საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-264(კ-20) 10 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 2 აგვისტოს შპს ,,...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 მაისის №04/27467 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოქალაქე გ. ა-ისათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,...ში“ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება სს ,,...ში“ დაწყებულ შემთხვევასთან ერთად წარმოადგენდა ერთ სამედიცინო შემთხვევას, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №... განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40479 გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ 2018 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...ში“ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება სს ,,...ში“ დაწყებულ შემთხვევასთან ერთად, არ წარმოადგენს ერთ სამედიცინო შემთხვევას. სს ,,...ო“ პაციენტმა დატოვა თვითნებურად, ხელწერილის საფუძველზე, რის შემდეგაც 2018 წლის 20 დეკემბრის 19:06 საათიდან 2018 წლის 24 იანვრის 15:30 საათმდე მკურნალობდა შპს ,,...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტი, თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა“. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა წინამდებარე ნორმის ბოლო წინადადების გამოყენების ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა)პაციენტმა თავისი სურვილით დატოვა სამედიცინო დაწესებულება; ბ) პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში; გ) პაციენტს ჩაუტარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიიღო საქმისათვის სათანადო გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 მაისის №04/27467 გადაწყვეტილებისა და შპს „...ოს“ 2018 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40479 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის - პაციენტ გ. ა-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დავალებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 მაისის №04/27467 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40479 გადაწყვეტილება შპს „...ოს“ 2018 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა შპს ,,...ს’’ აუნაზღაუროს პაციენტ გ. ა-ის მიმართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე დადგენილების 151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.
მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი კლინიკაში შეყვანილია 112-ის მიერ, ჩივილებს ვერ წარადგენს, ახლობლების გადმოცემით პაციენტი რამდენიმე დღის წინ გაეწერა სტაციონარიდან. იმყოფებოდა ტრაქეოსტომული მილით. 2017 წლის 30 დეკემბერს გამოვლინდა სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკა, რომლის კომპენსირებაც ბინაზე ვერ მოხერხდა, რაც გახდა სტაციონარიზაციის მიზეზი.
ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური კვლევა, კუაგულოგრამა, შარდის საერთო ანალიზი გლიკემიისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი, ჯგუფი და რეზუსი, უსაფრთხო სისხლი UREA, CREA, გულმკერდის RO-გრაფია, ექოკარდიოგრაფია. თავის ტვინის CT კვლევა, პლევრის ღრუს ექოსკოპია. რეანიმატოლოგის, ეპილეპტოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, თორაკოქირურგის კონსულტაცია.
ჩაუტარდა მკურნალობა: ოქსიგენაცია, ინჰალაციები, ფხვ, ანტიბიოტიკოთერაპია, გასტროპროტექცია, ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ინფუზიოთერაპია. ანტიკოაგულაცია, ჰემოტრანსფუზია. მონიტორინგი, სიმპტომური მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
შპს ,,...ოს’’ 2018 წლის 07 მაისის №... ,,ანაზღაურებაზე უარი“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, №... სამედიცინო შემთხვევას, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა (ლარებში) - შემთხვევების შესაბამისად: 13340 ლარი, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 მაისის №04/27467 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი, გ. ა-ე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა სს ,,...ში’’ 30.07.2017 წლის 18:40 სთ-დან 14.12.2017 წლის 18:40 სთ-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზებით: ღ40.0 - კომა, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; ჟ96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა სხვა და დაუზუსტებელი - II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; D64.9 - ანემია, დაუზუსტებელი - სისხლი და სისხლის კომპონენტები. ხოლო პაციენტი, გ. ა-ე, 30.12.2017 წლის 18:50სთ-დან 24.01.2018 წლის 15:30სთ-ის ჩათვლით მკურნალობდა შპს ,,...ში’’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: ჟ96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა სხვა და დაუზუსტებელი - II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; D64.9 - ანემია, დაუზუსტებელი - სისხლი და სისხლის კომპონენტები.
ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ეს უკანასკნელი სს ,,...ში’’ დაწყებულ შემთხვევასთან ერთად (სადაც ლიმიტი 15000 ლარი იქნა დახარჯული) წარმოადგენს ერთ სამედიცინო შემთხვევას. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №... განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1-ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი მუხლის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის ,,გ“ ქვეპუნქტით, სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია; გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე, გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი.
ამავე დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების’’, მე-2 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და როდესაც არ დგება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა, ამავე მუხლის ,,ლ’’ პუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება – სამედიცინო მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, ქარხნული წარმოების ენტერალური კვება, სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, ლაბორატორიულ- ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს დაზღვეულის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას და რომელიც არ წარმოადგენს დღის სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ პაციენტი, გ. ა-ე სს ,,...ში“ 30.10.2017წ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა დიაგნოზებით R 40.0 -კომა, J96.0 – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, D64.0 -ანემია და კლინიკიდან გაწერილ იქნა ხელწერილის საფუძველზე 30.12.2017 წელს. სადავო არ არის ისიც, რომ პაციენტი შპს „...ში“ მკურნალობდა 30.12.2017წლის 18:50-დან 24.01.2018 წლის 15:30-ის ჩათვლით სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: J15.1 - პნევმონია გამოწვეული pseudomonas-ით. II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. თანმხლები დაავადებები Z93,0 - ტრაქეოსტომის არსებობა. L89.0 ნაწოლის და ზეწოლით გამოწვეული წყლულების I სტადია, G40,9 ეპილეფსია, დაუზუსტებელი. ძირითადი დაავადების გართულება J94.8 - პლევრის სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობა J96.0 – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, D64 - ანემია, დაუზუსტებელი (საყურადღებოა, რომ დიაგნოზი სადავო არ გაუხდია მოპასუხე მხარეს). ამდენად ცალსახაა, რომ პაციენტი კლინიკებში მკურნალობდა სხვადასხვა დიაგნოზებით, რაც არ შეიძლება განხილული იქნეს ერთ სამედიცინო შემთხვევად. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნება პოზიცია იმის შესახებ, რომ პაციენტ გ. ა-ის მიმართ შპს „...ში“ ჩატარებული მკურნალობა სს „...ში“ დაწყებულ შემთხვევასთან ერთად, წარმოადგენს ერთ სამედიცინო შემთხვევას, იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს ჩაუტარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო საჩივარი პაციენტის II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის საჭიროების ანაზღაურების ნაწილში. გ. ა-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.3-ით გათვალისწინებული შემთხვევა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს.
რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40479 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 მაისის №04/27467 გადაწყვეტილების უკანონობა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40479 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. პაციენტი გ. ა-ე (პ/ნ ...) არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი N1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე.
პაციენტი სს ,,...ში" მკურნალობდა 30.07.2017 წლის 18:40 სთ-დან 14.12.2017-ის 18:40 სთ-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: R 40.0 - კომა, -/-I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, -/- J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა სხვა და დაუზუსტებელი; -/- IIIII დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; D64.9 - ანემია, დაუზუსტებელი -/- სისხლი და სისხლის კომპონენტები. აღნიშნული პაციენტი 30.12.2017 წლის 18:50 სთ-დან 24.01.2018 წლის 15:30 სთ-მდე მკურნალობდა შპს ,,...ში" გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: J96.0 სუნთქვის უკმარისობა სხვა და დაუზუსტებელი, -/- II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; D64.9 - ანემია, დაუზუსტებელი -/- სისხლი და სისხლის კომპონენტები.
ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ შპს ,,...ოს" მიერ წარმოდგენილი შემთხვევა სს "...ში დაწყებულ შემთხვევასთან ერთად (სადაც პროგრამის პირობებით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ერთ სამედიცინო შემთხვევაზე განსაზღვრული ლიმიტი 15 000 ლარი იქნა გახარჯული) წარმოადგენს ერთ სამედიცინო შემთხვევას. პროგრამის დანართი N1.1-ის პირველი მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე წარმოადგენს 15 000 ლარს. აღნიშნული დანაწესიდან ცალსახად ირკვევა, რომ ლიმიტი განსაზღვრულია შემთხვევაზე და არ წარმოადგენს წლიურ ლიმიტს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,...ში" გაწეული სამედიცინო მომსახურება წარმოადგენს სს "...ში" დაწყებული მკურნალობის გაგრძელებას და არის ერთი მთლიანი შემთხვევა, ლიმიტი კი ამოწურულია, სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება.
კასატორის მოსაზრებით, რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას რეჰოსპიტალიზაციის საფუძველზე, აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.
დაფინანსების მეთოდოლოგია და წესი მოქმედებს თითოეული დანართის მოსარგებლეთათვის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მომსახურების ლიმიტი ამოწურულია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში აანაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს აძლევს საშუალებას არაკეთილსინდისიერად, ხელოვნურად დაყოს სამედიცინო შემთხვევა ახალი ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურების მოტივით, რაც უდავოა, რომ საფრთხეს უქმნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამართულ ფუნქციონირებას და ნებისმიერი პაციენტის შემთხვევაში, როდესაც ლიმიტი ამოწურულია, ხელოვნურად იზრდება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ვალდებულება.
ამ შემთხვევაში არც კი გამხდარა საჭირო სამედიცინო კუთხით სამედიცინო დაწესებულებების მიერ გადმოცემული დიაგნოზების (კოდების) გამოკვლევა, ვინაიდან დაფიქსირებული კოდები იდენტურია და სს ,,...ომ“ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი (იმყოფებოდა I დონის ინტენსიურ მკურნალობა/მოვლის კოდზე) გაწერა 2017 წლის 30 დეკემბერს 15:30 საათზე და ამავე დღის 18:50 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი გადაყვანილ იქნა შპს ,,...ში" იმავე კოდით, რომლითაც მკურნალობდა სს ,,...ში“, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ, რომ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემთხვევას, სამედიცინო შემთხვევა არის მკურნალობის ეპიზოდი სამედიცინო მომსახურების დაწყების მომენტიდან მის დასრულებამდე, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე პროგრამულ შემთხვევას. თუ კი პაციენტი გაუმჯობესებული მდგომარეობით გაეწერებოდა დაწესებულებიდან და შემდეგ სხვა საფუძვლით და სხვა დიაგნოზით მოხვდებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინ დაიწყებოდა ახალი ლიმიტის ათვლა, როგორც სხვა სტაციონარული შემთხვევის.
რაც შეეხება სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ თუნდაც სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევას ჰქონოდა ადგილი, მაინც მოხდებოდა ანაზღაურება, ვინაიდან პაციენტი შპს ,,...ში" შევიდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ფარგლებში, ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ნორმები (მე-15 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტი) არასწორად არის განმარტებული, ვინაიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა განსაზღვრავს მოსარგებლეთა კატეგორიებს და ამ კატეგორიების მიხედვით განსაზღვრულია სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ლიმიტები და დაფინანსების მეთოდოლოგია მოქმედებს მხოლოდ ამ ლიმიტის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ერთი სამედიცინო შემთხვევის ხელოვნურად დაყოფის მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა ლიმიტის გაზრდას, სასამართლოს მოტივაცია გადაწყვეტილების მიღებისას დაუსაბუთებელი და უკანონოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გ. ა-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 მაისის №04/27467 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40479 გადაწყვეტილების კანონიერება.
გ. ა-ის შემთხვევებთან მიმართებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი #1-ის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნეტის მიხედვით, არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ვინაიდან, შპს „...ოში“ ჩატარებული მკუნალობა სს ,,...ში’’ დაწყებულ შემთხვევასთან ერთად წარმოადგენს ერთ სამედიცინო შემთხვევას და სს ,,...ში’’ ჩატარებული მკურნალობის დროს ლიმიტი - 15000 ლარის ოდენობით იქნა დახარჯული, შესაბამისად, შპს ,,...ში’’ ჩატარებული მკურნალობა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1.1-ის პირველი მუხლის ,,ბ.ა’’ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, რომლის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების დროს ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე არის 15 000 ლარი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენლია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ პაციენტი, გ. ა-ე სს ,,...ში“ 30.10.2017წ. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა დიაგნოზით ღ 40.0 -კომა, ჟ96.0 – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, D64.0 -ანემია და კლინიკიდან გაწერილ იქნა ხელწერილის საფუძველზე 30.12.2017 წელს. სადავო არ არის ისიც, რომ პაციენტი შპს „...ში“ მკურნალობდა 30.12.2017 წლის 18:50 სთ-დან 24.01.2018 წლის 15:30 სთ-ის ჩათვლით სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: ჟ15.1 - პნევმონია გამოწვეული პსეუდომონას-ით. II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. თანმხლები დაავადებები ძ93,0 - ტრაქეოსტომის არსებობა. L89.0 ნაწოლის და ზეწოლით გამოწვეული წყლულების I სტადია, G40,9 ეპილეფსია, დაუზუსტებელი. ძირითადი დაავადების გართულება ჟ94.8 - პლევრის სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობა ჟ96.0 – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, D64 - ანემია, დაუზუსტებელი.
საქმის გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პაციენტი - გ. ა-ე სს ,,...ში“ და შპს „...ში“ მკურნალობდა სხვადასხა დიაგნოზებით, რაც არ შეიძლება განხილულ იქნეს ერთ სამედიცინო შემთხვევად. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხე მხარეს დიაგნოზი სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს, კასატორის აპელირებას ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი N1.1-ის პირველი მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე წარმოადგენს 15 000 ლარს. აღნიშნული დანაწესიდან ცალსახად ირკვევა, რომ ლიმიტი განსაზღვრულია ერთ შემთხვევაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, კი დადგენილია, რომ გ. ა-ე ორ სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობდა სხვადასხვა დიაგნოზებით. ის გარემოება, რომ პაციენტი შპს „...ში“ შეყვანილ იქნა სს ,,...დან“ გამოწერიდან რამდენიმე საათში, არ შეიძლება განხილულ იქნეს დაწყებული მკურნალობის გაგრძელებად, ვინაიდან, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორც საქმეში წარმოდგენილი ანამნეზებიდან ირკვევა იყო მძიმე და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გამოვლინდა სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკა, რომლის კომპენსირებაც ბინაზე ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ერთ სამედიცინო შემთხვევად ვერ იქნება განხილული.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზარებს კასატორის მოსაზრებას ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტთან მიმართებაში და მიუთითებს აღნიშნული მუხლის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევა ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, თუ პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით ტოვებს სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია ის საგამონაკლისო დანაწესი, რომელსაც ნორმა შეიცავს და სტაციონარში პაციენტის მიმართ გაწეული II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის დადასტურების პირობებში გამორიცხავს შეზღუდვის დაშვების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას და არ არსებობს შპს ,,...ოსათვის“ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, არ დგინდება №... სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება. პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვალდებული იყო, მითითებული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების საკითხი გადაეწყვიტა ამავე დადგენილებით განსაზღვრული ნორმების მოთხოვნათა დაცვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე