Facebook Twitter

#ბს-811(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ზ-ისა და დ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 29 დეკემბერს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 ივლისის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ 2017 წლის 5 იანვარს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით ნ. კ-ის შუამდგომლობა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით ნ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის განჩინება; ნ. კ-ის შუამდგომლობა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ზ-ი, დ. ზ-ი და სს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ზ-მა და დ. ზ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ მიუთითა, რა დარღვევით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ მხოლოდ მხარის თანხმობის აუცილებლობაზე მიუთითა, რაც კასატორების მოსაზრებით, გამიჯვნის შემთხვევაში არ იყო საჭირო, ვინაიდან რეგისტრირებული ქონება ½-½ ნაწილი, მართებულად იყო განხორციელებული ამონაწერში, ასევე მართებულად განხორციელდა ჩანაწერი დ. ზ-ის ½ ნაწილში ნ. კ-ის ფართის შემადგენლობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ზ-ისა და დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ზ-ისა და დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ზ-მა და დ. ზ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მოცემული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ნ. კ-ეს არ გაუსაჩივრებია.

ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ ნ. ზ-ისა და დ. ზ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილების კანონიერება.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 8 ივლისის #... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ზ-ის განცხადება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ და ქ. თბილისში, ...ის ქ. #13-ში მდებარე უძრავი ქონება დ. ზ-ის, ნ. ზ-ისა და ნ. კ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა შემდეგი სახით: ნ. კ-ე - 1/2 ნაწილიდან საცხოვრებელი ფართი 27.67 კვ.მ; დ. ზ-ი - 1/2 ნაწილი (გარდა 27.67 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა), ნ. ზ-ი - 1/2 ნაწილი.

2016 წლის 26 ივლისს ნ. ზ-მა #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #13. აღნიშნულ განცხადებას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ასევე ერთვოდა დ. ზ-ის 2016 წლის 25 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის შესახებ, რომ იგი სადავოდ არ ხდიდა და თანახმა იყო, რომ 415 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართიდან ნ. ზ-ს გამოყოფოდა კუთვნილი 1/2 ნაწილი, რაც შეადგენდა 184 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (421.91 კვ.მ) და დარეგისტრირებულიყო ცალკე საკუთრების ობიექტად.

რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით კი, ნ. ზ-ის განცხადება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა; ნ. ზ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #13, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 184.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: #...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2; შენობა ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 421.19 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.... ნ. კ-ის და დ. ზ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #13, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 231.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: #...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., საიდანაც ნ. კ-ის საკუთრებას წარმოადგენს შენობა #2-ში საცხოვრებელი ფართი 27.67 კვ.მ, ხოლო დ. ზ-ის საკუთრებას - გარდა 27.67 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა (შენობა #2-ში).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა თანასაკუთრების გაყოფა. თანასაკუთრების უფლების ობიექტის მართვა და განკარგვა კი ხდება თანამესაკუთრეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით, რაც ემსახურება თითოეული თანამესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვას, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა შესაძლებელია გადაწყდეს სასამართლოსადმი მიმართვის გზით. შესაბამისად, როდესაც პირი მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მან უნდა წარადგინოს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. როდესაც მოთხოვნა ეხება საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფას ან სხვაგვარად განკარგვას კი, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობა.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 14.23 მუხლის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები.

განსახილველ შემთხვევაში კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ნ. ზ-ის მიერ წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა მხოლოდ დ. ზ-ის 2016 წლის 25 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. ნ. კ-ის თანხმობა კი, არ იქნა წარდგენილი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი არ ყოფილა ყველა თანამესაკუთრის თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება უფლების გამიჯვნის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მოეხდინა თანასაკუთრების უფლების ობიექტის გამოყოფა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ზ-ისა და დ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე ზ. ბ-ეს 12.08.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ზ-ისა და დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ზ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ზ-ისა და დ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე 12.08.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი