Facebook Twitter

#ბს-204(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – თ. ბ-ი, ე. ტ-ი

მესამე პირები – ს. წ-ი, ნ. ი-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 29 დეკემბერს ე. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, იგი მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება. იმ თანამდებობაზე, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა, მობილობის წესით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გადმოყვანილ იქნა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ...ში.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, მისი შეფასება იყო „კარგი“. ამასთან, მას გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება.

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის პასუხი 2017 წლის 5 დეკემბრის #... წერილით მიიღო, როდესაც უკვე გამოცემული იყო ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 14 დეკემბრის #... წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოიძია ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გაუგზავნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

მოსარჩელის მითითებით, მისი სახელფასო ანაზღაურება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (...ში) მუშაობის დროს შეადგენდა ... (...ი) ლარს. 2017 წლის 14 ნოემბერს ახალციხის საკრებულოს მიერ #... დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების თანახმად, ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (...ში) თანამდებობრივი სარგო შეადგენს ... ლარს.

ამდენად, მოსარჩელემ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად მისი დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2017 წლის დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ...ში ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ... ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების, ასევე, ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) თანამდებობისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაება ნ. ი-ე.

2017 წლის 29 დეკემბერს თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება. იმ თანამდებობაზე, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა, მობილობის წესით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გადმოყვანილ იქნა უფრო დაბალი კატეგორიის ... რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, მისი შეფასება იყო „კარგი“. ამასთან, მას გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მოსარჩელის აღნიშვნით, საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო. საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის პასუხი მიიღო 2017 წლის 5 დეკემბერის #... წერილით, როდესაც უკვე გამოცემული იყო ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 19 დეკემბრის #... წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოიძია ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გაუგზავნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე - ზ. ს-ი არის პარტია „...ს“ პარტიის წევრი და 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ამავე პარტიიდან იყო ...ი ...ი. ამასთან, 2014 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებულ იქნა მოსარჩელის მეუღლის და, ვინაიდან 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს მოსარჩელის მეუღლე გახდა საკრებულოს წევრი პარტია „...დან“.

მოსარჩელის მითითებით, მისი სახელფასო ანაზღაურება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (...ში) მუშაობის დროს შეადგენდა ... ლარს.

2017 წლის 14 ნოემბერს ახალციხის საკრებულოს მიერ #... დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების თანახმად, ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (...ში) თანამდებობრივი სარგო შეადგენს ... ლარს. ამასთან, მოსარჩელეს ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი - დ. ს-ი.

ამდენად, მოსარჩელემ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) მოსარჩელის დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2017 წლის დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ...ში ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ... ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების, ასევე, ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) თანამდებობისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაება ს. წ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ტ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ე. ტ-ისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა; ე. ტ-ს უარი ეთქვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილის წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების დავალდებულებასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) თანამდებობებისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის დაკისრებაზე; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე თ. ბ-ისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა; თ. ბ-ს უარი ეთქვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარისათვის კანონმდებლობით დადგენილის წესისა და პროცედურების დაცვით მის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების დავალდებულებასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებისათვის ... ლარის ოდენობით საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის დაკისრებაზე.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე თ. ბ-ი მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში. ამასთან, თ. ბ-ს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, მოსარჩელე თ. ბ-ის შეფასება იყო „კარგი - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ე. ტ-ი მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში, ხოლო 2015 წლის 30 იანვრიდან დაკისრებული ჰქონდა ახალციხის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება აპარატის უფროსის სამსახურში დაბრუნებამდე, არაუმეტესს 2015 წლის 25 ივლისისა. ამასთან, ე. ტ-ს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, მოსარჩელე თ. ბ-ის შეფასება იყო „კარგი - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.

საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის #987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად - ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო მოსარჩელე ე. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 დეკემბრიდან მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, თ. ბ-ი 1 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით დამტკიცდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 19 დეკემბრის #... და 2017 წლის 14 დეკემბრის #... წერილებით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოიძია ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გაუგზავნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის პასუხი მიიღო 2017 წლის 5 დეკემბრის #... წერილით, როდესაც უკვე გამოცემული იყო ბრძანება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, რომელი ბრძანებაც შემდეგ მათ მიერვე ბათილად იქნა ცნობილი.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე თ. ბ-ს ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი - დ. ს-ი.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება, რა დროსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა შტატები არ შემცირებულა, ამასთან, რამდენიმე შტატი დარჩა ვაკანტური, რადგან საკრებულოს აპარატის ერთი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რადგან არჩეული იქნა ...დ, ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს მერიაში, ხოლო თ. ბ-ი და ე. ტ-ი ფაქტობრივად გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შტატების ფუნქციონალური დანიშნულება არ გაუქმებულა და ფაქტობრივად არც შეცვლილა, რადგან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის #... დადგენილებით საშტატო ნუსხაში მითითებულია: ... რანგის - საჯარო დაწესებულების ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში; ... რანგის - საჯარო დაწესებულების ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში; ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის #... დადგენილებით საშტატო ნუსხაში მითითებულია: ... რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში; ... რანგის - ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში მითითებულია: ... რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში; ... რანგის - ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში; ... რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საქმის წარმოების და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში; ... რანგის - ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასტურდებოდა გაერთიანებამდე არსებული საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობის პირთა ფუნქციები არ გაუქმებულა.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე თ. ბ-ი მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საშტატო ერთეული არ გაუქმებულა. ახალციხის მუნიციპალიტეტის აპარატის საკრებულოს ... რანგის საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს. წ-ი მობილობის წესით დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე. ტ-ი მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საშტატო ერთეული არ გაუქმებულა და არც ფუნქციონალური დანიშნულება შეცვლილა. აღნიშნულ თანამდებობაზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ...ში ნ. ი-ე მობილობის წესით დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კადრებისა და წერილების საკითხებში.

სასამართლომ, აგრეთვე, მიუთითა, რომ ე. ტ-ი და თ. ბ-ი 2017 წლის 1 დეკემბრამდე ასრულებდნენ თავიანთ სამსახურეობრივ მდგომარეობას, ხოლო 2017 წლის 1 დეკემბრიდან ფაქტობრივად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის თაობაზე და განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.

მოცემულ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია საჯარო დაწესებულებათა ლიკვიდაციას, არამედ განხორციელდა ორი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება/შეწყმა, რაც დასტურდებოდ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის #987 დადგენილებით, რომლის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად - ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონია მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციას, არამედ სახეზე იყო ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება/შერწყმა, რამაც თავისთავად გამოიწვია მანამდე არსებული მუნიციპალიტეტების გაუქმება და არა ლიკვიდაცია, რადგან საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას არ წარმოიშობა ახალი საჯარო დაწესებულება.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი ვერ იმსჯელებდა და შეაფასებდა იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას, რომელთა საფუძველზეც, ე. ტ-ი და თ. ბ-ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან (აქტებზე, რომლებიც შემდგომში ბათილად იქნა ცნობილი მისივე გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ), რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს და სცილდებოდა მოთხოვნის ტრანსფორმირების ფარგლებს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ იგი ვერ იმსჯელებდა და შეაფასებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ს. წ-ის მობილობის წესით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნვის კანონიერებას, რადგან აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენდა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ტ-ისა და თ. ბ-ის მოთხოვნა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს დავალებოდა მათ მიმართ მობილობის პროცედურების კანონმდებლობით დადგენილის წესის დაცვით განხორციელება, უსაფუძვლო იყო.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. რაიონულმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილილების დანაწესებზე და აღნიშნა, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება, მობილობას კი ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ შტატები არათუ შემცირდა, არამედ რამდენიმე ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგან ერთი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რადგან არჩეულ იქნა ...დ, ერთი თანამშრომელი კი გადაიყვანეს მერიაში, ხოლო თ. ბ-ი და ე. ტ-ი ფაქტობრივად გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ამასთან, არ მომხდარა საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ მობილობის განხორციელების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხისათვის ე. ტ-ის სასარგებლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ანაზღაურებას და თ. ბ-ის სასარგებლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ანაზღაურების დავალებას, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატები უნდა გაიცეს საჯარო დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ პრემია არის დანამატი/წახალისება, რომელიც პირს ეძლევა შესრულებული სამუშაოს ჯეროვანი და კეთილსინდისიერად შესრულების გამო, რადგან პირი შესაძლებელია მუშაობდეს დაწესებულებაში, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, მას პრემია არ მიეცეს, ხოლო თუ პირის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო დაწესებულებასთან, კანონიერად თუ უკანონოდ, აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მას ვერ მიეცემოდა პრემია, რადგან ის გათავისუფლების შემდეგ რეალურად ვერ შეასრულებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ როგორც ე. ტ-ი, ასევე თ. ბ-ი 2017 წლის 1 დეკემბერს ფაქტობრივად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც მათ სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდათ დაწესებულებასთან, რის გამოც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის დაკისრებაზე.

ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის #417 დადგენილებით დამტკიცებული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის“ მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საუკეთესო შეფასება - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება - არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

რაიონულმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც ე. ტ-ის, ასევე, თ. ბ-ის შეფასება იყო „კარგი - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 107-ე, 108-ე და 110-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევდა მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი - შტატების შემცირება, რომლის გარეშეც ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ ჰქონდა საჯარო მოხელისათვის შეეწყვიტა სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დაენიშნა იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილილების „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ მე-4 მუხლის თანახმად, მობილობას ექვემდებარება შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, შესაბამისად, რადგან სახეზე არ იყო შტატების შემცირება, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა მოსარჩელეები დაექვემდებარებინა მობილობის პროცედურისათვის. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები 2017 წლის პირველ დეკემბერს ფაქტობრივად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და არ დაინიშნენ დაკავებულ თანამდებობაზე ისე, რომ არ არსებობდა მათი გათავისუფლება/არ დანიშვნის კანონით გათვალისწინებული საფუძველი - შტატების შემცირება.

განსახილველ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის საწინააღმდეგოდ, რადგან მოსარჩელეები ფაქტობრივად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და არ დანიშნა სამსახურში, როდესაც კანონმდებლობა მათ გათავისუფლებას კრძალავდა, რადგან სახეზე არ იყო როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული საფუძველი. სასამართლომ, აგრეთვე, მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით მოპასუხე მხარემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული შრომის უფლება, რის გამოც, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კერძოდ, მის უფლებამოსილ თანამდებობის პირს - საკრებულოს თავჯდომარეს, უნდა დავალებოდა ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) ან ტოლფასს თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რაც შეეხება თ. ბ-ს, რაიონულმა სასამართლომ დამატებით მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.

სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ გათავისუფლების მომენტისათვის თ. ბ-ს ჰყავდა სამ წლამდე ასაკის შვილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი ექნებოდა შტატების შემცირებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კანონი კრძალავდა მის გათავისუფლებას/არ დანიშვნას საჯარო სამსახურში. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/შესაბამის უფლებამოსილ პირს - საკრებულოს თავჯდომარეს, უნდა დავალებოდა თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე და განმარტა, რომ რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა საჯარო სამსახურში დანიშვნის თაობაზე, ამდენად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დავალებოდა ე. ტ-ისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 1 დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე და თ. ბ-ისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 1 დეკემბრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ამასთან, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება იმის შესახებ, რომ მათი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური დისკრიმანაციის ნიშნით, რადგან დისკრიმინაციის დადგენა დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მითითება მოსარჩელეთა ან მათი ოჯახის რომელიმე წევრის პოლიტიკური პარტიის წევრობაზე, შესაბამის მტკიცებულებათა გარეშე, პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენის საფუძველი ვერ გახდებოდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც. ამასთან, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი უსწორობა განპირობებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, ასევე განჩინებაში გამოყენებული სამართლის ნორმების მცდარი ინტერპრეტაციით, მაგრამ გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დაუსაბუთებლობის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ საქმეზე დადგენილი შემაჯამებელი შედეგი (სარეზოლუციო ნაწილი) არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, იმ ფაქტებს, რომლებიც, მოცემულ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავდა განსახილველი დავის ამგვარი შედეგით დასრულების შესაძლებლობას. კასატორის მითითებით, ის თანამდებობები, რომლებზეც სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეთა დანიშვნა დაავალა, არ არის ვაკანტური და მათზე მობილობის წესით სხვა პირები არიან გამწესებულნი. ამ უკანასკნელთა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტები კი მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებიათ, რაც, კასატორის მოსაზრებით, გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის კანონიერებას და აღსრულებადობას, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების არაკანონიერება იმ ასპექტშიც იკვეთება, რომ მოსარჩელეთა თანამდებობაზე დანიშნა გათვალისწინებულ იქნა პირდაპირ და არა მობილობის წესით, რაც თვისობრივად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას იმ თვალსაზრისით, რომ ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტების საშტატო ერთეულებზე დანიშვნა მობილობის წესით განისაზღვრა. კასატორის მითითებით, ნიშანდობლივია, რომ ამ მხრივ, გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, წმინდა პროცესუალური თვალსაზრისითაც არაკანონიერია, რადგან მოსარჩელეთა მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა თანამდებობებზე მობილობის წესით დანიშვნა და არა იმგვარ სამართლებრივ რეჟიმში, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით დადგენილი დანაწესის დარღვევით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რადგან მან მოსარჩელეებს დაუკმაყოფილა ისეთი მოთხოვნა, რომელსაც მათი სარჩელი არ შეიცავდა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი, იმ ფაქტობრივი და სამართლებრივ მოცემულობებიდან გამომდინარე, რომლებიც იურიდიული შედეგების დონეზე გვაქვს სახეზე (მოსარჩელეებისთვის სასურველ თანამდებობებზე სხვა პირთა დანიშვნის თაობაზე გამოცემული აქტების მოქმედი იურიდიული (კანონიერი) ძალა), მოსარჩელეებისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად ვერ იქნება საკმარისი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის იმ ეპიზოდზე, რომელშიც პირველი ინტანციის სასამართლო თავის მსჯელობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე აფუძნებს და განმარტავს, რომ მოხელეს უფლება აქვს გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება. კასატორის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ განჩინების იმავე ეპიზოდში სასამართლოს გამოყენებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ის დებულება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეცილებითი სარჩელის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) სახეს განსაზღვრავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თავად სასამართლომაც იგრძნო მოსარჩელეთა მიერ დასახული მიზნის მისაღწევად შეცილებითი სარჩელის აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კასატორისათვის გაუგებარია, რა თვალსაზრისით მოიხმო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციები. კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე შეცილებითი სარჩელი არ არის აღძრული, კერძოდ, მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ არანაირი აქტი, რაც კასატორის მოსაზრებით, საერთოდ გამორიცხავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის გამოყენების რელევანტურობასა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე კანონდარღვევის დადგენის შესაძლებლობას.

ამ კუთხით კასატორი, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეზე, მესამე პირის სტატუსით (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე) სწორედ ის პირები იქნენ მოწვეულნი, რომლებიც მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილ თანამდებობებზე გამწესდნენ. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელეებისთვის ხელსაყრელი შედეგის დადგომა, ნებისმიერ შემთხვევაში, განაპირობებდა მესამე პირების დანიშვნის თაობაზე გამოცემული აქტების გასაჩივრების საჭიროებას. ასეთი სტატუსით მესამე პირთა მოწვევა სწორედ იმ შემთხვევაში ხორციელდება, როდესაც მათთან შემხებლობაში მყოფი აქტების კანონიერება წარმოადგენს დავის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომელიც მოსარჩელეების კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნას ითვალისწინებს, იმთავითვე აღუსრულებელი სასამართლო აქტია, რადგან იგი არ ითვალისწინებს მესამე პირთა დანიშვნის თაობაზე გამოცემული აქტების გაუქმებას. პირიქით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ უშუალოდ ამ საკითხზეც იმსჯელა და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ნ. ი-ისა და ს. წ-ის დანიშვნის თაობაზე გამოცემული ბრძანებების კანონიერება ვერ იქცეოდა სასამართლოს მსჯელობის საგნად, რადგან ისინი არ იყო გასაჩივრებული. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ უშუალოდ მოსარჩელე ე. ტ-თან მიმართებით, გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვებული გადაწყვეტილების შედეგის არაადეკვატურობაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ აღნიშნული პირი ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ერთეულზე დანიშვნის შეუძლებლობისა და თანამდებობიდან ფაქტობრივი გათავისუფლების გამო, რეზერვში ჩაირიცხა, რასაც მისი წერილობითი თანხმობაც ახლავს თან, რაც, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, საერთოდ გამორიცხავდა უშუალოდ ამ პირის სასარჩელო მოთხოვნის არამცთუ დაკმაყოფილების, არამედ დასაშვებობის პერსპექტივას.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება შეიცავს ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილ და არამართებულ შეფასებას. კერძოდ, სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, რომ ახლადშექმნილი საკრებულოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირთა ფუნქციები არ გაუქმებულა, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე, განსახილველი დავის ჭრილში არარელევანტური განმარტებაა და არ ეფუძნება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა ჯეროვან ანალიზს. კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ მოცემული განმარტებების შინაარსი ცხადყოფს, რომ სასამართლომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში განხორციელებული ძირეული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები არაჯეროვნად შეაფასა და მათ აშკარად მცდარი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, რის ძირითად მიზეზსაც შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების მცდარი ინტერპრეტაციაც წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 15 ივნისის დადგენილებით ახალციხის ახალი მუნიციპალიტეტების შექმნამ მანამდე არსებული მუნიციპალიტეტის გაუქმება გამოიწვია, რაც ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის თანმდევი და უპირობო შედეგი იყო. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გაუქმება სამართლებრივი მნიშვნელობითა და შედეგებით სწორედ ლიკვიდაციად კვალიფიცირდება. აღნიშნული პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად, კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული დათქმის ფორმულირებით (მუნიციპალიტეტის შექმნა/გაუქმება), რომელიც ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ახალციხის შემთხვევაში, ახალი მუნიციპალიტეტის შექმნით მანამდე არსებული მუნიციპალიტეტი ლიკვიდირებულ იქნა (გაუქმდა), რამაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია მანამდე არსებული თვითმმართველობის ორგანოთა ლიკვიდაცია.

ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის ორგანოებში საკუთრივ საშტატო ნუსხებიც ახალი სახით დამტკიცდა, რამაც კონკრეტულ თანამდებობებზე ფუნქციების ახლებურად განსაზღვრა გამოიწვია. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ შტატების შემცირების გამომრიცხავ გარემოებად მხოლოდ ის ფორმალური მომენტი მიუთითა, რომ საშტატო ერთეულების რაოდენობა იმავე ოდენობით შენარჩუნდა. თუმცა კასატორი მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, რაოდენობრივი ასპექტი არ ახდენს გავლენას შტატების შემცირების ფაქტის დადგენაზე, რადგან არსებითი მნიშვნელობა არა საშტატო ერთეულების რაოდენობას, არამედ მათზე გაწერილ ფუნქციებს ენიჭება, რომლებიც ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსხვავებულად არის მოცემული.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა უშუალოდ ე. ტ-ის სარჩელის საპასუხოდ მითითებულ მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ, აღნიშნული პირი ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ერთეულზე დანიშვნის შეუძლებლობისა და თანამდებობიდან ფაქტობრივი გათავისუფლების მოტივით რეზერვში ჩაირიცხა, რასაც მისი წერილობითი თანხმობაც ახლავს თან. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით იგი დაეთანხმა მის მიმართ დადგენილ სამართლებრივ შედეგებს, რაც მთლიანად გამორიცხავდა მისი სარჩელის წარმატების პერსპექტივას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე თ. ბ-ი მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში. ამასთან, თ. ბ-ს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, მოსარჩელე თ. ბ-ის შეფასება იყო „კარგი - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ე. ტ-ი მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ...ში, ხოლო 2015 წლის 30 იანვრიდან დაკისრებული ჰქონდა ახალციხის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება აპარატის უფროსის სამსახურში დაბრუნებამდე, არაუმეტეს 2015 წლის 25 ივლისისა. ამასთან, ე. ტ-ს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, მოსარჩელე თ. ბ-ის შეფასება იყო „კარგი - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.

საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის #987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად - ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე.

დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო მოსარჩელე ე. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 დეკემბრიდან მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, თ. ბ-ი 1 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... დადგენილებით დამტკიცდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 19 დეკემბრის #... და 2017 წლის 14 დეკემბრის #... წერილებით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოიძია ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გაუგზავნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის #... წერილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის პასუხი მიიღო 2017 წლის 5 დეკემბრის #... წერილით, როდესაც უკვე გამოცემული იყო ბრძანება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, რომელი ბრძანებაც შემდეგ მათ მიერვე ბათილად იქნა ცნობილი.

ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ბ-ს ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი - დ. ს-ი.

საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი), კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.

საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, ... მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის #1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, ... მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეთა მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაში ასახული მსჯელობა მიემართება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილს, რა ნაწილშიც სარჩელი იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, საკასაციო პალატა შემოზღუდულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლებით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის საფუძვლიანობას შეამოწმებს.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო მოსარჩელე ე. ტ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 დეკემბრიდან მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

ამასთან, დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, თ. ბ-ი 1 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის #... ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობით, ფაქტობრივად, დაადასტურა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთათვის განკუთვნილ შტატებზე რეორგანიზაციის შემდგომ სხვა პირები იქნენ დანიშნული, მოსარჩელეები, მართალია, ფაქტობრივად ვეღარ აგრძელებდნენ სამსახურებრივ საქმიანობას, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, ისინი წარმოადგენენ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი უწყების თანამშრომლებს, რადგანაც მოსარჩელეთა მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში არსებული ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას დაადასტურებს.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვებული ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტზე, რომელიც მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენას შეეხება. კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილებით (რომელიც უპირობოდ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროს სპეციალისტად (...ში) ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ალტერნატიული ფორმით, რაც მოსარჩელეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თვალსაზრისით, ადმინისტრაციულ ორგანოს გარკვეულ ბუნდოვანებას წარმოუშობს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ამგვარი ფორმულირებით ადმინისტრაციულ ორგანოს ცალსახად არ მიეთითება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესასრულებელი მოქმედებები. ამასთან, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ იმ თანამდებობებზე, რომლიდანაც მოსარჩელეები ფაქტობრივად იქნენ გათავისუფლებული, დღევანდელი მდგომარეობით განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირები არიან დანიშნულები. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის ბს-643(კ-კს-19) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ „„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი გამორიცხავს სასამართლოს მიერ პირდაპირ სადავო თანამდებობაზე აღდგენას ასეთი თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების დროს, 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის პირდაპირ აღდგენას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონით შემოტანილი რეგულაციით მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით.“

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები დღევანდელი მდგომარეობით იმყოფებიან ფაქტობრივი (თუმცა არა სამართლებრივი) გათავისუფლების რეჟიმში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების საკუთარი ინიციატივით ბათილად ცნობამ წარმოშვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ არსებობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მოსარჩელეების - თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სამსახურში აღდგენის დავალების საფუძვლები. რაც შეეხება უშუალოდ თანამდებობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც ის პოზიციები, რომლიდანაც მოსარჩელეები იქნენ გათავისუფლებული, დღეის მდგომარეობით აღარ არის ვაკანტური და მასზე სხვა პირები არიან დანიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, გამოირიცხება მოთხოვნილ თანამდებობებზე მოსარჩელეთა პირდაპირი წესით აღდგენის ფაქტობრივი შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ამჟამად მოქმედმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა, განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისგან, გამორიცხა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენისას სადავო თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით დანიშნული პირის გათავისუფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობაზე. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი საფუძველი გათვალისწინებული არ არის ამჟამად მოქმედი კანონით.

ამდენად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს თ. ბ-ისა და ე. ტ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხონას განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეების გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დაევალა, მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სასარგებლოდ მათი თანამდებობებიდან ფაქტობრივად გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, უნდა დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რომელიც ორივე მოსარჩელესთან მიმართებით, ყოველთვიურად ... (...) ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ე. ტ-ისა და თ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომლითაც ისინი ითხოვენ მოპასუხისათვის ე. ტ-ის სასარგებლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (...ში) თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხისა და თ. ბ-ის სასარგებლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ანაზღაურების დავალებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას 2017 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად. იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატები უნდა გაიცეს საჯარო დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ პრემია არის დანამატი/წახალისება, რომელიც პირს ეძლევა შესრულებული სამუშაოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების გამო. აბსოლუტურად დასაშვებია, რომ პირი მუშაობდეს დაწესებულებაში, მაგრამ, შესაძლოა, მას პრემია არ მიეცეს. ამასთან, დაწესებულებასთან პირის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში (კანონიერად თუ უკანონოდ, აღნიშნულ გარემოებას არ აქვს მნიშვნელობა), სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელე რეალურად ვერ ასრულებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, რაც გამორიცხავს მისთვის დამსახურებასა და შრომის წახალისებაზე ორიენტირებული პრემიის ანაზღაურების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ როგორც ე. ტ-ი, ასევე თ. ბ-ი 2017 წლის 1 დეკემბერს ფაქტობრივად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც, მათ სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდათ დაწესებულებასთან. ამდენად, მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მოპასუხისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის დაკისრებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ დაეკისროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. ამასთან, მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ დაეკისროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე; დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, თ. ბ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 12.01.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300883150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ბ-ისა და ე. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს თ. ბ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა;

5. მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;

6. მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს ე. ტ-ის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა;

7. მოპასუხეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ე. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ... (...) ლარის ოდენობით ანაზღაურება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;

8. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

9. თ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 12.01.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300883150;

10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი