№ბს-183(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჩ. რ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჩ. რ. ვ-მა (C. R. W-I; დაბ. ...წ. პასპორტის ნოემრი: ...; ინდონეზიის რესპუბლიკა) 2018 წლის 27 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ჩ. რ. ვ-ის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ჩ. რ. ვ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ჩ. რ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩ. რ. ვ-ი (დაბადებული … წლის … …ს) არის ინდონეზიის მოქალაქე.
2018 წლის 8 ივნისს ჩ. რ. ვ-ი დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე - რ. ჯ-ზე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №... წერილით ჩ. რ. ვ-ს დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, კერძოდ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 ივნისამდე.
ჩ. რ. ვ-მა 2018 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, ქორწინების მოწმობა, მოქალაქის პასპორტი. ამავე თარიღის განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილებით ჩ. რ. ვ-ს ხარვეზის შევსების მიზნით დოკუმენტების წარდგენის ვადა განესაზღვრა დამატებით, 2018 წლის 27 ივნისამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ჩ. რ. ვ-ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებით ჩ. რ. ვ-ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ჩ. რ. ვ-ის 2018 წლის 8 ივნისის განცხადება №... მუდმივი ბინადრობის გაცემის თაობაზე დარჩა განუხილველი.
საქალაქო სასამართლოს მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ ხარვეზის შესავსებად დამატებით რაიმე დოკუმენტი, რაც დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას ხელს შეუწყობდა, განსაზღვრულ ვადაში ჩ. რ. ვ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო განცხადება განუხილველად დაეტოვებინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩ. რ. ვ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ჩ. რ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჩ. რ. ვ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მისცა ხარვეზის აღმოსაფხვრელად საკმარისი დრო, რითაც უსაფუძვლოდ უარი უთხრა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
კასატორის თქმით, საჯაროობის პრინციპი დაარღვია ადმინისტრაციულმა ორგანომ, როდესაც სადავო აქტის მიღებისას არ აცნობა წინასწარ ზეპირი სხდომის გამართვის თარიღი და არ მიიწვია მასზე, სადაც დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას.
კასატორი აგრეთვე მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეში არსებულ ინტერესებს შორის ბალანსის დაუცველობაზე, კერძოდ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესსა და იმ სამართლებრივ გარემოებას შორის, რომლითაც ვერ აკმაყოფილებდა განაცხადის შეტანისთვის განსაზღვრულ 40 დღიან ვადას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჩ. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჩ. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით მუდმივი ბინადრობის გაცემის თაობაზე კასატორის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 12 ივნისის №... წერილით ჩ. რ. ვ-ს დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარედგინა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დოკუმენტი 2018 წლის 20 ივნისამდე, რა ვადაც მისი მიმართვის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით გაუგრძელდა 2018 წლის 27 ივნისამდე. ამავდროულად, სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ჩ. რ. ვ-ს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისამდე, ხოლო შემდგომ 2018 წლის 28 ივნისამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს და აღნიშნავს, რომ უცხოელს ბინადრობის ნებართვის მიღების განაცხადის წარდგენის მომენტისათვის უნდა ჰქონდეს დარჩენილი საქართველოში ყოფნის ვადა არანაკლებ 40 დღისა და გაცდენილ ვადაში არ ჩაითვლება საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შესავსებად დამატებით რაიმე დოკუმენტი, რაც დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს, ჩ. რ. ვ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-83 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო განცხადება დაეტოვებინა განუხილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. საქმის სამართლიანი განხილვის პროცესთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიები ფორმალური შინაარსისაა და მათი საფუძვლიანობა არ დასტურდება სამართალწარმოების მასალებით და საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგი შეესაბამება დარგის მარეგულირებელ მატერიალურ კანონმდებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. მ-ეს (პ/ნ ...) ჩ. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე 25/02/2020წ. საგადასახადო დავალებით №0 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჩ. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. ა. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ჩ. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე 25/02/2020წ. საგადასახადო დავალებით №0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე