სამსახურისთვის საუკეთესო კადრის შერჩევა, რომლის ფარგლებშიც კონკურსანტმა უნდა გამოავლინოს საკუთარი ცოდნა, რაც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, გულისხმობს როგორც ტექნიკური, ისე სხვადასხვა საკითხების ცოდნას. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს პოზიციის გაზიარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საჯარო სამსახურების არაკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, რადგან კომისიის წევრებს არ ექნებათ შესაძლებლობა დასვან პროფესიული შეკითხვები.
კასატორები ასევე არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კომისიის წევრებს არ ჰქონდათ უფლება, დაესვათ პროფესიული ტიპის კითხვები, რადგან პროფესიული დონის შესაფასებელი ეტაპი კანდიდატს უკვე გადალახული ჰქონდა. კასატორები მიიჩნევენ, რომ პროფესიული დონის შესაფასებელი ეტაპის (ტესტირების) წარმატებით დაძლევა არ გულისხმობს, რომ კომისიის წევრები შეზღუდული არიან, გასაუბრების ეტაპზე დასვან კონკრეტული პროფესიული კითხვები. კასატორების მოსაზრებით, აღსანიშნავია, რომ ტესტირება იყო ზოგადი სახის (ზოგადი უნარები და ნორმატიული მასალა), რომელიც არ შეიცავდა სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, კონკურსანტის ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი და ის სხვა კრიტერიუმები, რასაც ითვალისწინებდა შეფასების ფორმა, უნდა განსაზღვრულიყო სწორედ კონკურსანტის პროფესიულ კითხვებზე გაცემული პასუხებით, რასაც, კასატორთა მოსაზრებით, გ. ჯ-ამ თავი ვერ გაართვა.
კასატორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ უნდა ეკვლია, რატომ გადაწყვიტა კომისიის კონკრეტულმა წევრმა, გ. ჯ-ა შეეფასებინა ამა თუ იმ ქულით, რადგანაც აღნიშნული წარმოადგენდა თითოეული კომისიის წევრის დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორთა განმარტებით, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ის, თუ რამდენად გამჭვირვალე იყო გასაუბრების პროცესი და ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე პროცედურულ დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, რაც თავის თავში გულისხმობს კომისიის საქმიანობაში უხეშ, გაუმართლებელ ჩარევას, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, მე-6 მუხლით და მე-7 მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც, მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე გადანაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჯ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წლიდან გ. ჯ-ა მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2014 წლის 18 აგვისტოდან იგი დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1 დეკემბრის #1900 დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი ქალაქ თბილისის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 4 დეკემბრიდან. აღნიშნული დადგენილებით ასევე განისაზღვრა კონკურსის ჩატარების ფორმები, ეტაპები, პირობები, ჩატარების გრაფიკი, აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმები, დანართის შესაბამისად.
გ. ჯ-ამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე გამოცხადებულ (#... ვაკანსია) კონკურსში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მე-2 ეტაპის (ტესტირების) შედეგების თანახმად, სადაც წარმოდგენილი 60 ტესტიდან მინიმალურ გამსვლელ ქულას შეადგენდა 45, გ. ჯ-ამ 50 ქულა მიიღო და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
2015 წლის 6 იანვარს მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო კონკურსის მესამე ეტაპში - გასაუბრებაში, სადაც მინიმალური გამსვლელი ქულა იყო - 3. შეფასების ფორმების თანახმად, გ. ჯ-ამ საბოლოოდ მიიღო 2.43 ქულა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის #... ბრძანების საფუძველზე, გ. ჯ-ა გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობიდან.
2015 წლის 17 თებერვალს გ. ჯ-ას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა, რომ კონკურსის მე-3 ეტაპის (გასაუბრების) შედეგების მიხედვით, მას უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2015 წლის 24 თებერვლის #11 სხდომის ოქმით, კონკურსის მე-3 ეტაპის (გასაუბრების) შედეგების მიხედვით, მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ. ჯ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე რეკომენდაციის მიცემაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 7 თებერვლის #1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #11 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გ. ჯ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო დასაბუთებულ გადაწყვეტილებად. ამასთან, გასაუბრების ეტაპზე კომისიას უნდა განეხორციელებინა საოქმო ჩანაწერის წარმოება, რათა შედეგების სადავოდ ქცევის შემთხვევაში, შესაძლებელი ყოფილიყო იმ საკითხის სრულყოფილად შესწავლა, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი და რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის სხდომის #7 ოქმიდან დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის #3/1796-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, განხილულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე გ. ჯ-ას კანდიდატურის ხელახალი შეფასების საკითხი. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის #2 განკარგულების გათვალისწინებით, კომისიამ დაადგინა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის #3/1796-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ან ამავე სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობებზე გ. ჯ-ას კანდიდატურა ხელახლა შეაფასოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის #3 ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ, რომელშიც პროფესიული პრინციპით, წარმოდგენილი არიან კომისიის წევრები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან; 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილების შესაბამისად, კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია რეკომენდაციას გაუწევს გ. ჯ-ას კანდიდატურას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ან ამავე სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობებზე დასანიშნად, აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელს წარედგინება წინადადება გ. ჯ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის #5,7,8/1 ოქმით, საოქმო აუდიოჩანაწერით (CD დისკი), საბოლოო შეფასების ფორმებითა და ინდივიდუალური შეფასების ფორმებით დგინდება, რომ 2017 წლის 29 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ გ. ჯ-ასთან ჩატარდა გასაუბრება. ამასთან, კომისიამ წევრებისა და დამსწრე პირების ინფორმირების შემდეგ განახორციელა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერა.
კომისიის სხდომას ესწრებოდა 3 წევრი და თითოეულმა მათგანმა მოახდინა გ. ჯ-ას ინდივიდუალური შეფასება, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების თანამდებობაზე, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე. ინდივიდუალური შეფასებებით დგინდება, რომ კომისიის ორმა წევრმა მოსარჩელე ორივე თანამდებობაზე შეაფასა 3-3 ქულით, ხოლო ერთმა წევრმა - 2,83-2,83 ქულით. საბოლოოდ, ორივე თანამდებობაზე გ. ჯ-ას შეფასება განისაზღვრა 2,94-2,94 ქულით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ 2017 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე ერთხმად გადაწყვიტა, არ გაეწია რეკომენდაცია გ. ჯ-ასათვის როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების თანამდებობაზე, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატმა ვერ გადალახა მინიმალური გამსვლელი ზღვარი - 3 (სამი) ქულა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის სხდომის #11 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის #5,7,8/2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, გასაუბრების შედეგად მინიმალურ 3 (სამი) ქულაზე ნაკლები ოდენობით მიღებული შეფასების შედეგად, გ. ჯ-ას არ გაწეოდა რეკომენდაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობებზე.
საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი), კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“.
საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის #1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.
განსახილველ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხოლო გ. ჯ-ა გასაჩივრებული აქტების კანონიერების საკითხს სადავოდ ხდის მისი პროფესიული უნარების არასათანადო შეფასებისა და გასაჩივრებული აქტების დაუსაბუთებლობის გამო. ამდენად, მოსარჩელე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გ. ჯ-ას გასაუბრების გარეშე თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ითხოვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას და პირს ართმევს ამ უფლებით სარგებლობის ყველანაირ პრაქტიკულ საშუალებას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი), რომლის მიხედვით „სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. ამგვარად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, სადავო აქტების გამოცემით განხორციელდა თუ არა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს მის მიერ არაერთგზის გაკეთებულ განმარტებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის კანონიერება უნდა დადგინდეს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს, რომ განხორციელდეს გასაუბრების გარეშე მისი თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა, დავა უნდა გადაწყდეს დავის განხილვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის, 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შესული „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ახალი კანონი ზემოქმედებს კანონის მიღებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე, კანონი ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან (ნორმის გადაუდებელი მოქმედება). მოცემულ შემთხვევაში, ნორმა ეხება აწმყოში მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამართლებრივ ურთიერთობებს და ფაქტებს (სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება), სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით შესაძლებელია საუბარი უკუქცევით ძალაზე (კანონის ე.წ. არანამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალის მინიჭება კანონისთვის), რომელიც საჯარო სამართალში დასაშვებია (სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის სფეროს გარდა)). კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან უფლება-მოვალეობებზე ზემოქმედება მისი საყოველთაობის გამოვლენაა და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო აქტში მისი მოქმედების წესის აღნიშვნაზე. ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, არამედ მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ მიმდინარე სამართალურთიერთობაზე, ახალი კანონი ზემოქმედებს უფლება-მოვალეობებზე მისი ძალაში შესვლის თარიღიდან (იხ. სუს. გ. #ბს-595-595(2კ-18) 17.04.2019წ.).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების დასაბუთება ვერ პასუხობს მოსარჩელის - გ. ჯ-ას პრეტენზიებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა, რატომ ეთქვა უარი მოსარჩელის - გ. ჯ-ას კანდიდატურას. გასაჩივრებული აქტების კანონიერად მიჩნევა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებს, რომლის არარსებობის გამო ერთხელ უკვე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #11 სხდომის ოქმით გ. ჯ-ას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორების მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, მართებულია, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მიზანშეწონილობის საფუძველზე, როდესაც კონკურსის წესით საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს. ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება. კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე, კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია (იხ. სუსგ საქმე #ბს-85-84(კ-16); 21.07.2016წ.).
საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი ითვალისწინებდა კონკურსის მონაწილის შეფასების წესს, რომლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმავე კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ამავე კანონის 364 მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების (შემდგომში - კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავდა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი“. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. ამავე წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა. კონკურსის ჩატარების ფორმები და პირობები გათვალისწინებულია მითითებული წესის მე-12 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განცხადების გადარჩევას; ბ) წერითი დავალებას; გ) ტესტირებას; დ) გასაუბრებას. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონის გამგეობების (შემდგომში - თბილისის მერია) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის #11-22 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ დებულება“, ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია კომისიის მიზანი და ფუნქციები, მე-6 მუხლით დადგენილია კომისიის მუშაობის წესი, რომლის მე-3 პუნქტით კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით. მე-7 მუხლში მოცემულია კონკურსის ეტაპები, რომლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ კონკურსი შეიძლება მოიცავდეს გასაუბრებას, რომლის დროსაც მიიღება ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ფორმებს, კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, ჩატარების გრაფიკს, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს კომისია თბილისის მერთან შეთანხმებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაუბრების ეტაპზე გ. ჯ-ას შეფასება განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1 დეკემბრის #1900 ბრძანების #1 დანართით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ეტაპების, შეფასების ფორმების, პირობებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმის“ შესაბამისად. მითითებული დანართის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების ეტაპზე სპეციალიზებული კომისიის თითოეული დამსწრე წევრი ავსებს კანდიდატის ინდივიდუალური შეფასების ფორმას (დანართი #1.1) და ახდენს კანდიდატის ინდივიდუალურ შეფასებას ანკეტა-კითხვარის მიხედვით, მინიმალური 1-დან მაქსიმალური 5 ქულის ჩათვლით. მე-8 პუნქტის შესაბამისად, ანკეტა-კითხვარში პუნქტობრივადაა მოცემული შემდეგი ექვსი კრიტერიუმი: 1. კომუნიკაციის (მაგ: საკუთარი შესაძლებლობების წარდგენა) უნარი, 2. მოტივაცია, 3. პროფესიული მიღწევები, 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი (მაგ: სიტუაციური მაგალითი) უნარი, 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა, 6. დამატებით კითხვებზე პასუხი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აუდიოჩანაწერის გაცნობით ნამდვილად დგინდება, რომ კომისიის წევრები ერთხმად აღიარებდნენ გ. ჯ-ას მაღალ კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და საჭიროდ აღარ მიიჩნევდნენ ასეთი გამოცდილების მქონე კონკურსანტისთვის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით კითხვების დასმას, თუმცა მათ პროცედურის დაცვის მიზნით მაინც დაუსვეს პროფესიული შეკითხვები. კომისიის წევრთა მიერ დასმულ იქნა რამდენიმე შეკითხვა. მათგან ორ კითხვაზე კონკურსანტმა პასუხი ვერ გასცა.
საკასაციო პალატის მოსაზრებითაც, კითხვების დასმა მიმართული იყო კონკურსის პროცედურული კუთხით გამართულობისა და რეგლამენტის ფორმალური დაცვისკენ და არ ემსახურებოდა კითხვარში არსებული კრიტერიუმების მიხედვით გ. ჯ-ას ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას. დასმული კითხვებით შეუძლებელია კანდიდატის, მაგალითად, კომუნიკაციის უნარის, მოტივაციის, ლოგიკური მსჯელობის და ა. შ. შეფასება. მართალია, კომისიის წევრთა მიერ გამოხატული კეთილგანწყობა ექცევა კოლეგიალობისა და კორექტულობის პრინციპების დაცვის მიზნებში და გავლენას არ ახდენს პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაზე, მაგრამ ის გარემოება, რომ გასაუბრებაზე გ. ჯ-ას დაუსვეს მხოლოდ სამი შეკითხვა, რომელთა შინაარსი იყო ძალზედ ტექნიკური, (საუბარი იყო ...ა მონაცვლეობისას მანძილის დასაშვებ ზღვარზე, კანდიდატის მიერ ცალკეულ შემთხვევებში კვადრატული მეტრების ზეპირად ცოდნაზე), სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ გასაუბრება ჩატარდა ფორმალურად.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. განსახილველ შემთხვევაში, ბუნდოვანია, კონკრეტულად რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობის დასაკავებლად.
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო განაცხადის იმ ნაწილს, რომლითაც კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი და საქმეში დაცული მტკიცებულებები არ ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე #ბს-595-592(კ-17) 28.09.2017წ. განჩინება). „ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება“. განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელით სწორედ საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდგენლად გამოტანილი აქტებია სადავო.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს სადავო აქტის საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის ნაწილში, თუმცა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელე გ. ჯ-ას თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის პირდაპირმა დავალებამ კონკურსის ეტაპის პროცედურული მხარის უგულებელყოფა განაპირობა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის ამგვარი შედეგით გადაწყვეტამ, ფაქტობრივად, გ. ჯ-ას მიმართ გასაუბრების გამართვის საჭიროების უარყოფა გამოიწვია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჩატარებული გასაუბრება იყო ფორმალური, რომელიც რეალურად არ ემსახურებოდა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენას, თუმცა გასაუბრების ფორმალურობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მოსარჩელის ვაკანტურ თანამდებობაზე პირდაპირ, გასაუბრების გარეშე, წარდგენა დაავალა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს ჩატარებული გასაუბრების ფორმალურობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამგვარ პირობებში გასაუბრების პროცესის წარმართვა ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსის რეალური მიზნების მიღწევას. გასაუბრების ფორმალურობა გამორიცხავს გასაუბრების ეტაპზე კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ კონკურსის ეტაპებად დაყოფა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანდიდატის სრულყოფილი შეფასების შესაძლებლობის მინიჭებას ემსახურება. ამდენად, ეტაპობრივი შეფასება პროცედურულად იძლევა საშუალებას, უკეთ განისაზღვროს კანდიდატის დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობა. ამასთან, საკონკურსო პროცესში განსაზღვრული თითოეული ეტაპით ადმინისტრაციული ორგანო ეტაპობრივად და ყოველმხრივ განსაზღვრავს კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიციურობას. მაგალითად, თუკი კონკურსის ფარგლებში ჩატარებული ტესტირება კანდიდატთა წერითი თუ სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა თუ პროფესიული დონისა და მათი კვალიფიციურობის დადგენას ემსახურება, გასაუბრების ეტაპზე კომისიის წევრებს ეძლევათ საშუალება, დაადგინონ კონკრეტული თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა გამოვლენა წერითი დავალების შესრულების პროცესში შეუძლებელია. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ გასაუბრების პროცესი არ არის მკვეთრად გამიჯნული ტესტირებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „გასაუბრების ეტაპი თავისი არსით წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ პროცესს, რომლის ფარგლებშიც გამსაუბრებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს მოხელის კონკრეტულ თანამდებობაზე საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები თუ კვალიფიკაცია. ამასთან, გასაუბრების ფორმატი გამსაუბრებელს აძლევს არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის მხედველობაში მიღების, არამედ, აგრეთვე, შედარების საშუალებასაც, კერძოდ, გამსაუბრებელს წარმოეშობა შესაძლებლობა მოხელისათვის კითხვების დასმის გზით შეამოწმოს მოხელესთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების (მათ შორის, მოხელის ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათებისა და მოხელის ინფორმაციის) შინაარსის, ანუ მასში აღწერილი სუბიექტური ინფორმაციის ობიექტურ რეალობასთან შესაბამისობა. კერძოდ, გასაუბრების პროცესში მოხელის მიერ გაცემული პასუხები იძლევა მოხელის მიმართ არსებული დახასიათების სისწორის, მისი ობიექტურობისა და რეალურობის გადამოწმების შესაძლებლობას, აგრეთვე, გამსაუბრებელს ეხმარება გააანალიზოს და შეაფასოს ის, თუ რამდენად შეძლებდა გასაუბრების შედეგად გამოვლენილი კონკრეტული კვალიფიკაციითა თუ პროფესიული უნარ-ჩვევებით მოხელე საქმიანობის იმგვარად განხორციელებას, როგორც ეს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებშია აღწერილი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის #ბს-997(კ-18) გადაწყვეტილება).
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის შესაფერისი კანდიდატის დადგენისათვის გასამართი კონკურსის ეტაპების საჭიროებისამებრ განსაზღვრისას ადმინისტრაციული ორგანო სრული თავისუფლებით სარგებლობს. დაუშვებელია, სასამართლო თავად უსაზღვრავდეს ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატის შეფასებისათვის საკმარის ეტაპებს და უშუალოდ მათ სახეებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აუცილებლად მიიჩნევს კონკურსში მონაწილე კანდიდატის კვალიფიციურობისა და პროფესიული უნარ-ჩვევების, მათ შორის, გასაუბრების სტადიით დადგენას, დაუშვებელია სასამართლო გასაუბრების ეტაპის უგულებელყოფით ახდენდეს მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნის დავალებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გასაუბრების ფორმალურობა ადასტურებს გასაუბრების ეტაპის არაჯანსაღად წარმართვას, რაც, თავისი არსით, რეალური გასაუბრების ჩაუტარებლობას უტოლდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფორმალური გასაუბრება გულისხმობს, რომ კანდიდატთან გასაუბრება რეალურად არ შემდგარა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერვე განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ გამართულა. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუყენებია ყველა ის პროცედურული ეტაპი, რაც აუცილებელია კანდიდატის დონის სრულყოფილი და ყოველმხრივი დადგენისათვის. ასეთ პირობებში კი, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანდიდატის გასაუბრების გარეშე წარდგენის დავალება გაუმართლებლად ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანდიდატის შეფასების სივრცეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის #ბს-1445(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ „საზოგადოდ, ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ქმედების პროცედურულ დარღვევად მიჩნევა ყოველთვის არ განაპირობებს წარდგენილი სარჩელის სრულ საფუძვლიანობას და არ წარმოშობს მისი სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამგვარი დარღვევების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, სასამართლო ვალდებულია, დავის გადაწყვეტის პროცესში გამოიყენოს კანდიდატის დონის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენისათვის საჭირო ყველა სამართლებრივი, მათ შორის, პროცესუალური საშუალება და საკითხი კომპლექსურად შეაფასოს. მარტოოდენ სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული წარმოების გარკვეული ხარვეზით/ხარვეზებით ჩატარებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელ გარემოებად იქცეს“. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ „მხოლოდ პროცედურული საკითხის განუხორციელებლობა მოსარჩელეს ვერ აქცევს ვაკანტური თანამდებობისათვის შესაფერის კანდიდატად. ის ფაქტი, რომ სასამართლო ვერ აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებს, არ გამორიცხავს ზოგადად კანდიდატის შეფასების შესაძლებლობას, რამეთუ აღნიშნული შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, სასამართლოს მიერ მისთვის დავალების პირობებში, გაატაროს კანდიდატის ხელახალი ან დამატებითი შეფასებისათვის საჭირო ღონისძიებები. თავის მხრივ, ამგვარი შესაძლებლობის არსებობა უსაფუძვლოს ხდის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომისა თუ ხარვეზის გამო სარჩელის ავტომატურ დაკმაყოფილებას, რამდენადაც სასამართლო პროცესუალურ საშუალებათა გამოყენების გზით უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფის მიზნით უზრუნველეყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასამართლოს მიერ საჭიროდ მიჩნეული მაღალი სტანდარტების დამაკმაყოფილებელი გასაუბრების გამართვის დავალება.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაუბრების ფორმალურობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას არ შეეძლო პროცესუალურად განეხორციელებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკონკურსო პროცესის განუყოფელ ნაწილად მიჩნეული გასაუბრების ეტაპის უგულებელყოფა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის პირდაპირ, კონკურსის გარეშე, თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა დაევალებინა. სასამართლო ვალდებული იყო მიემართა ყველა იმ ღონისძიებისათვის, რომელიც კონკურსის პროცესის სრულყოფისაკენ იქნებოდა მიმართული და რომელიც დასაშვებ ფარგლებში მაქსიმალურად გაზრდიდა კონკურსის განმეორებით გასამართი ეტაპის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებათა სასამართლოს მხრიდან რევიზიის შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გ. ჯ-ას მიმართ გამოცემული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის #5,7,8/2 სხდომის ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის #11 ოქმი და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მერიას დაევალოს გ. ჯ-ას კანდიდატურის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. საქმის გარემოებების გამოკვლევისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობას შედეგად მოსდევს პირის თავდაპირველ უფლებებში აღდგენა, შესაბამისად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არაერთგზის განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია და საბოლოოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის #28-94 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის #20-67 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“ (მე-2 მუხ.) დამტკიცდა ახლადშექმნილი მუნიციპალური ინსპექციის დებულება (1-ლი მუხ.). აღნიშნული დებულების მიხედვით, სწორედ მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების „...ის განყოფილებისა“ და „...ის განყოფილების“ კომპეტენციად სახელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის „...ა სამმართველოს“ ფუნქციები.
ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, გ. ჯ-ას გასაუბრების გარეშე თანამდებობაზე წარდგენის შესახებ აქტის გამოცემის დავალების ნაწილში დავა უნდა გადაწყდეს დავის განხილვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის, 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შესული „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ის თანამდებობა, რომელზეც გ. ჯ-ას განაცხადი ჰქონდა წარდგენილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, გ. ჯ-ას გასაუბრების გარეშე თანამდებობაზე წარდგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის გადაწყვეტის შესაძლებლობა არ გააჩნია სასამართლოს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებების დადგენის გარეშე, რომლის დადგენის საშუალება არ არსებობს სამართალწარმოების პროცესში.
მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 34-ე მუხლი, 39-ე მუხლის შესაბამისად, კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანდიდატის შეფასება ხდება: ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით; ბ) გასაუბრებით; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ჯ-ას გავლილი აქვს კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და წერითი დავალების ეტაპი, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაუბრების ეტაპიდან უნდა მოახდინოს გ. ჯ-ას კანდიდატის შეფასება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაუბრების დროს გ. ჯ-ა კეთილგანწყობილი იყო და პატივისცემას გამოხატავდა კომისიის წევრებისა და კოლეგების მიმართ. იგი გაგებით მოეკიდა იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა, ამდენად, მან თანხმობა განაცხადა იმავე ფუნქციის მატარებელ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე, რაც ასევე უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას არ შეიცავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე, არ აქცევს მიღებულ გადაწყვეტილებას კანონიერად, რამდენადაც სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის #5,7,8/2 სხდომის ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის #11ოქმი და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ჯ-ას ხელახალი გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის #5,7,8/2 ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის #11ოქმი;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ჯ-ას ხელახალი გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე