Facebook Twitter

№ბს-8(კ-20) 13 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 16 იანვარს მ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის, ნ. ბ-ისა და ს. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 1982 წელს ლ. მ-ას სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათის - ...ის ლიტერი „ბ“ ნაწილში ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილების (ქ. ...ში, ...ას ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ. ... ნ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ...ის ნაწილში (შენობა №3)) ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ...ში, ...ას ქ. №10-ში, მ. გ-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე (...ი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

2017 წლის 25 იანვარს მ. გ-ემ ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, დააზუსტა მოპასუხეთ წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახური.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. ბ-ი და ს. ბ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე პირველ რიგში ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში, მოსარჩელის მ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო ...ას ქუჩა №8-ში მდებარე 465 კ.მ. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...). რეგისტრაციის საფუძველს ქმნიდა ანდერძისმიერი საკუთრების უფლება. მოსარჩელე მ. გ-ემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (ახალი საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების (№..., თარიღი: 08.05.2008 წ.) საფუძველზე გაასხვისა ე. ხ-ეზე (პირადი ნომერი ...). შესაბამისად, მ. გ-ის საკუთრებაში არსებული ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა №8-ში მდებარე 465 კვ.მ. უძრავი ქონება, სრულად გასხვისებული იყო ე. ხ-ეზე (იხ. სიტუაციური ნახაზი).

არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა დავის საგნისადმი მ. გ-ის კანონიერი ინტერესის არსებობის ფაქტი, თუმცა, რამდენადაც მოსარჩელე თვლიდა, რომ მან სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაირეგისტრირა მხოლოდ ქონების ნაწილი და ამ ეტაპზე ითხოვდა მე-2 ნაწილის (...ის) დარეგისტრირებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა შემოწმებულიყო არსებითად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სამკვიდრო ქონება იყო მთელი საცხოვრებელი სახლი, რომლის სასარგებლო ფართი შეადგენდა 82.0 კვ/მ-ს, მათ შორის საცხოვრებელი 55,4 კვ/მ, დამხმარე 26,6 კვ/მ, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა სამი, განლაგებული 465 კვ/მ მიწის ფართზე, საინვენტარიზაციო ღირებულება 174 ლ. 50 თ. რაც დასტურდებოდა ქ. ...ის ტექბიუროს მიერ 1996 წლის 22მ არტს გაცემული ბინის ცნობით №69 და სარეგისტრაციო მოწმობით №69.

როგორც უკვე აღინიშნა, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში და ქ. ...ის ტექბიუროს ცნობა-დახასიათებაში მითითებული 465 კვ/მ მიწის ფართი სრულად იყო მოსარჩელეზე აღრიცხული და ასევე იმავე ოდენობით გასხვისებული იყო მე-3 პირზე. საგულისხმო იყო ასევე ის გარემოება, რომ საკუთარ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებას მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა. ასევე აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ ...ის რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველს ქმნიდა სამკვიდრო მოწმობა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ შემოწმებას საჭიროებდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ...ის დარეგისტრირების სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს, ისევე როგორც სასამართლოს შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებული მონაცემების ბათილობის თაობაზე და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება 1982 წელს ლ. მ-ას სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათის (...ის) ლიტერი ბ-ს ნაწილში გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით ქალაქ ...ში, ...ის (...ა) ქუჩა №10-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარგებლედ/მესაკუთრედ მითითებული იყო ლ. ს. მ-ი (ლიტერი "ა", საცხოვრებელი ფართი: 55. 70 კვ.მ, დამხმარე ფართი: 7.70კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 75.10 კვ.მ. ლიტერი "ბ", "ვ", "გ" - დამხმარე ნაგებობები უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 34.60 კვ.მ.) აღნიშნულ საარქივო მასალაში შესაბამის გრაფაში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებული იყო - 631,0 კვ.მ. აქედან, მიწის ფართი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით ფიქსირდებოდა 508 კვ.მ, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე -123 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ტექნიკური აღრიცხვის საარქივო ჩანაწერების თანახმად ლ. ს. მ-ის სახელზე ქონების აღრიცხვის საფუძველს ქმნიდა ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, №... (თარიღი:01.07. 1983, ნოტარიუსი: შ-ი), რაც გამორიცხავდა ცვლილების განხორციელების დაშვების როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის შეფასების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სპეციალისტის მეშვეობით გამოკვლეული სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დადგინილი იყო, რომ სიტუაციური ნახაზის მიხედვით №8-ში და №10-ში მდებარე უძრავი ნივთები იყო ორი სხვადასხვა მომიჯნავე ნივთი. სიტუაციური ნახაზის მიხედვით №8-ში ...ი არ ჩანდა, ხოლო №10-ში იყო ...ი, რომელიც ასევე ასახული იყო და შედიოდა ტექნიკური ბიუროს გენ-გეგმაში და არ ესაზღვრებოდა ყოფილი ...ის ქუჩა №8-ში მდებარე უძრავ ნივთს. ტექნიკური ბიუროს არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, უძრავი ნივთი, შენობა-ნაგებობა, შედიოდა ...ას ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ნივთის საზღვრებში, ხოლო ...ს ქუჩა №8-ში, ყოფილი ...ის ქუჩა, მდებარე უძრავი ნივთის ტექნიკურ არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის გენ-გეგმიდან ჩანდა, რომ აღნიშნულ გენ-გეგმაში ...ი არ შედიოდა. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, განსახილველ საქმეზე მოწვეული სპეციალიტის განმარტებით, აღნიშნული ნახაზი არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას და ამ დოკუმენტით არ დასტურდებოდა სადავო ნივთის რეალური მდებარეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია 1958 წლის 29 დეკემბრის ...ის მშრომელთან დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. მ-ას ჩამოეჭრა 100 მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთი და გადაეცა მ. გ-ის მამას - გ. მ-ს. აღნიშნული დოკუმენტი თავის მხრივ წარმოადგენს სადავო ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტს. კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ დოკუმენტზე და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ წერილობით მასალებს და საჯარო რეესტრის სპეციალისტების ახსნა-განმარტებებს.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ სადავო ...ი, რომელიც ამჟამად მდებარეობს მიწის ნაკვეთზე ს/კ ..., წარმოადგენს ამ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და ყოველთვის იყო მესაკუთრის საკუთრება. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის მონაცემებით, ლ. მ-ას სახელზე აღრიცხულია დამხმარე ნაგებობა ლიტერი „გ“ 15 კვმ. ...ი. ცნობა-დახასიათების მომზადების საფუძვლად მითითებულია 1983 წლის სააღრიცხვო მასალა და სამკვიდრო მოწმობა. სააღრიცხვო მასალაში ჩანაწერის გაკეთების საფუძველია ნოტარიუს რ. შ-ის მიერ 1983 წლის 1 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ა. (ა.) მ-ას სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო ლ. მ-ამ. კასატორი აღნიშნავს, რომ 1958 წლის 29 დეკემბრის ...ის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. მ-ას ჩამოეჭრა 100 მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთი და გადაეცა კასატორის მამას - გ. მ-ს, რომელმაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენა ...ი, კასატორის დედამ ლ. გ-ემ, 1986 წლის 1 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობით სრულად მიიღო გ. (გ.) მ-ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის ...ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქ. ...ში, ...ას ქ. №10-ში მდებარე ...ის რეგისტრაციის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ნ. ბ-ის N... განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ...ის რაიონში, ...ას ქუჩა №10-ში მდებარე 455 კვ.მ. უძრავ ქონებაზე. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, პირადი განცხადება, სამკვიდრო მოწმობა №... (ასლის სახით), ანდერძი №... (ასლის სახით), სამკვიდრო მოწმობა №... (30.06.2015 წ.).

2016 წლის 22 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება №... . კერძოდ, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ განაცხადსა და წარმოებაში მყოფ №... განაცხადს, შორის ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ხოლო, სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №... განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განმცხადებელს მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ განაცხადსა და რეგისტრირებულ მონაცემს (საკადასტრო კოდი ...) შორის ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზრული ზედდება, რაზედაც წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის 29 სექტემბერს დაინტერესებული პირის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადზე დამატებით წარდგენილ იქნა №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.

2016 წლის 30 დეკემბერს დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №... განაცხადით დაკორექტირდა ... საკადასტრო კოდის საზღვრები, N... განაცხადზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად და აღმოიფხვრა ზედდება აღნიშნულ ნაწილში. 2017 წლის 6 იანვარს, №... განაცხადზე წარმოების დასრულებისთანავე, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება №..., ხოლო №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდა სარეგისტრაციო წარმოება.

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციისა და მომზადებული ცნობა დახასიათების შესაბამისად, ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ნივთის ფართია 631 კვ.მ, ხოლო აღნიშნული ფართიდან, №... განაცხადით (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა მხოლოდ 455 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

ამასთან, ტექბიუროს არქივში დაცული მონაცემების მიხედვით №... განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული სადავო უძრავი ნივთი შედის ქალაქ ...ში, ...ას №10-ში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებში.

უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში, მოსარჩელის, მ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო ...ას ქუჩა №8-ში მდებარე 465 კ.მ. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...), უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველს ქმნიდა ანდერძისმიერი საკუთრების უფლება.

საქმეში წარმოდგენილია ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაცემულია ეს მოწმობა არის მთელი საცხოვრებელი სახლი, რომლის სასარგებლო ფართია 82.0 კვ/მ, მათ შორის საცხოვრებელი 55,4 კვ/მ, დამხმარე 26,6 კვ/მ, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა სამი, განლაგებული 465 კვ/მ მიწის ფართზე, საინვენტარიზაციო ღირებულება 174 ლ. 50 თ, რაც დასტურდება ქ. ...ის ტექბიუროს მიერ 1996 წლის 22 მარტს გაცემული ბინის ცნობით №69 და სარეგისტრაციო მოწმობით №69.

2008 წლის 22 მაისის უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში, ქონების მესაკუთრედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიეთითა ე. ხ-ე (პირადი ნომერი ...). შესაბამისად, მ. გ-ის საკუთრებაში არსებული ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა №8-ში მდებარე 465 კვ.მ. უძრავი ქონება, სრულად გასხვისდა ე. ხ-ეზე.

ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებულ სრულ სამკვიდრო ქონებაზე, დარეგისტრირდა მ. გ-ის საკუთრების უფლება და შემდგომ ეს ქონება გასხვიდა მესამე პირზე - ე. ხ-ეზე, გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე იმავე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე - დამატებით ...ის რეგისტრაციას, მაშინ როდესაც მასზე უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის ფაქტი - ...ის გარეშე რეგისტრაციის ნაწილში, სადავოდ არ გაუხდია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 1982 წელს ლ. მ-ას სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათის ...ის ლიტერი „ბ“ გაუქმების ნაწილში, უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეიტანოს რაიმე ცვლილება არქივში არსებულ მონაცემებში. ქალაქ ...ში, ...ის (...ა) ქუჩა №10-ში მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულია ლ. ს. მ-ი (ლიტერი „ა", საცხოვრებელი ფართი: 55. 70 კვ.მ, დამხმარე ფართი: 7.70 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 75.10 კვ.მ. ლიტერი „ბ", „ვ", „გ" - დამხმარე ნაგებობები უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 34.60 კვ.მ.) აღნიშნულ საარქივო მასალაში შესაბამის გრაფაში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია - 631,0 კვ.მ. აქედან, მიწის ფართი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით ფიქსირდება 508 კვ.მ, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე - 123 კვ.მ. დაცულია ამ პირის აღრიცხვის საფუძვლად მითითებული ანდერძისმიერი მემკვიდრეობა №... (თარიღი: 01.07. 1983, ნოტარიუსი: შ-ი).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - მ. გ-ის მითითებას, 1958 წლის 29 დეკემბერს ...ის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ა. მ-ასთვის 100 კ.მ მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის და სწორედ, ამ მიწის ნაკვეთზე კასატორის მამის მიერ ...ის განთავსების შესახებ. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის მეშვეობით გამოკვლეულ სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც დადასტურებულადაა მიჩნეული, რომ ქ. ...ის ...ას ქ. №10-ში, (ყოფილი ...ის ქუჩა) №8-ში (გ-ე) და №10-ში (ბ-ი) მდებარე უძრავი ნივთები არის ორი სხვადასხვა მომიჯნავე ნივთი. №8-ში ...ი არ ჩანს, ხოლო №10-ში არის ...ი, რომელიც ასევე ასახულია და შედის ტექნიკური ბიუროს გენ-გეგმაში და არ ესაზღვრება ყოფილი ...ის ქუჩა №8-ში მდებარე უძრავ ნივთს. ტექნიკური ბიუროს არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, უძრავი ნივთი, შენობა-ნაგებობა, შედის ...ას ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ნივთის საზღვრებში. ხოლო ...ს ქუჩა №8-ში, ყოფილი ...ის ქუჩა, მდებარე უძრავი ნივთის ტექნიკურ არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის გენ-გეგმიდან ჩანს, რომ აღნიშნულ გენ-გეგმაში ...ი არ შედის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ქ-ს მ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 06.02.2020წ. №9034203771 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ქ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება;

3. თ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 06.02.2020წ. №9034203771 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე